ლადო მესამე(დ) - კვირის პალიტრა

ლადო მესამე(დ)

ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ თავის საქმეში რომ მართლაც "მეფეა", თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61 კგ) ყველა დიდ ტურნირზე დაამტკიცა. ბოლოს გასულ კვირას - სერბულ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მეორედ, კარიერის განმავლობაში კი მესამედ მოიპოვა კონტინენტის ჩემპიონობა და ყულაბაში, რომელშიც უკვე ყველა მნიშვნელოვანი ტურნირის უმთავრესი ჯილდოა, მორიგი ოქრო "ჩააჩხრიალა"!

ყველაფრის მომგები ხინჩეგაშვილისთვის ახლა მხოლოდ მედლების რაოდენობასა და პირად ანგარიშებსღა თუ აქვს მნიშვნელობა. აკი, თქვა კიდეც წლევანდელი ევროპირველობის შემდეგ - ადრინდელი წაგებისთვის ჩაკაევთან პირადი რევანში მქონდა ასაღები და ფინალში გამარჯვებამ ორმაგად გამახარაო. მოჭიდავისა რა გითხრათ და, ლადომ ჩვენ კი მართლაც ორმაგად გვანერვიულა, რადგან რუსეთის სახელით მოჭიდავე ჩეჩენს ფინალში 5:0 დაწინაურების შესაძლებლობა მისცა! ახმედ ჩაკაევი სხარტი, ტექნიკური მოჭიდავეა, კარგად ისარგებლა საწყის წუთებზე ხინჩეგაშვილის პასიურობით და ხუთქულიანი გდებაც მიითვალა. თუმცა გამოცდილებით, ტექნიკითა და რაც მთავარია - კლასით ჩვენებური მასზე გაცილებით მაღლა დგას. თანაც, თუ პირველ წუთებზე პასიურობა სჩვევია, შეხვედრის მეორე ნახევარში ლადო გაცილებით მობილიზებულია ხოლმე და ტრადიციას არც ამჯერად უღალატა: მეორე პერიოდში აგრესიულად შეუტია, მეტოქე გაასავათა და ქულებიც საყვარელი ხერხით, ფეხში შესვლიდან ჩოქბჯენში გადაყვანით მოაგროვა - ჩოქბჯენიდან მეტოქის დატრიალებაში ხომ ხინჩეგაშვილს ბადალი არ ჰყავს. საბოლოოდ, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში 9:7 გაიმარჯვა და 26 წლის ასაკში მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

გენო პეტრიაშვილი ტაჰა აკგულისთან ვერაფერს გახდა

ფინალამდე ლადოს გავლილ გზაზე ბევრს აღარაფერს ვიტყვით, მხოლოდ მისი მეტოქეები ჩამოვთვალოთ: აზერბაიჯანელ ახმადნაბი გვარზატილოვს 9:5 აჯობა, ნახევარფინალში კი უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი დაამარცხა 8:2.

ნოვი სადში გამართულ ტურნირში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველთაგან ოქრო მხოლოდ ხინჩეგაშვილის ანგარიშზეა, ბრინჯაოს მედლები კი სხვა ჩვენებურებმაც მოიპოვეს. მათ შორის - მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა. მისი ნიჭისა და შედეგების გათვალისწინებით, გენოსგან წელსაც ოქროს ველოდით, მაგრამ გადაღლაც ეტყობოდა და არც სატურნირო ბადემ გაუმართლა. პირველ წრეში ქართველმა გოლიათმა 5:2 მოუგო რუსეთის სახელით მოჭიდავე ოსს, ევროპის ვიცე-ჩემპიონ ალან ხუგაევს, უძლიერეს თურქს, წონის მთავარ ფავორიტ ტაჰა აკგულის კი მაინცდამაინც მეოთხედფინალში გადაეყარა.

