ანტირეკორდი, ფარერები და "ფრაერები"...
16-10-2017
ანტირეკორდი, ფარერები და "ფრაერები"...
ლევან კობიაშვილის თქმით, "სფფ ახლოს არის ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან". ვაისი ორი წელია, საქართველოში მუშაობს და მართალია, თბილისში არც ისე დიდ დროს ატარებს, მაგრამ "კოჭებში შეგვატყობდა", ქართული ფეხბურთის სახით ნამეტნავად რთულ ფენომენთან რომ აქვს საქმე და დაუფიქრებლად გადაწყვეტილების მიღება იქნებ მეტისმეტად ძვირადაც დაუჯდეს

ქართულ ფეხბურთზე ლაპარაკისას, ანტირეკორდები ნამდვილად არ გვიკვირს და ამ სფეროში "ფრაერებიც" რომ ბლომად გვყავს, ესეც არახალია. აი, ფარერის კუნძულების ნაკრებთან წაგებას კი მართლაც გვარიანი მოხერხება სჭირდება და
ეს საქართველოსთანა წყალწაღებული გუნდებისთვისაც კი "ახალ სიმაღლეზე" ასვლას ნიშნავს. მეორე მხრივ, თუ საფეხბურთო სამყაროს სხვა ჯუჯა ქვეყნებს დავუწერეთ ახალი ისტორია, ფარერის, მეორენაირად, "ცხვრების კუნძულებმა" რაღა დააშავა?! ცხვრები და არაპროფესიონალები (ფეხბურთელებიც) ხომ საქართველოშიც ბევრია და ვგონებ, უკვე დროა, თბილისის დაძმობილებულ ქალაქებს ტორსჰავნიც შევუერთოთ!

ჩვენი ფეხბურთის პატრონებს,
სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ამიტომაც უფრო სერიოზულად გავაგრძელოთ:

0:5:5

ტაქტიკური სქემა არ გეგონოთ - ბოლო შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების ნაჩვენები სტატისტიკაა: 0 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება. პრინციპში, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელებს ისე უჭირთ გოლების გატანა (ათ შეხვედრაში მხოლოდ 8 გოლი გავიტანეთ. - ავტ.), ჩვენს გუნდს სქემადაც გამოადგება...
არადა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპსაც, ტრადიციულად, დიდი იმედით შევხვდით... და ტრადიციულადვე დავასრულეთ ანტირეკორდის გამეორებით და კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუებით. ისეთი ქვეყნებიც კი, დიდ ფეხბურთს სულ რამდენიმე წლის წინ რომ გაუგეს გემო, წლიდან წლამდე უმატებენ. ჩვენ, პირიქით, ლამის ყოველ შესარჩევ ციკლს წინაზე უარესი შედეგით ვასრულებთ და ამ შემოდგომაზე რვა წლის წინანდელი ანტირეკორდიც გავიმეორეთ: საქართველოს ნაკრებმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიც მოუგებლად დაასრულა! მოკლედ, ჩვენს ეროვნულ გუნდს მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი დიდად არ "ეხატება გულზე" (ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ხომ ვბდღვნით ყველას!) და, როგორც ჩანს, მოსაგებად "მოტივაცია დააკლდა".

საქართველოს ნაკრებს არც მწვრთნელების ცვლა შველის და არც ევროპა/მსოფლიოზე მოსახვედრი წესების ცვლილება. უეფამ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობაც გაზარდა, "ერთა ლიგაც" კი ლამის, ჩვენთვის შემოიღეს, მაგრამ რად გინდა?! თუ ასევე გავაგრძელებთ, "ერთა ლიგა" კი არა, გაეროც ვერ გვიშველის...

ვაისის შავ-თეთრი მხარე


"ვაის" გერმანულად "თეთრს" ნიშნავს, მაგრამ... ვლადიმერ ვაისისა და საქართველოს ნაკრების საქმე მაინც "შავად" არის. ისევე, როგორც მთლიანად ქართული ფეხბურთის... შედეგის მხრივ ნამდვილად ასეა, თორემ კრიტიკოსებთან ერთად, სლოვაკ მწვრთნელს მხარდამჭერებიც საკმაოდ ჰყავს. მათი მთავარი არგუმენტია - ვაისი მეტ-ნაკლებად უკვე იცნობს ქართველ ფეხბურთელებსა და მათ შესაძლებლობებს, მის ხელში გუნდი მხოლოდ დაცვაზე აღარ ფიქრობს და რაც მთავარია, ფეხბურთის თამაშს ცდილობსო. არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნიათ, რომ მწვრთნელის შეცვლას აზრი არა აქვს - ამ კონტინგენტით შედეგი მაინც არ გვექნება და მორიგ, ახალ წრეზე წასვლას, ისევ ვაისის დარჩენა სჯობსო.

