"კარლსენის სტუმრობა სასიამოვნო სიურპრიზია"
31-07-2017
"კარლსენის სტუმრობა სასიამოვნო სიურპრიზია"
ზურაბ აზმაიფარაშვილი: "ქართული ჭადრაკი ვუნდერკინდებს აღარ დაკარგავს!"

2 სექტემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, თბილისი საჭადრაკო სამყაროს ეპიცენტრი იქნება. საქართველოს დედაქალაქი 28 სექტემბრამდე უმასპინძლებს ჭადრაკში მსოფლიო თასის გათამაშებას, რომელშიც 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკე, მათ შორის - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენიც ითამაშებს! მასპინძლებს ოთხი მონაწილე ეყოლებათ: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე. მომავალ ტურნირზე ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი გვესაუბრება:

- ახლახან აღვნიშნეთ 25 წლის
იუბილე საჭადრაკო ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოპოვებული პირველი გამარჯვებიდან. რას ნიშნავდა ეს დღე ჩვენი ქვეყნისთვის?

- დამოუკიდებლობა უკვე მოპოვებული გვქონდა, მაგრამ საქართველოს აღიარებას არავინ ჩქ
არობდა და მძიმე ბრძოლა გვიწევდა თავის დასამკვიდრებლად. ამიტომაც 1992 წელს მოპოვებულ გამარჯვებას ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. არც მაშინ და არც დღეს არ ვართ ქვეყანა, რომელიც იარაღით ამტკიცებს რამეს. ვცდილობთ, ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი კულტურით, მეცნიერებითა თუ სპორტით შეგვიძლია წარმატებების მიღწევა.

- რა შეიცვალა ქართულ ჭადრაკში 1992 წლის შემდეგ?

- არათუ საქართველოში, გარშემო შეიცვალა ყველაფერი! დღეს ყველაფერი კომპიუტერით და ინტერნეტით კეთდება. როცა მსოფლიო ასე რადიკალურად იცვლება, პატარა ერისთვის ძნელია, არათუ არ ჩამორჩეს, გაუსწროს კიდეც განვითარებულ ქვეყნებს. დღეს წარუმატებლობად მიაჩნიათ, როცა ქართველი მოჭადრაკე მეათეა მსოფლიო რეიტინგში. ცოტა ხნის წინ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე და ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ამას საკადრისი გამოხმაურება მოჰყვა. იმის მიუხედავად, რა გაჭირვება გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, როგორი პრობლემების და საფრთხის წინაშეა ყოველდღიურად, ქართულმა ჭადრაკმა მაინც შეინარჩუნა სახე, არ `გათქვეფილა~ და ტალანტებიც ისევ ჰყავს. ჩვენ კი გვინდა, რომ ნონას და მაიას წარმატებები განმეორდეს, მაგრამ ეს ძალიან რთულია... მერვე წელიწადია, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი მაგნუს კარლსენი რეიტინგში პირველია, მაგრამ უკვე მასაც ეტყობა, რომ დაიღალა...
ადრე თუ გვიან, ჩვენც გვეყოლება პირველი ნომერი, მაგრამ ამისკენ მოთმინებით უნდა ვიაროთ.

- თუ ნორვეგიაში შეიძლებოდა დაბადებულიყო კარლსენის მსგავსი ვუნდერკინდი, ეს მით უფრო შეიძლება ჩვენთან - უდიდესი საჭადრაკო ტრადიციების ქვეყანაში!

- ნიჭით არც ბაადურ ჯობავა ჩამოუვარდება კარლსენს, მაგრამ ნიჭის განვითარებას ხელშემწყობი ფაქტორები სჭირდება. ნორვეგიელები მაგნუსს 10 წლიდან ყველანაირად უწყობდნენ ხელს, ბაადური კი... აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ, ფაქტობრივად, ემიგრაციაში იყო უკრაინაში. როცა საქართველოში მისი ჩამოყვანა მოვახერხეთ, მერეც არაერთი პრობლემა ჰქონდა... საბედნიეროდ, ახლა ნორჩ მოჭადრაკეებს საქართველოშიც უწყობენ ხელს და მატერიალური პრობლემების გამო ქართული ჭადრაკი ვუნდერკინდებს აღარ დაკარგავს!

- მთავარ თემაზე გადავიდეთ: რას მოუტანს საქართველოს მსოფლიო თასი, რომელსაც თბილისი სექტემბერში უმასპინძლებს?

- ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ტრაფარეტულად გიპასუხებდით - მსოფლიო თასი ფიდეს პაკეტში შემავალი ტურნირია და საჭადრაკო ოლიმპიადას მის გარეშე ვერ ვუმასპინძლებდით-მეთქი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პლანეტის სხვა უძლიერეს მოჭადრაკეებთან ერთად თბილისის მსოფლიო თასზე მაგნუს კარლსენიც ითამაშებს, ტურნირმა სხვა მასშტაბი შეიძინა! უპრეცედენტოა ის ფაქტიც, რომ მსოფლიო თასზე რეიტინგის 15 მოწინავე მოჭადრაკე ითამაშებს. ეს იმის წყალობით, რომ საქართველოზე ბევრი იწერება... დოჰაში მე და კარლსენი ერთ მაგიდასთან მოვხვდით და მითხრა, რომ გატაცებულია მოგზაურობით, ტურისტად ისეთ არასაჭადრაკო ქვეყანაშიც კია ნამყოფი, როგორიც ომანია! მაგნუსს მსოფლიო თასი არასდროს მოუგია და ახალი მოტივაცია სჭირდება. ერთია მსოფლიო პირველობის თამაშების მოგება, მაგრამ სხვადასხვა მეტოქესთან ზედიზედ შვიდ მატჩში გამარჯვება, როგორც ჩანს, ახალი გამოწვევაა მისთვის. კარლსენი არასდროს ყოფილა საქართველოში, აინტერესებს და რადგან მსოფლიო თასიც დაემთხვა, რატომაც არ უნდა ჩამოსულიყო?! მაგნუსის მამასაც ვიცნობ, საუბრისას შევთავაზე - თუ საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვერ ითამაშებ, ოლიმპიადის ელჩი მაინც იყავი, გვესტუმრე და ბათუმში დაისვენე-მეთქი. ამაზე ფიქრობდა კიდეც კარლსენების ოჯახი, მაგრამ თბილისის მსოფლიო თასზე ნორვეგიელის ჩამოსვლა მართლაც სასიამოვნო სიურპრიზია! რაც გახმაურდა, რომ თბილისში მაგნუსიც ითამაშებს, მსოფლიო მედიის ინტერესი გაიზარდა.

- ბაადურ ჯობავასგან რას ელით?

- უნდა ეცადოს, დაფასთან მეტი დრო დახარჯოს. ჯობავა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოჭადრაკეა და ხანდახან ამის გამოც უშვებს შეცდომას. ჩემგან არ ესწავლება, დარწმუნებული ვარ, სწორად გააანალიზებს ყველაფერს და გააცნობიერებს, რომ ეს მისი ცხოვრების ტურნირია!

- ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარებულია?

- უნდა გვქონდეს ლაივ ვიდეო სტრიმი, მაღალი ხარისხის ინტერნეტი. დაუშვებელია, თუნდაც წამით გაითიშოს ელექტროენერგია... ყველა გვერდში გვიდგას და ჯერჯერობით ვერ ვხედავ პრობლემას, რომელიც შეიძლება მსოფლიო თასის დროს შეგვექმნას.

- მსოფლიო თასის მონაწილეებისთვის კულტურული ღონისძიებებიც იგეგმება?

- როცა მოჭადრაკეს ერთი დღე აქვს დასვენებისთვის, ვერ დააძალებ - გინდა თუ არა, ექსკურსიაზე უნდა წაგიყვანოო. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად დავათვალიერებინებთ საინტერესო ადგილებს. მაგნუს კარლსენს უნდა ვაჩვენოთ კახეთი. ალბათ, სწორედ ნორვეგიელი მოიგებს და თუ ასე მოხდა, რამდენიმე დღე უნდა დავტოვოთ საქართველოში.

- მოსკოვის ღია პირველობის დროს აფხაზ მოჭადრაკეებთან ფიდეს პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვის შეხვედრაზეც უნდა გკითხოთ... ინტერვიუს დროს მითხრა, რომ ეს არ ყოფილა ოფიციალური შეხვედრა და ის მხოლოდ აფხაზ ბავშვებს შეხვდა. მაგრამ თუ მაინც ვაწყენინე ვინმეს, ბოდიშს ვუხდიო... ვიცი, რომ ფიდეს პრეზიდენტს პასუხი თქვენც მოსთხოვეთ...

- მხოლოდ აფხაზებს კი არ შეხვდა, დნესტრისპირეთშიც ჩადის ხოლმე, ანუ რუსეთის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ფიდემ ოფიციალურად მოიხადა ბოდიში მისი საქციელის გამო, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კირსანის მობოდიშება. ილუმჟინოვს კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოსთან, ჩვენც ბევრჯერ დაგვიჭერია მისთვის მხარი და სანამ აფხაზებს მიიღებდა, შეეძლო, ეკითხა, ასეთი შეხვედრით რამეს ხომ არ გავაფუჭებო?! პოსტ-ფაქტუმ ბოდიშის მოხდა აღარაფერს ნიშნავს.

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით