"ჩვენთან ჯერაც ვერ მოიშალეს "ერთწლიანი კლუბები" - კვირის პალიტრა

"ჩვენთან ჯერაც ვერ მოიშალეს "ერთწლიანი კლუბები"

"როცა ზუსტად არ იცი, რა გინდა, რისკენ ისწრაფვი, რას მიიჩნევ წარმატებად, ძნელია, მიზანს მიაღწიო"

მომწონს, რომ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსეო, უზბეკ ჟურნალისტს უთხრა შოთა არველაძემ, რომელიც მართლაც ყველასთვის მოულოდნელად დაინიშნა ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელად. კონტრაქტი წელიწადნახევრიანია. უზბეკურ კლუბში არველაძის ასისტენტად გოჩა ტყებუჩავა იმუშავებს, სასელექციო სამსახურის უფროსად - შოთას ტყუპისცალი არჩილ არველაძე. შარშან, "ტრაბზონსფორიდან" წამოსვლის შემდეგ, მითხრა: უფრო ამბიციური კლუბის შემოთავაზებას ველი, თორემ ჩინეთსა და ყაზახეთში სამუშაოდ წასვლას ყოველთვის მოვასწრებო! იმუშავა კიდეც თელ-ავივის "მაკაბიში", ისრაელიდან წამოსვლის შემდეგ მის გვარს "ალკმაარს", "რეინჯერსს", თურქულ კლუბებს უკავშირებდნენ, თუმცა... თავისი საქმისა შოთამ სხვაზე მეტი იცის და უმიზეზოდ და უამბიციოდ არც "ფახთაქორში" წავიდოდა. სხვა ქართველებსაც ვნახავთ თუ არა უზბეკეთის დედაქალაქში, რატომ წაიყვანა ახალ კლუბში ტყუპისცალი და რას ფიქრობს ევროთასებზე ქართული კლუბების "გმირობაზე", შოთა არველაძის ინტერვიუდან გაიგებთ:

- რატომ "ფახთაქორი"? იმიტომ, რომ ყველაზე კონკრეტული და საქმიანი წინადადება სწორედ უზბეკური კლუბისგან მივიღე. და ბუნებრივია, სწორედ მათ დავთანხმდი.

- "ალკმაარის", "გლაზგო რეინჯერსის", თურქული კლუბების დაინტერესებაზე ტყუილად იწერებოდა?

- "ალკმაარის" ვარიანტი მანამდეც მქონდა, მაგრამ საბოლოოდ იქ ისევ ძველმა მწვრთნელმა გააგრძელა მუშაობა. "რეინჯერსის" სავარაუდო თავკაცთა შორისაც ვიყავი, თუმცა, არჩევანი სხვაზე შეაჩერეს. რაც შეეხება თურქულ კლუბებს, მათგან ინტერესი სულ არის, მაგრამ ძალიან არც მათ მოინდომეს და არც - მე...

- ჰოლანდიურ, თურქულ, ებრაულ კლუბებში მუშაობის შემდეგ ტაშკენტში გადაბარგება უკან გადადგმულ ნაბიჯად არ მიგაჩნია?

- სამუშაო ადგილის არჩევისას ნაბიჯის "მიმართულებას" ვინ ზომავს?! იმაზე ფიქრობ, რის გაკეთება შეგიძლია, როგორ უნდა იმუშაო... "წინ" წავედი "ტრაბზონში" და რვა თვე ხელფასი არ მომცეს, "მაკაბიში", ფაქტობრივად, თამაში არ წამიგია, მაგრამ მაინც გამომიშვეს... ასე რომ, გადადგმული ნაბიჯის სისწორეს წინასწარ ვერ განსაზღვრავ.

- ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ რაც უკვე ნახე, იმაზე რას იტყვი? კმაყოფილი ხარ "ფახთაქორის" საკლუბო სისტემით, ინფრასტრუქტურით, პირობებით?

- ბევრი რამ გასამართია, ბევრი - ნულიდან დასაწყები... ამ ეტაპზე პირობებს თვითონ ვიუმჯობესებთ - ბაზა არ გვქონდა? ვიქირავეთ, რაც საჭირო იყო, შევცვალეთ და ა.შ. ფაქტობრივად, თავიდან ხდება კლუბის ჩამოყალიბება - ახალი სისტემებით, სტრუქტურით, ტექნოლოგიებით, მიდგომებით, ბაზითა და სტადიონით... ჯერ აწყობის პროცესში ვართ. ძველი სტადიონი ნორმალურ მდგომარეობაშია, ახალი საწვრთნელი ბაზისა და სტადიონის მშენებლობას კი, დაახლოებით, ორი წელიწადი დასჭირდება. რაც მთავარია, კლუბს ძალიან სერიოზული, მონდომებული ხელმძღვანელები ჰყავს, ფეხბურთი უზომოდ უყვართ და აქტიურად არიან ჩართული გუნდის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

- "ფახთაქორი" ამჟამად მეხუთე ადგილზეა უზბეკეთის ჩემპიონატში და ლიდერ "ლოკომოტივს" 11 ქულით ჩამორჩება. რა არის თქვენი კლუბის ამოცანა ჩემპიონატის მეორე წრეში, მიზნად რა დაგისახეს?

- უმთავრესი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. ამისთვის საუკეთესოთა სამეულში მოხვედრაა აუცილებელი.

- "ფახთაქორის" ისტორიაში პირველი ქართველი მწვრთნელი ხარ, თუმცა, ტაშკენტის კლუბში ქართველებს წლების წინაც უთამაშიათ. მათ შორის - მანუჩარ მაჩაიძეს. მისი ტექნიკური თამაში დღემდე ახსოვთ?

- დიახ, ქართველი ფეხბურთელები ახსოვთ კიდეც და საკმაოდ ხშირადაც ახსენებენ!

- ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, თქვენს კლუბს სურს გადაიბიროს ტაშკენტის "ლოკომოტივის" ქართველი ნახევარმცველი კახა მახარაძე, რომელიც ბოლო წლებში სწორედ "ფახთაქორის" ღირსებას იცავდა. მართალია?

- მცდარი ინფორმაციაა. კახა ძალიან კარგად თამაშობს "ლოკომოტივში" და კლუბის ერთ-ერთი ლიდერია. მისი გადმობირება არ გვიცდია.

- იქნებ სხვა ქართველი მოთამაშეების დამატებას გეგმავთ?

- "ფახთაქორში" უცხოელის დამატებისთვის საჭირო ლიმიტი ამოწურულია. გუნდში მხოლოდ აზიელი ფეხბურთელებისთვის გვაქვს ადგილი...

- ახალ კლუბში შენს დამხმარეებად გოჩა ტყებუჩავა და არჩილ არველაძე იმუშავებენ. მათ რა ევალებათ?

- გოჩა ჩემი ასისტენტია და მინდორზე მეხმარება, აჩი კი საკლუბო სელექციას მიხედავს.

- ეს გადაწყვეტილება ხომ არ ნიშნავს, რომ არჩილიც ტყუპისცალის გზას მიჰყვება და მწვრთნელობას აპირებს? მხოლოდ სელექციონერის სტატუსით დაკმაყოფილდება?

- ამჟამად აჩი ჩემი წარმატებით არის დაინტერესებული და მეხმარება. ჩემი შეთავაზება ძალიან მოეწონა. როცა ნახა აქაური სამუშაო და შესაძლებლობები, უარი აღარ მითხრა და ტაშკენტში სიამოვნებით წამომყვა.

- ერთად თამაშის გამოცდილება კი გაქვთ. იმედია, ეს საქმიანობაც ისეთივე წარმატებული იქნება და არ გაგიჭირდებათ...

- თუ გაგვიჭირდება, სხვებმა იკითხონ, თორემ ჩვენ რომ ერთმანეთს არ "დავჭამთ", ხომ იცით (იცინის)?!

- ტაშკენტის "ლოკომოტივში" თამაშობს ქართული წარმოშობის კიდევ ერთი ფეხბურთელი თემურ კაპაძე - უზბეკეთის მრავალგზის ჩემპიონი და ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი (119 მატჩი). მასაც ხომ არ შეხვედრიხარ?

- მისი თამაში ვნახე, თუმცა, ფეხბურთელს არ შევხვედრივარ. სხვათა შორის, პირველ ნახევარში კარგად ითამაშეს, მეორეში - უარესად და წააგეს კიდეც.

- წლების წინ უზბეკურ "ბუნედკორში" თამაშობდა სახელგანთქმული ბრაზილიელი რივალდო. უზბეკურ კლუბებში ამ დონის ფეხბურთელების პოვნა ახლაც შეიძლება?

- რივალდოსთან ერთად, "ბუნედკორში" მუშაობდა ლუიშ ფელიპე სკოლარიც, მაგრამ ამჟამად, უზბეკეთში მათი დონის ვარსკვლავები აღარ არიან.

- ჰაერის მაღალი ტემპერატურა არც ისრაელისთვის არის უცხო, მაგრამ უზბეკეთში მაინც უფრო ცხელი ჰავა იქნება... შეეჩვიე?

- თელ-ავივშიც ხომ ვიცხოვრე, მაგრამ უზბეკეთში უფრო მაღალი ტემპერატურაა. ჩვენ ნესტიან ჰავას ვართ ჩვეული, აქ სხვანაირი სიცხეა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, უნდა გავუძლოთ (იცინის).

- უზბეკეთის ჩემპიონატი როდის განახლდება?

- მეორე წრე 6 აგვისტოს იწყება. 20 ივლისამდე ტაშკენტში მოვემზადებით, მერე კი სტამბოლში გადავინაცვლებთ.

- რადგან ძმა ვახსენეთ, ძმისშვილზეც ვილაპარაკოთ... რეზოს ვაჟზე - ვატო არველაძესა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თამაშზე რას იტყვი?

- პორტუგალიასთან მატჩისას თბილისში ვიყავი და ვუყურე, მეორე თამაში კი არ მინახავს. ძალიან მინდა, ვატოს უფრო მეტად ენდონ, მეტად გამოიყენონ. ჩემი შვილია, ყველაზე მეტს მე ვეჩხუბები და ვარიგებ. შესაძლოა, სუბიექტურად ვაფასებდე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემპიონატის მასშტაბითაც კი ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეა. ევროპის ჩემპიონატი ისეთი ტურნირია, ახალგაზრდებს თავის გამოჩენის ჩინებული შანსი აქვთ. ჩვენს დროს ასეთები არ იყო. მათ ასაკში ჩვენ გერმანიასა და იტალიასთან გვათამაშებდნენ და გვლანძღავდნენ - რატომ ვერ მოუგეთო...

- არადა, ხომ უგებდით?!

- იტალიასთან ფრეს რომ ვითამაშებდით, კარგ შედეგად არ ითვლებოდა... მაგრამ ამჟამინდელ ნაკრებს დავუბრუნდეთ - მგონია, რომ ამ ბავშვების უფრო მეტად გამოყენება შეიძლება, მათ შორის - ვატოსიც! თუმცა, ყველა გუნდს ჰყავს მწვრთნელი და მათ ყველაზე უკეთ იციან, რა უნდათ, რა როგორ სჯობს წარმატების მისაღწევად... მათ დიდ წარმატებას ვუსურვებ!

- ქართულმა კლუბებმა პირველივე ეტაპზე დაასრულეს ევროთასებზე ასპარეზობა. ვარსკვლავებს არც წინა წლებში ვწყვეტდით, მაგრამ წელს მეტისმეტად შევირცხვინეთ თავი. ეს რისი მაჩვენებელია?

- საქართველოში ჯერაც ვერ მოიშალეს "ერთწლიანი კლუბები". ერთ ქართულ კლუბს მაინც თუ დამისახელებთ, ორი-სამი წელი რომ შეინარჩუნა თუნდაც რვა ფეხბურთელი?! ანდა რომელიმე ლეგიონერი გამახსენეთ, ვინც ზედიზედ სამი წელიწადი მაინც დარჩა რომელიმე კლუბში... როცა "სამტრედია" გახდა ჩემპიონი, ვიკითხე, გაძლიერდა თუ დასუსტდა-მეთქი? რა გაძლიერებაზეა ლაპარაკი, პირიქით - დასუსტდაო... თუ "სამტრედია" უფრო დასუსტდა, ჩემპიონთა ლიგაზე როგორღა უნდა გავიდეს?! თბილისის "დინამო" ყოველწლიურად უშვებს და იმატებს 7-8 მოთამაშეს და მერე კიდევ გვიკვირს, რატომ ვერ ვხედავთ შედეგს...

- ქართული კლუბები ერთსა და იმავე შემადგენლობას ვერ თუ არ ინარჩუნებენ?!

- როცა ზუსტად არ იცი, რა გინდა, რისკენ ისწრაფვი, რას მიიჩნევ წარმატებად, ძნელია, მიზანს მიაღწიო. ჩემპიონი რომ ხდები და მაშინაც ვერ გადაგიწყვეტია, როგორ მოიქცე - გაძლიერდე თუ არა, რაღაზეა ლაპარაკი?! ასეთი მარტივი რომ იყოს ეს საქმე, გერმანიის ჩემპიონატიდან, სადაც ყველამ კარგად იცის, როგორ მოიქცეს და იქცევიან კიდეც, არც ერთი გუნდი არ უნდა ვარდებოდეს, მაგრამ ხომ ვარდებიან?

- ბევრმა, მათ შორის - ზოგიერთი კლუბის წარმომადგენელმაც, ევროთასზე წარუმატებლობა ჩემპიონატის ახალ ფორმატს დააბრალა... შენ როგორ ფიქრობ, ჩვენს ქვეყანას გაზაფხული-შემოდგომის სისტემა უფრო შეეფერება?

- ხელაღებით ვერ იტყვი, სისტემა ცუდია თუ კარგი - ახალია და უნდა ვნახოთ, როგორ გაამართლებს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია სტატისტიკის ნახვაც - ბოლო ათწლეულებში იყო თუ არა შემთხვევა და რამდენჯერ, როცა ოთხიდან სამმა ქართულმა კლუბმა გადალახა ევროთასის პირველი ეტაპი, ტურნირს ვინ როდის დაემშვიდობა და ა.შ.