ცხოვრება მესის და რონალდუს შემდეგ?
30-10-2017
ცხოვრება მესის და რონალდუს შემდეგ?
ფიფას რჩეული რონალდუა. თუ ტრადიციასა და გასულ სეზონში მის მიღწევებს გავითვალისწინებთ, ალბათ, "ოქროს ბურთის" მფლობელიც პორტუგალიელი გახდება და... ხუთ-ხუთი ოქროს ბურთი მესის და რონალდუს. წესით, ლოგიკური და სიმბოლური დასასრული უნდა იყოს, მერე კი...

რამდენიმე დღის წინ ფიფამ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა - კრიშტიანუ რონალდუ!

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა წელს ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი, უეფას და ესპანეთის სუპერთასები მოიგო და უამრავი გოლიც გაიტანა. შემდეგი ეტაპი "ოქროს ბურთია", რომელსაც, ბოლო წლების
ტრადიციის თანახმად, ისევ რონალდუ ან მესი მოიგებენ.
თითქმის ათი წელია, გენიალური არგენტინელის და ფენომენური პორტუგალიელის ეპოქა გრძელდება. ოღონდ, ოდესმე ეს ეპოქაც დასრულდება - რონალდუ უკვე 32 წლის არის, მესი - 30-ის...კარს კი ახალგაზრდა ვარსკვლავები არიან მომდგარი და ყველაფერს აკეთებენ იმის დასამტკიცებლად, რომ ისინიც იმსახურებენ "ოქროს
ბურთს". საფეხბურთო სამყარო ახალი გვირგვინოსნების მოლოდინში გაირინდა!

ფიფას 2017 წლის სიმბოლური გუნდი ასეთია: ბუფონი - დანი ალვეში, ბონუჩი, რამოსი, მარსელო - კროოსი, ინიესტა, მოდრიჩი - რონალდუ, მესი, ნეიმარი. წლის საუკეთესო მწვრთნელად კი ზინედინ ზიდანი დასახელდა...

აღსანიშნავია პერსონალური ჯილდოებიც: სეზონის ყველაზე ლამაზი გოლისთვის ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო გადაეცა ოლივიე ჟირუს, ფეირ-პლეის პრიზი - კონგოელ ფრენსის კონეს მეტოქე გუნდის მეკარისთვის დახმარების აღმოჩენისთვის, წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი კი ჰოლანდიელი ლიკე მარტენსი გახდა.

წლის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებისას გადამწყვეტი ყოველთვის გუნდის წარმატება იყო - ფეხბურთელი, რომლის კლუბმაც სეზონის მთავარი ჯილდო მოიგო, გადამწყვეტ უპირატესობას იღებდა. ეს ტრადიცია მესიმ და რონალდუმ დაარღვიეს: 2010, 2012 და 2013 წელს ჩემპიონთა ლიგა არც ერთს არ მოუგია, "ოქროს ბურთი" კი მაინც არავის დაუთმეს და პრიმერა დივიზიონის ამ ორი მონსტრის პოზიციები დღესაც ურყევია. გრიზმანის, ნეიმარისა თუ დიბალას თაობა სულ უფრო თავხედურად უტევს მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ვარსკვლავებს, მაგრამ მესი-რონალდუს დუეტი წელსაც ვერავინ "ჩააჩოჩა". შედეგად ათი "ოქროს ბურთი" - ხუთ-ხუთი თითოეულს. წესით, ლოგიკური და სიმბოლური დასასრული უნდა იყოს... ამის შემდეგ სერიოზულად შეიძლება დაფიქრება მათ მემკვიდრეებზე.

მესიზე რომ არაფერი ვთქვათ, რონალდუმ "ბარსელონას" ფეხბურთელი (ხავი) მხოლოდ ერთადერთხელ შეიყვანა სამეულში, მესის კი "რეალის" მოთამაშეებმა ერთხელაც ვერ მოაწონეს თავი (2014 წელს დასახელებული დი მარია უკვე "მანჩესტერის" მოთამაშე იყო).
რონალდუს საუკეთესოთა შორის ერთხელაც არ დაუსახელებია პორტუგალიელი ფეხბურთელი, მესიმ კი თანამემამულეები ოთხჯერ დააფასა - ორჯერ აგუერო, დი მარია და მასკერანო.

და მაინც - შემტევების გარდა, ვინ შეიძლება დაიმსახუროს "ოქროს ბურთი"? მცველების და კანავაროს ამბავი გემახსოვრებათ, მეკარეებს კი ამის შანსი თIითქმის არა აქვთ. ერთადერთი გოლკიპერი, რომელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ლეგენდარული ლევ იაშინია. მიზეზი მარტივია - კარის დარაჯისთვის ასეთი ჯილდოს გადაცემა მოედანზე უმაღლესი დონის მოთამაშეების არყოფნის აღიარებას ნიშნავს. არადა, ბოლო წლებში ტრადიციის დარღვევის კარგი შანსი ჰქონდათ ნოიერსა და ბუფონს. იტალიელს ნამდვილად შეეძლო ტროფეის დასაკუთრება, "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალის" დამარცხება რომ მოეხერხებინა...

რაც უნდა გასაკვირი იყოს, წლის მთავარი ჯილდოს მოგება ძალიან უჭირთ გამთამაშებლებსაც, იმის მიუხედავად, რომ მათი თამაში გულშემატკივარს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. დე ბრუინი და ერიკსენი საუცხოოდ უძღვებიან თავიანთი გუნდების შეტევებს, მაგრამ არათუ მათ, "ოქროს ბურთი" გენიალურმა ხავიმ და პირლომაც კი ვერ დაიმსახურეს, ასე რომ, ამ მხრივ პასის თანამედროვე მეფეების წარმატება ძნელად წარმოსადგენია.

მოკლედ, ფიფას რჩეული რონალდუა. თუ ტრადიციასა და გასულ სეზონში მის მიღწევებს გავითვალისწინებთ, ალბათ, "ოქროს ბურთის" მფლობელიც პორტუგალიელი გახდება და... ხუთ-ხუთი ოქროს ბურთი მესის და რონალდუს. წესით, ლოგიკური და სიმბოლური დასასრული უნდა იყოს, მერე კი...
ჯერ "სიბერისა" არც ერთს ეტყობა რამე და არც - მეორეს მაგრამ... არსებობს თუ არა "ცხოვრება" მესის და რონალდუს შემდეგ, უახლოეს მომავალში ვნახავთ...

არგენტინელი და პორტუგალიელი ერთმანეთს აშკარად არ მტრობენ, მაგრამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებისას ერთმანეთისთვის... სამეულშიც ვერ იმეტებენ ადგილს! თვითონ ნახეთ:


რონალდუ:
2010: ხავი, კასილასი, სნეიდერი;
2011: მონაწილეობა არ მიუღია;
2012: მონაწილეობა არ მიუღია;
2013: ფალკაო, ბეილი, ოზილი;
2014: სერხიო რამოსი, ბეილი, ბენზემა;
2015: ბენზემა, ხამესი, ბეილი;
2016: ბეილი, მოდრიჩი, სერხიო რამოსი;
2017: მოდრიჩი, სერხიო რამოსი, მარსელო;

მესი:
2010: მონაწილეობა არ მიუღია;
2011: ხავი, ინიესტა, აგუერო;
2012: ინიესტა, ხავი, აგუერო;
2013: ინიესტა, ხავი, ნეიმარი;
2014: დი მარია, ინიესტა, მასკერანო;
2015: სუის სუარესი, ნეიმარი, ინიესტა;
2016: სუის სუარესი, ნეიმარი, ინიესტა;
2017: სუის სუარესი, ინიესტა, ნეიმარი;
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით