ცოცხალი კრივის ახალი მეფე
15-05-2017
ცოცხალი კრივის ახალი მეფე
ბრიტანელი მოკრივე ენტონი ჯოშუა უკვე არის მისივე კომპანიის AJBoxing-ის თავკაცი, სპონსორული კონტრაქტები კი აკავშირებს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორიც არის Apple, Lucozade, Lynx და Sky Sports

სანამ ჩვენ ავთანდილ ხურციძის ჩემპიონობას ვზეიმობდით, მსოფლიო კრივში გაცილებით მასშტაბური მოვლენა მოხდა: "უემბლიზე" შეკრებილი 90 ათასი მაყურებლის თვალწინ 27 წლის ბრიტანელმა ენტონი ჯოშუამ ვლადიმირ კლიჩკოც გაისტუმრა ნოკაუტში და ყველაზე პრესტიჟულ სუპერმძიმე კატეგორიაში ახალ მეფედ და... იმედად მოგვევლინა! იმედად, რომ სუპერმძიმე წონითი კატეგორია ახალ სიცოცხლესა და
ინტრიგას შეიძენს. ჯოშუამ 19 ორთაბრძოლიდან ყველა ნოკაუტით მოიგო და სამეფო ტახტის შენარჩუნებას კარგა ხნით აპირებს. კლიჩკოს კი... 41 წლის უკრაინელს ენტონის დამარცხებაც შეეძლო. მეექვსე რაუნდში ნოკ
დაუნშიც გაისტუმრა, მაგრამ ბოლომდე ვეღარ მიიყვანა საქმე. ბოლოსწინა რაუნდში კი თავად იწვნია უძლიერესი აპერკოტი. ჯოშუამ მოიგო და ახლა IBF-ის, WBA-ის და IBA-ის საჩემპიონო ქამრების მფლობელია. ასე რომ, კრივი ცოცხალია, თქვენ კი გაიცანით კრივის მძიმე წონის ახალი მეფე - ენტონი ჯოშუა, რომელიც, წესით, ჯერ კიდევ პატიმარი უნდა იყოს, ბექჰემზე პოპულარულობას აპირებს და მუშტებზე ეტყობა, რომ სწორედ ის გახდება პირველი მილიარდერი მოკრივე!

ათი წლით ციხეში...


ენტონი ოლუვაფემი ოლასენი ჯოშუა 1989 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა ინგლისის ქალაქ უოტფორდში, რამდენიმე წელიწადი ნიგერიაში იცხოვრა და ყველგან წარმატებით ახერხებდა... შარში გახვევას. ბავშვობაში სულ ჩხუბობდა, 2009 წელს კი წინასწარი პატიმრობაც მიესაჯა, როგორც თვითონ ამბობს, "ჩხუბის და სხვა უგუნური საქციელის გამო". უგუნური ეძახე და, ბედი მისი, რომ დანაშაული არ აღიარა, თორემ 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა და დღეს მსოფლიო ჩემპიონი კი არა, პატიმარი იქნებოდა. პატიმრობას გადაურჩა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში სპეციალური სათვალთვალო სამაჯურით უწევდა ცხოვრება. გარდა ამისა, ვალდებული იყო, საღამოს რვიდან დილის ექვს საათამდე სახლიდან ფეხი არ გაედგა, პერიოდულად კი პოლიციის განყოფილებაშიც მისულიყო. "კრივმა გადამარჩინა", - იხსენებს ენტონი, რომელმაც სწორედ იმ პერიოდში მიაკითხა კრივის დარბაზს. პარალელურად, მშენებლობაზე მუშაობდა და კოლეჯშიც სწავლობდა, თუმცა... 2010 წელს, როცა უკვე ქვეყნის ნაკრების წევრი იყო, ჯოშუა სიჩქარის გადაჭარბებისთვის გააჩერეს, მის ავტომანქანაში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით მარიხუანის გამო კი ამჯერად 14-წლიანი პატიმრობა დაემუქრა. თუმცა მომავალმა ჩემპიონმა დანაშაული აღიარა და ერთწლიანი პირობითი სასჯელისა და 100 საათი იძულებითი შრომის ფასად ამჯერადაც გადარჩა. გადარჩა და რაც მთავარია, ჭკუაც ისწავლა. სულ რაღაც წელიწად-ნახევარში ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა!

უარი 50 000 გირვანქას


18 წლის ჯოშუამ კრივის იმავე კლუბში დაიწყო ვარჯიში, რომელმაც კიდევ ერთი ბრიტანელი მოკრივე-ხულიგანი - დერეკ ჩისორა აღზარდა. ზორბა, ათლეტურ და სწრაფ ენტონის სამოყვარულო დონეზე მხოლოდ 18 ორთაბრძოლა დასჭირდა, ინგლისის ჩემპიონი რომ გამხდარიყო. გახდა და პროფესიულ კრივში გადაბარგების სანაცვლოდ, მაშინვე შესთავაზეს 50 000 გირვანქა. თუმცა ახალგაზრდა მოკრივეს არჩევანის გაკეთება არ გასჭირვებია - ჯოშუას მედლები სჭირდებოდა და არა ფული. არც შემცდარა: 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე - ოქრო.

ყველა ნოკაუტით


პროფესიულ კრივში 23 წლისა გადაბარგდა და ორ წელიწადში მსოფლიო ჩემპიონიც გახდა IBF-ის ვერსიით. პროფესიონალებში გამართული 19 ორთაბრძოლიდან ყველა ნოკაუტით მოიგო, თანაც, ცხრამეტიდან მხოლოდ ოთხმა მეტოქემ გაუძლო სამ რაუნდზე მეტი! თუმცა წინა ორთაბრძოლები რა მოსატანია კლიჩკოსთან მოგებასთან. 41 წლის უკრაინელისა და 27 წლის ბრიტანელის ჯახი კრივის ნამდვილ ჰიტად იქცა: "უემბლის" ტრიბუნებიდან შეხვედრას 90 ათასმა მაყურებელმა მიადევნა თვალი, ტელეეკრანიდან - ათეულობით მილიონმა.

ახალი ბექჰემი და მეივეზერი


მილიონები ჯოშუას არც საბანკო ანგარიშებზე აკლდა, მომავალში კი... "ენტონი უკვე არის ძალიან მდიდარი, მომავალში კი იოლად შეუძლია გახდეს პირველი მოკრივე-მილიარდერი. მისი კომერციული პოტენციალი უზარმაზარია - გაცილებით მეტი, ვიდრე ბექჰემს ან სხვა საფეხბურთო ტოპვარსკვლავებს აქვთ", - ამბობს ჯოშუას პრომოუტერი ედი ჰირნი და ფლოიდ მეივეზერსაც ადარებს. თუმცა, თუ ამ უკანასკნელმა ქონების დიდი ნაწილი ტელეტრანსლაციების უფლებების სარფიანად გაყიდვის წყალობით მოიხვეჭა, ენტონი უპირატესობას სპონსორულ შეთანხმებებსა და კაპიტალის დაბანდების ახალ გზებს ანიჭებს. ბრიტანელი მოკრივე უკვე არის მისივე კომპანიის AJBoxing-ის თავკაცი, სპონსორული კონტრაქტები კი აკავშირებს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორიც არის Apple, Lucozade, Lynx და Sky Sports.

ჯოშუა და სუსტი სქესი


რამდენიმე წლის განმავლობაში ჯოშუას საკმაოდ არამდგრადი ურთიერთობა აკავშირებდა მოცეკვავე ნიკოლ ოსბორნთან, რომელსაც ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან იცნობს. მათი ურთიერთობა კონფლიქტებისა და შერიგებების მთელ სერიას შეადგენდა. 2015 წლის ოქტომბერში ნიკოლმა მოკრივეს გაუჩინა ვაჟი, რომელსაც ჯოზეფ ბეილი ტემილოლუვა პრინცი ჯოშუა დაარქვეს. ენტონიმ ნიკოლს ლონდონში 500 000 გირვანქად ღირებული სახლიც უყიდა, თუმცა გასული წლის მიწურულს განაცხადა, ოსბორნს დავშორდიო.

ბრიტანული პრესა წერდა ჯოშუას რომანებზე ტოპმოდელ კარა დელევინსა და ალბანური წარმოშობის მომღერალ რიტა ორასთან. თავად ჯოშუა ირწმუნება, რომ ამჟამად "ცალად დაიარება", რაც ბრიტანეთის ერთ-ერთი სასურველი სასიძოს სტატუსს ანიჭებს. მით უმეტეს, კლიჩკოს დამარცხებით მიღებული უდიდესი სახელისა და ქონების შემდეგ...

შემდეგი ბრძოლა - ჩინეთში?!


მაგრამ ჯოშუას გაუჭირდება მილიარდის გამომუშავება, თუ ფინანსურად მიმზიდველ ბრძოლებს არ გამართავს. ბრიტანელის ყველაზე სავარაუდო ოპონენტები კი WBC-ის მსოფლიო ჩემპიონი დეონტეი უაილდერი, ჭBO-ის ქამრის მფლობელი ჯოზეფ პარკერი და სკანდალებით ცნობილი კიდევ ერთი ბრიტანელი, ტაისონ ფიური არიან. თუმცა ფიურის რინგს მიღმაც საკმაო პრობლემები აქვს და წელს სხვა ჩემპიონებთან შეხვედრაც ნაკლებად მოსალოდნელია. უფრო ლოგიკური იქნება კლიჩკოსთვის რევანშის შანსის მიცემა ან ტიტულების რომელიმე პრეტენდენტთან აუცილებელი ბრძოლის გამართვა. ასეა თუ ისე, ჯოშუას ამერიკელი პუბლიკის წინაშე მოუწევს ბრძოლა. ხშირად ახსენებენ ლას-ვეგასს, ჰირნი, რომელიც ენტონის კარიერას უძღვება, უპირატესობას ნიუ-იორკის "მედისონ-სკვერ-გარდენს" ანიჭებს, თუმცა ჩინეთისკენაც აპარებს თვალს: "ჩინეთში ბრძოლის გამართვა რეალურია. იქ დიდი ფული ტრიალებს", - ამბობს პრომოუტერი, რომელსაც ყოფილი ხულიგანისგან მსოფლიო ბრენდის შექმნა სურს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით