ამერიკელები საქართველოს ნაკრებში - კვირის პალიტრა

ამერიკელები საქართველოს ნაკრებში

გრინი და ჰოსლი - ივლისიდან ამ გვარების გაგონება ქართული კალათბურთის ქომაგს საკმაოდ ხშირად მოუწევს. რამდენიმეთვიანი ძებნისა და კანდიდატთა 24-კაციანი ჩამონათვლის ორამდე დაყვანის შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ არჩევანი ამერიკელებზე - ტორინ გრინსა და ქუინტონ ჰოსლიზე შეაჩერა.

კალათბურთის მოყვარულთ კარგად მოეხსენებათ, რომ "გაქართველებული ამერიკელი" - ტაირონ ელისი, რომელმაც გასულ წლებში ჩვენს ნაკრებს დიდი სამსახური გაუწია, ოჯახური პირობების გამო ვეღარ გვეხმარება. ამიტომაც კალათბურთის ფედერაციამ და ნაკრების მწვრთნელმა ახალი მოთამაშეებით გადაწყვიტეს გუნდის გაძლიერება.

ევროპული კალათბურთი ორივე ახალწვეულისთვის კარგადაა ნაცნობი. 24 წლის ტორინ გრინი, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია გამთამაშებლისა და მსროლელის პოზიციაზე თამაში, "პორტლენდისა" და "დენვერის" მოვლის შემდეგ, ესპანურ "სარაგოსაში" თამაშობდა, ახლა კი ბერძნულ აეკს ეკუთვნის. რაც შეეხება 26 წლის ქუინტონ ჰოსლის (მსროლელი - ფორვარდი), თავის დროზე მას თურქულ "ქარშიაქასა" და "გალათასარაიში" უთამაშია და ახლაც ამ ქვეყნის კლუბ "ალიაღა პეტკიმის" ღირსებას იცავს. ერთი სეზონი მადრიდის "რეალშიც" კი აქვს გატარებული.

საქართველოს ნაკრებს აგვისტოში ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელის და გამოცდილი მოთამაშეების დამატება ნამდვილად არ გვაწყენს. ახალწვეულებთან დაკავშირებით მცირე კომენტარი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს ვთხოვეთ.

- ცნობილია, რომ სასურველ კანდიდატებს რამდენიმე თვის განმავლობაში არჩევდით. გადამწყვეტი, ალბათ, ნაკრების თავკაცის, იგორ კოკოშკოვის სიტყვა იყო, არა?

- გრინსა და ჰოსლიზე არჩევანი დაახლოებით 24-კაციანი სიის "გაფილტვრის" შემდეგ შევაჩერეთ. ზოგიერთი კალათბურთელი ჩვენ დავიწუნეთ, ზოგიერთმა თავად არ ისურვა საქართველოს ნაკრებში თამაში. ამ ორი მოთამაშის შემთხვევაში კი ორივე მხარის ინტერესები დაემთხვა. რაც შეეხება კოკოშკოვს, ის პირადად იცნობს ტორინსა და ქუინტონს, თანაც, ამპლუითაც იმ პოზიციების მოთამაშეები არიან, სადაც საქართველოს ნაკრებს გაძლიერება არ აწყენდა და... შეთანხმება უკვე მიღწეულია, თვის ბოლოს ორივე ამერიკელი თბილისში იქნება და საქართველოს მოქალაქის პასპორტსაც მიიღებს.

- ოღონდ, მატჩის განაცხადში მწვრთნელს მხოლოდ ერთი მათგანის შეყვანის უფლება ექნება...

- ასეა - ნაკრებ გუნდებს ამა თუ იმ მატჩის განაცხადში მხოლოდ ერთი ნატურალიზებული კალათბურთელის შეყვანის უფლება აქვთ. ასე რომ, მწვრთნელი უშუალოდ შეხვედრის წინ გადაწყვეტს, რომელი შეიყვანოს განაცხადში. გრინმაც და ჰოსლიმაც იციან, რომ რომელიმე მათგანს, შესაძლოა, თამაშის შესაძლებლობა საერთოდ არ მიეცეს, თუმცა, ეს ყველაფერი შეთანხმებულია და სწორედ ამიტომაც გაიწელა ამდენ ხანს მოთამაშეთა დამატების ამბავი. მეტიც, კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ რომელიმეს თამაში არ დააკმაყოფილებს, ფედერაციას აქვს უფლება, ხელშეკრულება გაწყვიტოს.

- ბარემ კონტრაქტის პირობებიც გაგვაცანით...

- ხელშეკრულება ორწლიანია. აქვე განვმარტავ, რომ ჩვენი მხრიდან არანაირ ჰონორარზე არ არის ლაპარაკი. მხოლოდ კალათბურთის ფედერაციას კი არა, თავად ამერიკელ მოთამაშეებსაც სურთ საქართველოს ნაკრებში თამაში, რადგან ქართული პასპორტის აღების შემდეგ კლუბებში არაევროპელებისთვის დაწესებული ლიმიტი აღარ შეეხებათ.

- ნატურალიზებულ უცხოელთაგან საქართველოს ნაკრებში ბოლოს ტაირონ ელისმა ითამაშა. საკალათბურთო მონაცემების გარდა, ტაირონი ჩინებული პიროვნული თვისებებითაც გამოირჩეოდა. ელისმა ქართველ ქომაგს ძალიან შეაყვარა თავი, საქართველოს თავადაც მეორე სამშობლოდ მიიჩნევდა და აცხადებდა - ელისი კი არა - ელისაშვილი ვარო... როგორ ფიქრობთ, გუნდის ახალწვეულები შეძლებენ ასევე შეაყვარონ თავი ქართველ გულშემატკივარს?

- ტაირონი მართლაც საოცარი ადამიანია. როგორც იცით, აგვისტოს მატჩებში ოჯახური პირობების გამო ვერ გვეხმარება, თუმცა იქნებ მომავალში ისევ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში. რაც შეეხება გრინსა და ჰოსლის, კოკოშკოვი დარწმუნებულია, რომ ჩვენს მენტალიტეტს კარგად აუღებენ ალღოს და იმედია, ხალხის სიყვარულსაც მალე დაიმსახურებენ...