ჩემპიონების დაბრუნება? - კვირის პალიტრა

ჩემპიონების დაბრუნება?

5-6 ივნისს ესპანეთის დედაქალაქი ძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშებას უმასპინძლებს. მადრიდში საქართველოს ნაკრებიც ჩავა და გუნდის თავკაცმა ამირან ტოტიკაშვილმა გულშემატკივრებს სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა:

100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ორი ოლიმპიური ჩემპიონი დაიცავს - ზურაბ ზვიადაური და ირაკლი ცირეკიძე(!). ზვიადაური ათენის ტრიუმფის შემდეგ ტრავმებმა გააწამა და მას შემდეგ ღირებული არაფერი მოუგია. მისი ნიჭის პატრონს პეკინის ოლიმპიადაზეც უნდა ეთქვა თავისი სიტყვა, მაგრამ ვერ იქნა და მოჯადოებულ წრეს თავი ვერ დააღწია. თუმცა ფარ-ხმლის დაყრა ხევსურთა წესი რომ არ არის, ზურამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა და ისევ ტატამისკენ გაიწია.

რა თქმა უნდა, ამ ხნის უვარჯიშებელი ზვიადაურისგან ახლავე ოქროს მედლები არ უნდა მოვითხოვოთ, მაგრამ მისი შეუპოვრობა გვაფიქრებინებს, რომ თუკი მან საბედისწერო ტრავმიანობას თავი დააღწია, ერთხელაც შეეცდება "ბებერი რქებით" მოხნას ევროპული და მსოფლიო ძიუდოს ტატამი. რაც შეეხება ირაკლი ცირეკიძეს, ქუთაისელი ჩემპიონი ერთხანს აქტიური კარიერის შეწყვეტაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადაიფიქრა.

ნამდვილად არა აქვს პატარა საქართველოს იმის ფუფუნება, რომ კარიერის პიკზე მყოფი ოლიმპიური ჩემპიონები პენსიაზე გაუშვას. ძიუდოს სამყაროში "ცივსისხლიანად და უნერვოდ" ცნობილი ცირეკიძეც ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ვარჯიშობდა, მაგრამ დაკარგული არაფერია და მასაც, ზვიადაურის მსგავსად, კიდევ შეუძლია გაახსენოს მსოფლიოს, რომ ქართველების პრეტენზია, რომ პირველები ვიყოთ ძიუდოში, თამამი, მაგრამ არცთუ უსაფუძვლო განაცხადია.

ერთი უსიამოვნო ტენდენციაც უნდა აღინიშნოს: ვერ იქნა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერ შევძელით ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ხილვა. რა თქმა უნდა, ამის მიღწევა ურთულესი საქმეა და ეს მხოლოდ ერთეულთა ხვედრია, მაგრამ რატომღაც(?!) ყველა ჩემპიონი კარგავს მოტივაციას გამარჯვების შემდეგ და კმაყოფილდება მიღწეულით.

ამას ხელს ეიფორიაც უწყობს, რომელიც მათ გარშემო იქმნება, რაც მხოლოდ ხელს უშლის მათ წინსვლას. თავის დროზე, შოთა ხაბარელი ამბობდა, არ შეიძლება მოქმედი სპორტსმენები პოლიტიკას გადავაყოლოთო. გეხსომებათ, სადაც კი ლენტი გაიჭრა და რაიმე ობიექტი გაიხსნა, ყველგან ოლიმპიური ჩემპიონები მიიყვანეს და ქულები დაიწერეს.

სავარჯიშოდ კი ვიღას ეცალა? ალბათ, თავად სპორტსმენებზე კარგად არავინ უწყის, რომ მათი კარიერა არცთუ ისე დიდხანს გრძელდება და მაქსიმალურად უნდა გაიღონ ყველაფერი, რაც კი მათ სამშობლოს სახელს გაიტანს მსოფლიოში. იმედია, ცირეკიძე-ზვიადაურის დუეტი ბოლო აკორდს ღირსეულად დასვამს და კიდევ ერთხელ ჩაწერს ოქროს ასოებს ქართული სპორტის ისტორიაში.