"ფინალი "ქართული გუნდის" გარეშე არ ჩაივლის" - კვირის პალიტრა

"ფინალი "ქართული გუნდის" გარეშე არ ჩაივლის"

საფრანგეთში არაერთი ქართველი მორაგბე თამაშობს, მაგრამ მათ საკლუბო მიღწევებზე წერა იშვიათად გვიხდება. წლევანდელი სეზონი ამ მხრივ გამონაკლისია, რადგან უკვე გადაწყვეტილია, რომ საფრანგეთის ელიტურ დივიზიონ  Top-14-ის ფინალურ მატჩში "ქართული" კლუბი ითამაშებს და დიდი შანსია, რომელიმე ჩვენებურმა ოქროთიც დაიმშვენოს მკერდი.

15 მაისს, სენტ-ეტიენის სტადიონზე ნახევარფინალში ერთმანეთს დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" და დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" შეერკინებიან და ფინალისტის ვინაობაც გაირკვევა. აღნიშნული მატჩიდან ერთი კვირის თავზე "ტულონს" რანგით მეორე ევროპული ტურნირის - "ჩელენჯ ქაფ"-ის ფინალი ელის უელსური "კარდიფ ბლუზის" წინააღმდეგ. საქართველოს ნაკრების პირველხაზელ დავით ქუბრიაშვილს მომავალ დაპირისპირებებზეც ვკითხეთ, ჩემპიონობის შანსებზეც და ლეგენდარულ ჯონ უილკინსონზეც...

- შარშანდელისგან განსხვავებით, წელს "ტულონს" წარმატებული წელი აქვს და იმედია,  ბოლომდე ასე გაგრძელდება. სეზონის დაწყებამდე ჩვენს პროგრამა-მაქსიმუმად ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა მიგვაჩნდა, თუმცა ამჯერად ბევრად მეტზე გვაქვს პრეტენზია - ჩემპიონობისთვის ვიბრძვით საფრანგეთშიც და "ჩელენჯ ქაფ"-ზეც...

რეგულარული ჩემპიონატის პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები პლეი ოფის პირველ ეტაპს ტოვებენ. ამიტომაც, "ტულონს" არ უთამაშია. ჩვენმა მომავალმა მეტოქე "კლერმონმა" კი პარასკევს "რასინგს" მოუგო და 15 მაისს ჩვენთან საომრად ემზადება.

- დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" სუსტი მეტოქე ნამდვილად არ არის...

- "კლერმონი" ძალიან კარგი გუნდია, სხვაგვარად, ნახევარფინალში ვერც მოხვდებოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში "ტულონი" ისე კარგად თამაშობს, რომ ჩემი აზრით, გამარჯვების მეტი შანსი ჩვენს გუნდს აქვს. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. "ზირაქა" ჩინებულ ფორმაშია, ნახევარფინალში "კლერმონთან" შეხვედრა კი იმიტომაც გამიხარდა, რომ ერთ-ერთი "ქართული" გუნდი ფინალში აუცილებლად ითამაშებს და შესაძლოა, ჩემპიონიც გახდეს...

- ფრანგულ კლუბებში არაერთი ქართველი თამაშობს და "ქართული დერბიც" თითქმის ყოველ ტურში იმართება. საინტერესოა, რას განიცდის მორაგბე, როცა თანამემამულის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა...

- პირველ რიგში - სიამაყეს... ჩვენი ბიჭები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და ძალიან ამაყი ვარ ხოლმე ქართველების კარგი თამაშით, თუნდაც, ჩემს წინააღმდეგ იყოს... თუმცა, თამაში თამაშია და მოედანზე არაფერს ვუთმობთ ერთმანეთს...

- თუ კლერმონს დაამარცხებთ, 29 მაისს პარიზში საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალის თამაში მოგიწევთ. თუმცა იქამდე, 23 მაისს, მარსელის სტადიონზე "ჩელენჯ ქაფ"-ის მთავარი მატჩია - "ტულონი" - "კარდიფ ბლუზი"...

- "ჩელენჯ ქაფ"-ის ნახევარფინალში ირლანდიური "კონახტი" სტუმრად დავამარცხეთ. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, იმ მატჩში მონაწილეობა არ მიმიღია, "ბრივთან" თამაშისას დავშავდი. ბოლომდე ჯერაც არ გამოვჯანმრთელებულვარ, თუმცა "კლერმონთან" მატჩისთვის მწყობრში ვიქნები.

- "კონახტთან" მატჩი "ტულონის" ლიდერის, ლეგენდარული ჯონ უილკინსონის ბენეფისად იქცა - მოპოვებული 19 ქულიდან, 14 სწორედ ინგლისელის ანგარიშზეა...

