"ხშირად მეუბნებოდნენ, ჭიდაობა რა გოგოს საქმეაო" - 17 წლის მოჭიდავის ისტორიული გამარჯვება - კვირის პალიტრა

"ხშირად მეუბნებოდნენ, ჭიდაობა რა გოგოს საქმეაო" - 17 წლის მოჭიდავის ისტორიული გამარჯვება

"გოგოებმა მაინც შევძელით და "კეთილმოსურნეებს" ვანახეთ ჩვენი ძალა და ვაჩვენეთ, რომ გოგოსაც შეუძლია იგივეს გაკეთება, რაც ბიჭს"

სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვების მომსწრენი გავხდით - თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გორელმა მარიამ კარელიძემ (40 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი ქალი, ვინც საქართველოს ქალთა ჭიდაობას პირველი ოფიციალური მედალი მოუტანა. როდის დაიწყო მარიამმა ჭიდაობა? ვინ და რატომ აკრიტიკებდა? - ამ კითხვებზე ახალგაზრდა მოჭიდავე გვპასუხობს:

- დაახლოებით 9 წლის წინ მითხრეს, რომ გორში, ჭიდაობის დარბაზში, იხსნებოდა გოგოების სექციაც და გადავწყვიტე მივსულიყავი, რადგან ჭიდაობა ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა. ამ დროს ვიყავი 8 წლის და მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი ჭიდაობა. ჩემ გარდა კიდევ იყო რამდენიმე გოგო, მაგრამ ზოგი წავიდა და საბოლოოდ 4 გოგო შემოვრჩით, ჭიდაობას ოთხივე დღემდე მივყვებით.

- ელოდი თუ არა ევროპის ჩემპიონატზე ასეთ წარმატებას?

- ბუნებრივია, როცა წავედი, მაღალი შედეგის მიღწევა მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ საკმაოდ რთულ მეტოქეებთან მომიწევდა შეხვედრა. ყველაზე რთული მაინც ბრინჯაოსთვის ბრძოლა იყო, რადგან მეტოქეც ძლიერი იყო, მაგრამ ვიპოვე საკუთარ თავში ძალა... ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელე. სიმართლე გითხრათ ბოლომდე კიდევ არ მჯერა, რომ ეს შევძელი. ჩემზე ბედნიერები ჩემი მშობლები იყვნენ, ხალხი რომ ულოცავდა ჩემს გამარჯვებას, საოცრად ამაყები იყვნენ. ძალიან ბედნიერი ვარ იმითაც, რომ მშობლები ასე გავახარე.

- გულშემატკივრების მხარდაჭერას თუ გრძნობდი?

- რა თქმა უნდა, მათ უდიდესი როლი შეასრულეს ჩემს გამარჯვებაში. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჩემი მწვრთნელები და მეგობრები, რომელებიც მუდამ გვერდში მედგნენ, ასევე ის ქართველები, რომლებიც დარბაზში იყვნენ და მგულშემატკივრობდნენ... და ის ადამიანებიც, რომლებიც სოციალურ ქსელში ან ტელეფონის საშუალებით მამხნევებდნენ.

- რა შეცვალა შენ ცხოვრებაში ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულმა წარმატებამ?

- გავხდი უფრო მიზანდასახული. საკუთარი თავის ვირწმუნე, თუ მანამდე რაიმე ტიტულის მიღწევა წარმოუდგენლად მიმაჩნდა, დღეს ვიცი, რომ ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.

- მარიამ, ვიცი რომ ვიდრე ამ გამარჯვებამდე მიხვიდოდი, იყო ბევრი არაჯანსაღი კრიტიკა...

- ბევრს არ მოსწონდა, რომ გოგო ჭიდაობაზე დადიოდა. ხშირად მეუბნებოდნენ: ჭიდაობა რა გოგოს საქმეაო; გოგომ როგორ შეიძლება იჭიდაოსო; გოგოს არ შვენის ძალისმიერ სპორტზე სიარულიო; როგორ შეიძლება გოგომ ბიჭთან ერთად ივარჯიშოსო და სხვ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც საკმაოდ რთული ასატანი იყო, გოგოებმა მაინც შევძელით და "კეთილმოსურნეებს" ვანახეთ ჩვენი ძალა და ვაჩვენეთ, რომ გოგოსაც შეუძლია იგივეს გაკეთება, რაც ბიჭს. ზოგადად, ძალიან არასწორია, ასეთი მიდგომა, რადგან როგორც ბიჭს შეუძლია ყველა სპორტში მიაღწიოს წარმატებას, ისევე შეუძლია გოგოსაც, მთავარია მონდომება და შრომა.

- მარიამ, ახლა შენ 17 წლის ხარ, ტოკიოს ოლიმპიადისთვის რა გეგმები გაქვს?

- პირველ რიგში ვემზადები მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც სექტემბერშია და მინდა, რომ იქაც კარგი შედეგი ვაჩვენო. რაც შეეხება ოლიმპიადას, ყველა სპორტსმენის ოცნებაა ოლიმპიური ჩემპიონობა, ბუნებრივია, გამონაკლისი არც მე ვარ და ყველაფერს ვიზამ, რომ ეს ოცნება ავიხდინო.

- მარიამ, შენ ხარ პირველი ქართველი მოჭიდავე ქალი, რომელმაც ასეთი ტიტული მოიპოვე. მანამდე თუ გქონდა წარმატებები?

- საქართველოს ჩემპიონიც ვარ და პრიზიორიც, მაგრამ საზღვარგარეთ და თან ასეთ დიდ ტურნირში პირველად მოვიპოვე მედალი. მინდა, ოლიმპიური ჩემპიონიც გავხდე, არ ვიცი ვიქნები თუ არა პირველი ქალი მოჭიდავე რომელიც ამ ტიტულს მოიპოვებს, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვო და ამისთვის ყველაფერს ვიზამ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)