"ეს ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა" - უცნაური ჯებირი და აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გარშემო - კვირის პალიტრა

"ეს ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა" - უცნაური ჯებირი და აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გარშემო

ბოლო დღეეებია არ წყდება აჟიოტაჟი ზუგდიდში მშენებარე სტადიონის გარშემო. როგორც ცნობილია, ზუგდიდში უეფას მესამე კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონი შენდება. მოედნის გარშემო, სტადიონის საფარიდან სამ მეტრში ბეტონის ჯებირი გაკეთდა, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს უეფა-ს სტანდარტების დარღვევაა, რადგან მოთამაშეთა უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დომენტი (ზვიად) სიჭინავამ ეჭვქვეშ დააყენა მოსაზრება, თითქოს, სტადიონი უეფას სტანდარტებით შენდება. მისი თქმით, მოედნის გარშემო აშენებული ბეტონის ჯებირი ამ სტანდარტების დარღვევაა.

ზუგდიდის მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსის, მამუკა ლოგუას თქმით, სტადიონი უეფას სტანდარტების შესაბამისად არის დაპროექტებული.

"ამის დასტურად წარმოგიდგენთ 2015 წლის 1 ივლისით დათარიღებულ დოკუმენტს, რომელსაც ხელს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა აწერს. საპროექტო ორგანიზაციის მიმართ დომენტი სიჭინავას მიერ გაგზავნილ წერილში წერია - "თქვენ მიერ წარმოდგენილი პროექტი საფეხბურთო ფედერაციის მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს და მასზე ფედერაციის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა არის დადებითი". ამის შემდეგ მისი პრეტენზიები გაუგებარია", - განაცხადა ლოგუამ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, პროექტი ზვიად სიჭინავას მოწონებულია: "სტადიონზე პრობლემა თუ არის, იქ სათამაშოდ არავის შეუშვებენ. ჯერ კლუბმა უნდა მიმართოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ სტადიონს ლიცენზია მიანიჭოს. შემდეგ ფედერაციის შესაბამისი სამსახური სტადიონების ინსპექტირებას დაიწყებს და მერე გვეცოდინება, რა არის ხარვეზი, რა არის გამოსასწორებელი და რა არის საჭირო, უეფას ლიცენზია რომ მივიღოთ. სიჭინავასგან ხელის გამოშვერას ვერ მივიღებთ. მაგრამ ვიმეორებ, მშენებლობაში კორექტივების შეტანა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, ასეთი გამოხტომები კი გაუგებარია". (იხილეთ)

ლოგუას ზვიად სიჭინავა გამოეხმაურა.

"ბატონი ირაკლი გოგოხია (ზუგდიდის მერი) აპელირებს ჩემს წერილზე. პროექტი ჩვენი არაა. მე მივწერე რეკომენდაცია (დამპროექტებელს) და რომ ვეთანხმები პროექტს, რომელიც მანამდეც არსებობდა და სამჯერ შეიცვალა და ალბათ, მერეც ასე მოხდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტს ხელი მოაწეროს. უბრალოდ, ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია გასცეს რეკომენდაციები, რადგან ლაპარაკი იყო, რომ ზუგდიდის სტადიონი უეფას სტანდარტების მიხედვით უნდა აშენებულიყო და მესამე კატეგორიის ყოფილიყო. საამისოდ კი არაერთი მოთხოვნა არსებობს - გასახდელების, უსაფრთხოების, პრესსამსახურის, მიქსზონის...

ანუ მთავარია, რომ ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას, პროექტს კი ხელს არ ვაწერთ. მოედნის საფართან ბეტონის მესერის აშენებისთვის ხელი არ მომიწერია".

მელიტონ ხურცილავა, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი: "ჩვენ მშენებლები ვართ და რა პროექტსაც მოგვიტანენ, იმასაც ვახორციელებთ. ეს ბეტონის ჯებირი კი თავიდანვე გათვალისწინებული იყო".

როგორც გაზეთ "ლელოსთან" უეფას მედიაოფიცერმა, ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა მამუკა კვარაცხელიამ განაცხადა, ზუგდიდში მშენებელმა კომპანიამ ფედერაციას არ მიმართა.

- ფეისბუქზე" ფოტოების განთავსების შემდეგ ფედერაციის ბევრმა თანამშრომელმა გაკვირვება გამოხატა ამ ბეტონის ბარიერის გამო, მეც პროფესიულმა ალღომ მიკარნახა და დასავლეთ საქართველოში სხვა სტადიონების სალიცენზიო ტურის დროს, ზუგდიდის სტადიონზე აღნიშნული ბეტონის კედლის სანახავად შევიარე.

- ეს უსაფრთხოების წესების დარღვევაა?

- ფიფას, უეფასა და სფფ-ის ყველა შესაბამისი დებულება თუ პარაგრაფი გვეუბნება: მანძილი გვერდითი ხაზიდან შემოღობვამდე უნდა იყოს 6 მეტრი, ხოლო კარის ხაზიდან შემოღობვამდე - 7.5 მეტრი.

- შემოღობვაში რა იგულისხმება?

- მყარი წინაღობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნის. მანძილი სარეკლამო დაფებამდე გვერდითი ხაზიდან, მინიმუმ, 4 მეტრი, კარს უკან - 5 მეტრი, ხოლო კუთხურებთან - 3 მეტრი უნდა იყოს. იგულისხმება სარეკლამო დაფები, რომელიც მინდვრის გარშემოა განლაგებული და რომელთა სიმაღლე არის 90-100 სმ. ცხადია, სარეკლამო დაფები შესაბამისი რბილი მასალით არის დამზადებული, დევს მინდვრის დონეზე და მყარად არ არის დაფიქსირებული ნიადაგსა თუ სარბენ ბილიკზე.

- აბა ზუგდიდის სტადიონის მშენებლებმა რა შეცდომა დაუშვეს?

- ალბათ, არსებული ბეტონის შემოღობვა სარეკლამო დაფების მისამაგრებელ ადგილებად მიიჩნიეს, რაც, ბუნებრივია, ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა. ასეთი რამ 2013 წელს ქუთაისის "ტორპედოს" მცველს, გიორგი ონიანს შეემთხვა და კარიერა დაასრულა.

ანუ ზუგდიდში ახლა ორი ვარიანტი აქვთ - ეს ბეტონის ბარიერები უნდა აიღონ ან მოედნის სიგანე შეამცირონ.

აქ კი საკითხი ასე დგას: კატეგორიების მიხედვით, მინდვრის ზომებს შორის შემდეგი განსხვავებაა: მე-2 კატეგორიის სტადიონის მინდვრის ზომებია 100 მეტრი 64 მეტრზე, ხოლო მე-3 კატეგორიის - 105 მეტრი 68 მეტრზე. ანუ, თუკი ზუგდიდის სტადიონის მინდორმა არ დააკმაყოფილა შესაბამისი ზომები, მე-3 კატეგორიას ვერ მიიღებს და მეორე კატეგორიისთვის იბრძოლებს. მოედანს სფფ-ის შესაბამისი, ოფიციალურად მოწვეული კომისია გაზომავს. (იხილეთ ვრცლად)