"ტორნადოს" მორიგი მსხვერპლი - კვირის პალიტრა

"ტორნადოს" მორიგი მსხვერპლი

მსოფლიო კრივის ასოციაციის (WBA) ვერსიით ინტერკონტინენტალის ჩემპიონის ქამრის მფლობელმა და  EBA-ს (ევროპის კრივის ასოციაცია) ვერსიით ევროპის ჩემპიონმა ავთანდილ ხურციძემ ტიტულების დასაცავად მორიგი ბრძოლა გამართა და ორიოდ დღის წინ უნგრელი მიხალ კოტაი მე-8 რაუნდში დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე კოტაი, რომელიც კარიერაში ორმოცდამეერთე ბრძოლას ატარებდა (36 მოგება, 1 - ფრე, 4 - წაგება), იქადნებოდა, ხურციძის ყველა ტიტული უნგრეთში უნდა წავიღოო, მაგრამ კიევის სპორტკომპლექს FreeStyle-ში ჩატარებული ბრძოლა ქUუთაისელი ფალავნის უპირატესობით წარიმართა და 33 წლის უნგრელი სამჯერ აღმოჩნდა ნოკდაუნში. შეხვედრის არბიტრმა კოტაის მე-2, მე-5 და მე-7 რაუნდებში მისცა ნოკდაუნიდან წამოსადგომი დრო, მე-8 რაუნდში კი საქმეში სამედიცინო პერსონალის ჩართვა გახდა საჭირო და მსაჯებმა გამარჯვებულად "ტორნადო" (ავთანდილ ხურციძის მეტსახელია) გამოაცხადეს.

30 წლის ქართველი მოკრივე (21-2-1), რომელთან ინტერვიუც "კვირის პალიტრამ" რამდენიმე თვის წინ შემოგთავაზათ, უკვე წლებია კიევში, ძმებ კლიჩკოების კლუბში ვარჯიშობს, საშინაო მატჩებსაც ყოველთვის უკრაინაში მართავს და ამ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია. რაც შეეხება საქართველოს, სამშობლოში "ჩაქუჩა" ბევრმა მხოლოდ გასული წლის ზაფხულში, მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი და ბელგიელი ჯამელ ბაკის შეხვედრის ტელერეპორტაჟი იხილა. სხვა ორთაბრძოლების მსგავსად, "ტორნადომ" ის შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგო და თანამემამულეების სიმპათიაც უმალ დაიმსახურა. მაგრამ ჩვენთან საუბრისას ავთომ დანანებით თქვა,  გული მწყდება, უკრაინაში ბევრად პოპულარული რომ ვარ, საქართველოში კი არც ჟურნალისტები მიწვევენ და არც კრივის ორგანიზაციებიო.

WBA-ს ვერსიით საშუალოწონიანთა მსოფლიო რეიტინგში ხურციძე მე-5 პოზიციაზეა. მომდევნო ბრძოლას "ჩაქუჩა" WBA-ს მსოფლიო ჩემპიონის ვაკანტური ქამრისთვის გამართავს ყაზახ გენადი გოლოვკინის წინააღმდეგ.  "ავსტრალიელმა, რომელიც რეიტინგის პირველი ნომერია, გოლოვკინთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ასევე მოიქცნენ სხვა მოკრივეებიც. "აAრადა, ვერც წარმომიდგენია, როგორ უნდა თქვა ასეთ შესაძლებლობაზე უარი, საქმე ხომ საჩემპიონო ბრძოლას ეხება! - ამბობს ავთანდილი, - როცა გოლოვკინის წარმომადგენლები ჩემს მენეჯერს შეეხმიანენ, დაუფიქრებლად დავთანხმდით და ყაზახ მეტოქეს, სავარაუდოდ, სექტემბერში შევხვდები".

ცნობისთვის: გენადი გოლოვკინი 2003 წელს მოყვარულთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. მიუხედავად ამისა, ქართველი "ტორნადო", რომელიც აქამდე გამართული 24 ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთადერთხელ - 2005 წლის 13 მაისს დამარცხდა, ყაზახს ოდნავადაც არ უფრთხის და დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე მსოფლიო ჩემპიონის ქამარსაც შემოირტყამს.