"თუ ახალკაცი შემადგენლობაში არ დააყენებდა, შინ მოსული იჯდა და ტიროდა" - ქართული ფეხბურთის ლეგენდა და საბედისწერო რიცხვი 13 - კვირის პალიტრა

"თუ ახალკაცი შემადგენლობაში არ დააყენებდა, შინ მოსული იჯდა და ტიროდა" - ქართული ფეხბურთის ლეგენდა და საბედისწერო რიცხვი 13

ვინ სთავაზობდა ვიტალი დარასელიას 3 მილიონს?

საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი 1981 წლის 13 მაისი, დღე, როცა თბილისის "დინამო" თასების თასის მფლობელი გახდა. თასის მოგებაში კი მთელს გუნდთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანეს გოლის ავტორებმა, ვოვა გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ.

თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა ფეხბურთის ვარსკვლავს ვიტალი დარასელიას, რომლის მიერ 1981 წლის 13 მაისს გატანილი გოლი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა, 9 ოქტომბერს 60 წელი შეუსრულდებოდა.

აფხაზეთში დიდი ზეიმით აღნიშნეს ვიტალი დარასელიას იუბილე, ოჩამჩირეში, სადაც დიდი ფეხბურთელი განისვენებს, სპეციალურად ამ თარიღისთვის შეკეთდა ვიტალი დარასელიას მემორიალი. ოჩამჩირის მე-2 საშუალო სკოლის მოსწავლეებმა, 9 ოქტომბერს, დილით, ყველაზე ცნობილი ოჩამჩირელის საფლავი ყვავილებით შეამკეს. შემდეგ კი ბრინჯაოს მემორიალთან მთელი აფხაზეთიდან უამრავი ადამიანი მივიდა.

"ამერიკის ხმა":

"დიდი ვიტალის საფლავზე, ამ დღეს, მცირე ხნით, ომის შედეგად, ორად გახლეჩილი დარასელიების აფხაზურ-ქართული დიდი ოჯახის სიმბოლური გაერთიანება მოხდა. ვიტალის დედა 86 წლის მერი ბჟანია-დარასელია ოჩამჩირეში ცხოვრობს, ისევე როგორც ვიტალის და ალვინა დარასელია-გუნბა.

დარასელიების ოჯახი ვიტალის საფლავზე

9 ოქტომბერს კი მამის საფლავზე, ბებიას და მამიდას საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 39 წლის ვიტალი დარასელია უმცროსი შეუერთდა. იგი ამჟამად, თბილისის "დინამოს" აკადემიის სელექციონერია, რომელიც ვიტალი დარასელია უფროსის სახელს ატარებს.

დიდი ვიტალის სამახსოვრო, "აფხაზთა ნაკრებისა" და ოჩამჩირის "ერცახუს" ამხანაგურ მატჩში, უმცროსმა დარასელიამ ოჩამჩირელთა ღირსება დაიცვა და გოლიც გაიტანა. ამ შეხვედრას სოხუმის სტადიონზე თვალს მისი და, ქრისტინა დარასელიაც ადევნებდა, რომელიც ასევე თბილისში ცხოვრობს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელია".

alt

საუკეთესო ქართველი ნახევარმცველი, შრომისმოყვარეობითა და თამაშის საუცხოო ტექნიკით გამოირჩეოდა.

ის 1957 წელს, ოჩამჩირეში, კუხინი დარასელიასა და მერი ბჟანიას ოჯახში დაიბადა. როგორც ლეგენდარული ფეხბურთელის მეუღლე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, ვიტალი სკოლის ასაკიდანვე გამოირჩეოდა ფეხბურთის სიყვარულით, ის თავდაუზოგავად ვარჯიშობდა, რათა საუკეთესო შედეგისთვის მიეღწია.

მარინა მამალაძე, ვიტალი დარასელიას მეუღლე:

"ვიტალიმ ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა, მისი ისტორია ძალიან მოკლეა. სულ 25 წლისა იყო, როცა გარდაიცვალა. ორმოც წლამდე მაინც რომ ეცოცხლა, თან რომ ეთამაშა ან მწვრთნელად ემუშავა, კიდევ მესმის, მაგრამ… ჩვენ ერთად მხოლოდ 8 წელი გავატარეთ, თუ სკოლის წლებს არ ჩავთვლით. ვიტალის ფეხები სულ დალურჯებული ჰქონდა, ერთხელ ქუსლის ძვალი გაებზარა და რაღაც პერიოდი ვერც თამაშობდა. ჯერ კიდევ მერვე კლასში ვიყავით, როცა ამბობდა, აუცილებლად მოვხვდები ოლიმპიადაზეო (მოსკოვის ოლიმპიადა 1980 წელს), მაგრამ ისე მოხდა, რომ სწორედ იმ მომენტში ტრავმა ჰქონდა და არ წაიყვანეს. გიჟდებოდა, ისე უნდოდა ოლიმპიურ ნაკრებში თამაში.

ის იყო სამ ოთახიანი ბინა მოგვცეს, რემონტის კეთება დავიწყეთ, საძინებლისა და სამზარეულოს ყიდვა მოვასწარით და… ვიტალიმ ერთი დღეც ვერ მოასწრო იქ ცხოვრება.

ისეც მომხდარა, რომ ნოდარ ახალკაცს შემადგენლობაში არ დაუყენებია. 5-10 წუთი ათამაშებდა და მორჩა. ამის გამო შინ ტრაგედია გვქონდა ხოლმე - იჯდა და ტიროდა. მეც გვერდით ვეჯექი და მასთან ერთად ვტიროდი. სხვა რა უნდა გვექნა? ვერაფერს ვიზამდით. მერე ვიტალი უმტკიცებდა და უმტკიცებდა ახალკაცს, რომ ის თამაშის ღირსია. და იმდენი ქნა, რომ მის საყვარელ და საიმედო ფეხბურთელად იქცა.

როცა ვიტალის დაღუპვის შემდეგ "დინამოს" ის შემადგენლობა, პრაქტიკულად, დაიშალა, ახალკაცმა მითხრა: ვიტალი რომ ცოცხალი იყოს, ეს არ მოხდებოდაო.

ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე 1982 წელს მე, რამაზ შენგელიას, რევაზ სალუქვაძისა და სხვა ფეხბურთელების მეუღლეები ვახლდით გუნდს. ჩვენთან წამდაუწუმ მოდიოდა "კასტორიის" წარმომადგენელი, რომელმაც, პირდაპირ, შემჭამა: უთხარი მეუღლეს და მოდით ჩემთან, ქარხანას გაჩუქებთო. კიდევ ვიღაც იაპონელი მოდიოდა. საღამოს მალაგაში, ბარში ვისხედით და როგორც კი დრო იხელთა მომიჯდა და შეეცადა გადავებირებინე სამ მილიონს გვთავაზობდა. ეს რომ ვიტალის მოვუყევი, მითხრა, თუ ღმერთი გწამს, შეეშვი მაგ ამბავს. სადმე რომ წავიდეთ, შვილებს ვეღარასდროს ვნახავთო", - იხსენებს ვიტალი დარასელიას მეუღლე.

1981 წლის 13 მაისის გამარჯვებაზე საუბრობს, "დინამოს" ლეგენდარული კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე:

"ფინალურ მატჩში ერთი გოლი ვოვა გუცაევმა შეაგდო და ერთიც ვიტალი დარასელიამ. ერთი ოსი იყო, მეორე - აფხაზი, ყველა ერთად კი ქართველები ვიყავით. ამიტომ იყო ეს დიდი გამარჯვება აბსოლუტურად ყველასი, მთელი საქართველოსი".

საოცარი ტექნიკის ახალგაზრდა ფეხბურთელი 1975 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის "დინამოში" შეუდარებლად თამაშობდა.

შრომისმოყვარე ფეხბურთელს კიდევ უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა...

1982 წლის 13 დეკემბერს, ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი საკუთარი 06 მარკის "ჟიგულით" თბილისიდან ოჩამჩირეში ძმის დასახმარებლად გაემგზავრა. რიკოთის უღელტეხილზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისასთან, საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე ძირულაში გადავარდა.

მას უცნაურად სწამდა 13 რიცხვის. 13 რიცხვში დაქორწინდა, "დინამოში" და საბჭოთა ნაკრებში 13-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გოლი დიუსელდორფის სტადიონზე 13 მაისს გაიტანა… 13-ს ჩემთვის ბედნიერება მოაქვსო, ამბობდა. თუმცა, სწორედ 13 დეკემბერს დაიღუპა და ვიტალის ცხედარი მხოლოდ 13 დღის შემდეგ იპოვეს.

ქართველებს მისი დაკრძალვა დიდუბის პანთეონში სურდათ, მაგრამ დედის სურვილით, ვიტალი ოჩამჩირეში მიაბარეს მიწას.

ბონდო კაკუბავა, ვიტალი დარასელიას აღმზრდელი, მისი პირველი მწვრთნელი:

"ვიტალის 9-დან 16 წლამდე ვავარჯიშებდი. ბევრი ფეხბურთელის ინტერვიუ წამიკითავს, სადაც ისინი ამბობენ, რომ, ან მამამ გაზარდა ფეხბურთელად, ან დედამ, ან ბაბუამ, თუმცა მწვრთნელს არ ახსენებენ. ვიტალი სხვაგვარი იყო, ის მუდამ მადლიერი იყო ჩემი. მახსოვს, "დინამოში" პირველად "ფახთაქორის" წინააღმდეგ, ტრავმირებული ვოვა გუცაევის ნაცვლად ათამაშეს და მარჯვენა ფლანგზე დააყენეს. არ უყვარდა მარჯვნივ, მაგრამ ეს "დინამო" იყო და ასეთ შანსს აძლევდნენ. ღმერთმა ქნას, რაც ვიტალიმ ვერ შეძლო, მისმა შვილიშვილმა მოახერხოს".

ვახტანგ ქორიძე: "ჩვენ ერთად მივედით "დინამოში" და ერთ ოთახში ვცხოვრობდით. მიხეილ იაკუშინი იყო მწვრთნელი და მახსოვს, როგორც კი შეხედა ვიტალის, მაშინვე თქვა, დიდ ფეხბურთს ითამაშებსო".

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე