"ასე თუ შევხედავთ, წასვლის დრო არასდროს მოვა..."
02-10-2017
"ასე თუ შევხედავთ, წასვლის დრო არასდროს მოვა..."
"თუ თავს კარგად გრძნობ, როგორ არ ითამაშებ?! მაგრამ სურვილი ერთია, შესაძლებლობა - მეორე"

მანუჩარ მარკოიშვილი ორი კვირის წინ ჩავიდა რეჯო ემილიაში და თავის გამოჩენა "რეჯანას" მაისურით ნათამაშებ სადებიუტო შეხვედრაშივე მოახერხა. თუმცა, მანუსთან საუბრისას, ძირითადად, ნაკრებსა და ევრობასკეტზე ვილაპარაკეთ და ისიც დავაზუსტეთ, რომ ჯერჯერობით მანუჩარ მარკოიშვილი ისევ ეროვნული გუნდის წევრია:

- ოფიციალურად არსად მითქვამს, რომ სანაკრებო კარიერა დავასრულე! როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ვუპასუხე, ნაკრებიდან წასვლა ნამდვილად არ მსურს, პირიქით - თამაში
ძალიან მინდა, მაგრამ ვნახოთ, როგორ ფორმაში ვიქნები და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მივიღებ-მეთქი, ბოისამ გამაწყვეტინა, ასე, "შენი ნებით", ვერ წახვალო... ვიმეორებ, არც ვაპირებდი, მაგრამ წინადადების დასრულება ვეღარ მოვასწარი და, როგორც ჩანს, ამიტომ გავრცელდა ხმა, თითქოს ნაკრებიდან მეც წავედი...

- ე.ი. მანუ ნაკრებში რჩება?

- ყველას, ვინც
სანაკრებო კარიერა დაასრულა, თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ მე ძალიან მინდა, ეროვნულ გუნდში კიდევ რამდენიმე წელიწადი ვითამაშო, დავეხმარო ნაკრებს და ახალგაზრდა თანაგუნდელებს გამოცდილება გავუზიარო.

- თავისი მიზეზები აქვთო, მაგრამ... ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები წამყვანი მოთამაშეების გარეშე რჩება...

- ბუნებრივია, გული დამწყვიტა ზაზას და "ბუს" (გიორგი ცინცაძის მეტსახელია. - ავტ.) გადაწყვეტილებამაც, მაგრამ სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგები, ამ ყველაფერს მაინც ვერ ვაცნობიერებ. ვიქტორმა კი წელს ერთხელაც ვერ ითამაშა ჩვენთან ერთად და ყველაზე მეტად მისი არყოფნა ვიგრძენი. ცხადად, მოედანზე განვიცადე მისი არყოფნა! როცა ვფიქრობ, როგორ ფასდაუდებელ დახმარებას გაგვიწევდა ევრობასკეტზე ვიქტორის დონის კალათბურთელი, გულისტკივილით ვხვდები დანაკლისის ფასსაც და იმასაც, რომ აღარ მექნება შესაძლებლობა, ვითამაშო მეგობრებთან ერთად, ვისთანაც არაერთი წელი გამიტარებია. ძალიან მინდა, რომ თუ შესაძლებელია, გადაწყვეტილება შეცვალონ!

- შესაძლოა, მეგობრების არჩევანმა შენს გადაწყვეტილებაზეც იმოქმედოს? დააჩქაროს ან პირიქით - გადადოს ნაკრებიდან მანუჩარ მარკოიშვილის წასვლა?

- მანამდეც ბევრჯერ მიფიქრია არა მხოლოდ ნაკრებიდან, კალათბურთიდან წასვლაზეც კი! როცა ტრავმა ან პრობლემები გაქვს, როცა ისე ვეღარ აკეთებ საყვარელ საქმეს, როგორც საჭიროა, ეს ბუნებრივია. თავს უნდა ებრძოლო, უპირველესად, საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცო, რომ ნამდვილად აღარ შეგიძლია, ჯანი აღარ მოგდევს და გადაწყვეტილება მერე მიიღო. ხანგრძლივი პაუზის მიუხედავად, წელს დარწმუნებით ვგრძნობდი, რომ შემეძლო, სარგებელი მომეტანა ნაკრებისთვის და ვითამაშე კიდეც. თუ თავს კარგად გრძნობ, როგორ არ ითამაშებ?! მაგრამ სურვილი ერთია, შესაძლებლობა - მეორე. შეიძლება, ძალიან მინდოდეს თამაში, მაგრამ ნოემბერში მივხვდე, რომ ფიზიკურად ვეღარ შევძლებ ნაკრების დახმარებას...

- ყველა სპორტსმენის სურვილია, ფორმის პიკში მყოფმა დატოვოს გუნდი, ქომაგებს თავი საუკეთესოდ დაამახსოვროს... გარკვეულწილად, ალბათ, ესეც იყო თუნდაც ზაზა ფაჩულიას გადაწყვეტილების მიზეზი... რა თქმა უნდა, მხოლოდ სპორტსმენის გადასაწყვეტია, სად და როდემდე ითამაშებს, მაგრამ... არ ფიქრობ, რომ ზაზამ, ცოტა არ იყოს, ეგოისტური გადაწყვეტილება მიიღო? ნაკრების კაპიტანს ხომ ჯერ კიდევ შეეძლო, დიდი სარგებლობა მოეტანა ეროვნული გუნდისთვის?!

- ასე თუ შევხედავთ, წასვლის დრო არასდროს მოვა... ზაზამ 17 წლის განმავლობაში ითამაშა ნაკრებში და უამრავი ზაფხული გაატარა ოჯახის წევრების გარეშე. თანაც, თავის პოზიციას "ცარიელს" არ ტოვებს - გვყავს შერმადინი და ბითაძე, ასე რომ, ცენტრის პოზიცია ნაკლებად პრობლემურია საქართველოს ნაკრებისთვის. საკლუბო მატჩების გამო ნოემბერში, თებერვალსა და ივლისში ფაჩულია მაინც ვერ დაგვეხმარებოდა. დიახ, ჯერ კიდევ შეუძლია ნაკრებისთვის დიდი სარგებლობის მოტანა, მაგრამ ამ მიზეზების გათვალისწინებით, ზაზამ მაინც სწორად შეარჩია წასვლის დრო!

- როგორი იქნება საქართველოს ნაკრები ფაჩულიას, სანიკიძის, ცინცაძის გარეშე?

- მოედანზეც ძალიან გამიჭირდება ასეთი დამხმარეების გარეშე და შესაძლოა, მართლაც ვიფიქრო, რომ სჯობს, მეც წავიდე ნაკრებიდან და ახალგაზრდებს მივცე განვითარების შესაძლებლობა, ვიდრე ხელი შევუშალო, ან სათანადოდ ვერ დავეხმარო! ალბათ, ნოემბერში ვერც შერმადინი და შენგელია დაგვეხმარებიან და...

- რაკი ნოემბერი ახსენე, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ვთქვათ - რა შანსი გვაქვს სერბეთის, გერმანიის და ავსტრიის წინააღმდეგ?

- ძალიან მცირე! სერბეთი NBA-ს მოთამაშეების გარეშეც უძლიერესია და კარგი გუნდების შეკრება არც გერმანიას და არც ავსტრიას გაუჭირდებათ...

- მთავარ თემაზე გადავიდეთ: ჩინებული სტარტის მიუხედავად, ბუნებრივია, 2017 წლის ევრობასკეტი ცუდად გახსენდება...

- გულდასაწყვეტია, რომ კარგად დაწყებული ცუდად დავასრულეთ, მაგრამ... ისეთი შეხვედრები მოვიგეთ, რომლებიც არაფერში გამოგვადგა, აუცილებლად მოსაგები მატჩები კი დავთმეთ! ლიტვასთან მთელი მობილიზებით, უდიდესი ენთუზიაზმით ვითამაშეთ და მოვიგეთ კიდეც, მაგრამ მერე?! ვერ ვიტყვი, თითქოს ჩემს რომელიმე თანაგუნდელს "თავში აუვარდა", რადგან ვხედავდი, როგორი მონდომებულები იყვნენ... გერმანიის ნაკრებმა წარმატებული ტაქტიკა შეიმუშავა და სხვა მეტოქეებმაც იმავე ტაქტიკით უპოვეს "გასაღები" საქართველოს ნაკრების დაცვას. და კიდევ - არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაგვეგო უკრაინასთან!

- როცა ვნახეთ, რომ ყველა მეტოქემ ერთი ტაქტიკით მოარგო "გასაღები" ქართულ დაცვას, ტაქტიკა ხომ უნდა შეგვეცვალა?!

- ვცადეთ, მაგრამ როცა თამაში, ძირითადად, ცენტრალურ თავდამსხმელებზეა აგებული, როცა ორი თვის განმავლობაში ამაზე მუშაობ, ასე სწრაფად შეცვლა რთულია. ცვლილება არ იყო, როცა დიქსონი უფრო მეტად იღებდა ინიციატივას? მაგრამ ძირითადი ტაქტიკა მაინც ფაჩულია-შერმადინი-შენგელიას პასებით დატვირთვა იყო, რათა მათ დანარჩენებისთვის "გაეხსნათ" თამაში. დაცვაშიც და თავდასხმაშიც ძალიან კარგი ტაქტიკა გვქონდა და წარუმატებლობა ტაქტიკური შეცდომების ბრალი ნამდვილად არ არის - მიზეზი ტექნიკური ხარვეზები და ბურთის ხშირი დაკარგვა უფროა!

- გარდა იმისა, რომ ბევრი ენერგია შევალიეთ, ლიტვასთან მოგებამ მენტალური თვალსაზრისითაც ხომ არ გაგვიწია დათვური სამსახური?

- არა მგონია. შესაძლოა, ვინმეს მეტი ამბიცია გაუჩნდა და ჩემპიონობაზე ოცნებაც დაიწყო, მაგრამ დათვურ სამსახურს მაინც ვერ დავარქმევდი. ლიტვის გარდა, პირველ მატჩში ვისაც უნდა შევხვედროდით - გერმანია იქნებოდა თუ უკრაინა, მასთან გამარჯვება გაცილებით ფასეული იქნებოდა, რადგან იმ ერთი მარცხის მიუხედავად, ლიტვამ ჯგუფში მაინც პირველი ადგილი დაიკავა, ჩვენ კი ბალტიისპირელებთან მოგება არაფერში გამოგვადგა.

- შეცდომების გამო წავაგეთო... ძირითადი ხუთეულის წევრი მატჩში 35-36 წუთს რომ ითამაშებს, შეცდომა რა გასაკვირია?! მარცხის ერთ-ერთი მიზეზი სათადარიგოთა "მოკლე" სკამიც ხომ იყო?

- ბუნებრივია. 2-3-წუთიანი დასვენებაც კი ძალიან დაგვეხმარებოდა. მაგრამ ვბრაზდები, როცა ვკითხულობ, თუ ამ სათადარიგოებს არ ენდობოდა, ზუროს სხვა მოთამაშეები წაეყვანაო! თუ მწვრთნელი ვერ ან არ ენდო ამ ბიჭებს, მერწმუნეთ, ვინც უნდა წაეყვანა, არც მათ ენდობოდა! ორთვიანი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში ამ ბიჭებმა ნამდვილად დაიმსახურეს ნაკრებში ყოფნა და მინდა, ყველას ვთხოვო - დაუმსახურებლად ნურავის მიაყენებენ შეურაცხყოფას!

- მოსამზადებელ ეტაპზეც და ლიტვასთანაც მეორე ნახევარს პირველზე უკეთ ვთამაშობდით. ევრობასკეტის დარჩენილ მატჩებში კი... რატომ?

- ეს მეც ძალიან მაინტერესებს და ჯერ ვერ ვნახე პროფესიონალი, ვინც ამის მიზეზს ამიხსნის. ხომ არ შეიძლება, ხუთივე მოთამაშემ ერთდროულად დაკარგოს კონცენტრაცია, ან პირიქით - მთელმა გუნდმა ერთდროულად "იფრინოს"? ფაქტია, რომ ანგარიშში ჩამორჩენა ცალკეული მოთამაშის შეცდომას მოსდევდა. გადაღლილობასაც ნუ გამოვრიცხავთ.

- რას უპასუხებ მათ, ვინც ფიქრობს, რომ ნაკრებმა ფორმის პიკი მოსამზადებელი ეტაპისას გაიარა, ევრობასკეტს კი გამოფიტული შეხვდა?

- ვინც ასე ფიქრობს, კალათბურთის არაფერი გაეგება! არის დეტალები, რაზეც ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ თუ ფორმის პიკში არ ვიქნებოდით, 35 წუთს გავძლებდით მოედანზე?!

- საქართველოს ნაკრები ემოციური გუნდია. ეს თვისება გვეხმარება თუ ხელს უფრო გვიშლის?

- ემოციურობაზე მეტად ჩვენს მებრძოლ ხასიათს გამოვყოფდი - მოედანზე რაც უნდა მომხდარიყო, გვჯეროდა, რომ მოგება შეგვეძლო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით. დიდია ზუროსის როლიც - ბერძენი მწვრთნელი სწორ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა და ჩემი აზრით, დროული იყო ის ტექნიკური ფოლებიც, რომლების გამოც ბევრმა გააკრიტიკა. იმ ტექნიკური ჯარიმების შემდეგ მსაჯები ისე ძალიან აღარ გვჩაგრავდნენ, როგორც მანამდე!

- როცა ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ ჰკითხეს, რატომ არ იღიმიო, ზუროსმა უპასუხა, იმიტომ, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერიაო...

- და არც შემცდარა! ილიას ზუროსი ძალიან კარგი პიროვნება და მწვრთნელია. თავდაპირველად გამიჭირდა მასთან მუშაობა. ისეთ წვრილმანებზე ამახვილებდა ყურადღებას, ცოტა არ იყოს, გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ ამ ყველაფერს თითოეული კალათბურთელის და გუნდის სასიკეთოდ აკეთებდა... ზუროსი გამოცდილი მწვრთნელია, რომელმაც იცის, როგორ ათამაშოს ქართველი კალათბურთელები და სრულად გამოიყენოს რესურსი.

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით