"ათი წელია, საქართველოს პირველი ნომერი ვარ და სპონსორი ჯერ არ მყოლია!" - ევროპის ნანატრი ჩემპიონი
22-05-2017
"ათი წელია, საქართველოს პირველი ნომერი ვარ და სპონსორი ჯერ არ მყოლია!" - ევროპის ნანატრი ჩემპიონი
"ტიტულებსა და შედეგებზე წინასწარ არასდროს ვფიქრობ. არც ოცნება მიყვარს - როცა დასრულდება და გაფორმდება შედეგი, მაშინ ჩანს, ვინ რა მოიგო"

ნანა ძაგნიძის ტრიუმფით დასრულდა რიგაში გამართული მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატი. ლატვიის დედაქალაქში ძაგნიძემ დიდებულად ითამაშა (ექვსი მოგება, ხუთი ყაიმი) და გახდა პირველი ქართველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც ევროპის ინდივიდუალური პირველობა მოუგია. 13 მაისს ქართველმა დიდოსტატმა კიდევ ერთი ისტორიული მატჩი გამართა - კომპიუტერის წინააღმდეგ! ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას შორის კი ნანასთვის ყველაზე
მძიმე პერიოდი იყო - ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მამა გარდაეცვალა და ეს მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ შეიტყო... ტურნირის მთავარ გმირ ნანა ძაგნიძეს ევროპის ტკბილ-მწარე ჩემპიონატის გახსენება ვთხოვეთ:

- უდიდესი საჭადრაკო ტრადიციების ქვეყნის შვილისთვის ორმაგად საამაყო უნდა იყოს ქართველ ქალთაგან ევროპის პირველი ჩემპიონობა!

-
ასეც არის, ეს სტატუსი უაღრესად სასიამოვნო და საამაყოა ჩემთვის! მამას ძალიან უნდოდა, მოჭადრაკე ვყოფილიყავი, სახელიც ნანა ალექსანდრიას პატივსაცემად დამარქვა და ბედნიერი ვარ, სახელოვანი ქართველი მოჭადრაკეების წარმატებებს რომ ვაგრძელებ... მნიშვნელოვან ტიტულთან ბევრჯერ ვყოფილვარ ახლოს, მსოფლიო ჩემპიონობისთვის მატჩში მონაწილეობის უფლებამდეც ცოტა დამაკლდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სათანადოდ განწყობას ვერ ვახერხებდი, ბოლო პარტიებში მიზანს ვეღარ ვაღწევდი. ამჯერად, მთელი ტურნირი სტაბილურად ვითამაშე, რაც იმედს მაძლევს, რომ ეს გამარჯვება ახალი, წარმატებული ციკლის დასაწყისი იქნება ჩემთვის...

- რიგაში თითქმის ყველა უძლიერესმა მოჭადრაკემ ითამაშა. სტაბილურობასთან ერთად, რა იყო გადამწყვეტი, კონკურენტებს რის ხარჯზე აჯობეთ?

- ევროპის ჩემპიონატი თავისებური ტურნირია. მსოფლიო რეიტინგის ტოპ-ათეულის მოთამაშეებს, უმეტესწილად, გრან-პრის ეტაპებზე, დახურულ ტურნირებში გვიწევს თამაში და ისეთ მოთამაშეებთან თამაშს ვარ მიჩვეული, როგორებიც არიან მსოფლიოს ექსჩემპიონი სტეფანოვა, კოსტენიუკი, მუზიჩუკები, ლახნო და სხვები. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება კი ნებისმიერს აქვს. იქ ყველა ცდილობს, დაამტკიცოს, რომ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. თითოეულ პარტიაში ბოლომდე იბრძვიან. ამ მხრივ კონტინენტის პირველობა ურთულესი ტურნირია, სულ მობილიზებული უნდა იყო, რადგან მეტოქეებიც ორმაგად ინდომებენ, თავის დამკვიდრებას ცდილობენ. ასეთ ძლიერ შემადგენლობაში გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის.

- აქამდე ქართველებს ევროპის ჩემპიონი რომ არ გვყავდა, თქვენთვის წნეხი უფრო იყო, თუ პირიქით - დამატებითი მოტივაცია?

- ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ, ტიტულებსა და შედეგებზე წინასწარ არასდროს ვფიქრობ. კონკრეტულ პარტიებზე ვამახვილებ ყურადღებას და ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები სრულად გამოვავლინო. შედეგი თავისთავად მოდის.

- ლიდერის პოზიციას მთელი ტურნირის განმავლობაში ინარჩუნებდით, მაგრამ მაინც - როდის მიხვდით, რომ ჩემპიონობა განაღდებული გქონდათ?

