"სტადიონები კორპუსების ამშენებლებს მივყიდეთ და კიდევ რაღაცები გვიკვირს?!" - კვირის პალიტრა

"სტადიონები კორპუსების ამშენებლებს მივყიდეთ და კიდევ რაღაცები გვიკვირს?!"

"მწვრთნელი მაშინ ხარ, როცა შედეგი გაქვს!"

"ხალხის საყვარელი სახეობა სულს ღაფავს და არავინ კითხულობს, ფეხბურთს რა ვუშველოთო. ტელევიზიით მხოლოდ არჩევნებზე ლაპარაკობენ"

რაც უნდა "მოულოდნელი" იყოს, ევროთასის პირველი მატჩი სამივე ქართულმა კლუბმა წააგო და ძალიან შეიმცირეს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. ელოდა თუ არა ასეთ შედეგს, რას ფიქრობს ქართულ კლუბებსა და ნაკრებზე და რა მიაჩნია გამოსავლად? ამ თემებზე რევაზ ძოძუაშვილი გვესაუბრება:

- მსოფლიო ფეხბურთი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება. თითქმის ყველა ქვეყანაში ფულსაც შოულობენ ამით და ამავდროულად, თავის ხალხს ჩუქნიან სიხარულს, რასაც ფეხბურთი ჰქვია!

- თანაც, სულ უფრო იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ფეხბურთი არც პოპულარული იყო და არც განვითარებული, დღეს კი უკვე ჩვენზე წინ არიან!

- დროა, მაგალითი ავიღოთ ქვეყნებიდან, ჩვენი ნახევარი ფეხბურთიც რომ არასდროს ჰქონიათ, დღეს კი, უკვე საგრძნობლად გაგვასწრეს... ამ საკითხის მოგვარებას პროფესიონალები სჭირდება. ისეთები კი არა - ფეხბურთი რომ უყვართ და ჰგონიათ, ვიცითო, არა - გამოცდილი, მცოდნე ხალხი. მე და ჩემი თანამოაზრეები ჯერ კიდევ წლების წინ ვამბობდით, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მეორე ნაკრები! და დღეს, კონფედერაციის თასზე გერმანიის ნაკრებმა ცხადად გვაჩვენა, რა სარგებლობა მოაქვს მეორე ნაკრებს - ორ წუთში მოუგეს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაკრებს.

- მაგრამ ის გერმანიაა, ჩვენ კი... რას უპასუხებთ მათ, ვინც ამბობს, რომ არათუ მეორე ნაკრებისთვის, ფეხბურთელები ეროვნული გუნდისთვისაც ვერ "მოგვიგროვებია"?!

- პირველი ნაკრები რომ გააძლიერო, უნდა გქონდეს კარგი ჩემპიონატი, ხშირი საერთაშორისო მატჩები და მეორე ნაკრები, რომლის ფეხბურთელებიც ქვეყნის მთავარ ნაკრებსაც გამოადგებიან. ევროთასებზე სათამაშოდ ეროვნული პირველობის დასრულებისთანავე გავედით. არადა, ხომ შეიძლებოდა, გაგვემართა ტურნირი, სადაც, მოწვეულ კლუბებთან ერთად, ევროთასებზე გასული ქართული კლუბებიც ითამაშებდნენ და გამოცდილებას მიიღებდნენ? ლევან კობიაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა წლების განმავლობაში ითამაშეს გერმანულ კლუბებში და დარწმუნებული ვარ, გერმანიის ამჟამინდელი ნაკრების მაგალითზე მაინც დარწმუნდებიან, რომ ჩვენი მოსაზრება სწორი იყო. ეს მატჩები დიდ საქმეს გააკეთებდა, მოგვცემდა "საგოლე პასს", მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმეს ჩავაბარებთ ისეთ ხალხს, ვისაც თავად აქვს გამოვლილი ეს ყველაფერი და საგოლე პასის მნიშვნელობაც იცის... მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები ახალი ტაქტიკა მომდევნო მუნდიალამდე ძლებდა ხოლმე და ნაკრებების უმეტესობა ერთი სტილით თამაშობდა. მაგრამ დღეს ასე აღარ არის, დღეს ამაზე ვერ გაჩერდები!

- საქართველოს ნაკრები რა ტაქტიკით თამაშობს?

- ჩვენს ნაკრებს სულ აკრიტიკებდნენ - მეორე ნომრად თამაშობს და როგორ მოიგებსო?! გერმანელებმა ყველას აჩვენეს, რას ნიშნავს "მეორე ნომრად" თამაში: კონტრშეტევას, დაცვაში "ჩაჯდომით" საკუთარ ნახევარზე მეტოქის შემოტყუებას, მის ნახევარზე დიდი სივრცეების გახსნას და სწრაფი კონტრშეტევით გოლების გატანას!

- მაგრამ ასეთი სათამაშო ტაქტიკის შესრულებას მაღალი დონის, ფიზიკურად კარგად მომზადებული ფეხბურთელები სჭირდება.

- "ჩავჯექით" დაცვაში? ამის შემდეგ კონტრიერიში, რეაქტიული სისწრაფით შეტევაა საჭირო. ამის წყალობით ყველასთვის უცნობმა ბიჭებმა ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაუტანეს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს. აი, ეს არის მაგალითი! და თუ კარგი მაგალითი არ გადმოვიღეთ და გავაუმჯობესეთ, ასეთივე დღეში დავრჩებით - ვილაპარაკებთ, გაზეთებში დაიწერება, მაგრამ არაფერი შეიცვლება.

- ქართველი ფეხბურთელების უმეტესობა ისეთ ფიზიკურ მდგომარეობაშია, ძალიანაც რომ უნდოდეს, გერმანელებივით ვერ ითამაშებს!

- ევროთასების მატჩებშიც კარგად გამოჩნდა, რომ ფიზიკურადაც და სისწრაფეშიც ყველამ დაგვჯაბნა. იმიტომ, რომ ქართულმა კლუბებმა არ იციან, როგორ მოამზადონ ფეხბურთელები! ესპანური ფეხბურთი რომ მოგვწონს, გგონიათ, მხოლოდ ტაქტიკა და ბურთის გორებაა?! არა - ფიზიკური მომზადებაც აუცილებელია, სისწრაფეც, წართმევის და შეტევის ფილოსოფიაც და ტაქტიკის ცვლაც. კვირიდან კვირამდე, ან წლიდან წლამდე კი არა - ყოველი თამაშის დროს და თამაშამდეც. ყოველდღიური მუშაობაა საჭირო ფიზმომზადების, ტაქტიკის, ტექნიკის გასაუმჯობესებლად, როგორც ეს წამყვან კლუბებში ხდება. მხოლოდ ამის შემდეგ ვივლით ისევე ამაყად თავაწეულები, როგორც ყოველთვის იყო ქართული ფეხბურთი. უნდა დამთავრდეს რთული პერიოდი, სულ საწყლად ყოფნა. ყველა უნდა გამოვფხიზლდეთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ და გავაცნობიეროთ, რომ დღეებს, წლებს ვკარგავთ და უკვე ყველა დაგვცინის! სირცხვილია, ასეთ მდგომარეობაში იყოს ერი, რომელიც ყოველთვის ამაყობდა ფეხბურთით და უდიდესი ფეხბურთელებით. ახლახან აღვნიშნეთ გივი ჩოხელის 80 წლის იუბილე. ნახეთ მისი ნებისმიერი ფოტო! საფეხბურთო აკადემიებში უნდა დაარიგონ და აჩვენონ დამწყებ მოთამაშეებს - ფოტოზეც კი ჩანს, როგორი უნდა იყოს ფეხბურთელი, როგორ მიიღოს, დაფაროს, გადააწოდოს ბურთი...

- მაგრამ საქართველოში ხომ ისევ იბადებიან ჩოხელები, მესხები, ყიფიანები, ქინქლაძეები?! მერე რა ემართებათ, რატომ ვეღარ ავითარებენ ნიჭს?

- ნიჭიერები ისევ იბადებიან, მაგრამ ნიჭიერ მოთამაშეს ყველაზე მეტი მოვლა-პატრონობა, ხელშეწყობა, დახმარება სჭირდება, ტალანტი რომ განავითაროს და შესაძლებლობები სრულად გამოავლინოს. დიდი ტურნირისთვის სპეციალურად უნდა მოამზადო. მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა ამზადებდეს ის, ვისაც გამოცდილება აქვს და იცის, სხვას როგორ ასწავლოს! კონფედერაციის თასმა კარგად გვაჩვენა, რა ხდება დღეს ევროპულ, სამხრეთამერიკულ თუ აფრიკულ ფეხბურთში. ყველა ცდილობს, შეუტიოს, მაგრამ გერმანიის ნაკრებმა საპირისპირო ტაქტიკა გვიჩვენა - მეორე ნომრად თამაში, რომლის მსგავსი საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა არჩეული ბოლო წლებში.

- თუ ასეთი კარგი იყო მეორე ნომრად თამაში, რას ვერჩოდით თემურ ქეცბაიას?!

- ქეცბაიაც და მისი შემცვლელიც ნაკრებს მეორე ნომრად ათამაშებდნენ - დაცვაში თამაშს, წართმევას და შეტევის ჩაშლას ვხედავდით, მაგრამ... არ იყო შეტევის ხელოვნება. ხელოვნება, რომელიც ბოლო ერთ კვირაში გვაჩვენა გერმანიის ნაკრებმა. მაგალითი მათგან მაინც გადავიღოთ... ასევე, აუცილებელია კონტრტაქტიკის შემუშავებაც, რადგან გერმანელების სტრატეგიას ბევრი გუნდი მიჰბაძავს და საწინააღმდეგო ტაქტიკის დამუშავებაც იქნება აუცილებელი. სწორედ ეს არის ფეხბურთის დიდი საიდუმლო, რომელიც ვერავინ ამოხსნა.

- პირველი მატჩის წაგების შემდეგ "ჩიხურას" თავკაცმა სოსო ფრუიძემ თქვა, ჩემპიონატის ახალმა სისტემამ ჩვენთვის არ გაამართლა, ფეხბურთელები არ აღმოჩნდნენ მზად 3-4 დღეში ერთხელ სათამაშოდო... თქვენ რას იტყვით?

- ვიმეორებ, უნდა შევიკრიბოთ კლუბების მწვრთნელები და ვეტერანები, რომლებმაც ვიცით, რა და როგორ არის უკეთესი. უნდა ვიმსჯელოთ, რა გავაკეთოთ, როგორ დავეწიოთ და გავასწროთ გერმანიას. ცუდია, როცა შენს შეცდომებზე სწავლობ, უკეთEესია, სხვის შეცდომებზე ისწავლო, მაგრამ სულ არაფერს ეს სჯობია. სათითაოდ ყველა გაიმართლებს თავს, ერთად უნდა დასხდნენ და თქვან, რა არის საჭირო და რა უშველის ქართულ ფეხბურთს.

- გაამართლა ჩემპიონატის ახლანდელმა ფორმატმა და კალენდარმა?

- ერთხელ ფეოლას ჰკითხეს, როგორ ახერხებთ, რომ ბრაზილია სულ ჩემპიონია, სულ ასეთი მაგარი ფეხბურთელები ჰყავსო? - ბრაზილიელებს ამ კითხვაზე მარტივი პასუხი გვაქვს - ყველაზე მეტს ვვარჯიშობთ, ყველაზე მეტ დროს ვატარებთ წვიმაში, ქარში, ტალახსა თუ სილაში, ამიტომაც ვაღწევთ თქვენზე მეტსო! და ისიც დაამატა - ყველაზე დიდი სიხარული მაშინ ვიგრძენი, ჩემს ქალაქში სტადიონი რომ ააშენესო... ჩვენ? სტადიონები კორპუსის ამშენებლებს მივყიდეთ და კიდევ რაღაცები გვიკვირს?! კლუბებს რაც შეეხება, რაც მეტი გუნდი იქნება, რაც მეტი ვიქნებით ჩართული ფეხბურთში, უკეთესია. ვეთანხმები გამონათქვამს - "რაოდენობა ხარისხში გადადისო". ეს კონკურენციისთვისაც კარგია. მაგრამ გუნდს ორი საათიც რომ არ აქვს სავარჯიშოდ და მინდორთან რამდენიმე გუნდი ელოდება - ახლა ჩვენი დროა, ჩვენ უნდა ვივარჯიშოთო, რაღაზეა ლაპარაკი?

- ევროპალიგაზე მოთამაშე სამი ქართული კლუბიდან ორმა სხვის სტადიონზე ითამაშა...

- ამიტომაა, რომ ფეხბურთელს და მწვრთნელს რაღაცას რომ მოსთხოვ, შემოგიბრუნდებიან და გეტყვიან - სათამაშო და სავარჯიშო Oსტადიონი არ მაქვს და როგორ მოვემზადოო?!

- არავინ ამტკიცებს, რომ ჩარტერული რეისით გამგზავრების შემთხვევაში აუცილებლად გავიმარჯვებდით, მაგრამ კლუბს სახელმწიფოც ეხმარება და ევროთასზე მონაწილეობისთვისაც იღებს არცთუ მცირე თანხას. ის მაინც ხომ შეუძლიათ, თვითმფრინავი დაიქირაონ და შუაგულ ევროპამდე ჩასაღწევად ფეხბურთელებს 16 საათი არ დასჭირდეთ?!

- სახელმწიფო რომ გაძლევს, კარგია, მაგრამ საკითხავია - როგორ იყენებენ? აქვთ იმდენი ცოდნა და კომპეტენცია, ეს ფული სწორად მოახმარონ ფეხბურთს? ფულით მეც შევდივარ ბაზარში, მაგრამ თუ არჩევა არ ვიცი, დამპალ ხილ-ბოსტნეულს გამომატანენ. ამიტომაც, აუცილებელია განხილვა - ვინ რამდენი მიიღო და როგორ დახარჯა!

- სახელმწიფო, რაც შეუძლია, აკეთებს, მაგრამ მიცემული ფულით კლუბებს დათვურ სამსახურს ხომ არ უწევს? იციან, რომ თანხას მიიღებენ, მას სჯერდებიან და მეტის მოზიდვას აღარ ცდილობენ... სხვა საქმეა კერძო კლუბები.

- კერძო როდის მოვა, იცით? როცა დაინახავს, რომ ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, ფეხბურთელის აღზრდა სწორად ხდება და ა.შ. კერძო მფლობელი რომ დაინახავს, სტადიონი იყიდება და მის ნაცვლად კორპუსი შენდება, რატომ გაუჩნდება ინვესტირების სურვილი?! ხალხის საყვარელი სახეობა სულს ღაფავს და არავინ კითხულობს, ფეხბურთს რა ვუშველოთო. ტელევიზიით მხოლოდ არჩევნებზე ლაპარაკობენ - ვინ ვისი კანდიდატი იქნება, ვის დანიშნავენ მინისტრად და ა.შ.

- ქართული კლუბების წარმატება უფრო გვიკვირს ხოლმე, ვიდრე ევროთასთან სტარტზევე დამშვიდობება, მაგრამ მაინც გკითხავთ - გაგიკვირდათ, სამივე ქართული კლუბი რომ დამარცხდა?

- ხალხს, გულშემატკივარს რა პასუხი გავცეთ, თორემ მე წლებია, ვუყურებ და წინასწარ ვიცოდი, რაც იქნებოდა. წლის განმავლობაში გუნდი ერთ საერთაშორისო მატჩს რომ არ გამართავს და პირდაპირ ევროთასზე გავა სათამაშოდ, რა უნდა გაგვიკვირდეს? გაკეთდა რამე, წინა წლების შედეგი წელსაც რომ არ გამეორებულიყო? არაფერი. ჰოდა, შესაძლოა, ერთი მხრივ, კარგიც იყოს, იქნებ ახლა მაინც დავინახოთ, რომ რაღაცები შესაცვლელია...

- ბოლო პერიოდში ქომაგიც უფრო ინდიფერენტული გახდა ფეხბურთის მიმართ. ვერც გაამტყუნებ...

- იმიტომ, რომ ხელის ჩაქნევა ყველაზე იოლი გამოსავალია... ყოველდღე მაჩერებენ და მეკითხებიან - სირცხვილი არ არის, ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში რომ არისო? გვრცხვენია და თავიც გვაქვს მოჭრილი, მაგრამ რამდენიმე ადამიანი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, გაერთიანება, სახელმწიფო დონეზე ჩარევაა აუცილებელი.

- ბოლოს ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ - კმაყოფილი ხართ ვლადიმერ ვაისის მუშაობით?

- ცუდია, როცა მწვრთნელი სხვა მწვრთნელზე ლაპარაკობს, მაგრამ თუ წაუკითხავენ, ან ამბავს მიუტანენ, იქნებ რეზო ძოძუაშვილისგანაც მიიღოს "საგოლე პასი", გაითვალისწინოს ჩემი მოსაზრებები და შექმნას მეორე ნაკრები, გამართოს ტურნირი ევროთასებზე მოთამაშე კლუბების მონაწილეობით. ეროვნული ნაკრების თავკაცია და სულ ჩართული უნდა იყოს ქართული ფეხბურთის ყოველდღიურობაში, ხშირად ხვდებოდეს ჟურნალისტებს, არჩევდეს განვლილ მატჩებს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გვეშველება, თორემ, ბოლოს და ბოლოს, მწვრთნელი მაშინ ხარ, როცა შედეგი გაქვს! თუ მისი შედეგით კმაყოფილი არიან, გააგრძელოს მუშაობა, თუ არადა, მოიყვანონ სხვა მწვრთნელი, ვინც უკეთესად იმუშავებს.

რატი შელეგია