ისტორია დაწერილია - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია!
13-06-2017
ისტორია დაწერილია - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია!
ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", თბილისის დროით 13 ივნისს დილით, ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).

ჩემპიონობის მომტან მატჩში ქართელმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 3 მოხსნა (ყველა მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფაჩულიამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.
ორმაგი დუბლი მიითვალა სტეფ კარიმ - 34 ქულა, 10 პასი. 20 ქულა ჰქონდა ანდრე იგუდალას, კლეი ტომპსონმა კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით. ეს გამარჯვება ზაზამ ქართული
დროშის თანხლებით იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან გამოდის, სადაც ბოლო სეზონამდე "ორლანდოში", "მილუოკიში", "ატლანტასა" და "დალასში" თამაშობდა. შარშან ზაფხულს მან არჩევანი ვარსკვლავურ "გოლდენ სტეიტზე", საკმაოდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ, მაგრამ საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად შეაჩერა და როგორც ვხედავთ, არც შემცდარა!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით