ჩვენ თვალწინ შეცვლილი ფეხბურთი - კვირის პალიტრა

ჩვენ თვალწინ შეცვლილი ფეხბურთი

რუსეთში მიმდინარე კონფედერაციის თასი პირველი ოფიციალური ტურნირია, სადაც ფიფა მსაჯთა დახმარების სისტემას (VAR), ანუ - ე.წ. ვიდეორეფერის ტესტავს. ამ საკითხთან დაკავშირებით გულშემატკივრებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა, ფეხბურთში მსაჯების შეცდომები იმდენად ხშირია, სულ უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობენ ვიდეორეფერის აუცილებლობაზე. ასეა თუ ისე, თუ ვიდეოგამეორება ფეხბურთშიც დაინერგება, მოსწონს თუ არა, მაყურებელს ამ სიახლესთან შეგუებაც მოუწევს, ისევე, როგორც ფეხბურთში ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებს მიეჩვია. დღეს საფეხბურთო წესებში შეტანილ სწორედ იმ ცვლილებებს გაგახსენებთ, რომლებიც ჩვენ თვალწინ ბოლო ათწლეულებში განხორციელდა:

პასი მეკარეს

1992 წლიდან მეკარეებს აკრძალული აქვთ თანაგუნდელი ფეხბურთელისგან გადაცემული ბურთის ხელით აღება, ოღონდ, ეს პირობა მხოლოდ ფეხით გაკეთებულ პასზე ვრცელდება - სხეულის ნებისმიერი სხვა ნაწილით (ბუნებრივია - ხელის გარდა) გაკეთებული გადაცემის შემდეგ გოლკიპერს შეუძლია ბურთის ხელით აღება. ჯარიმა არც იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ პასი ფეხით გაკეთდება, მაგრამ მსაჯი ჩათვლის, რომ ფეხბურთელმა თავის მეკარეს ბურთი შემთხვევით მიუგორა.

ტექნიკური ზონა მწვრთნელებისთვის

ახლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 1994 წლამდე მატჩის დროს მწვრთნელებს უფლება ჰქონდათ, სადაც მოესურვებოდათ, მოედნის იმ ნაწილში "ესეირნათ". უკვე 23 წელიწადია, მათ ყოფნა შეუძლიათ მხოლოდ ტექნიკურ ზონაში, რომელიც ორიოდე მეტრით მეტია სათადარიგოთა სკამის სიგრძეზე და გვერდითი ხაზიდან ერთ მეტრში მთავრდება. თუმცა, მსოფლიოში არც ისე ბევრია მწვრთნელი, რომელიც ამ "საზღვარს" ემორჩილება. მცირედ გადაცდომაზე არც მატჩის კომისრები ამახვილებენ ყურადღებას, აშკარად და სისტემატურად დამრღვევებს კი ჯარიმებით სჯიან.

სამი ქულა გამარჯვებისთვის

ქულების ასეთი დათვლა 1981 წელს შემოიღეს, საყოველთაო ხასიათი კი 1994 წელს მიიღო და გუნდებს გაუჩნდათ დამატებითი მოტივაცია, გასამარჯვებლად ეთამაშათ. ეს კი ძალიან კარგია!

შეცვლა

შეცვლის დღევანდელი წესები 1995 წელს დაკანონდა. ოფიციალურ მატჩებში ნებადართულია სამი ნებისმიერი სახის ცვლილება. მაგალითად, მწვრთნელს შეუძლია, შეცვლაზე შესული ფეხბურთელიც კი შეცვალოს.

გადადებული სასჯელი

1990-იანების შუა წლებიდან არბიტრებს უფლება აქვთ, არ შეაჩერონ თამაში, თუ დაზარალებული ფეხბურთელის გუნდი ბურთს ფლობს და მწვავე შეტევის კარგი შანსი აქვს. წესების დარღვევის მომენტში რეფერი სპეციალური ჟესტის გამოყენებით ანიშნებს, რომ დარღვევა შეამჩნია, დამნაშავეს კი უახლოესი პაუზის დროს დასჯის. მაღალი კლასის არბიტრის ერთ-ერთ საკვანძო თვისებად მიიჩნევა უნარი, სწორად შეაფასოს ვითარება და ნაჩქარევი სტვენით თამაში არ შეაფერხოს.

მეტოქის წაქცევა უკნიდან ვარდნით

აკრძალულია 1996 წლიდან. მას შემდეგ მსაჯს უფლება აქვს, ასეთი უხეში "ილეთისთვის" ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენოს. ხანდახან არბიტრებს ავიწყდებათ ხოლმე ეს წესი, მაგრამ დიდი ტურნირების დაწყებამდე მათ სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდებათ.

სიმულაციაც ისჯება

XX საუკუნის ბოლო წლებში ფეხბურთი ბალეტს დაემსგავსა, ამიტომაც მსაჯებს მიეცათ მითითება, დასაჯონ სიმულანტები ყვითელი ბარათით, განსაკუთრებული "აფერისტობის" დროს კი - მოედნიდან გაძევებითაც კი!

"ექვსი წამის წესი"

"ექვსი წამის წესი" 2002 წელს მეკარეებისთვის დაინერგა. ექვსი წამი - ეს არის მაქსიმალური დრო, რამდენ ხანსაც მეკარეს უფლება აქვს, ბურთი ხელით ეჭიროს. მანამდე მსაჯები თავიანთი შეხედულებისამებრ სჯიდნენ დროის გამყვან მეკარეებს, 2002 წლიდან კი მიიღეს დირექტივა, ასეთი ქმედება ყვითელი ბარათით დასაჯონ.

"ოქროს გოლის" აკრძალვა

ეს წესი 1993-2004 წლებში მოქმედებდა და დამატებით დროს მოთამაშე გუნდებს ავალდებულებდა, მთავარი აქცენტი კარის დაცვაზე გაეკეთებინათ, რადგან თამაში გოლის გატანისთანავე მთავრდებოდა. "ოქროს გოლის" წესი რომ არა, იტალია შეეცდებოდა ფინალური შტურმის მოწყობას "ევრო-2000"-ის ფინალში, პორტუგალია კი - იმავე ტურნირის ნახევარფინალში.

არა - სამკაულებს!

2006 წლამდე ფეხბურთელებს უფლება ჰქონდათ, მოედანზე რეპერებივით სამკაულებაჩონჩხლილი გასულიყვნენ, თუმცა, ათ წელიწადზე მეტია, ჯაჭვების, სამაჯურებისა თუ საყურეების მოყვარული ფეხბურთელები იძულებული არიან, "ძვირფასეულობა" გასახდელის კარადაში დატოვონ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მატჩის დროს ძეწკვებისა და საყურეების კაშკაში ცუდ ტონად მიიჩნევა - ადვილი შესაძლებელია, ორთაბრძოლის დროს ლითონის ნაკეთობებმა მოთამაშეები დააზიანოს.

მსაჯები კარს უკან

ვიდეოგამეორების შემოღება რომ გადაევადებინათ, საფეხბურთო ჩინოვნიკებმა მთავარი მსაჯის დამხმარეებად კარს უკან ორი არბიტრი დაამატეს. მათი მოვალეობაა, საჭიროების შემთხვევაში, უთხრან მთავარ მსაჯს, იყო თუ არა გოლი, დატოვა თუ არა ბურთმა მოედნის საზღვრები, დაირღვა თუ არა წესები საჯარიმოში და ა.შ., თუმცა, სიახლემ არ გაამართლა: მსაჯების შეცდომა ისევ ბევრია და უფრო მასშტაბურ რეზონანსს იწვევს.

გაქრობადი სპრეი

სპრეი, რომლითაც მსაჯი სტანდარტული მდგომარეობის შესრულების ადგილებს ნიშნავს და რომელიც რამდენიმე წამში ქრება, 2000 წელს გამოიგონეს, თუმცა პირველად 2011-ში, "კოპა ამერიკის" დროს გამოცადეს. მისი მასობრივი მოხმარება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს დაიწყო და ფეხბურთელებიც და მაყურებელიც მალე მიეჩვივნენ.

ვიდეოგამეორება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერ ტესტურ რეჟიმშია, მაგრამ კონფედერაციის მიმდინარე გათამაშებაში სისტემამ უკვე დატოვა გოლების გარეშე პორტუგალია და ჩილე. ამა თუ იმ ეპიზოდის გამეორებით ნახვის შესახებ გადაწყვეტილებას მატჩის მთავარი არბიტრი იღებს. ჯერჯერობით უცნობია, ოფიციალურად დაინერგება თუ არა ტექნოლოგიები ფეხბურთში უახლოეს მომავალში. ზოგს მიაჩნია, რომ ის "ფეხბურთის ემოციებს კლავს", სხვებს ძალიანაც მოსწონთ, ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს ტექნოლოგია ძალიან ძვირია (ერთი სტადიონის აღჭურვას 1,2 მილიონი დოლარი სჭირდება, ექსპლუატაციას - 100 000). ვიდეორეფერისთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ფიფა თუ მანამდე არა, 2019 წელს მაინც მიიღებს.