ვლადიმერ ვაისი მცოდნე და გამოცდილი მწვრთნელია. ეს საკლუბო დონეზეც დაუმტკიცებია და ნაკრებშიც, მაგრამ... ადრეც ვთქვი,- მღვდელი ჭილოფშიც იცნობა, მწვრთნელი -- შედეგით. და შეცვლებითაც. საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს კი ცვლილებების გაკეთება ისევე უყვარს, როგორც "რომას" ქომაგს "ლაციოს" ფანი, "ბარსელონას" გულშემატკივრებს კი, ლუიშ ფიგუ... თანაც, მხოლოდ ცვლილებების დაგვიანებას არ ვგულისხმობ: საკუთარ მოედანზე 0:1 რომ აგებ და პირველ შეცვლას 76-ე წუთზე გააკეთებ, 89-ზე კი საყრდენ ნახევარმცველს მცველით შეცვლი, არც კრიტიკა უნდა გაგიკვირდეს და ვერმოგება - მით უმეტეს.

გააგრძელებს თუ არა ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრებში მუშაობას? ლევან კობიაშვილის თქმით, "სფფ ახლოს არის ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან". საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჯერ კიდევ სექტემბერში შესთავაზა სლოვაკს პოსტზე დარჩენა. თუმცა, ვენაში, ავსტრიასთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ვაისმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილებას შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ მიიღებს. საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა, სლოვაკი კი ჯერ კიდევ ფიქრობს. უკვე ორი წელია, საქართველოში მუშაობს და მართალია, თბილისში არც ისე დიდ დროს ატარებს, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ "კოჭებში შეგვატყობდა", ქართული ფეხბურთის სახით ნამეტნავად რთულ ფენომენთან რომ აქვს საქმე და დაუფიქრებლად გადაწყვეტილების მიღება იქნებ მეტისმეტად ძვირადაც დაუჯდეს.
თუმცა, დიდი ალბათობით, ვაისი დარჩება. წასასვლელად ხომ მიზეზები აქამდეც საკმაოდ ჰქონდა?! ან კი რატომ უნდა წავიდეს - წინამორბედი უცხოელების მსგავსად, პასუხს და კონკრეტულ შედეგს არც მას სთხოვს ვინმე და თუ ანაზღაურებით კმაყოფილია, წელიწადში რამდენჯერმე საქართველოში ჩამოსვლა რაღა პრობლემაა?!

მთავარი ხომ შედეგია?! დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერც გაისად ააწიოკებენ თავიანთი კლუბების ძირითად შემადგენლობას და ძნელი წარმოსადგენია, ყველა მათგანი ტოპ-კლუბებში გადაბარგდეს. ასე რომ, მარცხის მიზეზს ბევრი ძებნა აღარ დასჭირდება, შესარჩევი ციკლის ბოლომდე კი იქნებ მოგებასაც გამოვკრათ ხელი...
დიახ, "კენჭებს" სწორედ სლოვაკურ "ბოსტანში" ვისვრით. ვაისი არ ტყუის, როცა ამბობს, რომ მისი შეგირდების უმეტესობა საშუალოზე დაბალ ლიგებსა და კლუბებში თამაშობს და სათამაშო პრაქტიკა იქაც სანატრელი აქვთ, ნაკრების კაპიტანი კი რამდენიმე თვეა სულაც უკლუბოდ არის (და მაინც, ბევრ თანაგუნდელზე უკეთ თამაშობს!). ჩვენც კარგად ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტად კვალიფიციური და საჭირო ფიზიკურ კონდიციაში მყოფი ფეხბურთელების დეფიციტია, მაგრამ... ნაკრების მწვრთნელისგან ყოველი მატჩის შემდეგ ამაზე ხაზგასმა ცუდად ხვდება ყურს და... თავის მართლებასაც ჰგავს. თორემ, ვიმეორებ: შავ დღეში მყოფ ქართულ ფეხბურთს ერთი "თეთრი" ვერაფერს უშველის, დანარჩენი კი გაის ამ დროს გვეცოდინება. გაის თუ ვაის ამ დროს?!

"ერთა ლიგა" - მაჩანჩალების იმედი?


მაგრამ იქნებ უეფას ნოვაციამ გვიშველოს? 2018 წლიდან ევროპაში ახალი სანაკრებო ტურნირი დაიწყება --"უეფას ერთა ლიგა", რომელიც "ბებერ კონტინენტზე" სანაკრებო ამხანაგური მატჩების ჩანაცვლებას და ეროვნული გუნდებისთვის მოტივაციის გაზრდას ისახავს მიზნად. ტურნირს ექნება ოთხ-ოთხ ჯგუფად დაყოფილი ოთხი დივიზიონი, რომლებშიც ნაკრები გუნდები რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან. დეტალები ჯერ არ დაზუსტებულა, მაგრამ ცნობილია, რომ ოთხივე დივიზიონის გამარჯვებულს ექნება "ევრო 2020"-ზე თამაშის შანსი. დივიზიონის ჯგუფებში გამარჯვებულ ნაკრებებს ასევე ექნებათ შანსი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთონ. ისინი რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან და ფინალური ტურნირის ოთხ ადგილს გაითამაშებენ.…
მოდი, გამოვიცნოთ,- რომელ დივიზიონში ითამაშებს საქართველოს ნაკრები? რა თქმა უნდა, ყველაზე სუსტD= დივიზიონში - აზერბაიჯანთან, მაკედონიასთან, ბელორუსთან, სომხეთთან, ლატვიასთან, ფარერებთან, ლუქსემბურგთან, ყაზახეთთან, მოლდოვასთან, ლიხტენშტაინთან, მალტასთან, ანდორასთან, კოსოვოსთან, სან-მარინოსა და გიბრალტართან ერთად. საქართველოში ასეთი განთესვა ბევრმა შეურაცხყოფად მიიღო - აქაოდა, სან-მარინოსაA და ანდორის გვერდით რა გვესაქმებაო?! უკუდო ამპარტავნები კი ვართ, მაგრამ რეალობას ხანდახან მაინც უნდა გავუსწოროთ თვალი: ჩვენი ადგილი სწორედ იქ არის, სადაც მიგვიჩინეს და თუ სინამდვილეში სხვანაირად არის საქმე, ამას რა ჯობს? მაჩანჩალებთან თამაშით დავამტკიცოთ, რომ უფრო მაღალ დივიზიონში გადასვლას ვიმსახურებთ!

"მგლები" ცხვრების კუნძულებზე...


მართლაც ასე რომ ყოფილიყო, გაგიხარია, საკადრისად გაილაღებდნენ, მაგრამ... ფარერელ და ქართველ 21-წლამდელთა მატჩში, "მგლები" ქართველები ნაღდად არ ყოფილან! 1:3 წაგებულ შეხვედრაში ოთხივე ბურთი მასპინძლებმა გაიტანეს (ერთი საკუთარ კარში) და ვერავინ იტყვის, რომ "ცხვრების კუნძულების" ნაკრებმა შემთხვევით მოიგო. ფარერის კუნძულების ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობა ნახევრად პროფესიონალია და ფეხბურთითაც, ძირითადად, სამსახურის შემდეგ "ერთობა". დიახ, ბოლო დროს უფროსმა კუნძულელებმა შესამჩნევად მოუმატეს და ამ შესარჩევ ციკლში კინაღამ მესამე(!) ადგილზეც გავიდნენ (თქვენც საქართველოს ნაკრები გაგახსენდათ?), მაგრამ არა მგონია, მეცხვარე/მეთევზეების შვილები მამების მთავარ გზას ასცდენოდნენ და დღენიადაგ ბურთის თამაშით იყვნენ დაკავებულნი. ჰოდა, 20 წლის ბიჭი რომ ხარ, "ევროპის ტოპ-კლუბების სკაუტების გარდა, არავის ელაპარაკები" და ამ დროს იალაღიდან ახალდაბრუნებული ფარერელი ბურთს "თავზე გადაგახევს", რა პასუხს აძლევ ან იმ სკაუტს, ან საკუთარ თავმოყვარეობას?!

პასუხის(წა)მგებლები?


როცა ქართულ ფეხბურთზეა ლაპარაკი, წაგება რა გასაკვირია, მაგრამ ამ წაგებების გამო, ვინმეს მართლაც რომ აეღო პასუხისმგებლობა, ეს კი ნამდვილად გაგვაკვირვებდა! სამწუხაროდ, ჩვენში პასუხისმგებლობა თავისებურად ესმით: ხშირად კი იმეორებენ, არ გავურბივართო, მაგრამ... თანამდებობებსაც რომ ვერ "გაურბიან"?! ერთი ალექსანდრე ჩივაძეს არ აპატიეს ინგლისთან 0:2 წაგება, თორემ გინახავთ, რომელიმე უცხოელი მწვრთნელისთვის გაცილებით უარესი შედეგისთვის მოეთხოვათ პასუხი?! თუ მხოლოდ ჩივაძის დროს იყო სხვა შემადგენლობა და ამბიცია?!

დღეს რისი ამბიცია აქვთ საქართველოს ნაკრებ გუნდებს? სამწუხაროდ, აღარც ამბიცია გვაქვს და აღარც თავმოყვარეობა... ჰოდა, თუ მხოლოდ მათი წინამორბედები ტოვებდნენ ვალებს, პრობლემებს და ცუდ შედეგებს, ახლა კი ყველაფერი კარგად არის, ფეხბურთის ფედერაციის ახლანდელმა თავკაცებმა მაინც გვითხრან, რა იგულისხმება "წინსვლაში", "პასუხისმგებლობის აღებაში", ვინ რაზეა პასუხისმგებელი და ვის რა მოეთხოვება? თუ ორწლიანი ციკლის მოუგებლად დასრულებას, ან მეცხვარეებთან შერცხვენას, "ბოდიში, ეს არც ჩვენ გვინდოდაო" ჰყოფნის?!
და "ფრაერები"? სფფ-ის წინა პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა პირდაპირ ამბობდა,- მენეჯერი ვარ და ფეხბურთის კარგად ცოდნა არც მომეთხოვებაო. სამაგიეროდ, ლევან კობიაშვილია ფეხბურთელი და ყველაზე უკეთ თავად უნდა ხვდებოდეს, ჰყოფნის თუ არა დრო და გამოცდილება საქმისთვის, რომლის საკეთებლადაც ფეხბურთის ფედერაციაში დიდი იმედითა და ენთუზიაზმით მივიდა. ჰოდა, ერთი სამსახურიდან მეორეში მიმავალს მაინც ექნება დრო სფფ-ში მის მუშაობაზე გულშემატკივართა შეფასება/კომენტარების წასაკითხად...

ლევან კობიაშვილმა კარგად იცის გულშემატკივრის სიყვარულის ფასი და, ალბათ, ორ საქმეს ერთდროულად შეჭიდებულიც აცნობიერებს, რა მცირე მანძილია სიყვარულსა და სიძულვილს შორის. განსაკუთრებით, ბოლო წლებისა და თემურ ქეცბაიას (რომელიც ბევრ რამეში მართალი ყოფილა!) მაგალითზე!

შემოდგომა რომ დადგება...


...ყველგან წიწილებს ითვლიან. ყველგან, საქართველოს გარდა. ჩვენთან? წინამორბედის დატოვებულ ვალებს, სამომავლო თეორიულ შანსებსა და გოლებს ითვლიან - ძირითადად, მხოლოდ ქართული გუნდების კარში... და ახლა უკვე ცხვრებსაც. ჰოდა, რაღა ფარერის კუნძულებზე წავიდეთ? - ცხვარი საქართველოშიც ბევრია. ცხვრის ტყავში გახვეული მგელი - კიდევ მეტი.

2009 წელს, როცა მალტის ნაკრებმა 2:0 მოგვიგო, მალტელმა მიფსუდმა კი ორი ბურთი გაგვიტანა, დავწერე, მალტამ მიგვამიფსუდა-მეთქი. მას შემდეგ ასაკობრივ ნაკრებებში მაინც არა გვიშავდა, სანამ... რვა წლისთავზე ფარერებმა არ მიგვაფარე(რე)ს!
პრინციპში, ქართული ფეხბურთი ისედაც მიფარებულია... და მოფარებულშიც ევროპული და მსოფლიო ფეხბურთისგან. თავისთვის არის. საკუთარ წვენსა და პრობლემებში იხარშება. მიფარებულიც აქვს და წლებია, თავადაც სულ იფარებს შირმას, რომ "ბევრი რამ კეთდება, უბრალოდ, ჩვენ ვართ დაუნახავები", რომ "საოცარი თაობა მოდის", რომ "არ შეიძლება, პაიჭაძის, მესხის, ყიფიანის, ქინქლაძის ქვეყანაში აღარ იბადებოდნენ ნიჭიერი ფეხბურთელები" და ა.შ. როგორ არ იბადებიან?! მაგრამ უმეტესობის დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ მათი მშობლები საფეხბურთო სექციაში გადასახდელ 120 ლარს ვერ აგროვებენ, იმ ასაკში კი, როცა მოზარდ ფეხბურთელს ყველაზე მეტად სჭირდება "ნამდვილი" მწვრთნელი, გაურკვეველი წარსულისა თუ კვალიფიკაციის "სპეციალისტებთან" უხდებათ ვარჯიში...

ჰოდა, თუ აქამდე, ასაკობრივ ნაკრებებში მაინც არა გვიშავდა, უკვე ფარერებმაც მიგვაფარეს. პირდაპირ თვალებზე მიგვაფარეს სარკე, სადაც ჩანს, რაც უნდა უკუდო ამპარტავნები ვიყოთ, დღეს სწორედაც რომ ფარერის კუნძულების, სან-მარინოსა და ლატვიის დონეზე ვართ და უმთავრესი ჩვენი მიზანიც მათზე მაღლა ახტომაა.

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით