"ბევრი რამის შეძენა ჩემი ხარჯებით მიწევდა" - ქართველმა ნიჩბოსანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა - კვირის პალიტრა

"ბევრი რამის შეძენა ჩემი ხარჯებით მიწევდა" - ქართველმა ნიჩბოსანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიჩბოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე გამართულ ფინალურ შეჯიბრში ქართველი ნიჩბოსანის შედეგი 38,439 წამი იყო, გამარჯვებული კი ბელარუსელი არტსიომ კოზირი გახდა (38,161).

შეგახსენებთ, რომ ზაზა ნადირაძემ რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა, წელს მსოფლიოს თასის ეტაპზე მეორე იყო, ევროპის ჩემპიონატზე კი მესამე ადგილი დაიკავა.

ოლიმპიადის პერიოდში "კვირის პალიტრა" ზაზას რიოში დაუკავშირდა, გთავაზობთ ამონარიდს არქივიდან.

- სავარჯიშოდ კანოე მაქვს, მაგრამ არა პირადი. სამწუხაროდ, ბევრი ინვენტარი არ გვაქვს, ბევრი რამის შეძენა ჩემი ხარჯებით მიწევდა, ხან სხვას ვათხოვებდი ხოლმე ამ ნავს, რათა მასაც ევარჯიშა, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ. ეს ინფორმაცია ხალხმა ცუდად გაიგო. მოგეხსენებათ, ჩვენი სპორტი კარგად განვითარებული არ არის საქართველოში, მაგრამ ჩვენი პატარა კოლექტივი არაფერს ვიშურებთ დიდი თუ პატარა პრობლემის მოსაგვარებლად. ეს მიღწევა, რაც ოლიმპიადაზე ვაჩვენე, ჩვენი ფედერაციის ერთიანი შრომის შედეგია. რაც შეეხება ფიზიკურ შრომას, იყო ასეთი შემთხვევებიც, როცა დამატებითი შემოსავლისთვის ფიზიკურად შრომა მიწევდა, თუმცა ეს ჩემს ვარჯიშს ხელს არ უშლიდა. შრომა არ მერიდება და შეძლებისდაგვარად, როცა დრო მქონდა დამატებით შემოსავალზეც არ მითქვამს უარი, თუმცა 2015 წლიდან ფიზიკურად არსად მიმუშავია. ხელფასი მაქვს, დედასთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობ, მამა 2007 წელს გარდამეცვალა.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი, გავიგე რომ სწავლობთ კიდეც...

- ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაგრამ 2 წელია აკადემიური მაქვს აღებული და ახლა ვფიქრობ, რომ სწავლის გაგრძელებასაც მოვახერხებ. (იხილეთ სრულად)