"ხმლიანი ქალი კი ვარ, მაგრამ არც ისე საშიში..." - თეოდორას ოქრო, ანუ მოფარიკავე გოგონას ისტორიული ჩემპიონობა
13-06-2017
"ხმლიანი  ქალი კი ვარ, მაგრამ არც ისე საშიში..."  - თეოდორას ოქრო, ანუ მოფარიკავე გოგონას ისტორიული ჩემპიონობა
"მეშინოდა არ გამღვიძებოდა და ეს ყველაფერი სიზმარი არ აღმოჩენილიყო"

"საკუთარი ქვეყნის ჰიმნის მოსმენა, ალბათ ყველა სპორტსმენის ოცნებაა და მიზანი. ბედნიერი ვარ რომ ამ მიზანს მივაღწიე"


თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში საქართველოს ნაკრებმა წარმატებით დაიწყო - 23 წლის თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა! ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალური შეხვედრა უნგრელ ლი ზაპუსტალს 15:12 მოუგო, ფინალურ დაპირისპირებაში კი იტალიელი როსელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა. ამ დრომდე ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი არ გვყოლია!

მოკლედ, თეოდორამ
ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა.

- თეოდორა, მოგვიყევი შენს შესახებ...
- წელს დავამთავრე პენსილვანიის უნივერსიტეტის კომუნიკაციის ფაკულტეტი, იქვე ვფარიკაობდი. ჩემი მწვრთნელია ვეს გლონი, რომელმაც სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად დამარწმუნა იმაში, რომ შემეძლო წარმატების მიღწევა. ბავშვობაში დავდიოდი ცეკვაზე და მუსიკალური შვიდწლედიც მაქვს დამთავრებული.

- ელოდი თუ არა
გამარჯვებას?

- რეიტინგში ვიყავი 202-ე და გულწრფელად რომ ვთქვა, ნამდვილად არ ველოდი ამ გამარჯვებას, მაგრამ აბსოლუტურად ყველა გვერდში დამიდგა, რომ ამ გამარჯვებამდე მივსულიყავი, არც მჯერა რომ ეს ყველაფერი მართლა მოხდა, მეშინოდა არ გამღვიძებოდა და ეს ყველაფერი სიზმარი არ აღმოჩენილიყო. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ სამშობლოში, საკუთარ ქალაქში ვიფარიკავე, ამდენი ხალხი იყო მოსული, რომელთა გვერდში დგომამ მართლაც შეუძლებელი შემაძლებინა. ქართველი გულშემატკივრის წინაშე მე უფლება არ მქონდა წამეგო, ამდენი ხალხი რომ გამეწბილებინა, მათ თვალებში ვეღარ შევხედავდი.

- რა განცდა იყო როცა კვარცხლბეკზე ახვედი?
- ეს იყო ენით აუწერელი განცდა. ეს გამარჯვება კიდევ უფრო სასიხარულო გახადა იმ გარემოებამაც, რომ დავამარცხე ისეთი მონაწილეები, რომლებიც ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. საკუთარი ქვეყნის ჰიმნის მოსმენა, ალბათ ყველა სპორტსმენის ოცნებაა და მიზანი. ბედნიერი ვარ რომ ამ მიზანს მივაღწიე.

- 2 წელიწადში ოლიმპიადა გველის, როგორია შენი სამომავლო გეგმები?

- როდესაც ადამიანი სპორტის ისეთ სახეობაში ვარჯიშობ, რომელიც ოლიმპიური სპორტია, მიზანი ოლიმპიადაზე წარმატებაა, ბუნებრივია, ჩემი სამომავლო გეგმაც ოლიმპიური წარმატებაა. ამ გამარჯვებამ საკუთარი თავის რწმენა შემმატა, რაც აუცილებლად დამეხმარება მიზნის ასრულებაში. მთავარი ისაა, რომ სწორი ორგანიზება მოვახერხო და ასე დავგეგმო ჩემი ვარჯიშები. როცა ამ ყველაფერს გავწერ, უკვე შედეგზეც გავაკეთებ ორიენტაციას.
მეშინოდა არ გამღვიძებოდა და ეს ყველაფერი სიზმარი არ აღმოჩენილიყო
- წლების განმავლობაში მოფარიკავეები ვერ გვანებივრებდით შედეგებით. ბოლო პერიოდში კი არაერთ წარმატებას მიაღწიეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარუმატებლობის ეტაპი დასრულდა და მომავალშიც არაერთი გამარჯვება გველის?
- დარწმუნებით შემიძლია გითხრა,  რომ ეს ასე იქნება. ფარიკაობა არის სპორტი სადაც წარმატების მიღწევას სჭირდება ძალიან დიდი დრო. პირადად მე 12 წელია ვფარიკაობ და სერიოზულ წარმატებას მხოლოდ ახლა მივაღწიე. აქამდეც მქონდა პატარ-პატარა წარმატებები, მაგრამ ამხელა შედეგი ჯერ არ მქონია. იმისათვის, რომ მოფარიკავე გაიზარდოს დიდ დროსთან ერთად, საჭიროა საკმაოდ დიდი ფინანსები, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში პრობლემური იყო. ახლა უკვე ნელ-ნელა ეს ყველაფერი გვარდება და შესაბამისად, შედეგებიც გვაქვს.

- რა გზა განვლო თეოდორა კახიანმა ვიდრე გახდებოდა ევროპის ჩემპიონი?

- ევროპის ჩემპიონობა პირველ რიგში მონდომებამ მომაგებინა. როცა ვარჯიშზე მივდიოდი მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ მწვრთნელის ყველა რჩევა ბოლომდე გამეთვალისწინებინა. ასევე დამეხმარა მიზანდასახულობა, ვფიქრობ, სპორტსმენისთვის უმნიშვნელოვანესია მიზანი. ევროპის ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე მედგა გვერდში და მამხნევებდა.

- თეოდორა, ქალი ხმლით ცოტა საშიში ჩანს, ეს თაყვანისმცემელ ბიჭებს ხომ არ აფრთხობს?
- (იცინის) ხმლიანი  ქალი კი ვარ, მაგრამ არც ისე საშიში...  მყავს შეყვარებული, რომელთანაც ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ თეოდორას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ, რომ ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ასულსაც ამაყად მოესმინოს ჩვენი ქვეყნის ჰიმნი.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ლიზიკო
15 ივნისი 2017 11:57
ვულოცავ ამ გამარჯვებას და ვუსურვებ კიდევ ბევრჯერ მოგვესმინოს საქართველოს ჰიმნი მის სპორტულ კარიერაში
alamaria
14 ივნისი 2017 08:45
წარმატებები მას!
14 ივნისი 2017 08:24
ფანტასტიკურია!ქვეყანაში სადაც მოფარიკავე 35წელზე მეტია არ გვყოლია უცებ გამობრწყინდა ვუნდერკინდი.პირად და სპორტულ წარმატებებს ვუსურვებ თეოდორას ქვეყნის სადიდებლად!

რედაქტორის რჩევით