- განაღდებული ბოლო წუთამდე არ მქონია! ევროპის ჩემპიონატზე წამითაც არ შეიძლება ყურადღების მოდუნება. ამიტომ, ბოლომდე არ მიფიქრია, რომ უკვე გავინაღდე რამე, რომ უკვე ჩემპიონი ვარ... მეცხრე პარტიაშიც ბოლომდე ვითამაშე! ოცნება ისედაც არ მიყვარს - როცა დასრულდება და გაფორმდება შედეგი, მაშინ ჩანს, ვინ რა მოიგო. დასკვნითი ტურის წინ ნახევარი ქულით ვუსწრებდი ახალგაზრდა რუს მოჭადრაკე ალექსანდრა გარიაჩკინას, რომელიც 18 წლის არის და რუსული ჭადრაკის ახალ ვარსკვლავად მიიჩნევენ. ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე ეწერა, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში (თუ მე ყაიმს ვითამაშებდი, ალექსანდრა კი მოიგებდა), გარიაჩკინას ჩემზე უკეთესი კოეფიციენტი ექნებოდა. ორგანიზატორებს ბოლო ტურის შედეგი არ ჰქონდათ გათვალისწინებული, ჩვენებმა კი ყველაფერი სწორად გამოთვალეს და ვიცოდი, რომ ყაიმი გარიაჩკინას მოგების შემთხვევაშიც კი მყოფნიდა ჩემპიონობისთვის. თუმცა ამას ჩემზე არ უმოქმედია და უკანასკნელ პარტიაშიც ბოლომდე ვითამაშე. მხოლოდ მაშინ, როცა ვნახე, რომ ჩემი უახლოესი მდევარი მეტოქეს დაუზავდა და შემეძლო, ჩემპიონობისთვის საკმარისი ყაიმი მეც გამეფორმებინა, მივხვდი, რომ ჩემპიონი ვიყავი.

- კიდევ რით დაგამახსოვრათ თავი ევროპის წლევანდელმა ჩემპიონატმა?

- მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, რაც ბოლო დროს იშვიათია. სათამაშო პირობებიც, სასტუმროც, კვებაც - ყველაფერი კარგი იყო... დაჯილდოების ცერემონიალამდე. იქ კი კვარცხლბეკის მიტანა დაავიწყდათ და არც საქართველოს ეროვნული ჰიმნი ჰქონდათ!

- ზურაბ აზმაიფარაშვილი ამიტომ გახდა იძულებული, ტელეფონში ჩაერთო საქართველოს ჰიმნი?!

- ინციდენტის გამო ზურამ უსაყვედურა ორგანიზატორებს და "თავისუფლება" ტელეფონით ააჟღერა. ევროპის ჩემპიონატის რიგაში გამართვა ლატვიის ეკონომიკის მინისტრის, დანა რეიზნიეცეს დამსახურებაა, რომელიც ჩემი მეგობარი და ყოფილი მოჭადრაკეა, თუმცა, დანას აშშ-ში მოუწია გამგზავრებამ და დახურვის ცერემონიალს ვეღარ დაესწრო. ჩანს, მის არყოფნაში ტურნირის ორგანიზატორებს რაღაცები გამორჩათ და ეს ხარვეზებიც ამის ბრალია.

- თებერვალში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლაში ინდოელმა ჰარიკა დრონოვალმა შეგიშალათ ხელი.

- ჰარიკამ არა - ჩემმა შეცდომებმა... ნახევარფინალთან ძალიან ახლოს ვიყავი და უნდა გავსულიყავი კიდეც, მაგრამ... ბევრმა მიზეზმა იმოქმედა - გაუსაძლისმა სიცხემაც, ორგანიზაციულმა ხარვეზებმაც, თითქოს ენერგიაც არ მყოფნიდა. სულ ვცდილობ, საკუთარ თავში ვეძებო მარცხის მიზეზები. ისეთი პოზიცია მქონდა, საქმის ბოლომდე მიყვანა არ უნდა გამჭირვებოდა, მაგრამ რაღაც დამემართა. გრან-პრიდან ძალიან გულდაწყვეტილი დავბრუნდი და არც დამისვენია, ჩამოსვლისთანავე დავიწყე მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის. მადლობა უფალს - დამიფასდა!

- ისე, ევროპის პირველობები აქამდეც ცუდად გქონდათ დაცდილი: 2015 წელს ჩაქვში გამართულ ტურნირზეც ლიდერი იყავით, როცა მამის ავადმყოფობის გამო ნაადრევად მიატოვეთ ჩემპიონატი...

- ჩაქვში მესამე პარტიას ვთამაშობდი, თბილისში მამას ინსულტი რომ დაემართა... მას შემდეგ ოთხი ოპერაცია დასჭირდა, მაგრამ მაინც ვეღარ ლაპარაკობდა, ერთმანეთთან კომუნიკაციას ვეღარ ვახერხებდით. სათქმელს მხოლოდ თვალებით გვაგებინებდა, თუმცა მე ვგრძნობდი, რომ ჩემი ნათქვამი ესმოდა... ეს ორი წელი ურთულესი პერიოდი იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. როცა მამა გარდაიცვალა, რიგაში მერვე ტურის შეხვედრებს ვთამაშობდით. ტურნირის დასრულებამდე მიმალავდნენ ამ ამბავს. ჩემპიონატი რომ დასრულდა და დაჯილდოების შემდეგ ოთახში დავბრუნდი, შემთხვევით ვნახე სოციალურ ქსელში - უცხოეთში მყოფი მეგობარი უსამძიმრებდა დედას... მამა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი იყო, უბედნიერესი იქნებოდა, ამ წარმატებას რომ მოსწრებოდა. სპორტი ძალიან უყვარდა, ოცნებობდა, ცნობილი მოჭადრაკე გავმხდარიყავი და მნიშვნელოვანი ტიტულები მომეგო. ძალიან მწყდება გული, ჩემს ამ გამარჯვებას რომ ვერ მოესწრო, მაგრამ მჯერა, რომ სადაც არის, იქაც ყველაფერს გრძნობს.

