10 წლის ჩემპიონი - კვირის პალიტრა

10 წლის ჩემპიონი

"თორელი კვირაში ექვსი დღე ვარჯიშობს. მისი დიდი იმედი მაქვს. სადაც ოთხ თვეში საქართველოს თასის მფლობელი გახდა, მჯერა, მომავალში ბევრჯერ ასახელებს ჩვენს ქვეყანას"

თორელი ცისკარაული დედოფლისწყაროელია, მრავალშვილიანი ოჯახის ექვსი დის ნაბოლარა ძმა. მართალია, ოჯახის წევრები განსაკუთრებული სითბოთი და მზრუნველობით ანებივრებენ, მაგრამ, როგორც თვითონვე ამბობენ, თორელი ამით ბოროტად არ სარგებლობს. პატარა სწავლასა და სპორტს მშვენივრად უთავსებს ერთმანეთს და კითხვისა და მეგობრებთან თამაშისთვისაც იცლის. მოზარდი ჩინური საბრძოლო ხელოვნების სახეობა უშუში ვარჯიშობს და უკვე დიდ წარმატებას მიაღწია - უშუს ეროვნულ ჩემპიონატში საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

თორელი ცისკარაული: - უშუში ოთხი თვის წინ დავიწყე ვარჯიში. კლუბში წასვლამდე გაკვეთილების სწავლას, წიგნის კითხვას და მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშსაც ვასწრებ. ჯერ არ ვიცი, რა პროფესიას ავირჩევ, მაგრამ მინდა, წარმატებული სპორტსმენი გავხდე. გიორგი მასწავლებელი ბავშვებს როცა ავარჯიშებდა, ხშირად დავდიოდი კლუბში და ვუყურებდი, თანდათან მეც მომინდა სიარული.

ძალიან მიხარია, რომ საქართველოს თასი ავიღე. მინდა, ბევრს მივაღწიო და გავახარო ჩემი ოჯახის წევრები და გიორგი მასწავლებელი.

გიორგი ცისკარაული, თორელის მწვრთნელი, კახეთის უშუს რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი: - საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრია. უშუ-სანდა (სანშშოუ) ჩინური საბრძოლო ხელოვნებაა და ამ სახეობაში დედოფლისწყაროში მოზარდებს 2011 წლიდან ვავარჯიშებ. 26 აღსაზრდელი მყავს და მათ შორის რვა - ჩემპიონია. შარშან საქართველოს გუნდური თასი მოვიგეთ, ნოემბერში საქართველოს პირველობაში მივიღებთ მონაწილეობას.

თორელი თავიდანვე მონდომებული იყო. უშუ თავისუფალ ორთაბრძოლას ნიშნავს და ამ სახეობაში ჭიდაობის, კრივის, ფეხით და ხელით ჩხუბის ილეთებია გაერთიანებული. ის გამძლეობას, სისწრაფეს, ძალას, ამასთან, გონებასაც მოითხოვს. თორელი კვირაში ექვსი დღე ვარჯიშობს. მისი დიდი იმედი მაქვს. სადაც ოთხ თვეში საქართველოს თასის მფლობელი გახდა, მჯერა, მომავალში ბევრჯერ ასახელებს ჩვენს ქვეყანას და დიდ წარმატებებს მიაღწევს.

ბუბა ცისკარაული, თორელის უფროსი და: - თორელს დები შვილივით ვუვლით, ცოტას ვათამამებთ, თვითონაც გვანებივრებს ყურადღებით. ხანდახან კი ცელქობს, მაგრამ ბიჭია და არც არის გასაკვირი. პატარა ძამიკოს წარმატებამ ყველა ძალიან გაგვახარა. ისეთი მიზანდასახულია, ალბათ, კიდევ ბევრ სიხარულს მოგვანიჭებს.

ციო წიკლაური, დედა: - ბედნიერი დედა ვარ, ჩემს შვილებს სწავლა და კითხვა უყვართ, არც შრომა ეზარებათ, ოჯახისა და სამეურნეო საქმეებშიც გვეხმარებიან. გაგვახარა ჩემმა ბიჭმა, წარმატებას რომ მიაღწია, თუმცა, დედისთვის ძნელია, როცა უყურებს, მის შვილს გამეტებით რომ ურტყამენ. მირჩევნია, კარგად ისწავლოს და კარგი პროფესია აირჩიოს. ვწვალობთ, რომ შვიდივე შვილი სანაქებო მამულიშვილებად გავზარდოთ. მშობლის უპირველესი მოვალეობაც ხომ ეს არის.

ნანა ფიცხელაური