"ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ მართლაც სარაგბო ქვეყანა ვართ!"
29-05-2017
"ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ მართლაც სარაგბო ქვეყანა ვართ!"
"მამუკა გორგოძეს ეს დაუფიქრებლად არ გადაუწყვეტია. ისიც ვიცი, რომ გადაწყვეტილებას არ ცვლის ხოლმე, მაგრამ..."

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისისა და ქუთაისის სტადიონები რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ. ახალი ზელანდია, ირლანდია, შოტლანდია და იტალია ქუთაისში ითამაშებენ, საქართველოს ნაკრები კი ავჭალის სტადიონზე შეეცდება სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და საფრანგეთის დამარცხებას (ავჭალაში ითამაშებენ ინგლისი, ავსტრალია, უელსი და სამოაც. - ავტ.). უდიდესი სარაგბო ფორუმის დაწყებამდე ვესაუბრეთ რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტ გია ნიჟარაძეს, რომელიც რაგბის
კავშირის წარმომადგენელია "მსოფლიო რაგბისა" და "რაგბი ევროპის" საბჭოებში, ახლა კი კოლეგებს ქუთაისში გასამართი შეხვედრების ორგანიზებაში ეხმარება. გია ნიჟარაძესთან ინტერვიუ ამჯერადაც საინტერესო გამოვიდა:

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, რაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი აღარ ხართ?

- გაცილებით მშვიდად ვარ. ვმუშაობ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად, თუმცა
რაგბი არ მიმიტოვებია - ვარ რაგბის კავშირის მრჩეველი საგარეო ურთიერთობებში, ასევე, მსოფლიო რაგბის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი და "რაგბი ევროპის" დირექტორთა საბჭოს წევრი. თბილისში 31 მაისს ჩამოვალ, რათა "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტ ბილ ბომონდს დავხვდე, დანარჩენ დროს კი ქუთაისში ვატარებ და ასე იქნება ჯგუფური ეტაპის ბოლომდე.

- რას მოუტანს საქართველოს 20-წლამდელთა მსოფლიო თასი?

- სათამაშო სახეობებში ეს ყველაზე დიდი სპორტული ტურნირია, რომელიც ოდესმე გამართულა საქართველოში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასპარეზობის სახელით რომ დარჩეს.

- ამისთვის ყველაფერი მზად არის?

- პრობლემები არის, მაგრამ გახსნის დღისთვის ყველაფერი მოგვარდება. ტურნირის სატელევიზიო სიგნალი 110 ქვეყანაში გადაიცემა, რეპორტაჟებს თბილისიდან და ქუთაისიდან მილიარდამდე მაყურებელი მიადევნებს თვალს, რაც უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოს ცნობადობის გაზრდისთვის.

- ქუთაისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასეთი დონის შეხვედრებს რომ უმასპინძლებს...

- ბევრი სირთულე გამოვიარეთ, სანამ შევძლებდით "მსოფლიო რაგბის" დარწმუნებას, რომ ერთ-ერთი ქვეჯგუფის მატჩებისთვის ქუთაისს ემასპინძლა. ლოგისტიკურად, საორგანიზაციო და ფინანსური თვალსაზრისით, ორგანიზატორებს ყოველთვის ურჩევნიათ, ტურნირი ერთ ქალაქში ჩაატარონ, მაგრამ ჩვენ დავარწმუნეთ, რომ ქართული რაგბი წარმოუდგენელია ქუთაისური რაგბის გარეშე! ქუთაისი სარაგბო კერაა უზარმაზარი ტრადიციით და კულტურით, ქალაქი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართული რაგბის განვითარებაში. დღესაც ასაკობრივი თუ ეროვნული ნაკრებები წარმოუდგენელია ქუთაისელი მორაგბეების გარეშე, რომლებიც არა მხოლოდ განსხვავებულ ლაზათს და პეწს სძენენ ნაკრებებს, გუნდის ლიდერებიც არიან.

- მათ შორის, 20-წლამდელთა ნაკრებშიც...

