სოკერში გაცვლილი ფეხბურთი - კვირის პალიტრა

სოკერში გაცვლილი ფეხბურთი

"13-14 წლის ბავშვები მწერდნენ, წადი ნაკრებიდან, ეროვნულ გუნდში რა გესაქმებაო!"

"სულაც არ ვფიქრობ, რომ აშშ-ში გადმოსვლით კარიერა დავასრულე"

ვარშავის "ლეგიაში" გატარებული უიღბლო სეზონის შემდეგ (პოლონეთის ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ სათამაშო დრო, ფაქტობრივად, არ მისცემია), საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვალერი ყაზაიშვილი ყველასთვის მოულოდნელად აღმოჩნდა აშშ-ის ჩემპიონატში და MLS-ის (სოკერის უმაღლესი ლიგა) კლუბ "სან ხოსე ერზქვეიქსთან" გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი! კალიფორნიული კლუბი ამჟამად მეშვიდე ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში და ფლეი-ოფის საგზურისა და ქვეყნის თასის მოსაგებად იბრძვის. "სან ხოსეს" თავკაცებს დიდად ეიმედებათ 24 წლის ქართველი, 11-ნომრიანი მაისურიც გადასცეს და კლუბის "საიდუმლო იარაღსაც" უწოდებენ. უფრო პესიმისტურად განწყობილი საქართველოს ნაკრების ქომაგები კი მიიჩნევენ, რომ ოკეანის გაღმა გადაბარგებული ფეხბურთელი სრულფასოვნად ვეღარ დაეხმარება ეროვნულ გუნდს. თუმცა, თავად მოთამაშე ასე სულაც არ ფიქრობს. ფეხბურთიდან სოკერში გადასვლის შემდეგ, ვაკო ყაზაიშვილს ქართველ ჟურნალისტთან არ უსაუბრია. "კვირის პალიტრა" პირველია:

- ვაკო, პირდაპირ ვთქვათ - MLS-ში შენი გადასვლა მოულოდნელი იყო!

- ჯერ ისევ "ვიტესთან" მაკავშირებდა კონტრაქტი და ჰოლანდიაში ვბრუნდებოდი, როცა ამერიკული კლუბის ვარიანტი გამოჩნდა. "სან ხოსეს" სპორტული დირექტორი, რომელიც ჯერ კიდევ "ვიტესიდან" მიცნობდა, ტრანსფერამდე რამდენიმე კვირით ადრე დამიკავშირდა. ჩემი გადაბირებაც მისი იდეა იყო და ტრანსფერშიც დიდი როლი შეასრულა. პასუხი დაუფიქრებლად არ მითქვამს, მაგრამ გულწრფელად გეტყვით - თავიდანვე დადებითად ვიყავი განწყობილი და საკმაოდ მალე დავთანხმდი. მითხრეს, რომ კალიფორნიელებს ჩემი დიდად ეიმედებათ - გუნდის აშენებას შენ ირგვლივ ვაპირებთო...

- რის ნახვაც ამ რამდენიმე კვირაში მოასწარი, ძალიან განსხვავდება MLS-ზე წინასწარ შექმნილი წარმოდგენისგან?

- აშშ-ის უმაღლესი საფეხბურთო ლიგა ყოველწლიურად უკეთესი ხდება, სათამაშოდაც სულ უფრო მეტი ძლიერი ფეხბურთელი ჩამოდის. ამერიკელები ყველაფერს აკეთებენ, კიდევ უფრო მასშტაბური პირველობა რომ ჰქონდეთ და მართლაც, წლიდან წლამდე აუმჯობესებენ ჩემპიონატს. ჩემი აქ გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ინფრასტრუქტურაც უმაღლესი დონის არის და მატჩებზე დასწრებაც საკმაოდ მაღალია. ცნობილია, რომ აშშ-ში ფეხბურთი (ამერიკელებისთვის - სოკერი) პოპულარობით სპორტის პირველი ან მეორე სახეობა არ არის, მაგრამ საქმეს ძალიან პროფესიულად უდგებიან და ინტერესიც ყოველწლიურად იზრდება. პირობებითა და ვარჯიშებით ხომ სასიამოვნოდ გამაკვირვეს!

- ეს ყველაფერი "სან ხოსესაც" ხომ ეხება?

- რა თქმა უნდა. ბაზაც უმაღლესი დონის გვაქვს და მოსამზადებლად თუ სათამაშოდაც ყველანაირი პირობაა. "სან ხოსეს" ახალ სტადიონზე 20 ათასამდე მაყურებელი ეტევა და მნიშვნელოვანი მატჩების დროს ტრიბუნები თითქმის ბოლომდე ივსება.

- ქართველი ქომაგის უმეტესობისთვის, MLS-ი ჯერ კიდევ ასოცირდება ჩემპიონატთან, სადაც ფეხბურთის ასაკოვანი ვარსკვლავები კარიერის დასასრულებლად ან ფულის საშოვნელად მიდიან. საქართველოში ბევრმა შენზეც ჩაიქნია ხელი, დამთავრდა ამ ბიჭის ფეხბურთიო... რას უპასუხებ?

- ჩემზე ისეთი რაღაცები თქვეს (განსაკუთრებით, სერბეთთან მატჩის შემდეგ), აღარაფერი მიკვირს და ასეთ კომენტარებს ყურადღებას აღარ ვაქცევ... უკვე გითხარით, რატომაც გადავწყვიტე აქ წამოსვლა და იმედია, არ შევმცდარვარ. ამერიკელები ყველაფერს აკეთებენ, ყოველი ახალი ჩემპიონატი წინაზე უკეთესი რომ იყოს. ასე რომ, სულაც არ ვფიქრობ, თითქოს აშშ-ში გადმოსვლით კარიერა დავასრულე.

- "მეიჯორ ლიგის" დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე მყოფ "სან ხოსეს" ფლეი-ოფის საგზურისთვის ექვსეულში მოხვედრა სჭირდება.

- დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებიდან ფლეი-ოფში ექვს-ექვსი კლუბი გადის და ჩემპიონობის შანსიც ყველა მათგანს თანაბრად აქვს. მაგალითად, შარშან "სიეტლმა" მეოთხე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი, საბოლოოდ კი ჩემპიონი გახდა. ასე რომ, "სან ხოსეს" მთავარი ამოცანა ახლა ფლეი-ოფის საგზურის მოპოვებაა. აშშ-ის "ღია თასის" ნახევარფინალშიც ვართ და 10 აგვისტოს ფინალის საგზურისთვის "კანზას სიტის" უნდა ვეთამაშოთ.

- სხვადასხვა წელს MLS-ში არაერთ ვარსკვლავს უთამაშია. "მეიჯორ ლიგაში" მსოფლიო დონის ფეხბურთელები ახლაც ხომ არიან?

- კაკა, ანდრეა პირლო, დავიდ ვილია, ეშლი კოული, ჯოვანი დოს სანტოსი, ტიმ ჰოვარდი, სებასტიან ჯოვინკო... კიდევ ბევრი ცნობილი ფეხბურთელის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, აშშ-ის პირველობაზე წარმოდგენის შესაქმნელად ეს გვარებიც საკმარისია.

- თითქმის ერთი თვეა, აშშ-ში ხარ. აკლიმატიზაცია უკვე გაიარე, თუ ჯერაც ვერ შეეჩვიე ევროპულ დროსთან 11-საათიან სხვაობას?

- თავდაპირველად, ძალიან გამიჭირდა, სულ მეძინებოდა, მაგრამ მივეჩვიე. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ჩემპიონატი ახლა იწყება, აქ კი გახურებული სეზონი დამხვდა და ამისთვის ფიზიკურად არ ვიყავი მზად. მოკლედ, დრო მჭირდება, სანამ აშშ-ის ჩემპიონატს მივეჩვევი.

- ბოლო ტურში განაცხადში კი იყავი, მაგრამ მწვრთნელმა მაინც ვერ გარისკა მოედანზე შენი შეყვანა.

- "მეიჯორ ლიგაში" ახლა შუა სეზონია და მესმის, რომ ახალწვეულს პირდაპირ არავინ ათამაშებს - იმის მიუხედავად, რომ გოლის გატანა სადებიუტო მატჩშივე მოვახერხე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, შანსი აუცილებლად მომეცემა!

- არათუ შანსი, კლუბის ხელმძღვანელები ამბობენ, გუნდი ვაკოს ირგვლივ უნდა ავაშენოთო, მაგრამ... თუ არ გათამაშეს, გუნდს სათადარიგოთა სკამზე ხომ არ "ააშენებენ"?!

- საქართველოდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს! ჯერ ახალი ჩამოსული ვარ ამერიკაში და დრო მჭირდება ახალ ქვეყანასთან, ხალხთან, ჩემპიონატთან შესაგუებლად. მაგრამ მთავარია, რომ აქ ყველა კლუბი ცდილობს, ფეხბურთი ითამაშოს და მხოლოდ დაცვაზე არ იფიქროს.

- "ნიუ-იორკ რედ ბულზთან" სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნე. ამის გამო 1:5 წაგებული მატჩიც კი სასიამოვნოდ გემახსოვრება...

- "რედ ბულზი" MLS-ის გამორჩეული კლუბია. იმ შეხვედრაში ჩვენზე კარგად ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს, მაგრამ რა გასაკვირია, რომ ძალიან გამიხარდა, "სან ხოსეს" ერთადერთი ბურთი სწორედ მე რომ გავიტანე.

- "ლოს-ანჯელეს გელექსისთან" სათასო მატჩს ზაზა ფაჩულიაც დაესწრო, ნამატჩევს მაისურებიც გაცვალეთ. ზაზას მანამდეც იცნობდი?

- არა, იმ დღეს პირველად შევხვდი ამ ძალიან მაგარ ადამიანს და საქართველოს ნაკრების კაპიტნისგან ისეთი ყურადღება და მხარდაჭერა ვიგრძენი, რაც ორმაგად დასაფასებელია უცხო ქვეყანაში. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა!

- კალიფორნიაშიც უამრავი ქართველი ცხოვრობს. უკვე იყვნენ შენი თამაშის სანახავად?

- ახლოს მცხოვრები რამდენიმე ქართველი იყო მოსული "სან ხოსეს" მატჩებზე და ძალიან მესიამოვნა სტადიონზე საქართველოს დროშის დანახვა. როცა მეტი სათამაშო დრო მექნება, ალბათ, ტრიბუნებზე ქართველების რაოდენობაც მოიმატებს.

- ევროპაში დავბრუნდეთ: დღეს როგორ ფიქრობ, ვარშავის "ლეგიაში" გადაბარგება შეცდომა იყო?

- "ვიტესში" დარჩენაც შემეძლო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მინდოდა თამაში და... რაღაც შეცდომები მეც დავუშვი, მაგრამ პოლონეთში მაინც ბევრი რამ ვისწავლე და ეს გამოცდილებაც გამომადგება.

- მაინც რატომ არ აეწყო პოლონეთში შენი კარიერა? "ლეგიაში" შენს პოზიციაზე დიდი კონკურენცია იყო, არც მწვრთნელი გწყალობდა, მაგრამ... შენც ხომ არ დააკელი რამე?

- მწვრთნელი, ვისი მოთხოვნითაც "ლეგიაში" გადავედი, კლუბში ჩემი მისვლიდან ათიოდე დღეში გაათავისუფლეს. მის ნაცვლად დანიშნეს საკლუბო აკადემიის თავკაცი, რომელიც ყველა ადგილობრივ მოთამაშეს იცნობდა, ჩემზე კი არაფერი იცოდა. პირდაპირ მითხრა, არ გიცნობ და შენი შესაძლებლობების სანახავად დრო მჭირდებაო. მე თამაში არ მიწევდა, გუნდი კი კარგად თამაშობდა, ქვეყნის ჩემპიონიც გახდა და ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა თავი - თუნდაც, "რეალთან" ნათამაშები 3:3 გავიხსენოთ... ასეთ დროს შემადგენლობას ვინ შეცვლის?! ლეგიონერი ორი თავით უნდა სჯობდეს ადგილობრივს, რომ ათამაშონ! მოკლედ, ვარშავაში ჩემი კარიერა არ აეწყო, მაგრამ გამოცდილება მივიღე და ბევრი რამ ვისწავლე, რაც აუცილებლად გამომადგება.

- უთამაშებლობა ბოლო სანაკრებო მატჩებშიც სულ გეტყობოდა: გენდობოდნენ, გოლიც გაიტანე, მაგრამ... საინტერესოა, თავად ფეხბურთელი რას გრძნობს, როცა ფორმაში არ არის, ნაკრებს სრულფასოვნად ვერ ეხმარება?

- ის დრო ძალიან ცუდად მახსოვს... მხოლოდ სერბეთთან მატჩისას გაცუდებულ მომენტს არ ვგულისხმობ - ცუდი პერიოდი მქონდა, იმ სეზონში ყველაფერი ისე აეწყო, ფსიქოლოგიურადაც ვერ ვიყავი ფორმაში. ალბათ, ეს იმის ბრალი იყო, რომ კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა.

- მაგრამ სხვები მაინც ხომ იყვნენ უკეთეს ფიზიკურ კონდიციაში? რატომ არ გამოსდის საქართველოს ნაკრებს ორივე ტაიმის თანაბარი წარმატებით თამაში?

- სხვების რა გითხრათ, მაგრამ მე მაინცდამაინც მნიშვნელოვანი მატჩების დროს არ ვიყავი ფორმაში... მთლიანობაში, ვაისის ხელმძღვანელობით, ნაკრები კარგ ფეხბურთს აჩვენებს და ბურთსაც "აგორებს", რასაც ბოლო წლებში გადავეჩვიეთ. და თუ საკუთარ ძალას ყველანი ვირწმუნებთ და ბოლომდე დავიხარჯებით, რატომაც არ შეიძლება, რაღაცას ჩვენც მივაღწიოთ?! გვიანი არასდროს არ არის!

- ვაისმა თქვა, სერბეთთან მატჩის შემდეგ ვაკო ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, მთელი ღამე არ უძინიაო. მართალია?

- მართლა ცუდად ვიყავი. პირველად აღმოვჩნდი ვითარებაში, როცა ყველგან ჩემზე წერდნენ და ლაპარაკობდნენ... 13-14 წლის ბავშვები მწერდნენ, წადი ნაკრებიდან, ეროვნულ გუნდში რა გესაქმებაო! საბედნიეროდ, დროულად მივხვდი, რომ ასეთი რაღაცებისთვის ყურადღება აღარ უნდა მიმექცია. არადა, ფაქტობრივად, მე დამბრალდა იმ თამაშის წაგება. ისე გამოვიდა, თითქოს დავინახე ჯანო, მაგრამ ეგოისტურად მოვიქეცი და ბურთი არ გადავაწოდე... სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ვერ შევამჩნიე, თორემ რომ დამენახა, აუცილებლად მივცემდი პასს! მაგრამ ჯერ 24 წლის ვარ და კიდევ ბევრი რამის სწავლა შემიძლია. თუ "სან ხოსეში" კარგად ვითამაშებ, ძლიერ ევროპულ კლუბში გადასვლაც შეიძლება.

- თუმცა, ქომაგების ნაწილი მიიჩნევს, რომ MLS-ის კლუბში გადასვლის შემდეგ, ვაკო ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრებს სრულფასოვნად ვეღარ დაეხმარება - სანამ ვაკო აშშ-დან სანაკრებო შეკრებაზე ჩამოაღწევს და აკლიმატიზაციას გაივლის, ნაკრების მატჩი დასრულებული იქნებაო...

- მე ასე არ ვფიქრობ. ვიცი, რომ ნაკრებისთვის სულ მზად ვიქნები და ბოლომდე დავიხარჯები. და როცა აშშ-ს შევეჩვევი, ეს პრობლემა არ იქნება. ჯერ ახალგაზრდა ვარ და იმედია, კიდევ ბევრ მატჩს ვითამაშებ საქართველოს ნაკრებში!