როდის გავხდებით ლომები? - კვირის პალიტრა

როდის გავხდებით ლომები?

ვისაც ნაკრებში ჩამოსვლა არ უნდა, მას არაფერი ესაქმება საქართველოს პირველ გუნდში!

გასულ კვირას საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით, მეორე მატჩი ჩაატარა და ამჯერადაც წაუგებლად დატოვა მწვანე მინდორი. თუ სადებიუტო შეხვედრაში თემურ ქეცბაიას, საფეხბურთო საზომით, არც ისე ძლიერი მეტოქე ჰყავდა, ამჯერად მისმა გაწვრთნილმა შეგირდებმა არც მეტი, არც ნაკლები, მუნდიალზე გასულ კამერუნის ნაკრებს გაუმართეს ბრძოლა და საპატიო ფრეს გამორჩნენ.

ზოგმა ეს შედეგი ქეცბაიას იღბლიანობას მიაწერა, ზოგმა - "ყარაულის თოფის გავარდნას", მაგრამ ნაკრების თამაშში მწვრთნელის ხელი იგრძნობოდა და დაკვირვებული კაცი ამას უთუოდ შეამჩნევდა.

სამწუხაროდ, ამ თამაშის ნახვის საშუალება გულშემატკივართა დიდ ნაწილს არ მიეცა. როგორც ჩანს, ქართულმა ტელეარხებმა წინასაარჩევნოდ ქვეყნის "არნახული მიღწევების" შებღალვა არ ისურვეს და თამაშის ტრანსლაციის უფლების მოსაპოვებლად თითიც არ გაუნძრევიათ. უეჭველია, მათ არ სჯეროდათ, რომ ქეცბაიას გუნდი პოზიტიურ შედეგს მიაღწევდა, მაგრამ დაავიწყდათ, რომ მათგან განსხვავებით, საქართველოში არსებობს გულშემატკივართა დიდი არმია, რომელსაც ქვეყნის უპირველესი გუნდის ცხოვრების თითოეული წვრილმანი აინტერესებს და სჯერა, რომ სწორი მუშაობით ისევ გვექნება დიდი ფეხბურთი.

KvirisPalitra.Geგულშემატკივარმა მაინც მოახერხა ამ მატჩის ყურება (მათ შორის თქვენმა მონა-მორჩილმაც) ერთ-ერთი არაბული(?!) ტელეარხის მეშვეობით. მართალია, არაბი კომენტატორი ქართული გვარების გამოთქმისას ენას იტეხდა და ვიდრე "ამისულაშვილი" თქვა, ლამის ნახევარი ტაიმი მიილია, მაგრამ იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც ჩვენი კომენტატორები წყვეტენ ვარსკვლავებს და მათ მიერ დამახინჯებული ქართულის მოსმენას არაბი წამყვანის ემოციების მოსმენა ნამდვილად სჯობდა.

ავსტრიული შეკრება, რომელიც ამ შეხვედრას წინ უძღოდა, ერთი პირობა, გვარიანად აირია. ჯერ ლომაიამ იუარა ნაკრებში თამაში და მერე ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდა ნაკრებს. ზოგმა ტრავმა მოიმიზეზა, ზოგმა ოჯახური თუ სავიზო პირობები. ქეცბაიამ საჯაროდ ვითარების დაძაბვისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა, მაგრამ ნაწყენი რომ იყო ასეთი მასობრივი ბოიკოტით, თვალნათლივ ჩანდა.

განაცხადა კიდეც: - ვისაც არ უნდა საქართველოს სახელის დაცვა, არავის დავახევთ კალთებსო(!). ამაზე დასკვნაში მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას, მანამდე კი იმას გეტყვით, რომ მიუხედავად საგრძნობი დანაკლისისა, ნაკრების თავკაცმა ღირსეულად წარმოაჩინა გუნდი და წინასწარ ფარ-ხმალი არ დაუყრია.

კამერუნელებს საფეხბურთო სამყარო ლომებად მოიხსენიებს და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი "ლომი" - ეტოო არ ჰყავდათ, ეს სახელწოდება თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ რეიტინგით მეტოქეზე 100 საფეხურით დაბლა მდგომ საქართველოს ნამდვილი გამომცდელი ჰყავდა. კამერუნელების თიკუნისა რა გითხრათ, ქუთაისელების არ იყოს, - ლომებზე შთაბეჭდილება არ წამახდენინოთო, მათზეა ნათქვამი, მაგრამ რაც უნდა იყოს, მუნდიალის მონაწილე გუნდი რომ ფორმაში იქნებოდა და ჩვენისთანა ბედოვლათ გუნდთან თამაში არ უნდა გასჭირვებოდა, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდებოდა.

საოცარია, მაგრამ "ლომებმა" ვერ იბუხუნეს და არა იმიტომ, რომ "ნადირთმეფობა" არ სურდათ - ქართველთა დიდი წინააღმდეგობის გამო. ქეცბაიამ გასაგებად აღნიშნა, რომ კარგი გუნდის შენება დაცვის ხაზიდან იწყება და მართლაც, ისეთი ბასტიონი ააგო საკუთარ საჯარიმოსთან, რომ აფრიკელებს ორიოდე მომენტის გარდა, სატრაბახო შეტევაში არაფერი ჰქონიათ.

კარგა ხანია ასეთი მებრძოლი ნაკრები საქართველოს არ ჰყოლია და არც ასეთი ორგანიზებული უკანა ხაზი მახსენდება ბოლო წლების მანძილზე. კალაძის არყოფნის მიუხედავად, ნაკრების თავკაცმა ისიც კი მოახერხა, რომ თამაშის მსვლელობისას ხიზანიშვილსა და ასათიანს ადგილები გაუცვალა. ოდესღაც ასევე იყენებდა დიდი ნოდარ ახალკაცი ჩივაძე-სულაქველიძის ტანდემს.

მართალია, წარსულის ვირტუოზებამდე ამ ბიჭებს ბევრი აკლიათ, მაგრამ ყველაფერი მათ ხელშია და ვარსკვლავობა რომ მხოლოდ სარფიანი კონტრაქტებით არ იშოვება, ამას წარსულში ქართული ფეხბურთის დიდებაც მოწმობს. თავდაუზოგავ შრომას წინ არაფერი უდგას და თუკი თავს გადადებენ სამშობლოსთვის, ისინიც შესწვდებიან იმავე დიდებას, როგორიც ახალკაცის ბიჭებმა აჩუქეს საქართველოს.

კარგი იყო ნახევარდაცვაც. დროულად კეტავდნენ თავიანთ ზონებს და უწინდებურად, უკაცრავად და, ერთ ადგილს არ უშვერდნენ მოიერიშე მეტოქეს. ის ფაქტი, რომ სულ სამჯერ დაარტყეს კამერუნელებმა რევიშვილის კარში და აქედან ერთიც ვერ მოარტყეს ძელებს შორის, ჩვენი შუა ხაზის დამსახურებაცაა.

ეგ არის, რომ ბურთის სწრაფი ამოტანა გვიჭირდა და არც ჩვენ შეგვიქმნია წინ რაიმე განსაკუთრებული, მაგრამ არა უშავს, ჯერჯერობით იმით დავკმაყოფილდეთ, რომ ჩვენი საჯარიმო "პრახადნოი დვორი" აღარ არის და როცა ამ საქმეში სტაბილურობას მივაღწევთ, შემტევებსაც გაეხსნებათ ხელ-ფეხი. თუმცა, არც ისე უსუსურები ვიყავით იერიშისას. ყოველ შემთხვევაში, რამდენჯერმე ავანერვიულეთ აფრიკელთა გოლკიპერი და ერთხელ ნაღდი საგოლე შეცდომაც დავაშვებინეთ, როცა ამისულაშვილის დარტყმის შემდეგ მხოლოდ იღბლის წყალობით გადარჩა კამერუნის ნაკრები.

ნამდვილი ლიდერი იყო ლევან კობიაშვილი - მონდომებული, საბრძოლველად შემართული. მეტოქის ნახევარზევე ცდილობდა აფრიკელთა მიხრჩობას და თავის ახალგაზრდა თანაგუნდელებს სტიმულს აძლევდა. მაგალითის ძალა გადამდებია და არაერთხელ ვნახეთ ისეთი მომენტი, როცა "ლომები" ბურთის ამოტანას ვერაფრით ახერხებდნენ.

გამოდის, ბრძოლა შეგვძლებია და ჯანიც მოგვდევს. ამას ითხოვდა წლების მანძილზე გულშემატკივარი და არა უნიათო გარჯას, როცა ვისაც არ ეზარებოდა, გვაპამპულებდა მინდორზე.

მწვრთნელზე ყველაზე მეტია სათქმელი. ქეცბაიაზე ბევრი ამბობს, - იღბლიანი დამრიგებელია, რომელსაც წარმატებები სდევს ამ პოსტზე მუშაობისასო. მაგრამ იღბალი ისეთი რამეა, რომელიც მხოლოდ ძლიერებს ახლავს თან. თემური ფეხბურთელობის დროსაც თავს აკლავდა საქმეს და მისი პროფესიონალიზმი მუდამ სამაგალითო იყო. ის მოვალეობის მოსახდელად არასოდეს გამოდიოდა მინდორზე და სულს და გულს დებდა თამაშში.

ეს თვისება დღეს ყველაზე უფრო სჭირდება საქართველოს ნაკრებს - შემართება, ბრძოლის ჟინი, თავის გადადება საქვეყნო საქმისთვის. მათი საომარი - საფეხბურთო მინდორია, მათი დიდგორი და სამშობლოს ერთგულება აქ ჩანს, თორემ კლუბებში სხვისი საქმისთვის თავის გადაყოლება და მოგებული ტიტულები რას არგებს საქართველოს? ამ ჭეშმარიტებით უნდა შეიკრას გუნდის ხერხემალი! ვერ გეტყვით, შეკრებაზე ჩამოუსვლელი ფეხბურთელებისგან რომელს ჰქონდა საპატიო მიზეზი და რომელმა შეინახა თავი და კოჭები, მაგრამ ქეცბაია ამ საქმეში ცამდე მართალია - ვისაც ნაკრებში ჩამოსვლა არ უნდა, რა დონის ვარსკვლავიც უნდა იყოს, მას არაფერი ესაქმება საქართველოს პირველ გუნდში! სამშობლოს თავი არ  უნდა დაამადლო და არც მისთვის გაწეული შრომა დააყვედრო.

ოდითგან ასეთი ბედი გვდევდა ქართველებს - რაც უნდა გაგვეღო უცხო ქვეყნის ისტორიისთვის, ჩვენი ჭეშმარიტი დამფასებელი მხოლოდ ჩვენი სამშობლო იყო. უბედურება ის არის, რომ ამ ბიჭებს აქამდე არავინ უხსნიდა მათ მისიას. მოედანზე გასვლის წინ პირჯვრის გადაწერა და ჰიმნის გაგონებაზე გულზე ხელის მიდება ჯერ კიდევ არ ნიშნავს გამარჯვებას.

ერთსულოვნება და მიზნის სიწმინდე უნდა იყოს ამის წინა პირობა. მხოლოდ კამერების წინ პოზირება და ზღაპრული ჰონორარები თუ არის მიზანი, ყველაფერი ფუჭი გამოდგება ბოლოს. ვისთვის თამაშობდნენ მიზერული ხელფასის შემყურე ბორის პაიჭაძე, ბასა ღოღობერიძე, მიშა მესხი, მურთაზ ხურცილავა და სხვა ქართველი ვაჟკაცები - თავისთვის თუ საქართველოსთვის? მაშინ რომ ყოფილიყო დღევანდელი თავისუფალი არჩევანი და მათ ევროპაში გასვლა შესძლებოდათ, გაცილებით ძლიერად დაიქუხებდნენ, ვიდრე დღევანდელი თაობა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რაც უნდა დიდი ჰონორარი ჰქონოდათ, ისევე შეაკლავდნენ თავს  სამშობლოს მთავარ გუნდში თამაშს, როგორც მაშინ, როცა თავის დროზე კოჭებს იმტვრევდნენ მინდორზე.

ნოდარ ახალკაცს მატჩის წინ ლევან სანიკიძე მიჰყავდა ბაზაში და მარაბდის ბრძოლის გახსენებით უჩქროლებდა სისხლს თავის შეგირდებს. თამაშს პიარით ვერ მოიგებ, ვირტუალური გამარჯვების ტრაბახით მუდამ დამარცხებული დარჩები. ფრანგები რომ ჩამოდიოდნენ, ხომ გახსოვთ? "მამლები" უნდა დავკორტნოთო, - აიკლეს ტელეარხები ბაქიბუქით(?!). ვინ დარჩა დაკორტნილი და თავლაფდასხმული? ჭეშმარიტი მამულიშვილი წინასწარ არასოდეს ძრავს მთებს - ამას ვიზამ, იმას ვიზამო... შავი და თეთრი ბრძოლის ველზე ჩნდება და სხვათა შორის, არც ხალხს ეშლება რიოშისგან თავანკარის გამორჩევა(!).

P.S. გიორგი ლომაია გულნატკენი დაშორდა ნაკრებს - დავიღალე, გუნდის ყოველი მარცხი მხოლოდ მე მბრალდებოდა, ამდენი შეურაცხყოფის ატანა აღარ შემეძლო და ამიტომაც უარი ვთქვი ნაკრებში გამოსვლაზეო...

ცოდოა ბიჭი, მასზე მართლაც ხშირად გადატყდა ჯოხი (ზოგჯერ არცთუ უსაფუძვლოდ). რას ვიზამთ, მავანი "პატრიოტების" წყალობით ჩვენი ფეხბურთი ისე მოიშალა, რომ ეს ბიჭები ლანძღვის ობიექტებად იქცნენ.

არც ის არის გამორიცხული, მსგავსი განცდა შეკრებაზე ჩამოუსვლელ ფეხბურთელთაგან კიდევ ჰქონოდა ვინმეს და იმიტომაც მოიშველიეს სხვადასხვა მიზეზი თავის გასამართლებლად. თუმცა, ტყუილად არ გვითქვამს ზემოთ - სამშობლოს თავს ნურავინ დაამადლისო... ამ სიტყვების მთქმელს, დიდ ქართველ მამულიშვილს, ლევან გოთუას არანაკლებ ამაღელვებელი და ჭკუის სასწავლებელი სიტყვები აქვს ნათქვამი: "არის საქმე, რომელსაც ბოლო არ უჩანს, მაგრამ მაინც უნდა აკეთო და აკეთო, ეს არის ერის ჭირისუფლობის განცდა. ხანდახან დამცირებაც უნდა აიტანო სამშობლოს გამო, დამცირება ხომ თავმოყვარეობის საკითხია, ჩვენ კი უფრო მეტად მოვალეობა გვაწევს ქვეყნის წინაშე!"

მგონი, ამ სიტყვების არსი კარგად უნდა გაიგონ ნაკრების ბიჭებმა, წამსვლელმაც და დამრჩენმაც. ვინ იცის, იქნებ ამის შემდეგ ჩვენც გვიწოდონ "ქართველი ლომები"!