- მართალია. საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის და გვინდოდა, მსოფლიოს ენახა, რომ თბილისის გარდა, ჩვენს ქვეყანაში ისტორიულად, კულტურულად, არქიტექტურულად ძალიან საინტერესო სხვა ადგილებიც არის. ბევრია მსოფლიოში 3-ათასწლოვანი ისტორიის ქალაქი? ამიტომაც გვინდა, ჩემპიონატის მეშვეობით მსოფლიოსთვის ქუთაისის წარმოჩენა. 12 დღის განმავლობაში ქუთაისი 110 ქვეყნის ყურადღების ცენტრში იქნება და მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს ისე ღირსეულად, როგორი მასპინძლობაც სჩვევია! მაყურებელი უძლიერესი ნაკრებების თამაშით ისიამოვნებს, ქუთაისის სტუმრები კი - განთქმული იმერული სტუმარმასპინძლობით... ამისთვის ყველაფერს აკეთებს მოსახლეობა, ქალაქის მერია, გუბერნია. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ფონდ "ქართუს" ქუთაისის სარაგბო ბაზის მშენებლობისა და სხვა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის.

- ტურნირს ღირსეულად უნდა შეხვდეს ჩვენი ნაკრებიც. რას ელით ქართველი 20-წლამდელებისგან?

- ძალიან კარგი ნაკრები გვყავს, მაგრამ არარეალური მოლოდინი რომ არ გავაჩინოთ, პირდაპირ ვიტყვი: ამოცანა იგივეა, რაც წინა მსოფლიო ჩემპიონატზე - მოვხვდეთ 12 საუკეთესო გუნდს შორის, ანუ, მოვიგოთ მინიმუმ ერთი თამაში. სამწვრთნელო შტაბმა დიდი შრომა გასწია, ნაყოფიერი სელექციისა და მრავალეტაპიანი მომზადების პროგრამის ჩათვლით. დასანანია, რომ ტრავმის გამო რამდენიმე წამყვანი მორაგბე გამოგვაკლდა. რაც მთავარია, დაბალანსებული გუნდია, შერკინებაც ძალიან კარგი გვყავს და ხაზის მოთამაშეებიც.

- რამდენიმე დღის წინ თქვენც დაესწარით ტოკიოში გამართულ 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრას, რომელმაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოავლინა. რას იტყვით შედეგებზე?

- საქართველოში დაბრუნებულმა წავიკითხე ჩემი ინტერვიუ სათაურით "არ გაგვიმართლა!". როგორც ჩანს, ჟურნალისტმა კარგად ვერ გაიგო ჩემი სიტყვები, რადგან ასეთი რამ არ მითქვამს! ვუპასუხე, გააჩნია, როგორ შევხედავთ-მეთქი: იტალიასთან შედარებით, რომელსაც ორი სუსტი მეტოქე შეხვდა და, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს ჯგუფში მესამე ადგილი, მართლაც არ გაგვიმართლა. მაგრამ ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს, იტალიასავით დავჯერდეთ წლების განმავლობაში ერთნაირ შედეგს. თუ წინსვლის ამბიცია და სურვილი გვაქვს, ეს უშუალო კონკურენტებთან (დიდი ალბათობით, ჩვენს ჯგუფში კანადა და ფიჯი მოხვდებიან) უნდა დავამტკიცოთ. კანადას აუცილებლად უნდა მოვუგოთ, ფიჯისთან კი ბოლო წამამდე ვიბრძოლოთ მოსაგებად. ერთხელ ეს უკვე შევძელით, თანაც, მათ ტერიტორიაზე!

- თუმცა მსოფლიო თასზე ყველა გაორმაგებული მონდომებით თამაშობს...

- გასაგებია, რომ ნაკრებში თაობათა ცვლაა, სანაკრებო კარიერა დაასრულა მამუკა გორგოძემ, შესაძლოა, კიდევ მოვისაკლისოთ ვინმე, მაგრამ თუ დარჩენილ ორ წელიწადში სამწვრთნელო შტაბი კარგად იმუშავებს, ნამდვილად შეიძლება კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა.

- ჯგუფის ფავორიტები არ გიხსენებიათ: ავსტრალიასთან თამაშის შესაძლებლობა პირველად გვეძლევა...

- ჩვენთვის დიდი პატივია, ვეთამაშოთ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს. ასევე, უელსსაც, რომელთან ტესტ-მატჩსაც წელს, შემოდგომაზე გავუსინჯავთ გემოს. იაპონიაში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, ვითამაშოთ ღირსეულად და თუ შედეგს ვერ გავაუმჯობესებთ, უკეთესი ხარისხი მაინც ვაჩვენოთ, ვიდრე გასულ მსოფლიო თასზე.

- უელსელებსაც გაუხარდათ, როდესაც მეტოქედ საქართველო შეხვდათ?

- იქაური ჟურნალისტები ძალიან კმაყოფილი არიან და მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპს იოლად გაივლიან. მე კი დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა - საქართველოს ადვილად ვერავინ გაივლის! პატივთან ერთად, ჩვენთვის ღირსების საკითხიც არის, რომ დიდ გუნდებთან კარგი თამაში ვაჩვენოთ. ასე რომ, არ ვეთანხმები პესიმისტურ განწყობას, რაც ქართულ ინტერნეტფორუმებზე ვნახე.

- გორგოძე ახსენეთ: თავად კი ამბობს, რომ შეუცვლელი მოთამაშე არ არსებობს, მაგრამ... როგორი იქნება საქართველოს ნაკრები მამუკა გორგოძის გარეშე?

- მოდი, დავიტოვოთ თუნდაც 1% შანსი, რომ თუ 2019 წლის მსოფლიო თასის დროს მამუკა ჯანმრთელად იქნება... აზრს შეიცვლის. სათამაშო სახეობებში თითზე ჩამოსათვლელი გვყავს მსოფლიო დონის ვარსკვლავები. მამუკა ნამდვილად არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი და ეს საფრანგეთის ტოპ-14-ის ნახევარფინალშიც დაამტკიცა, როცა მეორე ნახევარში შეცვლაზე შევიდა და ბოლო წამებზე მოგებულ თამაშში დიდი როლი შეასრულა 9-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაში. მამუკა იმდენად ღირსეული სპორტსმენია, დაუფიქრებლად არ მიუღია ეს გადაწყვეტილება. წლებია, უმაღლეს დონეზე თამაშობს და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ დატვირთვას და ტრავმას უძლებს? ასაკის მატებასთან ერთად, ასეთი დატვირთვების ატანა უფრო რთულია...

- ჯერ კიდევ ორი წლის წინ მითხრა, მინდა ფორმის პიკზე მყოფი წავიდეო...

- ასეც არის! ტელეფონით ველაპარაკე და უდიდესი მადლობა გადავუხადე იმისთვის, რაც რაგბისა და სამშობლოსთვის გააკეთა. ვუთხარი, რომ ეს ღირსეული კაცის გადაწყვეტილებაა - მსოფლიო თასამდე ორი წლით ადრე მიიღო და ამით გზა გაუხსნა ახალგაზრდებს. ვიცი, რომ გადაწყვეტილებას არ ცვლის ხოლმე, მაგრამ თუ იაპონიის მსოფლიო თასისთვის ფორმაში იქნება, იქნებ დაჰყვეს ქომაგების თხოვნას და კიდევ ითამაშოს ნაკრებში...

- და მაინც, როგორ უნდა წავიდეს მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებიდან?

- უკვე თქვა, როგორც უნდა წავიდეს: ნაკრებიდან დამარცხებული წასვლა არ უნდა. ამიტომ საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთ მატჩს ითამაშებს და ეს იქნება მისი გაცილებაც. მისთვის ყველაზე სასიამოვნო, ალბათ, რუმინეთთან მოგებული მატჩის შემდეგ წასვლა იქნება, მაგრამ არჩევანს თვითონ გააკეთებს.

- მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 31 მაისს იწყება. როგორ ფიქრობთ, სლოგანი "რაგბი ჩვენი თამაშია!" აისახება ავჭალისა და ქუთაისის სტადიონების ტრიბუნებზე?

- მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო გულშემატკივრებს, რომ უდიდეს სარაგბო დღესასწაულში მათი მონაწილეობა სავსე ტრიბუნებში გამოიხატება. ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოში რაგბი ძალიან უყვართ, არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების მატჩებს, ყველა მაღალი დონის შეხვედრას ვესწრებით და დიდ რაგბის ვქომაგობთ. ასე რომ, ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება - გავავსოთ ტრიბუნები და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად რაგბის ქვეყანა ვართ!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით