ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
24-05-2017
ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ფეხბურთელის ლიონელ მესისთვის გამოტანილი 21-თვიანი პატიმრობის განაჩენი. აღნიშნულის შესახებ ესპანეთის უზენაესი სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფეხბურთელის მამას ხორხე ორასიო მესის პატიმრობის ვადა 21 თვიდან 15 თვემდე შეუმცირდა, ხოლო ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობის ვადა ძალაში დარჩა. ასევე ძალაში დარჩა 2,1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა, რომელიც ლიონელ მესიმ უნდა გადაიხადოს.

ლიონელ მესის ბრალი სახელმწიფო ხაზინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ედებოდა.

ბარსელონას სასამართლომ ლიონელ
მესისა და მამამისს განაჩენი გასული წლის ივლისში გამოუტანა. ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, თუ დანაშაული პირველად არის ჩადენილი და გათვალისწინებული სასჯელი 2 წელს არ აღემატება, მსჯავრდებულს საშუალება ეძლევა სასჯელი ციხეში არ მოიხადოს.


ლიონელ მესისა და მამამისს ბრალი ედებოდათ გადასახადების გადახდის თავის არიდებაში. პროკურატურის ინფორმაციით, მათ სახელმწიფოს ხაზინაში
4,1 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადი არ შეიტანეს. გამოძიების მონაცემებით, ლიონელ მესიმ მოგების გადასახადი 2007, 2008 და 2009 წლებში არ გადაიხადა. სასამართლოზე მესიმ განაცხადა, რომ ფინანსური საკითხებით მამამისი იყო დაკავებული, ხოლო ის არასოდეს ინტერესდებოდა გადასახადების საკითხით.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით