"ვიპოვით" თუ დავკარგავთ ბეგლარიშვილს?! - კვირის პალიტრა

"ვიპოვით" თუ დავკარგავთ ბეგლარიშვილს?!

"ყოველთვის ვოცნებობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე. ვფიქრობდი, რომ ერთხელ მაინც მექნებოდა ამის შესაძლებლობა, თუმცა..."

ახლახან ტალინის "ფლორას" შემტევი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი მეოთხედ გახდა ესტონეთის ჩემპიონი. 27 წლის ფეხბურთელი წლებია ტალინში თამაშობს, შედეგიანობით გასულ სეზონებშიც გამოირჩეოდა, მაგრამ ასეთ ფორმაში არასდროს ყოფილა: 16 გოლი და 23 საგოლე გადაცემა - ასეთია ბეგლარიშვილის სტატისტიკა ესტონეთის წლევანდელ ჩემპიონატში. იქაური პირველობის სიძლიერისა რა გითხრათ, არც "ფლორაა" ევროპული ფეხბურთის გრანდი, მაგრამ თუ ვინმე გვეტყვის, "მეისტრილიგა" საქართველოს ჩემპიონატზე სუსტია ან კარგ ფორმაში მყოფი შემტევები ზაქარიას გარეშეც საკმარისად გვყავსო, თავისი სიმართლით გაუმარჯოს. იმ ვითარებაში, როცა საქართველოს ნაკრების თავკაციც კი სულ შეგირდების უთამაშებლობაზე ლაპარაკობს, ვფიქრობ, დიდებულ ფორმაში მყოფი შემტევი ნახევარმცველი ამხანაგურ შეხვედრაში მაინც იმსახურებდა გამოძახებას.

როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელმა საბოლოოდ დაკარგა საქართველოს ნაკრებში გამოძახების იმედი, რადგან... ესტონეთის მოქალაქეობის მიღებას და იქაურ ნაკრებში თამაშს აპირებს! ""საქართველოს ნაკრებში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ... შანსიც კი არ მომცემია!""- გვითხრა ზაქარია ბეგლარიშვილმა, რომელსაც ზუსტად ორი წლის წინ ესტონეთთან ამხანაგური მატჩისთვის (0:3) უხმო ნაკრების მაშინდელმა თავკაცმა კახა ცხადაძემ, ვლადიმერ ვაისის ყურადღება კი ჯერჯერობით ვერ დაიმსახურა. საბოლოოდ, ვაისი "აღმოაჩენს", თუ ქართული ფეხბურთი დაკარგავს ბეგლარიშვილს, მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი ზაქარია ბეგლარიშვილთან ინტერვიუ წაიკითხეთ:

- ესტონეთის ჩემპიონობა უკვე "ჩვევად გექცა", თუ მეოთხე ჯერზეც პირველივით სასიამოვნო განცდაა?

- ჩემპიონობა ყოველთვის სასიხარულოა... როცა მთელი წელი ძალიან ბევრს ვარჯიშობ, სეზონის ბოლოს ჩემპიონობის აღნიშვნა შესაბამისი ჯილდოა. სხვათა შორის, წინა სეზონებთან შედარებით, "ფლორას""წელს გაცილებით ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავდა, მხოლოდ 3-4 ვიყავით გამოცდილი მოთამაშე.

- 16 ბურთი და 23 საგოლე გადაცემა - წლევანდელი სეზონი ყველაზე შედეგიანია თუ წინა წლებში მეტი გაგიტანია?

- 2012 წელსაც 16 გოლი გავიტანე, მაგრამ ერთ სეზონში 23 შედეგიანი გადაცემა არასდროს მქონია! აქამდე, ყველაზე მეტი, 16 საგოლე გადაცემით შემეძლო თავის მოწონება. სიმართლე გითხრათ, თუ მეტს არა, თანაგუნდელებისთვის საგოლე გადაცემების გაკეთება ბურთის გატანაზე არანაკლებ სიამოვნებას მანიჭებს!

- სეზონის დაწყებისას ბომბარდირობაზეც ფიქრობ თუ მხოლოდ გუნდის წარმატებაზე?

- ამჟამად ბომბარდირთა დავაში მეხუთე ვარ, თუმცა ამაზე იშვიათად ვფიქრობ. მთავარი ამოცანაა, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო როგორც ქვეყნის ჩემპიონატში, ისე ევროთასებზეც. მართლაც გამორჩეული სეზონი მქონდა - ჩემპიონიც გავხდი და გულშემატკივრებმა "ფლორას" წლის ფეხბურთელადაც დამასახელეს. თითქმის ყველა აღიარებს, რომ წელს ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ვარ.

