"...დანარჩენი კი ჩემზეა დამოკიდებული!" - კვირის პალიტრა

"...დანარჩენი კი ჩემზეა დამოკიდებული!"

ნიკა კუნჭულია 17 წლისაა. ორი წლის წინ იმ რამდენიმე ახალგაზრდა კალათბურთელს შორის მოხვდა, რომლებიც თბილისში ესპანური "ბასკონიის" კემპისას შეარჩიეს და ესპანეთში ვარჯიშის შესაძლებლობა მისცეს. შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ლიტვაში ცხოვრობდა და საბონისის სკოლაში ვარჯიშობდა, ამჟამად კი აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის Anderson Christian High School-ში სწავლობს, სკოლის გუნდში თამაშობს და NCAA-ს (აშშ-ის სტუდენტური ლიგა) გავლით NBA-ს უმიზნებს... იმის გათვალისწინებით, რომ ასაკოვანი ვეტერანები რამდენიმე წელიწადში შემოეცლებიან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, პატარაობიდანვე უცხოეთში თამაშს ჩვეული ახალგაზრდების სიმრავლე მეტი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს როგორც ასაკობრივი, ისე ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს. დღეს ნიკა კუნჭულიას გაგაცნობთ:

- ნიკა, თბილისში გამართული კემპით დავიწყოთ...

- უბედნიერესი ვიყავი, ესპანელი მწვრთნელების ყურადღება რომ მივიქციე. 160 ახალგაზრდა მოთამაშისგან 16 შეგვარჩიეს და ქალაქ ვიტორია-გასტეიზში გავემგზავრეთ. ეს იყო ჩემი პირველი დიდი წარმატება. ესპანეთში ევროპელ და ამერიკელ კალათბურთელთან ერთად მივიღე მონაწილეობა საერთაშორისო კემპში, სადაც ორი კვირის განმავლობაში უამრავ კონკურსში ვიასპარეზე, მოვიპოვე 2 გუნდური გამარჯვება და გავხდი Skills Challenge-ის გამარჯვებული. Skills Challenge აერთიანებს ყველა იმ თვისებას, რაც კალათბურთელს სჭირდება: სროლა, სისწრაფე, ბურთის ფლობა, პასის სიზუსტე და ა.შ. მთლიანობაში, ესპანური კემპი დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის და ბევრი რამ ვისწავლე. განსაკუთრებით მომეწონა ესპანელების პროფესიონალიზმი და ახალგაზრდა კალათბურთელებისადმი მიდგომა, რაც დიდ სტიმულს მაძლევდა.

- ესპანურ კემპამდე რა ხდებოდა ნიკა კუნჭულიას ცხოვრებაში, კალათბურთში როდიდან ვარჯიშობ?

- ძალიან მინდოდა, ფეხბურთელი ვყოფილიყავი, მაგრამ ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით და ჩემი ბიძის ინიციატივით, 2010 წელს მშობლებმა საკალათბურთო სკოლა "მართვეში" მიმიყვანეს. იქ ორი წლის განმავლობაში ვივარჯიშე დათო და ირაკლი ბერიშვილების ხელმძღვანელობით, 2012 წელს კი "აკადემიაში" გადავბარგდი და მომდევნო სამი წელი იქ ვივარჯიშე ვასო სომხიშვილის, ალექსი ჯაფარიძისა და გია კაზანჯიანის მეთვალყურეობით.

- მწვრთნელების, ვარჯიშების, მეთოდოლოგიის კუთხით, შესაძლებელია, საქართველო ესპანეთს, ლიტვას, აშშ-ს შევადაროთ? ძალიან ჩამოვრჩებით ამ ქვეყნებს?

- მსოფლიოს სამ საუკეთესო საკალათბურთო ქვეყანაში - აშშ-ში, ლიტვასა და ესპანეთში მივარჯიშია და შემიძლია ვთქვა, რომ სამწუხაროდ, თქვენს ჩამოთვლილ თითქმის ყველა კომპონენტში საქართველო ბევრად ჩამორჩება ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებს. ესპანეთში ყოფნისას გავიცანი თორნიკე შენგელია, რომლის დიდი დამსახურებაა ქართველი კალათბურთელების ესპანურ კემპზე მოხვედრა. ლიტვაში შევხვდი ლეგენდარულ არვიდას საბონისს.

- მის სკოლაში სწავლობდი, არა?

- დიახ, ესპანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, საკალათბურთო კლუბ "აკადემიის" ხელშეწყობით გავემგზავრე ლიტვაში, სადაც ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ევროპულ სკოლაში,"ალექსანდრ პუშკინის სახელობის გიმნაზიაში (Kaunas Aleksandras Pushkinas Gymnasium) და ვვარჯიშობდი არვიდას საბონისის საკალათბურთო კლუბში (Sabonio Krepsinio Centras). მაქვს შესაბამისი სერტიფიკატიც.

- უდიდესი საკალათბურთო ტრადიციის მქონე ლიტვაში როგორ ზრდიან ახალგაზრდა მოთამაშეებს - მკაცრად უდგებიან თუ თავისუფლებას ანიჭებენ?

- ლიტვაში გატარებულმა წელიწადმაც დიდი გამოცდილება მომცა: ვთამაშობდი ლიტვის საუკეთესო გუნდ "საბონისში", ვმონაწილეობდი შეჯიბრებებში, ძალიან სასარგებლო ვარჯიშები გვქონდა უმაღლესი დონის პროფესიონალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით. მწვრთნელი მკაცრად გვექცეოდა, მტკიცე ხასიათი რომ ჩამოეყალიბებინა ჩვენთვის, მაგრამ თავისუფლებასაც გვანიჭებდა, მოედანზე მაქსიმუმი რომ გვეჩვენებინა. თანაგუნდელები ძმებივით ვიყავით. ამან ბევრი რამ მასწავლა არა მხოლოდ კალათბურთის მხრივ, ცხოვრებისეული გამოცდილების თვალსაზრისითაც.

- აშშ-ში როგორ მოხვდი?

- ლიტვაში ჩატარდა ამერიკული კემპი UBE Talent USA Basketball and Education. საერთაშორისო აგენტების მხარდაჭერით ჩამოვედი სამხრეთ კაროლინაში, სადაც ერთი წელიწადია ვსწავლობ Anderson Christian High School-ში და სკოლის სახელით ვმონაწილეობ სკოლების ჩემპიონატებში. ამერიკა ძალიან განსხვავებული ქვეყანაა, სადაც წარმატებისთვის ყველანაირი შანსი გეძლევა, მაგრამ თუ ვერ განვითარდი, დიდ რეგრესს განიცდი. რაც შეეხება კალათბურთს, უმაღლესი დონეა როგორც მოთამაშეების, ასევე მწვრთნელების მხრივ და თითოეულ დეტალს დიდი ყურადღება ექცევა.

- სკოლების ჩემპიონატი ძალიან განსხვავდება NCAA-სგან?

- ბუნებრივია, მოთამაშეების დონით და პროფესიონალიზმით დიდი განსხვავებაა, მაგრამ სკოლების ჩემპიონატებს აქტიურად ადევნებენ თვალს NCAA-ს აგენტები, რაც უნივერსიტეტების ლიგაში - NCAA-ში მოხვედრის კარგ შანსს ნიშნავს.

- რა მოგცა ამერიკაში გატარებულმა პერიოდმა?

- შემმატა თავდაჯერება, გამოცდილება, სათამაშო კლასი და მაძლევს შანსს, ავიხდინო ბავშვობის ოცნება და მოვხვდე NBA -ში, სადაც თამაშობენ ჩემი საყვარელი კალათბურთელები - ზაზა ფაჩულია, სტეფენ კარი და ლებრონ ჯეიმსი. განვითარებისთვის აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი, დანარჩენი კი ჩემზეა დამოკიდებული!