"ბორჯღალოსნების" კაპიტანი მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის
04-05-2017
"ბორჯღალოსნების" კაპიტანი მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის
რაგბიში საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის. რაგბის ფედერაციის ინფორმაციით, გორგოძემ ეს რთული გადაწყვეტილება ერთწლიანი ფიქრის შემდეგ მიიღო. გორგოძის თქმით, ის ბოლო თამაშს ნაკრების შემადგენლობაში საქართველოში ითამაშებს და გუნდს ამის შემდეგ დაემშვიდობება.

"ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა მთხოვეს და დავრჩი. მაგრამ მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე! არაერთხელ მითქვამს: მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა. უკვე
33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ს ვიქნები გადაცილებული. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად დაღლილობა კი არ დაიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს. მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! კაპიტანი სულ გუნდთან ერთად უნდა
იყოს, მის პულსზე უნდა ედოს ხელი, სხვა შემთხვევაში კაპიტანი ვერ იქნები. ჯანი, სურვილი და ჟინი არ მომკლებია, მაგრამ ასეთ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ. რომ ყოფილიყო შესაძლებელი, არჩევანს ნაკრებზე შევაჩერებდი, მაგრამ უთამაშებელი ნაკრებს ვერაფერში გამოვადგები, მხოლოდ ნაკრებში ვერ ვითამაშებ.
ნაკრებს დავაკლდები, მაგრამ შეუცვლელი არავინაა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს მესამე ხაზში მართლა ძალიან მაგარი ბიჭები ყავს და კარგი შევსება მოდის. გადავწყვიტე წასვლის შესახებ მსოფლიო თასამდე 2 წლით ადრე გამეცხადებინა, რადგან გუნდი მზადებას იწყებს და მწვრთნელებს ხელი არ შეეშალოთ. ყველაზე მეტად მე მწყდება გული, თუმცა ჯობია დროულად წახვიდე და გულშემატკივარმაც კარგად გაგიხსენოს" - აცხადებს მამუკა გორგოძე.

გორგოძემ რაგბის თამაში 2000 წელს, 16 წლის ასაკში "ლელოში" დაიწყო და 2004 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2005 წლიდან 2014 წლამდე ის საფრანგეთის "ტოპ 14-ის" "მონპელიეს" ღირსებას იცავდა და სწორედ იქ თამაშისას გაითქვა სახელი. გავიდა ტოპ 14-ის ფინალში, 2010/2011 წლებში დაასახელეს ტოპ 14-ის საუკეთესო ლეგიონერად, 2012/2013 წლების სეზონში, აღიარეს ტოპ 14-ისა და "ჰაინეკენის თასის" (ამჟამად ჩემპიონთა თასი) იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ.

2014 წლიდან "ტულონში" გადავიდა და გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში "რასინგს" 93-ათასი მაყურებლის წინაშე ლელო დაუდო, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა და გორგოძე ჯერჯერობით ფრანგული ოქროს გარეშეა.

ბორჯღალოსნების შემადგენლობაში გორგოძეს 69 თამაში აქვს ჩატარებული, აქედან 11 კაპიტნის რანგში. ის საქართველოს ნაკრების საუკეთესო ლელოების რაოდენობით პირველ ადგილზეა. გორგოძე 2011 წელს კი, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

იხილეთ ფოტოგალერეა


"ინტერპრესნიუსი"
ჯავახელი
04 მაისი 2017 12:02
მამუკ მადლობა, რომ 14 წელი სიხარულს და სიამაყის შეგრძნებას გვანიჭებდი! ვწუხვარ რომ მიდიხარ და იცოდე რომ ყველა გულშემატკივარს მოენატრება შენი სანაკრებო თამაშის ხილვა სადაც არც თავს და არც მეტოქეს არ ზოგავდი-საქართველოსთვის!!!
კაპიტანო შენ მუდამ ჩვენს გულებში იქნები და ჩვენს შვილებს შენსავით პატრიოტებად ავღზრდით!(მე პირობას ვდებ!)
პ.ს. ქართველნო ვისურვებ, რომ ყველანი ჩვენს საქმეში გორგოძეები ვიყოთ!!!
Niko Bagrationi
04 მაისი 2017 11:21
Okufaciaze bevrad didi gansacdeli

რედაქტორის რჩევით