- უილკინსონი ყველა მატჩს უმაღლეს დონეზე ატარებს, თუმცა, ირლანდიაში მართლაც გამორჩეულად ითამაშა. ჯონი იმ იშვიათ მოთამაშეთა შორის არის, რომელთაც პირადად შეუძლიათ შეხვედრის ბედის გადაწყვეტა. როცა გუნდში ისეთი დიდოსტატი გვყავს, როგორიც უილკინსონია, ბიჭები გაცილებით თავისუფლად და იმედიანად ვართ...

- "ნიუკასლში" გატარებული 12-წლიანი კარიერის განმავლობაში უილკინსონი სამჯერ იყო "ჩელენჯ ქაფ"-ის ნახევარფინალში, თუმცა ფინალამდე პირველად მხოლოდ ახლა, "ტულონის" შემადგენლობაში მიაღწია...

- ჩვენს გუნდში ჯონი პირველ სეზონს ატარებს და იმედია, მხოლოდ ფინალში გასვლით არც ის დაკმაყოფილდება და არც "ტულონი".

- მკითხველისთვის ყოველთვის საინტერესოა, როგორები არიან ლეგენდარული სპორტსმენები, ასე ვთქვათ, მოედანს გარეთ...

- სამეგობროდ, უილკინსონზე უკეთეს ადამიანს ძნელად თუ ინატრებს კაცი. რა დონის მოთამაშეა, ყველამ კარგად იცის და ამავე დროს, ძალიან თავმდაბალი და უშუალოა. ირლანდიაში მოგებული მატჩის შემდეგ მთელი გუნდი ერთ-ერთ პაბში შევიკრიბეთ და გამარჯვება აღვნიშნეთ. იმ დღეს მე და ჯონიმ კარგა ხანს ვისაუბრეთ. დაინტერესდა - საქართველოში რაგბი რა დონეზეა განვითარებული და  თუ არის პოპულარულიო. ვუპასუხე - ჩემს სამშობლოში რაგბი პოპულარულია, თუმცა ქომაგთა დიდი ნაწილი თამაშის წესებში არცთუ კარგად ერკვევა. სამაგიეროდ, შენი სახელი საქართველოში ყველამ იცის-მეთქი. მართლაო? - ბავშვივით გაუხარდა.

- საქართველოში ხომ არ დაპატიჟეთ?

- მაგ თემაზე ჯერ არ გვილაპარაკია, თუმცა, თუ სურვილი ექნება, დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებთ...

- "კარდიფი" ძლიერი კლუბია, თუმცა, "ჩელენჯ ქაფ"-ის ფინალი მარსელში გაიმართება და ამ მხრივ უპირატესობა "ტულონის" მხარეს არის...

- "კარდიფ ბლუზი" ძალიან კარგი გუნდია, თუმცა სწორად აღნიშნეთ - ფინალი საფრანგეთშია და უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება. მით უმეტეს, მარსელის სტადიონიც "მშობლიურია" ჩვენთვის. წელს ჩატარებული საშინაო მატჩებიდან, არც ტულონში და არც მარსელში ჯერ არ წაგვიგია და იმედია, ტრადიციას არც დავარღვევთ.

- რამდენი ხანია, რაც საფრანგეთში თამაშობ?

- მალე სამი წელი შესრულდება. თავდაპირველად, მამუკა გორგოძის დახმარებით "მონპელიეში" ჩავირიცხე. ერთი სეზონი დუბლშემადგენლობაში ვითამაშე, მერე ძირითად გუნდში გადავედი და შარშანდელს მერე კი, "ტულონში" ვარ...

- გორგოძე ახსენე - საფრანგეთში მის გარდა ბევრი ქართველი თამაშობს - ერთმანეთთან შეხვედრას ხშირად ახერხებთ?

- ტულონში ცხოვრობენ გია ლაბაძე და ილია ზედგინიძეც. სხვა ქალაქებშიც ბევრი ქართველია, თუმცა, იმდენად დატვირთული გრაფიკი გვაქვს, ხშირად შეხვედრას ვერ ვახერხებთ. როცა ვიკრიბებით, ძირითადად, მწვადს ვწვავთ ხოლმე - "ქართულად".

- და ფრანგულ ღვინოსაც "ქართულად" სვამთ?

- იშვიათად, მაგრამ თუ ვსვამთ, მხოლოდ "ქართულად" - ბოლომდე (იცინის)...

- საქართველოში ყველა დუდუს გეძახის. ფრანგი თანაგუნდელები როგორ მოგმართავენ?

- ძირითადად, დავითს მეძახიან. თამაშის დროს კი - "ქუბღის" - ასე გამოითქმის ფრანგულად ჩემი გვარი შემოკლებით...