- რიგაში ჩემპიონი გახდით, დანარჩენმა ქართველებმაც კარგად ითამაშეს... მოჰყვება შედეგი ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგს? იქნება ეს გამარჯვება ბიძგი ჭადრაკის უფრო მეტი მხარდაჭერისთვის?

- იმედია. სამწუხაროდ, საქართველოში კერძო სექტორი არ არის დაინტერესებული ჭადრაკის განვითარებით. კარგი იქნება, თუ ეს ტენდენცია შეიცვლება. ქართველი მოჭადრაკეები ფედერაციის დახმარების იმედად ვართ, თორემ ბოლო ათი წელია, საქართველოს პირველი ნომერი ვარ და სპონსორი ჯერ არ მყოლია! ეს იმ უდიდესი კონკურენციის ფონზე, როცა მეტოქეებად მყავს ისეთი რესურსების მქონე ქვეყნების წარმომადგენლები, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და სხვ.

- რამდენიმე დღის წინ ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში (BTU) წარადგინეს პროექტი #ითამაშეჭადრაკი, გაფორმდა მემორანდუმი ჭადრაკის ფედერაციასა და BTU-ს შორის, გაიმართა ერთობლივი თამაშის სეანსები, ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს კი პერსონალური კომპიუტერები გადმოგეცათ...

- საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე იყო. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაგვპირდნენ, რომ ჭადრაკის ფედერაციას გადაეცემა ძალიან ძლიერი კომპიუტერი, რომლის გამოყენებითაც, ნაკრები გუნდები მომზადებას შეძლებენ.

- არა მხოლოდ პირველი ევროპის ჩემპიონი, გახდით პირველი ქართველი მოჭადრაკეც, ვინც კომპიუტერს ეთამაშა. კომპიუტერულ პროგრამასთან აქამდეც გითამაშიათ, მაგრამ ეს "ოფიციალური" პაექრობა იყო და ალბათ - განსხვავებული შეგრძნებაც...

- კომპიუტერულ პროგრამასთან მუშაობა ყოველდღიურად მიწევს, მაგრამ ეს მართლაც განსხვავებული შეხვედრა იყო. არ დაგიმალავთ - გამიჭირდა, ერთ ვარიანტს ორ-სამჯერ ყოველთვის ვამოწმებ ხოლმე, აქ კი ერთ ვარიანტს 15-20-ჯერ ვითვლიდი, რამე რომ არ გამომრჩენოდა. მოკლედ, იმდენი გამოცდილება არ მქონდა, კომპიუტერთან რომ მეთამაშა. გამოცდილება მჭირდება, ხელოვნურ "ინტელექტთან" შედეგზე რომ ვითამაშო. ისე, როგორც მივხვდი, მაყურებელს ასეთი მატჩები უფრო აინტერესებს, შოუ იზიდავს. მედიის მხრიდანაც გაცილებით დიდი ინტერესი იყო. დასანანია, ასეთი შეხვედრისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო რომ არ მქონდა - ევროპის ჩემპიონატიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, თან მამას გარდაცვალებამაც ძალიან იმოქმედა...

- როცა ეთამაშები ჭკვიან მანქანას, რომელიც შეცდომას არ უშვებს, წაგება რა გასაკვირია?! მაგრამ ალბათ, მაინც გწყდებათ გული, მარცხის მიზეზი შამათი კი არა, დროს გადაცილება რომ გახდა...

- მიზეზებზე ახლა აღარ ვილაპარაკებ, მაგრამ პოზიცია უკვე წაგებული მქონდა... თუმცა, ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იყო და თუ სერიოზული დაინტერესება იქნება, მეც სხვანაირად მოვემზადები.

- პრეცედენტები აქამდეც ყოფილა, ცნობილ მამაკაც გროსმაისტერებსაც უთამაშიათ კომპიუტერის წინააღმდეგ, მაგრამ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ გამარჯვება მანქანასთან, რომელსაც წამებში შეუძლია მილიონობით კომბინაციის გათვლა და არც შეცდომას უშვებს?

- გამარჯვება ძალიან რთული იქნება, აი, ყაიმი კი არარეალური არ არის, ადამიანს ეს ნამდვილად შეუძლია. ისე, დღეს ძალიან მაღალი დონის საჭადრაკო პროგრამები არსებობს, უკვე შეჯიბრებებიც კი იმართება უახლეს, უაღრესად განვითარებულ კომპიუტერულ მანქანებს შორის, რომლებიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. არც არის გასაკვირი - მართლაც უმაღლესი დონის პარტიებს "თამაშობენ", ნამდვილი შედევრებია!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით