ბეილი გარეთ, მოგება კი მაინც არ ჩანს... - კვირის პალიტრა

ბეილი გარეთ, მოგება კი მაინც არ ჩანს...

საქართველოს ნაკრებმა იბრძოლა, მაგრამ კრეატიულობისა არაფერი ეცხო და მეტწილად, ფლანგებიდან ცდილობდა ხეირის ნახვას

გარეთ ბეილი ნაკრებს გარეთ დარჩა და თბილისში არ ჩამოვიდა, მაგრამ უელსის ნაკრებმა მთავარი ვარსკვლავის გარეშეც მოახერხა "დინამო არენიდან" სამი ქულის წაღება. და თუ 9 ოქტომბერს კარდიფში ირლანდიასაც აჯობა, სერბეთმა კი საქართველოს ვერ მოუგო...

თუმცა, ალბათ, აქ უნდა გავჩერდეთ. ბევრჯერ გვითქვამს, რომ საქართველოს ნაკრებს, რომელიც შესარჩევი ჯგუფიდან გასვლის შანსს ლამის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებისთანავე კარგავს ხოლმე, "კარის გაჯახუნება" სჩვევია და შიგადაშიგ რომელიმე ბობოლა ნაკრებს აუცილებლად ამწარებს, მაგრამ... აქამდე ნანახის შემდეგ მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ ვაისის შეგირდები რამეს მოუხერხებენ ისედაც გამწარებულ სერბეთს: ქვეჯგუფის ლიდერმა, რომელსაც, ერთი შეხედვით, უკვე განაღდებული ჰქონდა პირველობა, პარასკევს მატჩი დრამატულად წააგო ავსტრიაში და ოთხქულიანი "ჰანდიკაპისგან", მდევრებთან მინიმალური უპირატესობაღა აშორებს. ამიტომაც ბალკანელები უელსი-ირლანდიის ფრედ დასრულების იმედად ვერ დარჩებიან და 9 ოქტომბერს თავქუდმოგლეჯილები შეუტევენ საქართველოს.

და "რას" შეუტევს საქართველოს ნაკრები?! ფაქტია, რომ კარის "გაჯახუნება" კი არა, აღებაც ძალიან გვიჭირს: აქამდე გამართულ ცხრა შეხვედრაში მხოლოდ რვა ბურთის გატანა მოხერხდა და ძალიან ახლოს ვართ ანტირეკორდის გამეორებასთან - 2010 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მოუგებლად დაასრულა!

თუმცა, მარჩიელობას სჯობს, იმაზე ვილაპარაკოთ, რაც დანამდვილებით ვიცით: "რეკორდი" არა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა უკვე შეწყვიტა ერთი წარმატებული სერია - ჩვენს ნაკრებს ხომ უელსთან არასდროს წაეგო! მეტიც, აქამდე გამართული ოთხი შეხვედრიდან "დრაკონებს" (უელსის ნაკრების მეტსახელია. - ავტ.) სამი მოვუგეთ, ერთხელ კი დავუზავდით - სწორედ მიმდინარე შესარჩევ ციკლში (1:1). სხვათა შორის, კარდიფში საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ კარგად ითამაშა და მოგებაც შეეძლო. ამის გათვალისწინებით თბილისურ მატჩსაც იმედიანად შევხვდით. სატურნირო ცხრილში აშკარად ცვლილებების დრო იყო: უელსს წაგება არ ჰქონდა, საქართველოს - მოგება.

სამწუხაროდ, სტატუს-კვო არ შეცვლილა და გუნდებმა წაგება-მოგების გრაფებში ნულები შეინარჩუნეს. უელსმა "დრაკონისთვის" შესაფერისი ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ჩემპიონატისკენ, საქართველომ კი... მორიგი ანტირეკორდისკენ. უელსმა ნავსი გატეხა, საქართველომ - ქომაგის გული. ვინ იცის, მერამდენედ...

არადა, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა ცუდად ითამაშა, ან არ იბრძოლა. ბურთის ფლობაში ვაჯობეთ კიდეც სტუმრებს, საგოლე ეპიზოდების გახსენებაც შეიძლება... მთლიანობაში, საქართველოს ნაკრები თამაშობს ისე, როგორც შეუძლია. თამაშობს შედარებით უკეთ, ვიდრე წინათ, მაგრამ... მთავარი ხომ მაინც შედეგია. შედეგზე კი უკვე ვთქვით და შესაბამისად, უფრო დიდი ზომის "კენჭებიც" ვლადიმერ ვაისის "ბოსტანს" უნდა დავუმიზნოთ.

სლოვაკი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრების თამაშში აშკარად შეინიშნება პოზიტიური სიახლეები, გუნდი მხოლოდ დაცვაზე აღარ ფიქრობს, მაგრამ ცხრა ოფიციალური შეხვედრის შემდეგ მოგება ჯერაც სანატრელი გვაქვს, მწვრთნელთან კი ორი უმთავრესი პრეტენზია: ბოლო დროს ვაისი სულ უფრო ხშირად ახსენებს თავისი შეგირდების უთამაშებლობას, კლუბებს და ჩემპიონატებს და... "პანიკურად" ეშინია ცვლილებების!

ვაისამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ მწვრთნელზე მეტად, საქართველოს ნაკრებს სწორედ მოთამაშეთა კონტინგენტში უჭირს. წლებია ევროპის ნორმალურ ლიგასა და კლუბში ფეხბურთელები აღარ გვყავს და ეროვნული გუნდის ბირთვს შეადგენენ მოთამაშეები ყოფილი საბჭოეთის ჩემპიონატებისა თუ მეორეხარისხოვანი ლიგების კლუბებიდან. უფრო დიდი უბედურება კი ის არის, რომ ქართველი ფეხბურთელების უმეტესობას ზემოთ აღნიშნულ კლუბებშიც უჭირს მოედნის "საგზურის" დამსახურება და... ამიტომაც არის, ბევრი მათგანი სათამაშო პრაქტიკას ეროვნულ ნაკრებში რომ იღებს! უთამაშებლობა არა მხოლოდ ფიზიკურ, მენტალურ დაღსაც ასვამს ფეხბურთელს, მაგრამ რაც უნდა მწარე სიმართლე იყოს, მწვრთნელისგან მაინც არასასიამოვნო მოსასმენია, ვერმოგების მიზეზებს შორის, ყველაზე ხშირად უთამაშებელ თუ დაბალი დონის ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებს რომ ახსენებს.

ბუნებრივია, მყისიერად მწვრთნელი ვერ შეცვლის საქართველოს ნაკრების თამაშს, მაგრამ კონკრეტულ მატჩებში ხომ მაინც შეუძლია კორექტივების შეტანა?! სამწუხაროდ, ვლადიმერ ვაისი ცვლილებებს თითქმის ყველა შეხვედრაში აგვიანებს.

გამონაკლისი არც უელსთან მატჩი ყოფილა - ჯიღაური და სხირტლაძე მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდნენ, ხოჭოლავა კი - 89-ზე! არადა, ვაკო გვილია გაცილებით ადრე იყო შესაცვლელი და თუ მატჩში, რომელსაც მისი გუნდი 49-ე წუთიდან აგებდა, მწვრთნელმა მხოლოდ დასკვნით ათწუთეულში დაინახა ცვლილებების საჭიროება, ეს კიდევ დამატებითი პრობლემაა...

მატჩის სტენოგრამით თავს არ შეგაწყენთ. ორი სიტყვით კი, შეიძლება ითქვას: საქართველოს ნაკრებმა იბრძოლა, მაგრამ კრეატიულობისა არაფერი ეცხო და მეტწილად, ფლანგებიდან ცდილობდა ხეირის ნახვას. საქართველოს ნაკრებს ისედაც უჭირს მეტოქის კარისკენ გზის გაკვლევა და გოლის გატანა. თანამედროვე ფეხბურთში საყრდენი ნახევარმცველების მნიშვნელობაზე აღარაფერს ვიტყვით. როცა ამ პოზიციის ფეხბურთელს თამაში არ მისდის და გუნდს მთავარი გამთამაშებელიც აკლია, გოლების ნაკლებობა აღარ უნდა გაგვიკვირდეს. არადა, რომელ გოლზეა ლაპარაკი, როდესაც ცენტრფორვარდად მოთამაშე ქვილითაიამდე ბურთმა მხოლოდ რამდენჯერმე მიაღწია, შემტევებზე მეტი მომენტი კი... მცველმა კაკაბაძემ შექმნა! სხვათა შორის, ოთარ კაკაბაძემ საუკეთესო მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებში. როგორც ჩანს, ნაკრების მარჯვენა მცველმა დასძლია ეროვნულ გუნდში მიწვევით გამოწვეული მღელვარება და მეთორმეტე სანაკრებო შეხვედრაში საუკეთესო თამაში აჩვენა.

22 წლის მცველი უშუალო ფუნქციასაც ნორმალურად ასრულებდა და მეტოქის საჯარიმოშიც რამდენჯერმე ვნახეთ, ბოლო წუთებზე კი, შეეძლო, მატჩის გმირიც გამხდარიყო: ჩინებული გამჭოლი პასის შემდეგ ოთარი პირისპირ დარჩა უელსელთა მეკარესთან, თუმცა, კარში დარტყმა ვერ გაბედა, გადაცემა კი მცველებმა მოიგერიეს...

რეალისტები უნდა ვიყოთო, - თქვა ვლადიმერ ვაისმა. ვართ კიდეც და, ალბათ, ამიტომაც არის, რომ სლოვაკი მწვრთნელი თანამდებობას ინარჩუნებს. ქართული ფეხბურთის დღევანდელი გასაჭირისა ჩვენზე უკეთ ვის მოეხსენება?! ვაისმა რომ არ შეგვახსენოს, ისედაც ვიცით, რა დონის ჩემპიონატებსა თუ კლუბებში ირიცხებიან ეროვნულ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელები და სამწუხაროდ, იმასაც ვხედავთ, რომ უმეტესობისთვის მოედანი "ახლოდან" მხოლოდ სანაკრებო მატჩებისას ჩანს. ათიდან ათი მოუგებელი (თუ სერბეთში მოვიგეთ, ამ სტატისტიკას სიამოვნებით გადავასწორებ!) მატჩის "პატრონი" "უთამაშებელ ფეხბურთელებთან ერთად" პასუხისმგებლობას თავადაც ხომ უნდა გრძნობდეს?! იმის მხოლოდ თეორიულად ცოდნა, რომ ვლადიმერ ვაისი კარგი მწვრთნელია და საშუალო დონის ფეხბურთელებით დიდი წარმატების მიღწევაც იცის, არ გვყოფნის, გვინდა, ამაში საქმით დაგვარწმუნოს!

გასულ პარასკევს სავსე მთვარე იყო, მაგრამ... ესეც უელსური "დრაკონისთვის" გამოდგა უკეთესი - ნავსი გატეხა და პირველად მოგვიგო. საქართველოს ნაკრების თამაში კი სიყვარულივით არის - "რას უქვიან დრო და ამინდი?!" - ჩვენთვის წელიწადის ნებისმიერ დროსა თუ ამინდში ვერმოგების "დროა". უელსმა ნავსი გატეხა, საქართველოს ნაკრებმა - ქომაგის გული. ვინ იცის, მერამდენედ...

ორშაბათს ამ შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩია, მერე კი, ახალი ფორმატი, ახალი შანსი და იმედი - იქნებ ამჯერად მაინც...

რატი შელეგია