"ლელომ" ლაშა ტალახაძეს "წლის სპორტსმენის" ჯილდო გადასცა - კვირის პალიტრა

"ლელომ" ლაშა ტალახაძეს "წლის სპორტსმენის" ჯილდო გადასცა

ლაშა ტალახაძე: "ისეთი გამოცემისგან, როგორიც "ლელოა", წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელება ნამდვილად დიდი პატივია"

გაზეთმა "ლელომ" დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა და 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენიც დააჯილდოვა. რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ ეს საპატიო ტიტული ძალოსნობაში რიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს გადაეცა.

83 წლის ისტორიის სპორტულ გაზეთს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გაუშუქებია და საზოგადოებისთვისაც არაერთი სპორტსმენი წარუდგენია. "ლელოს" დამსახურებული რედაქტორის, თენგიზ გაჩეჩილაძის თქმით, გამოცემა კვლავ აქტიურად განაგრძობს ქართული სპორტის გვერდით დგომას და ქართველი სპორტსმენების წახალისებას.

"83-წლიანი ისტორიის განმავლობაში "ლელოს" არაერთი სპორტსმენი გაუცნია საზოგადოებისთვის. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდშიც ჩვენს ქვეყანას ბევრი სპორტული მიღწევა აქვს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მიუხედავად არაერთი გამოჩენილი სპორტსმენისა, გასულ წელს უდავოდ გამორჩეული იყო ლაშა ტალახაძე, რომელსაც წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მივანიჭეთ. გაზეთი "ლელო" აქტიურად გააგრძელებს ქართული სპორტისა და ქართველი სპორტსმენების პარტნიორობასა და მხარდაჭერას," - გვითხრა თენგიზ გაჩეჩილაძემ.

2016 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულის მფლობელის, ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის თქმით კი, მისთვის პატივია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული გაზეთის მთავარი ტიტულის მფლობელი გახდა. ტალახაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაზეთი "ლელო" ის გამოცემაა, რომელსაც სპორტის მოყვარულები აქტიურად კითხულობენ და მნიშვნელოვან სპორტულ ინფორმაციას ეცნობიან. "ისეთი გამოცემისგან, როგორიც "ლელოა", წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელება"ნამდვილად დიდი პატივია. ეს არის გაზეთი, რომელშიც ყველა მნიშვნელოვან სპორტულ ინფორმაციას წაიკითხავთ. ამიტომაც ჰყავს ამდენი მკითხველი," - თქვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად "Otels & Preference Hualing თბილისში" სპორტული ბარი გაიხსნა. სასტუმროს მარკეტინგის კომუნიკაციების მენეჯერის, ნინო ჩეჩელაშვილის თქმით, ბარი აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, მისი გახსნა კი, სიმბოლურად, სწორედ "ლელოს" ღონისძიებას დაამთხვიეს.

"ეს ერთადერთი მასშტაბური სპორტული ბარია საქართველოში. გარდა იმისა, რომ ის სრულად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენთან მრავალი აქტივობაც გაიმართება. გახსნის ცერემონიალი განსაკუთრებული გამოვიდა, რადგან ვითანამშრომლეთ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან", რომელმაც უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენები შეაჯამა და ოლიმპიელი ლაშა ტალახაძეც დააჯილდოვა," - გვითხრა ნინო ჩეჩელაშვილმა.

ღონისძიებას სპორტული ფედერაციებისა და სამინისტროს წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები და სპორტის სფეროში მოღვაწე დამსახურებული პირები დაესწრნენ. ღონისძიების პარტნიორი იყო ჩემპიონთა აკადემია, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალური ფიზიკური მომზადების სპეციალისტ მაიკ ბარვისთან ერთად შეიქმნა და პირველი საერთაშორისო დონის ამერიკული ცენტრია.