ვალსის და შნიცელის გარეშე - კვირის პალიტრა

ვალსის და შნიცელის გარეშე

"უკეთეს ფორმაში მყოფებზე მეტად, ვაისი მაინც იმ უთამაშებლებს ენდობა, ცვლილებებსაც ბოლო წუთებამდე უფრთხილდება, თუმცა სლოვაკის თავკაცობით საქართველოს ნაკრები ნამდვილად ცდილობს ფეხბურთის თამაშს"

ბოლო ორი მატჩის მსგავსად, საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში ვერც მოიგო და არც წაუგია. ანუ ვენაში ვერც "ვალსი" ვნახეთ, ვერც - ქართველების მომზადებული"შნიცელი და ჩვენი გუნდის თამაშმა ამჯერადაც გაორებული გრძნობა დაგვიტოვა... მოკლედ, წაიკითხეთ ძველებური სცენარის, ლამაზი ქართული გოლის, ყურებჩამოყრილი ავსტრიელებისა და მორიგი 1:1-ის ამბავი:

ვალსი წლისთავზე?!

საქართველოს ნაკრები თბილისური მატჩიდან ზუსტად ერთი წლის თავზე ესტუმრა ავსტრიას (შარშან მარსელ კოლერის შეგირდებს სწორედ 5 სექტემბერს დავუხვდით. - ავტ.) და მართალია, თბილისში წაგებისთვის რევანში ვერ აუღო, მაგრამ მასპინძლებს არც "ვენური ვალსი" ააჟღერებინა და ერნსტ ჰაპელ შტადიონიდან ქულა წამოიღო. შესაძლოა, წლისთავი მეტისმეტად უხეშად ჟღერს, მაგრამ უელსთან წაგების შემდეგ ავსტრიელებს სამხიარულოდ ისედაც აღარ ჰქონდათ საქმე და მასპინძლების უფრო დამწუხრებაში წვლილი საქართველოს ნაკრებსაც მიუძღვის.

არ ვამბობთ, რომ ყურებჩამოყრილი მხოლოდ ავსტრია უნდა იყოს, ჩვენ კი სამხიარულოდ გვქონდეს საქმე. შესარჩევი ეტაპის რვა მატჩიდან ერთსაც რომ ვერ მოიგებ, რა ზეიმსა და წინსვლაზეა ლაპარაკი?! თუმცა წაგებას ფრე ნამდვილად სჯობს და სანამ ოფიციალურ მატჩებშიც გავიხსენებთ მოგების დავიწყებულ გემოს (ამ შესარჩევში ძალიან გაგვიჭირდება), კინკილა გოლებითა და ეპიზოდებში ნაჩვენები კარგი თამაშით ვიმშვიდებთ თავს. თამაშის მიმდინარეობას, სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროსა და, რაც მთავარია, ქართველი ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებს თუ გავითვალისწინებთ, ავსტრიის ამ ნაკრებისთვის სტუმრად ქულის ართმევით კმაყოფილი უნდა ვიყოთ.

სხვა საკითხია, რაში გვარგია ეს ერთი ქულა, ან საქართველოს ნაკრების მოუგებელი სერია როდემდე გაგრძელდება, მაგრამ თუ რეალობას გავუსწორებთ თვალს, იქნებ ასეთი კრიტიკულებიც არ ვიყოთ. გასაგებია, რომ მერვე წუთზე, სტუმრად დაწინაურების შემდეგ, მოგების ამბიცია გიჩნდება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ვეთამაშებოდით გუნდს, რომელსაც მსოფლიო დონის რამდენიმე მოთამაშე ჰყავს და დანარჩენებიც ბუნდესლიგაში, პრემიერლიგასა თუ ავსტრიის უძლიერესი კლუბების შემადგენლობაში თამაშობენ, საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობა კი თანაკლუბელთა თამაშს სათადარიგოთა სკამიდან ან ტრიბუნიდან ადევნებს ხოლმე თვალს, ნაკრების კაპიტანი კი სულაც უკლუბოდ არის... ამის შემდეგ მაინც გვიკვირს, ქართველი ფეხბურთელები პირველივე ტაიმის მიწურულს რატომ კარგავენ ბურთს, ენერგიასა და კონცენტრაციას...

ვენა, VIDI, VICI ვენაში მივიდა, ნახა, ვერ გაიმარჯვა!

მაგრამ საქართველოს ნაკრებმა, რაც შეეძლო, იბრძოლა, ეპიზოდურად კარგი თამაშიც აჩვენა და, რაც მთავარია, სანამ ჯანი ეყო, ფეხბურთი ითამაშა! ითამაშა და ვენის"ერნსტ ჰაპელიდან" ერთი ქულა და სუსტი იმედიც წამოიღო...

იმედი, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შესარჩევ ციკლში მაინც აღარ იქნება "ერთი ტაიმის გუნდი"და პროგრესიც მხოლოდ წაუგებლობას (თემურ ქეცბაიას ამისთვის არ ვაკრიტიკებდით?!) კი არა, გამარჯვების გემოს გახსენებას დაერქმევა!

იძულებითი ან ტაქტიკური ცვლილებები შემადგენლობაში აუცილებლად იქნებაო, ვლადიმერ ვაისმა ავსტრიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გვითხრა. ცვლილება ერთი ვნახეთ - ჯიღაური დისკვალიფიკაციამოხდილმა კანკავამ შეცვალა. ნაკრების კაპიტანმა მთელი მატჩის განმავლობაში ჩვეულად იბრძოლა, თუმცა შეცდომაც ბევრი დაუშვა. აშკარად ეტყობოდა, უთამაშებელი რომ არის.

საქართველოს ნაკრების სათამაშო სქემაში ახალი ბევრი არაფერი ყოფილა: დაცვაში იგივე ოთხეული, რაც ირლანდიასთან ვნახეთ, საყრდენებად - კვეკვესკირი, კანკავა და გვილია, ფლანგზე გადაყვანილი ანანიძე და ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი -"მშობლიურ სტადიონზე მოთამაშე გიორგი ქვილითაია (ერნსტ ჰაპელი"გიორგის ამჟამინდელი კლუბის -"ვენის "რაპიდის" საშინაო არენაა. -ავტ.). "რაპიდისა" რა გითხრათ, მაგრამ საქართველოსთან მატჩში სანახევროდ შევსებულ ტრიბუნებზე შეკრებილი ავსტრიელები მთელი მატჩის განმავლობაში გაუჩერებლად ქომაგობდნენ საყვარელ ნაკრებს, იმის მიუხედავად, რომ უელსთან წაგების შემდეგ ავსტრიამ, ფაქტობრივად, დაკარგა მუნდიალზე მოხვედრის შანსი.

ეს შანსი ჩვენ ავსტრიელებზე ადრე დავკარგეთ, თუმცა, მასპინძელთა ფანების გარდა, ერნსტ ჰაპელზე"ასიოდე ჩვენებურმა ქომაგმა მაინც მოიყარა თავი. ძირითადად, ავსტრიაში მცხოვრები ქართველები იყვნენ, ზოგიერთი - მეზობელი ქვეყნებიდან ამ მატჩისთვის ჩამოსული ჩვენი თანამემამულეც. უმეტესობა სასიამოვნოდ გააკვირვა გასვლით შეხვედრაზე ქართველი ჟურნალისტების დანახვამ. ბოლო წლებში ასეთი რამ ჩვენთვისაც უჩვეულოა და ამ ტრადიციის დამკვიდრებისთვის საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის.

ფეხბურთი ხომ მხოლოდ ბურთი და მოედანი არ არის. სტადიონს მიღმა, თამაშამდე და მის შემდეგაც უამრავი საინტერესო რამ ხდება და ხშირად ქომაგს ამ ამბების აღწერა უფრო აინტერესებს, ვიდრე ტელერეპორტაჟით ისედაც ნანახი ფეხბურთი. ამიტომაც მატჩის მიმდინარეობაზე ბევრს არ ვილაპარაკებთ.

გერმანელი ვენის სტადიონზე

ავსტრიაში ვალსი და მარში რა გასაკვირია, მაგრამ მატჩის შტრაუსის დიდებული მარშის ფონზე დაწყება საოცრად შთამბეჭდავი სანახაობა გამოდგა. სად გერმანელი შტრაუსი და სად ავსტრიის ნაკრებიო, იკითხავთ. ჯერ ერთი, შტრაუსის ემოციური მუსიკა საოცრად მოუხდა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონის მღელვარე ტრიბუნებს. მერე კიდევ, ავსტრიის ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობა სწორედ გერმანულ კლუბებში თამაშობს და შტრაუსი კი არა, ანგელა მერკელის სტუმრობაც ვერ გააკვირვებდათ. თუმცა, შტრაუსსა და მოცარტზე კარის მეზობლებმა"იდავონ, ჩვენთვის კი უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ დაახლოებით რვა წუთში მარში ქართულ "მრავალჟამიერში" გადაიზარდა: ანანიძემ დიდოსტატური პასი შეაყოლა საჯარიმოში მარცხნიდან შესულ გვილიას და კევინ დანსოს პირისპირ დატოვა, ვაკომ კი ერთი მოძრაობით ჩამოიცილა ავსტრიელი მცველი და ლინდერს მარცხენა კუთხეში გაუტანა - 0:1.

სხვათა შორის, ერნსტ ჰაპელს კარგი მუსიკა არც მანამდე აკლდა: სხვადასხვა დროს ამ სტადიონის ტრიბუნები გაუვსიათ "როლინგ სტოუნზს", "პინკ ფლოიდს", U2-ს, მაიკლ ჯექსონს, ტინა ტერნერს, რობი უილიამსს... ასე რომ, იქაურების სიმღერით გაკვირვება ძნელია, ჩვენნაირი თამაშით - მით უმეტეს, თუმცა რამდენჯერმე საქართველოს ნაკრებმა მასპინძლების გაკვირვებაც მოახერხა და დაბნევაც. გოლის შემდეგ ჩვენი გუნდი აუღელვებლად იცავდა თავს და არც ბურთის უმისამართო მოგერიება სჭირდებოდა. თუმცა, ტრადიცია არ დაგვირღვევია და დაწინაურების შემდეგ, მეტოქისაზე მეტად, საკუთარი კარისკენ უფრო ხშირად დავიწყეთ ყურება, ავსტრიამ კი ძAალა მოიკრიბა და თანდათან მაკარიძის საჯარიმოსაც გაუშინაურდა. არა, გიორგიმ ძალიან კარგად ითამაშა. ირლანდიასთან გაშვებული გოლის გამო ავსტრიასთან მატჩის პირველ წუთებზე აშკარად უფრთხოდა მაღალ ბურთებზე გამოსვლას, მაგრამ მერე თავისუფლად ათამაშდა და ვენიდან ქულა რომ წამოვიღეთ, მეტწილად, სწორედ მეკარის დამსახურებაა.

მაგრამ პირველი ნახევრის შუაწელიდან ავსტრია უპირატესობას სრულად დაეუფლა, ტაიმის ბოლო წუთები კი ამჯერადაც თავისტკივილად ექცა საქართველოს ნაკრებს: 44-ე წუთზე ბაუერმა იოლად მოიგო საჰაერო ორთაბრძოლა და ბურთი კარის წინ მყოფ კაინცს გადააბარა, რომელსაც მაკარიძემ ორიოდე მეტრიდან აუღო, მაგრამ მოედანზე ტრავმირებული ალაბას ნაცვლად შესული შაუბის დარტყმას ვეღარაფერი მოუხერხა - 1:1.

მასპინძელთა სახიფათო შეტევები ტაიმის დარჩენილ დროში და მეორე ნახევრის საწყის წუთებზეც გაგრძელდა, მერე კი საქართველოს ნაკრებიც გამოცოცხლდა და ვაისის შეგირდებმა რამდენჯერმე სახიფათო შეტევაც გაახერხეს. რაც შეეხება თვითონ ვაისს, სლოვაკი მწვრთნელი მოედნის კიდესთან კი აქტიურობდა, მაგრამ შეცვლებში - არც ამჯერად. ფაქტობრივად, ამ მატჩშიც ერთადერთი ცვლილება ვნახეთ (გადაღლილი გვილიას ნაცვლად - მერებაშვილი, 68-ე წუთზე), მოედანზე დვალიშვილისა (88) და ხოჭოლავას (90+2) შეყვანა კი დროის გაყვანას უფრო ჰგავდა... აკი, თქვა კიდეც ვაისმა ნამატჩევს, ამ ერთი ქულით კმაყოფილი ვარო...

და ჩვენ რით ვართ კმაყოფილი? როცა მოგება სანატრელი გაქვს, მეტი რა გზაა - თითო-ოროლა გოლითა თუ ეპიზოდური გამონათებებით უნდა დაკმაყოფილდე და "მომავალ შესარჩევ ციკლს დაელოდო"...

დღეს კი რას ვითხოვთ ჩვენი ნაკრების მწვრთნელის ან ფეხბურთელებისგან?! ვერ ვიტყვით, არ ინდომებენო - რაც შეუძლიათ, ცდილობენ, სანამ ჯანი ჰყოფნით, იბრძვიან და მაქსიმალისტები რომ არ ვიყოთ, უთამაშებელი ფეხბურთელებით ირლანდია-ავსტრიისთვის ქულების ართმევაც უნდა გვაკმაყოფილებდეს...

ავსტრიელმა ფეხბურთელებმა საქართველოსთან მატჩი პრესის და ქომაგებისგან შერისხულ მარსელ კოლერს მიუძღვნეს. მონდომება ეტყობოდათ კიდეც. თუმცა, ვენური არც "ვალსი" გამოუვიდათ და მით უმეტეს - ვერც ქართულად შნიცელი დააგემოვნეს. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა და მიმდინარე შესარჩევ ციკლში მეოთხედ ითამაშა 1:1.

ვაისი

მღვდელი ჭილოფშიც იცნობა, მწვრთნელი - შედეგით. ავსტრიის ნაკრებს კიდევ ჰქონდა ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი, როცა ავსტრიელი ჟურნალისტები და ქომაგები ერთხმად ითხოვდნენ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის - მარსელ კოლერის გადაყენებას... თუმცა, კოლერისა ავსტრიელებმა იკითხონ, ჩვენ კი ჩვენს გაჭირვებას და... მწვრთნელს მივხედოთ. რვა მატჩი: ხუთი - ფრე, სამი - წაგება და არც ერთი გამარჯვება - ასეთია ვლადიმერ ვაისის სტატისტიკა შესარჩევ მატჩებში. მხოლოდ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, სლოვაკს არც თვითონ უნდა სურდეს საქართველოში დარჩენა, მაგრამ... ავსტრიაში გამართული პრესკონფერენციისას გვითხრა, რომ სფფ-სგან უკვე მიიღო შეთავაზება კონტრაქტის გაგრძელებაზე და გადაწყვეტილებას სერბეთთან მატჩის შემდეგ მიიღებს. მანამდე ერთი თვეა, თუმცა ახლავე შეგვიძლია ვთქვათ: თუ ფედერაცია და ვაისი ვერ შეთანხმდებიან, გამოდის, რომ ბოლო ორი წელიწადიც ისევე ფუჭად დაგვიკარგავს, როგორც სხვა არაერთი...

ვლადიმერ ვაისს შეცდომებიც აქვს და ნაკლიც. ჩემს ფეხბურთელებს კლუბებში პრაქტიკა არ აქვთო და... შედარებით უკეთეს ფორმაში მყოფებზე მეტად მაინც იმ უთამაშებლებს ენდობა. ცვლილებებსაც ბოლო წუთებამდე "უფრთხილდება. ოღონდ, ვიმეორებ: სლოვაკი მწვრთნელის თავკაცობით საქართველოს ნაკრები ნამდვილად ცდილობს ფეხბურთის თამაშს. ხან გამოსდის, ხან - არა, თუმცა ცდილობს! მაგრამ"მხოლოდ წვრთნა რას უზამს, თუ ფეხბურთელმაც არ უშველა?!"

ამიტომაც პრობლემის თავი და თავი, უპირველესად, სწორედ ფეხბურთელები და მათი კონდიციებია. და როცა აშკარად დავინახავთ, რომ მოთამაშეები საუკეთესო ფორმაში არიან, ნაკრების მწვრთნელი კი მათ სათანადოდ ვერ იყენებს, პასუხიც მაშინ მოვთხოვოთ, თანაც - მკაცრად!

წლის თავი და ბოლო

შესავალში წლისთავი ვახსენეთ... არადა, ჩვენთვის"წლისთავმაც გაიარა და ლამის შესარჩევი ციკლიც დამთავრდა, საქართველოს ნაკრებს კი მოგებების გრაფაში ისევ ნული უწერია... და დარჩენილ ორ შეხვედრაში ქვეჯგუფში პირველ-მეორე ადგილისთვის მებრძოლ უელსს და სერბეთს ვხვდებით.

მათზე ძლიერი გუნდებიც გაგვიმწარებია ბოლო, ჩვენთვის არაფრისმომცემ მატჩებში. და რაკი კარის აღებას იშვიათად ვახერხებთ, იქნებ"კარის გაჯახუნება" მაინც გავიხსენოთ!