აკგული ოლიმპიური, მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონია, დიდი გამოცდილებითა და ფიზიკური ძალითაც გამოირჩევა, მაგრამ არც პეტრიაშვილია ნაკლები. თანაც, მისი შარშანდელი გამარჯვებაც გვახსოვდა და ველოდით, რომ ჩვენებური არც ამჯერად დაუდებდა ტოლს. სამწუხაროდ, თურქმა პირწმინდად დაჯაბნა ქართველი მეტოქე და შეხვედრის ბედიც, ფაქტობრივად, პირველივე პერიოდში გადაწყდა - საწყის სამ წუთში ტაჰამ სამჯერ მოახერხა ფეხში შესვლით ორქულიანი შეფასების აღება, გენომ კი - მხოლოდ ერთხელ. იმედი, რომ პეტრიაშვილი მეორე ნახევარში მაინც ისარგებლებდა მოწინააღმდეგის დაღლილობით და შეხვედრის გადარჩენას შეძლებდა, იმედად დარჩა. მეტიც, თურქი მეორე პერიოდშიც უფრო აქტიური იყო და საბოლოოდ, ვადაზე ადრე დაასრულა ორთაბრძოლა - 14:4.

საბედნიეროდ, ტაჰა აკგული ფინალში გავიდა და პეტრიაშვილი რეპეჟაშში გაიყოლა: სანუგეშოს ნახევარფინალში ქართველმა მძიმეწონოსანმა უკრაინელ დანილო კარტავის აჯობა 6:2, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი უნგრელ დანიელ ლიგეტის - 4:0.

საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები მოუტანეს ზურაბ იაკობიშვილმა (65) და ელიზბარ ოდიკაძემაც (97). ნახევარფინალამდე ორივე მათგანი დამსახურებულად, დამაჯერებელი გამარჯვებებით მივიდა, აი, ფინალში გადასასვლელ შეხვედრებში კი იაკობიშვილსაც და ოდიკაძესაც წონის აშკარა ფავორიტები დახვდნენ, რომლებმაც სტატუსი ქართველებთან შეხვედრებშიც გაამართლეს და ოქროს მედლისთვის მატჩებშიც. ნახევარფინალში ზურაბ იაკობიშვილი უშანსოდ, 0:10 დამარცხდა რუს ილიას ბეკბულატოვთან. არადა, მანამდე სამ მეტოქესთან 25 ქულა აიღო და მოწინააღმდეგეებს მხოლოდ 2 დაუთმო (10:0, 4:2, 11:0), ბრინჯაოსთვის მატჩში კი აზერბაიჯანელ გაჯიევსაც იოლად სძლია - 9:4.

ფინალში გასვლის უკეთესი შანსი ჰქონდა ოდიკაძეს: ნახევარფინალამდე დამაჯერებლად აჯობა გერმანელ, მოლდაველ და აზერბაიჯანელ მეტოქეებს, ფინალის საგზურისთვის კი ტურნირის მომავალ ჩემპიონს - თურქ რიზა ილდირიმს დაეჭიდა. იმის მიუხედავად, რომ მერე ფინალშიც გაიმარჯვა, თურქი ნამდვილად არ ჩანდა დაუმარცხებელი. თუმცა, როგორც ჩანს, ელიზბარი ბრძოლისთვის სათანადოდ ვერ განეწყო, ან, პირიქით - ძალიან ინერვიულა და მარცხიც ამის ბრალი უფრო ჩანს, ვიდრე დაღლილობის ან ილდირიმის ოსტატობის. ასეა თუ ისე, ოდიკაძემ ნახევარფინალი 2:8 წააგო, ბრაზი კი მესამე ადგილისთვის მატჩში იყარა "მაკედონიელ" მაგომედგაჯი ნუროვზე (10:0) და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ამგვარად, ქართველმა "თავისუფლებმა" ოქროს ერთი და ბრინჯაოს სამი მედლით დაასრულეს ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი. შაბათ-კვირას საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ, თუმცა, გაზეთის ფორმატის გამო, მათი ასპარეზობის შედეგები "კვირის პალიტრის" ამ ნომერში ვერ მოხვდა.