"გოლის გატანა ახლა გაცილებით ადვილია!" - კვირის პალიტრა

"გოლის გატანა ახლა გაცილებით ადვილია!"

ფეხბურთის ვარსკვლავები წინათ და ახლა

ცნობილი ამბავია: ყველაზე ხშირად მამაკაცები მაშინ ტყუიან, როცა ლაპარაკი ნადირობას, სმას და მანდილოსნებს შეეხება... თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბაქიაობა არც ფეხბურთელებისთვის ყოფილა უცხო. გასული წლების ზოგიერთი ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ დღესაც ისევე (ან უფრო ძლიერად) იკაშკაშებდა, ვიდრე თანამედროვე ფეხბურთის მთავარი გმირები, თუმცა ისეთებიც არიან, პირიქით რომ ჰგონიათ. ასე რომ, ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ ვარაუდები იმის შესახებ, დღესაც თავიანთი ეპოქის მსგავს ფურორს მოახდენდნენ თუ არა პელე, მარადონა, ტოსტაო, ბატისტუტა, ან თუნდაც - მიხეილ მესხი, და თვითონ ვეტერანებს მოვუსმინოთ:

"დღეს რომ ვთამაშობდე, თანამედროვე ფეხბურთელისთვის აუცილებელ ფიზიკურ მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე, მაგრამ მაინც საუკეთესო ვიქნებოდი, რადგან ღმერთმა გამორჩეული ნიჭით დამაჯილდოვა! ეს იგივეა, ბეთჰოვენზე ლაპარაკობდე და ვარაუდობდე, რა იქნებოდა, მუსიკა სხვა ეპოქაში რომ შეექმნა?! როდის და როგორი მუსიკაც უნდა დაეწერა, ამას ყოველთვის გენიალურად შეძლებდა, ოღონდ - სხვანაირი ინსტრუმენტების დახმარებით.

"გადამფარავს" თუ არა ნეიმარი? არა მგონია. შეუძლებელია, გახდე ახალი მეფე, ახალი პელე, იმიტომ, რომ ჩემი მშობლები შვილებს აღარ აჩენენ. ისე კი, ნეიმარი ჩინებული ახალგაზრდა ფეხბურთელია და უეჭველია, რომ უდიდესი ვარსკვლავი გახდება".

პელე, 2014 წელი

"ფიქრობთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ძალიან მგავს სიძლიერით და სისწრაფით? არა, შეუძლებელია, არსებობდეს ორი ერთნაირი ფეხბურთელი. კრიშტიანუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. სწორედ ამიტომ იბრძვიან ყოველ წელს სწორედ ის და მესი "ოქროს ბურთისთვის".

შევძლებდი თუ არა, ჩვენს დროს მათ დონეზე მეთამაშა? მჯერა, რომ შევძლებდი..."

ოლეგ ბლოხინი, 2015 წელი

"დღეს რომ ვთამაშობდე, ისევ შევძლებდი გავმხდარიყავი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, თანაც - რამდენჯერმე! იმის გათვალისწინებით, როგორ ფეხბურთს თამაშობენ დღეს საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი - ესპანეთში, ნამდვილად შევძლებდი სეზონში ორმოცდაათი ბურთის გატანას მაინც!

თანამედროვე ფეხბურთი უწინდელს აღარ ჰგავს. მხოლოდ ბრაზილიას არ ვგულისხმობ, მთელ მსოფლიოში ასეა. აღარც ისეთი დონის მოთამაშეები არიან. წინათ წარმოუდგენელი იყო, რომ რომელიმე ფეხბურთელი, თუნდაც იმ დონის, როგორიც დღეს მესი და რონალდუ არიან, 38 მატჩში 50 გოლის გატანას შეძლებდა."

რივალდო, 2015 წელი

"კარგი ტურნირი ის არის, სადაც ფინალში გახვედი და მოიგე. მაგრამ არა მგონია, რომ ჩვენი დაცვის პატრონი ამას მოახერხებს. მე რომ დღეს ვთამაშობდე ინგლისის ნაკრების მცველების წინააღმდეგ, მათი ნამდვილად არ შემეშინდებოდა!"

ალან შირერი, 2016 წელი

"ის დრო (1960-1970-იანი წლები) ზედგამოჭრილი იყო ჩემთვის. მაშინ ბრაზილიის ნაკრების თამაშის აუცილებელი ელემენტები გახლდათ შთაბეჭდილების მოხდენა, მომხიბვლელობა, ინტელიგენტურობა. ფეხბურთელები ტვინსაც ისევე ამუშავებდნენ, როგორც ფეხებს. დარწმუნებული არ ვარ, რომ თანამედროვე სპორტში ჩემზე დიდი მოთხოვნა იქნებოდა. არ ვიყავი სწრაფი და არც განსაკუთრებული ფიზიკური გამძლეობით გამოვირჩეოდი."

ტოსტაო, 2010 წელი

"არ ვიცი, როგორ ვითამაშებდი გუნდში მესისთან ერთად, თუმცა, დარწმუნებული ვარ - გოლებს გაცილებით იშვიათად გავიტანდი და გაცილებით ადრეც გადავბარგდებოდი ფეხბურთიდან პოლოში. საერთოდ, არგენტინის ნაკრებში დღეს არ არიან ჩემი სტილის ფორვარდები და ჩემი აზრით, მწვრთნელები დიდად არც იკლავენ თავს მათი ძებნით..."

გაბრიელ ბატისტუტა, 2013 წელი

"მაღალი დონის ფეხბურთელებთან ერთად თამაში ადვილია. მათამაშეთ ვერატისთან ან დი მარიასთან ერთად და ნახეთ, რამდენ ბურთს შევაგდებ. ვფიქრობ, ათს მაინც გავიტანდი."

ნიკოლა ანელკა, 2017 წელი

"იგუაინის ტრანსფერი "იუვენტუსში"? თუ "პიპიტუში" (იგუაინის მეტსახელია. - ავტ.) 90 მილიონი გადაიხადეს, რამდენიღა ვეღირებოდით მე და ბობო ვიერი? არც კი ვიცი."

ფილიპო ინძაგი, 2016 წელი

"წინათ გოლის გატანა გაცილებით რთული იყო, ახლა - ადვილია. უდიდესი მცველების ეპოქა დასრულდა. ფეხბურთში აღარ არიან ნესტა, მალდინი, სტამი. დღეს, მოთამაშეს ყოველ შეხვედრაში აქვს ხუთი-ექვსი მომენტი, ჩემს დროს კი ერთი-ორი, ყველაზე კარგ შემთხვევაში - სამი შანსი თუ გვეძლეოდა მთელი მატჩის განმავლობაში.

პათეტიკად ნუ ჩამითვლით, მაგრამ 1995/1996 წლების სეზონში "იუვენტუსის" მაისურით 34 ბურთი გავიტანე, მომდევნო სეზონში კი 31 გოლი - "მიდლსბროს" შემადგენლობაში. ახლა? სეზონში 60 გოლს მაინც გავიტანდი და 80 მილიონი გირვანქა სტერლინგი მაინც ვეღირებოდი! და არამხოლოდ მე - თანამედროვე ფეხბურთში უკეთ ითამაშებდნენ ძოლა, კანტონა და შერინგემიც."

ფაბრიციო რავანელი, 2017 წელი

რატი შელეგია