არც ისე "ტკბილი" ნოემბერი?! - კვირის პალიტრა

არც ისე "ტკბილი" ნოემბერი?!

რაგბისთან ერთად, კალათბურთი ნოემბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა. თუმცა, ჯერჯერობით არც ისე სასიამოვნო კუთხით. დეკემბერში გასამართი საარჩევნო ყრილობის წინ საკალათბურთო სამყარო რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი და თავისი წილი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს. 11 დეკემბერს გასამართ საერთო-საარჩევნო კრებაზე ხმის უფლების მქონე წევრებმა 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. განცხადებების მიღება დაწყებულია და 5 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა პრეზიდენტობის სურვილი უკვე დაადასტურა რამდენიმე კანდიდატმა. ჯერჯერობით, ყველაზე აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ვეტერანი კალათბურთელი შიო ხეცურიანი ეწევა, დანარჩენები შედარებით ნაკლებად აქტიურობენ, ფედერაციის მოქმედი თავკაცი მიხეილ გაბრიჩიძე კი ამბობს, რომ "მოვლენები ისე ვითარდება, რომ, დიდი ალბათობით, პრეზიდენტობისთვის თავადაც იბრძოლებს.

რა "მოვლენებს" გულისხმობს კალათბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი? უპირველესად, სწორედ შიო ხეცურიანის განცხადებებს. ხეცურიანი, რომელიც ზაზა ფაჩულიას მეგობარია და მხარდამჭერები სხვა მოქმედ თუ ვეტერან კალათბურთელებს შორისაც საკმაოდ ჰყავს, ამბობს, რომ კალათბურთის ფედერაცია პრეზიდენტობის მსურველებს არათანაბარ პირობებში აყენებს, მეტიც, არჩევნების გაყალბებასაც კი ცდილობსო:

"არ ვიცი, რა იქნება უშუალოდ არჩევნების დროს, მაგრამ ფაქტია, რომ მოსამზადებელი პერიოდი "კულტურულად" გააყალბეს, - ამბობს შიო ხეცურიანი, - საქართველოს კალათბურთელების გაერთიანებას, რომელიც წელს შეიქმნა და 64 მოთამაშეს აერთიანებს, გიორგი ცინცაძე ხელმძღვანელობს. გაერთიანებამ მიმართა ფედერაციას და გამგეობას, რათა მათი ორგანიზაცია სრულუფლებიან წევრად მიეღო და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა. კალათბურთის ფედერაციამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც უსამართლობა და არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებაა - კალათბურთელებს, რომელთა შორისაც არიან მოთამაშეები როგორც სუპერლიგიდან, ასევე სხვადასხვა კლუბიდან, ჩამოართვეს პოზიციის გამოხატვის უფლება. ცდილობენ, გააყალბონ არჩევნები".

ბრალდების საპასუხოდ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე ამბობს, რომ გამგეობის გადაწყვეტილების შეცვლის უფლება არავის აქვს, არათუ 64, გაცილებით მეტი ადამიანის თხოვნის შემთხვევაშიც კი: "15 მაისს გამართულ სხდომაზე კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 მაისის შემდგომ დარეგისტრირებული ორგანიზაციები საარჩევნო ყრილობამდე არ გაწევრდნენ ეროვნული ფედერაციის სრულუფლებიან წევრებად. მიზეზი? კალათბურთელთა გაერთიანების გარდა, შეიქმნა რამდენიმე სხვა ორგანიზაციაც - გულშემატკივართა კავშირი, ფანკლუბი და ა.შ. ამიტომაც, რომ არ მომხდარიყო სხვა ორგანიზაციების კოპირება ან არ გაწევრებულიყვნენ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც სპეციალურად არჩევნებისთვის შეიქმნა, გადაწყდა: არჩევნების დასრულებამდე, 15 მაისის შემდეგ რეგისტრირებულ ორგანიზაციებს აღარ ვიღებთ! გადაწყვეტილება მაისშია მიღებული და ამის შესახებ ყველას ჰქონდა ინფორმაცია.

რაც შეეხება არჩევნების "გაყალბებას", ზოგს სურს, წამებულისა და დაჩაგრულის მანტია მოირგოს, ამიტომაც მსგავსი განცხადებები არ უნდა გაგვიკვირდეს. სინამდვილეში, კალათბურთის ფედერაცია მხოლოდ არბიტრის როლს ასრულებს და პირობას ვდებთ, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, არჩევნებმა სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩაიაროს", - ამბობს გაბრიჩიძე.

საქართველოს კალათბურთელების გაერთიანების რეგისტრაციის შესახებ თავისი მოსაზრება აქვს გაბრიჩიძის შეცვლის მსურველს. შიო ხეცურიანი ამბობს, რომ ფედერაციას ვადის ამოწურვამდე უნდა გამოეცხადებინა, როდემდე ჰქონდათ ორგანიზაციებს დარეგისტრირების უფლება და ფედერაციის მოქმედ ხელმძღვანელობას მუშაობას სხვა მხრივაც უწუნებს: "ბავშვთა კალათბურთი ცუდ მდგომარეობაშია, სუპერლიგა საშინელ დღეში, მატჩებს 30 კაცი ესწრება. არ ხდება კალათბურთის პოპულარიზაცია... ჩვენმა იურისტებმა რამდენჯერმე მიმართეს ფედერაციას, გაესაჯაროებინა ხარჯები, კალათბურთელთა სია, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. ფედერაციაში ისიც არ იციან, რამდენი ქართველი კალათბურთელია. ჩამონათვალი ან არა აქვთ, ან გვიმალავენ... უსამართლობაა ნაკრებიდან კოტე ტუღუშის გაშვება, უსამართლობაა ჩვენი მხარდაჭერის გამო "ქუთაისის" დაჩაგვრა. სწორედ ჩვენი მხარდაჭერის გამო არ გადაურიცხეს კლუბს თასის ფინალის 50.000 ლარი! თუმცა ჩვენ მაინც შევძლებთ სამართლებრივად არჩევნების მოგებას", - დარწმუნებულია ხეცურიანი.

შეგახსენებთ, რომ კოტე ტუღუშმა და ირაკლი ხოშტარიამ რამდენიმე დღის წინ დატოვეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ასისტენტის თანამდებობები. ოპონენტის სიტყვების პასუხად, მიხეილ გაბრიჩიძე ამბობს, რომ ნაკრებიდან არავინ"გაუშვიათ: "სიტყვა "გაშვება" ცუდი და არასწორია. არავის არავინ გაუშვია. "უშვებენ იმ ადამიანებს, ვისაც მოქმედი კონტრაქტი აქვთ და ცუდად მუშაობენ. კოტეს კონტრაქტი ამოეწურა, ეს არის და ეს. საქმე გვაქვს ჩვეულებრივ როტაციასთან. ნაკრებს დაემატა ერთი ახალგაზრდა მწვრთნელი და ზუროსი კიდევ ფიქრობს ერთი ახალგაზრდის დამატებას. საერთაშორისო გამოცდილებას მიიღებენ და ქართულ კალათბურთს დაეხმარებიან".

11 დეკემბრამდე დიდი დროა და ცხადია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობაც მოიმატებს. თუმცა, იმედია, საქმე საკალათბურთო სამყაროს გახლეჩამდე არ მივა და ფედერაციის ახალ პრეზიდენტს სამართლიანი და თანაბარი არჩევნების შედეგად აირჩევენ.

მანამდე კი, იმედია, ნოემბრის დარჩენილი დღეები მაინც იქნება "ტკბილი" - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ხომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ელის! ილიას ზუროსის გუნდი 24 ნოემბერს გერმანიას ეთამაშება, სამი დღის შემდეგ, სერბეთს, ოღონდ ეს იქნება საქართველოს ისეთი ნაკრები, როგორიც უკანასკნელ წლებში არ გვინახავს! სანაკრებო კარიერა დაასრულეს ზაზა ფაჩულიამ და ვიქტორ სანიკიძემ, საკლუბო ბატალიების გამო ვერ ჩამოდიან თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, ტრავმების გამო კი, გერმანია-სერბეთთან ვერც გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და ბექა ბურჯანაძე დაგვეხმარებიან.

და მაშინ, ვინ უნდა ითამაშოს? ეს არის კითხვა, რომელიც არა მარტო ქართველ ქომაგს, უპირველესად, ილიას ზუროსს აწუხებს. ბერძენი მწვრთნელი კიდევ ორი წლით დარჩა საქართველოს ნაკრების სათავეში და, სავარაუდოდ, განახლებული კონტრაქტით დაბევებული წლებიდან ყველაზე რთული პერიოდი სწორედ უახლოეს დღეებში ელის - უაღრესად მწირი არჩევანიდან უნდა მოახერხოს ისეთი გუნდის შედგენა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას თუ ვერ შეძლებს, სირცხვილს მაინც არ გვაჭმევს.

ახალგაზრდა და გამოუცდელი კალათბურთელების ფონზე, ლიდერის მანტია ვეტერანებმა უნდა მოისხან, უპირველესად, მანუჩარ მარკოიშვილმა. მანუ დიდებული მცველია, გამოცდილებით კი, მეტოქეთა ბანაკშიც ცოტა თუ შეედრება. საბედნიეროდ, კარგ ფორმაშიც არის და, ალბათ, კაპიტნის სამკლავურსაც მოირგებს.

ცინცაძის არყოფნაში გაცილებით გაიზრდება მაიკლ დიქსონის როლიც. გაქართველებულ ამერიკელს ნაკრებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია და კარგია, რომ სათამაშო დროის სიმცირეს კლუბში არც ის უჩივის. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდში დაბრუნდა ნიკოლოზ ცქიტიშვილი. 34 წლის კალათბურთელი ამჟამად უგუნდოდ არის, მაგრამ მისი გამოცდილების პატრონს სარგებლის მოტანა ნამდვილად შეუძლია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მას და ნაკრების მწვრთნელს შორის გაუგებრობა დასრულებულია.

ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელია გოგა ბითაძე, მაგრამ წლევანდელ ევრობასკეტზე გამართულმა თამაშებმა დიდი სამსახური გაუწია, კლუბშიც სტაბილურად თამაშობს და იოლი გამოსაცნობია, რომ ფაჩულია-შერმადინის არყოფნაში სწორედ ბითაძე იქნება ნაკრების ძირითადი ცენტრი. აღსანიშნავია, რომ 18 წლის კალათბურთელი სერბული კლუბის ღირსებას იცავს და ამ ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ გაორმაგებული მოტივაციით ითამაშებს.

დანარჩენები? ანატოლი ბოისა, ბექა ბექაური, ლევან ფაცაცია, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, აკაკი დვალიშვილი და სხვები - გაფართოებულ შემადგენლობაში ზუროსმა არაერთი ახალგაზრდა და პერსპექტიული კალათბურთელიც შეიყვანა.

დანარჩენს =ნოემბერი გვიჩვენებს და იმედია, "ტკბილი" თუ არა, მთლად მწარეც არ იქნება.