"თოკომოტივი" ლიტვამდე გვეყო - კვირის პალიტრა

"თოკომოტივი" ლიტვამდე გვეყო

განსაკუთრებულად რატომ გვიყვარს საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები? იმიტომ, რომ კალათბურთი სპორტის უპირველესი სახეობაა საქართველოში? არა, მალე, ალბათ, ასეც იქნება, მაგრამ... ჯერჯერობით მიზეზი სხვაა და მოდი, პირდაპირ ვთქვათ - საკალათბურთო ნაკრები ლამის ერთადერთია ქართული გუნდებიდან, რომელსაც არა მხოლოდ ტოლ-სწორად თამაში, გამარჯვებაც შეუძლია ევროპის უძლიერეს ნაკრებებთან!

დიახ, მსოფლიოში უძლიერესი ფალავნები გვყავს ძიუდოსა და ჭიდაობაში, სიხარული მორაგბეებისგანაც ბევრჯერ გვახსოვს და სხვადასხვა სახეობის ცალკეული სპორტსმენებისგანაც, მაგრამ გუნდურ სახეობაში სტაბილური წარმატება მაინც განსაკუთრებულად ტკბილია და ზუროსის გუნდმა სიტკბოთი ისე გაგვანებივრა, ემანდ, დიაბეტს არ გამოვკრათ ხელი...

ხუმრობა იქით იყოს და, დიდწილად სწორედ საკალათბურთო ნაკრებმა "განკურნა" ქართველი გულშემატკივარი გუნდურ სახეობებში მუდმივი წაგებით გამოწვეული არასრულფასოვნების კომპლექსისგან. მოგებებს შეაჩვია არა მხოლოდ ფინეთთან, ბელგიასა თუ ბრიტანეთთან, არამედ ლატვიასთან, სერბეთთან, ლიტვასთანაც კი! გერმანიასთან წაგებამ (იმის მიუხედავად, რომ ძალიან დაბალანსებული გუნდია და თამაშამდეც იმუქრებოდა, მოგიგებთო) თითქოს გააუფერულა ლიტვასთან მოგებით გამოწვეული სიხარული, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ეს "ცივი შხაპი" კარგიც იყოს ჩვენთვის!

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები წარმატებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად მიდის. ევრობასკეტზე ზედიზედ მეოთხედ ვთამაშობთ და ეს სულ უფრო და უფრო ნათლად ეტყობა ჩვენს თამაშსაც და შედეგსაც. ჯერ კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობა გვქონდა საოცნებოდ, მერე - ჯგუფიდან გასვლა, ახლა კი... ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ უკვე იმაზე ვფიქრობთ, ქვეჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდეთ და პლეი-ოფში შედარებით სუსტ მეტოქეს გადავეყაროთო...

საქართველოს ნაკრებს წელს ძალიან აკლია "მფრინავი" ვიქტორ სანიკიძე, აკლია ბექა ბურჯანაძეც, რომელიც ასევე დიდ სარგებლობას მოუტანდა ილიას ზუროსის გუნდს, მაგრამ მათი არყოფნისას სხვები "დაფრინავენ" - შენგელია, ცინცაძე, დიქსონი, შერმადინი, მარკოიშვილი, ფაჩულია... და ლოგიკურია, რომ საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად დაიწყო მისთვის მეოთხე ევრობასკეტი:

ლიტვა 77:79 საქართველო

ევრობასკეტის დაწყებამდე გვეშინოდა, "აკროპოლისის თასზე" მოპოვებულმა ხმაურიანმა გამარჯვებებმა ეიფორიაში არ ჩაგვაგდოსო. ათენში წაგებისთვის სარევანშოდ შემართული ლიტვა ხომ ორმაგად საშიში იყო, მაგრამ... ევრორევანში ჩვენც გვევალებოდა - 2015 წლის ვერობასკეტის მერვედფინალში ხომ სწორედ ლიტვამ ჩაგვალაგებინა ბარგი.

და საქართველოს ნაკრებმა აიღო კიდეც სრულფასოვანი რევანში - დამაჯერებელი და ეფექტიანი. ისეთი, რომ ვერავინ იტყვის - ზუროსის გუნდმა შემთხვევით მოიგოო... ლიტვური კალათბურთის ლეგენდის, არვიდას საბონისის სიტყვებიც კმარა - ერთ თვეში ორჯერ შემთხვევით არავინ იგებსო! არადა, საქართველოს ნაკრებმა სწორედ ორჯერ აჯობა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ ლიტვას. აჯობა იმის მიუხედავად, რომ ორივე შეხვედრაში ჩამორჩა 12-ქულიანი სხვაობით.

ლიტვურმა პრესამაც აღიარა, მაგრამ მათ გარეშეც კარგად ვიცით: საქართველოს ნაკრებმა კარგი და სწორი დაცვის წყალობით გაიმარჯვა. თვითონაც დაუშვა შეცდომები, მაგრამ ბალტიისპირელებს მეტი დააშვებინა და ლოგიკური გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. და რას ნიშნავს სწორი დაცვა? უპირველესად ისეთ "ბადეს", კონკრეტული მატჩისა და მეტოქის მიხედვით რომ "მოქსოვ". ილიას ზუროსი ბერძენია და როგორც ჩანს, თევზაობაცა და ბადის ქსოვაც კარგად ეხერხება. შედეგად, საქართველოს ნაკრების ელინი მწვრთნელის ბადეში უკვე არაერთი "ღლავი" გაეხვია, თუმცა საბოლოო ნადავლს "შემოდგომაზე", ანუ ევრობასკეტის ბოლოს დავითვლით.

ილიას ზუროსმა აგერ, მერამდენედ დაამტკიცა, რომ ქართველებს მხოლოდ გვარ-სახელით კი არ ჰგავს, ბევრ ქართველზე უკეთესადაც ესმის ჩვენებისა. იცის, როგორ გამოიყენოს ქართული ხასიათი და ემოცია, შეგირდების შესაძლებლობებსაც კარგად იცნობს და კიდევ ერთხელ ვამბობთ, შეუძლია მთავარი - მატჩში გარდატეხის შეტანა. ამიტომაც არის, რომ შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ცუდად დაწყებულ შეხვედრებსაც კი ჩინებულად აგრძელებს ხოლმე.

სწორ დაცვაზე ვლაპარაკობდით... ლიტვის ნაკრები ყველა სათამაშო კომპონენტში ძლიერია, მაგრამ ბალტიისპირელები პერიმეტრის ხაზიდან განსაკუთრებით სახიფათონი არიან. შორეული ტყორცნები უყვართ და ეხერხებათ კიდეც. აკი, საქართველოსთანაც ისროლეს 27 სამქულიანი, მაგრამ მხოლოდ რვა ჩააგდეს, იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარზე გადმოსვლისთანავე ჩვენები მეტოქეს თავისუფალ სივრცეს უზღუდავდნენ. ეს - პერიმეტრს გარეთ, სამწამიან ზონაში კი საქართველოს ნაკრებს, იშვიათად, რომ ვინმესი შეეშინდეს...

შეხვედრის ბედი ამ შეხვედრაშიც ბოლო წამებზე გადაწყდა. ამჯერად ბოლო შეტევების გმირი მაიკლ დიქსონი იყო, მაგრამ ბოლო წამები საბოლოო ანგარიშისაა, იქამდე კი მთელი მატჩი იყო. მატჩი, რომელსაც ერთი გმირი ჰყავდა, მაგრამ ერთი რომელიმე მოთამაშე კი არა - საქართველოს ეროვნული ნაკრები! თუმცა, თორნიკე შენგელია მაინც უნდა გამოვარჩიოთ - როგორია 29 ქულა ლიტვის ნაკრებთან?! "თოკომოტივი" (შენგელიას მეტსახელია. - ავტ.) მართლაც ლოკომოტივივით "ეწეოდა" თანაგუნდელებს და საბოლოოდ, "დეპოში" სწორედ ლიტვა დარჩა...

გერმანია 67:57 საქართველო

ლიტვასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ერთი დღე დაისვენა და 2 სექტემბერს "ცივი შხაპი" მიიღო გერმანიის ნაკრებისგან. როგორც ჩანს, პირველ ტურში მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა "სუსტ" გერმანიაზე კონცენტრირება ვეღარ მოახერხა და დაისაჯა კიდეც.

გერმანიას ნოვიცკივით გამორჩეული ვარსკვლავი აღარ ჰყავს, მაგრამ ძალიან სწრაფი გუნდია - არა მხოლოდ დაცვაში, შეტევაშიც თავქუდმოგლეჯილი გარბიან, სამქულიანებსაც კარგად ისვრიან და... შრიოდერი ჰყავთ! ქვეყნის ყოფილი კანცლერი გერჰარდი არა - დენის შრიოდერი. გუნდის ნამდვილი ლიდერია, სამქულიანების ტყორცნას თუ არ ჩავთვლით, ყველა პასი მისკენ მიდის და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში გაგვიშრო სისხლი.

თამამად შეიძლება ითქვას - უამრავი შეცდომის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა თვითონ წააგო მატჩი. პირველ ნახევარში ფარზე ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ ბურთი, გერმანელებს სამქულიანების ტყორცნის უფლებაც მივეცით, შრიოდერი ვერაფრით გავაჩერეთ (პირველ ნახევარში 19 ქულა ჩაგვიგდო), მერე კი მატჩის გადარჩენა ვეღარ მოვახერხეთ.

უამრავი შეცდომის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს მაინც შეეძლო გამარჯვება. თუმცა, ბოლო მეოთხედში ბურთის დაკარგვებში ლამის რეკორდი დაამყარა და 13-ქულიანი ჩამორჩენა მხოლოდ ათამდე შეამცირა - 57:67.

რაც შეეხება უკრაინასთან მესამე ტურის მატჩს, ის კვირას გაიმართა და ჩვენი გაზეთის ამ ნომერში მისი შედეგი ვერ მოხვდა.