სამწუხაროა, რომ ევროპის ლიგაზე "დომჟალესთან" ორივე შეხვედრა წავაგეთ, თუმცა მეორე შეხვედრის პირველივე წუთზე ლამაზი გოლი გავიტანე. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ წელსაც არ მომეცა საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა. არადა, მეგონა, ამხანაგურ შეხვედრებში მაინც მექნებოდა თავის გამოჩენის შანსი.

- ესტონეთის ნაკრებმა საქართველოზე უკეთ ჩაატარა ეს შესარჩევი ციკლი, 3 მატჩი მოიგო და მეოთხე ადგილზე გავიდა. თუმცა ქვეყნის ჩემპიონატი ასეთივე პროგრესით ვერ დაიკვეხნის...

- ესტონეთის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ძალიან ცუდად დაიწყო. ნაკრების შვედი მწვრთნელი მეოთხე ტურის შემდეგ გაათავისუფლეს და ეროვნული გუნდი ჩააბარეს ვეტერან ესტონელ ფეხბურთელ მარტინ რეიმს, რომელიც რეკორდსმენია ესტონეთის ნაკრებში ნათამაშები მატჩების რაოდენობით. რეიმის თავკაცობით გამართული ექვსი შეხვედრიდან ესტონეთმა 3 მოიგო, ერთხელ ფრე ითამაშა და მხოლოდ ბელგიასა და ბოსნიასთან დამარცხდა. რაც შეეხება ესტონეთის ჩემპიონატს, გეთანხმებით, ძლიერ პირველობად არ მიიჩნევა, მაგრამ, ჩემი აზრით, ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩემპიონატები დიდად არ განსხვავდება საქართველოს ჩემპიონატის დონისგან.

- რაც უნდა სუსტი პირველობა იყოს, რეგულარულად და შედეგიანად თამაშობ და ამ მხრივ აშკარად გამოირჩევი ქართველი ლეგიონერების დიდი ნაწილისგან. როგორ ფიქრობ, რატომ არ გეძლევა ნაკრებში თამაშის შანსი?

- სულ იმას გაიძახიან, მთავარი პრობლემა ის არის, ფეხბურთელებს კლუბებში სათამაშო პრაქტიკა რომ აკლიათო... ესტონეთის პირველობის 36 მატჩიდან მხოლოდ ერთი გამოვტოვე კოჭის ტრავმის გამო, პლუს, ევროპის ლიგაზეც ვითამაშე ორი შეხვედრა. ყოველდღე ვფიქრობდი, ალბათ, ნაკრებში ახლა მაინც გამომიძახებენ-მეთქი, მაგრამ... მთელი წელიწადი გავიდა, საქართველოს ნაკრებმა რამდენი თამაში გამართა და შანსი ერთხელაც არ მოუციათ!

- ვლადიმერ ვაისს ჟურნალისტებმაც ხომ ჰკითხეს შენზე?

- დიახ, ბეგლარიშვილის საქმეში ნახვას ხომ არ აპირებთო? აქ ცირკი კი არა მაქვს, ყოველ შეკრებაზე ახალი ფეხბურთელები გამოვიძახოო, ასეთი იყო ვაისის პასუხი!

- ბედის ირონია არ არის? საქართველოს ნაკრებში ერთადერთხელ მიგიწვია კახა ცხადაძემ და ის ამხანაგური მატჩი 0:3 წააგეთ ესტონეთთან, რომელიც შენი მეორე სამშობლოა. რისი ბრალი იყო დიდი ანგარიშით მარცხი?

- წაგების მიუხედავად, ჩემთვის განსაკუთრებული დღე იყო - ბავშვობის ოცნება ამისრულდა და პირველად ვითამაშე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში! რაც შეეხება წაგების მიზეზებს, როგორც ჩანს, არ იყო"ჩვენი დღე, მეტოქის ფეხბურთელებს კი ყველაფერი გამოსდიოდათ. სხვათა შორის, ესტონელებს იმის შემდეგ სალაპარაკოდ აქვთ ის მატჩი და, ალბათ, სულ ექნებათ. მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მეც ვითამაშე, ესტონეთის ნაკრებში ჩემი თანაკლუბელი ამას ხშირად მახსენებს ხოლმე.

- ზაქარია ბეგლარიშვილი იმედგაცრუებულია, თუ ნაწყენი საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობაზე?

- ნაწყენი არა ვარ... ყოველთვის ვოცნებობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე. ვფიქრობდი, რომ ერთხელ მაინც მექნებოდა ამის შესაძლებლობა, თუმცა...

- ესტონეთის მოქალაქეობის მიღების და ამ ქვეყნის სახელით თამაშის სურვილი კი გამოთქვი, მაგრამ ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიმიღიაო. მას შემდეგ შეგეხმიანა ვინმე იქაური ფეხბურთის ფედერაციიდან?

- როცა ვთქვი, ამდენი წელია "ფლორაში" ვთამაშობ, ენაც კარგად ვისწავლე და რატომ არ უნდა მინდოდეს ესტონეთის მოქალაქეობის მიღება და ნაკრებში თამაში-მეთქი, იმავე დღეს თქვა ესტონეთის ნაკრების მწვრთნელმა ინტერვიუში, გამიხარდება, თუ ბეგლარიშვილი ესტონურ პასპორტს აიღებს, მისი შესაძლებლობები კარგად ვიცი და ნამდვილად ვაპირებთ მის გამოძახებას, რატომაც არაო. ასეც არის: სამი წლის განმავლობაში მარტინ რეიმი ჩემი მწვრთნელი იყო "ფლორაში".

ცოტა ხნის წინ ნაკრების მეორე მწვრთნელმაც დამიდასტურა, რომ მოქალაქეობის მიღებას ელიან და გამომიძახებენ. ასე რომ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული - თუ კარგად ვითამაშებ, აუცილებლად მექნება თამაშის შანსი.

- საქართველოს ნაკრებიდან ან ფეხბურთის ფედერაციიდან ხომ არ გამოეხმაურა ვინმე შენს განცხადებას?

- არავინ დაინტერესებულა, ქართველი ჟურნალისტების გარდა, არავის არაფერი უკითხავს.

- ფიქრობ, რომ გაქვს პერსპექტივა ესტონეთის ნაკრებში და ნაკრებთან ერთად?

- გამონაკლისი არა ვარ და მეც მინდა ნაკრებში თამაში... უკვე იმდენი წელია, ესტონეთში ვცხოვრობ, არა მგონია, აქაურ ნაკრებში დამკვიდრება გამიჭირდეს. ყველაფერი მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებული.

- როგორ ფიქრობ, საქართველოში როგორ შეხვდებიან შენს გადაწყვეტილებას? გასაგებია, რომ ისე იქცევი, როგორც შენი კარიერისთვის მიგაჩნია უკეთესად, მაგრამ... შენიანების აზრი არ არის მნიშვნელოვანი?

- არა მგონია, ხალხმა ცუდად მიიღოს ჩემი გადაწყვეტილება. ყველამ იცის, როგორ მინდოდა საქართველოს ნაკრებში თამაში, მაგრამ გაფართოებულ შემადგენლობაშიც კი ვერ მოვხვდი!

- გასაგებია, რომ დროის დაკარგვა არ გინდა, მაგრამ ხომ არ ჩქარობ? იქნებ ვაისმა შეიცვალოს აზრი და გამოგიძახოს?

- წლებია, გამოძახებას ველი... თუნდაც წელს რამდენი ამხანაგური მატჩი გამართა ნაკრებმა, მაგრამ წარმატებული საკლუბო სეზონის მიუხედავად, ვერ დავაინტერესე და არა მგონია, გაისად შეიცვალოს რამე. მით უმეტეს, რომ რადგან აქაური პასპორტის აღება მინდა, სხვაგან ვერ წავალ, მომავალ წელსაც ესტონეთში უნდა ვითამაშო.

- ესტონეთი შენთვის "მეორე სამშობლოდ" იქცა, მაგრამ როგორი გულნატკენიც უნდა იყო ერთი ან რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილებით, შენი სამშობლო მაინც საქართველოა! სანანებლად არ გაგიხდება, თუ სხვა ქვეყნის სახელით ითამაშებ?

- რა თქმა უნდა, ჩემი სამშობლო საქართველოა, მაგრამ მართალი ხართ - ესტონეთიც მეორე სახლად იქცა ჩემთვის, აქ ყველასგან დიდ პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობ.

- შესაძლოა ვაისზე ნაწყენი ხარ, მაგრამ მის მუშაობაზე რას იტყვი - მოგწონს სლოვაკი სპეციალისტის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები?

- საქართველოს ნაკრები ძალიან გამართულ თამაშს აჩვენებს ხოლმე. რა თქმა უნდა, შედეგი ცუდია, შესარჩევი ეტაპის მოუგებლად დასრულებას დადებითად ვერ შევაფასებთ, მაგრამ გუნდის თამაშში პროგრესი აშკარაა და იმედია, შედეგიც იქნება.