"მინიტაისონი": "ჩემი მუშტი უფრო მძიმეა!"
01-05-2017
"მინიტაისონი": "ჩემი მუშტი უფრო მძიმეა!"
"ჩემსავით ტანდაბალ მოკრივეს ვერსად ნახავთ, მაგრამ როცა მაღალ მეტოქეს ვხვდები, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს"

კრივზე ამ კვირაშიც ვწერთ. ამჯერად გაცილებით სასიამოვნო ამბავზე: ქუთაისელმა ავთანდილ ხურციძემ მშობლიურ ლესტერში დაანოკაუტა მანამდე დაუმარცხებელი ბრიტანელი ტომი ლენგფორდი და საშუალო წონაში WBO-ს (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის დროებით ქამარს დაეუფლა. იმისთვის, რომ სრულფასოვანი ჩემპიონი გახდეს, "ჩაქუჩას" ("ტორნადო", "ჩაქუჩა", "მინიტაისონი" - 37 წლის ქართველი მოკრივის მეტსახელებია. - ავტ.) ახლა კიდევ ერთი წაუგებელი ბრიტანელის - ბილი
ჯო სონდერსის დამარცხებაც მართებს. სონდერსის პროვოკაციულ გამოხდომებს ავთანდილ ხურციძემ პრესკონფერენციაზე უკვე "გაუძლო", პასუხის გაცემას კი რინგზე აპირებს. ახლა საკითხავი მხოლოდ ის არის, როდის ვნახავთ ხურციძე-სონდერსის საჩემპიონო მატჩს:

- 8 ივლისი კი ითქვა, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. სონდერსისა და მისი პრომოუტერისთვის მთავარია, რამდენს ჩაიჯიბავენ ჩემთან ბრძოლით,
რადგან სონდერსი ბიზნესმენი უფროა, ვიდრე მოკრივე. შოუმენია და პრესკონფერენციაზე ეს ვუთხარი კიდეც.

- პრესკონფერენციაზე პროვოკაციას არ აჰყევი და ბრიტანელის გამოხდომებს მშვიდად შეხვდი...

- ერთხელ რომ დაიბადები და ისიც ქუთაისში, რაღამ უნდა გაგაკვირვოს. დიდი გეგმები მაქვს, დარჩენილი წლები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო და წინსვლაში სონდერსს ან სხვას ვერ შევაშლევინებ ხელს. ბილი ჯო სონდერსი მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ ჩემი მუშტი უფრო მძიმეა და ამას ბრიტანელიც აუცილებლად იგრძნობს!

- 24 ორთაბრძოლიდან ჯერ ერთიც არ წაუგია!

- ჯერ არა, რადგან ავთოს არ შეხვედრია. სონდერსი ინგლისიდან არ გადის, მე კი ბარგი სულ ჩალაგებული მაქვს. კიდევ კარგი, ჩემოდანს ბორბლები აქვს, დავაგორებ და ხან ინგლისში ვარ, ხან უკრაინაში და ხან ამერიკაში. ქუდი, რომელზეც საქართველოს დროშის ჯვრებია ამოქარგული, სულ დამაქვს და ყველა გამარჯვების შემდეგ ვიხურავ.

- ესე იგი, სადაც ჩადის "ჩაქუჩა", იქაურ ქუდს არ იხურავს!

- ძალიან საჭირო ქუდია - მოგების მერე ყველა თავს მევლება, ჩავარდნის პერიოდში კი მარტო ვარ, რინგზე გასვლისას დროშის დამჭერიც კი არა მყავს... ჰოდა, დავიხურავ ხოლმე ამ ქუდს, გავიკეთებ ხელთათმანებს და ვიბრძვი საქართველოს სახელით!

- როცა უკრაინაში ცხოვრობდი, შენს ბრძოლებს ქართველი მოცეკვავეები ხსნიდნენ. ეს ტრადიცია რატომ აღარ გაგრძელდა?

- უკრაინაში მცხოვრები ქართველები თავად მიკავშირდებოდნენ, მათგან დიდი მხარდაჭერაც მქონდა. ინგლისზე კი, სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვი... ლენგფორდთან შეხვედრას სულ ათიოდე ქართველი დაესწრო - ჩემი ექვსი ნათესავი და მათი ახლობლები.

- სხვა ქართველებმა არ იცოდნენ?

- პრესაშიც დაიწერა და სოციალურ ქსელებშიც, თანაც, სპეციალურად მატჩისთვის დროშა საქართველოს საელჩოდან წამოიღეს... ასე რომ, გამორიცხულია, ბრძო­ლის შესახებ ათზე მეტ ქართველს არ სცოდნოდა.

- ლენგფორდთან ბრძოლაზე გადავიდეთ: ბრიტანელი შენზე გაცილებით მაღალია, გრძელი ხელებიც აქვს და, ალბათ, უხერხული მეტოქე იყო, თუმცა მხოლოდ მეხუთე რაუნდამდე გაგიძლო...

- ჩემსავით ტანდაბალ მოკრივეს ვერსად ნახავთ, მაგრამ როცა მაღალ მეტოქეს ვხვდები, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. გადამწყვეტი ბრძოლა იყო, ოფიციალური შეხვედრა, რომელზეც უარის თქმის­ უფლება არც მე მქონდა და არც ლენგფორდს.

- უარის სურვილი არც გექნებოდა!

- დიდი სიხარულითაც არ წავსულვარ, რადგან ვიცოდი, რომ აუცილებლად აშკარა უპირატესობით ან ნოკაუტით უნდა მომეგო, სხვა შემთხვევაში ინგლისში აუცილებლად დამჩაგრავდნენ. ჰოდა, მოვარტყი კიდეც ჩემი "საფირმო".

- მარცხენა გვერდითი!

- ხურციძის მარცხენა "ბაკავოი" უკვე მსოფლიომ გაიცნო, იციან, რომ მოულოდნელად და სწრაფად ვურტყამ, ჩემი მთავარი იარაღია, რომ უნდა უფრთხილდნენ და არ "გაუშვან".

- მაგრამ მაინც უშვებენ და ვისაც მოხვდა, მგონი, დღემდე უჭირს გონს მოსვლა... ეს დარტყმა ჯერ კიდევ ქუთაისში ვარჯიშისას დაგიმუშავებია.

- ლენგფორდამდე, ამერიკელი დუგლასიც მარცხენა გვერდითი დარტყმით "მივაძინე" რინგზე. ეს დარტყმა ჩემმა მწვრთნელმა, მურთაზ ბებიამ დამამუშავებინა. ქუთაისის დარბაზში ამ დარტყმას საათობით ვხვეწდით.

- რამდენჯერმე ლენგფორდმაც მოგარტყა, მაგრამ მისგან განსხვავებით, არაფერი შეგტყობია, თითქოს ცდილობდი კიდეც, რომ ახლოს მოგეშვა.

- ვიცოდი, რომ ლენგფორდი 12 რაუნდის გასაძლებად იყო მზად, შეხვედრის ბოლომდე საწყისი რაუნდების მსგავსად იმოძრავებდა, გრძელი ხელების წყალობით შორი დისტანციიდან შეეცდებოდა ბრძოლას. ამიტომაც ვაძლევდი დარტყმის საშუალებას, რა მენაღვლებოდა - ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ამტანი ვარ. მინდოდა, ახლოს მოსულიყო. მოვიდა და... დავუბრახუნე კიდეც ბებერი მუშტი.

- "მინიტაისონი" შენი ახალი მეტსახელია?

- ეს მეტსახელი 2016 წლის მარტში, დუგლასთან გამართული ბრძოლისას შემარქვა ჩემმა მწვრთნელმა: მაიკ ტაისონი-"ბეიბი" ხარო. "მინიტაისონიც" აქედან მოდის.

- გამარჯვების შემდეგ, რინგის კუთხეზე მიყუდებულ ლენგფორდთან სანუგეშებლად მიხვედი?

- დღეს ჩემი დღე იყო, მაგრამ ვარჯიში გააგრძელე და შენსას აუცილებლად მიაღწევ-მეთქი, ვუთხარი.

- ბრძოლის მერე ლენგფორდს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა, მაგრამ ორთაბრძოლამდე? ისიც სონდერსივით "გაილექსა"?

- მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლენგფორდმაც ბევრი ილაპარაკა, მე კი მოკლედ ვუპასუხე - კარგად კი ლაპარაკობ, მაგრამ კარგადაც უნდა იჩხუბო-მეთქი. ამიტომ ორთაბრძოლის შემდეგ ყველას გაეცინა, როცა ვთქვი, ტომს მუშტების ქნევაც ისევე კარგად არ სცოდნია, როგორც ლაპარაკი-მეთქი.

- ლაპარაკი და პროვოკაციების მოწყობა ბილი ჯო სონდერსივით ვინ იცის? რინგზე რას ელი მისგან?

- სრულ ჭკუაზე არ არის: მეგობარმა ვიდეო გამომიგზავნა - ბრიტანელს ჩემი "ფიტული" გაუკეთებია და ჯერ ურტყამს, მერე ახრჩობს (იცინის). პრესკონფერენციაზე რაც იკადრა, ყველამ ნახეთ. უნდოდა, წონასწორობა დამეკარგა და იქვე გამეცა პასუხი. მისთვის რომ დამერტყა, ორწლიანი დისკვალიფიკაციით დამსჯიდნენ და "იბლატავებდა" კიდეც ის ორი წელი უჩემოდ.

- ქომაგს არა მხოლოდ მარცხენა გვერდითი დარტყმისთვის, ქუთაისური იუმორისთვისაც უყვარხარ, შენს ინტერვიუებსა და ვიდეოებში რომ ხედავენ.

- ვიდეოებში იმდენს იმიტომ ვხუმრობდი, მეტოქისთვის მეჩვენებინა, რომ არ ვნერვიულობ. ალბათ, ჩემს სიმღერასაც უყურეთ. ინგლისელებს ქართული არ ესმით, მაინც ვერაფერს გაიგებენ-მეთქი და ამიტომ ვიმაიმუნე, თორემ რომ მცოდნოდა, ჩანაწერს საქართველოშიც ნახავდნენ, ხმას როგორ ამოვიღებდი (იცინის)?!

- ბოლო ინტერვიუში მითხარი, დაბადების თარიღს რა მნიშვნელობა აქვს, მოკრივის ასაკი რინგზე ჩანს და 40 წლამდე არსად წასვლას არ ვაპირებო! ახლა რას მეტყვის 37 წლის ავთანდილ ხურციძე, როდემდე დარჩება რინგზე?

- ისეთ ფორმაში ვარ, ვადაც გადავწიე - 50 წლამდე არსად წავალ (იცინის)! სინამდვილეში, მინიმუმ სამი წელი კიდევ მაქვს მიზნების მისაღწევად. თუ არადა, ჩემს ხელში არაა? - კიდევ გავიხანგრძლივებ! ხალხს გამარჯვებულები უყვარს, წაგებული კი არავის აინტერესებს. თუმცა მომაქცევენ თუ არა ყურადღებას, ჩემს საქმეს მაინც გავაგრძელებ - ჩემი თავის ფასიც ვიცი და ისიც, რას რისთვის ვაკეთებ. საქართველოს გულისთვის უკან არაფერზე დავიხევ!
ნია
13 ივნისი 2017 14:28
ყველას რომ მოუგე იმიტო გადაგემტერნენ ეტყობა, ღმერთი გიშველის ნუ გეშინია! ეს დღეები სულ მაგას ვფიქრობ, ეს რა იმაიმუნეს!!!! ძლიერო! მაგარო!!!! ყველაზე კარგო!!!! კაცურო კაცო!!!!! მაგრად იყავი!!!!!! არ იდარდო, ყველაფერი ხდება, მთავარია სამართალმა გზა ნახოს!!!!

რედაქტორის რჩევით