კახა კალაძე: საქართველოში დემოკრატია კი არა, "ბეზპრედელია" - კვირის პალიტრა

კახა კალაძე: საქართველოში დემოკრატია კი არა, "ბეზპრედელია"

"როგორ შეიძლება დემოკრატია იყოს ისეთ პირობებში, როცა განსხვავებული აზრის გამო გაპატიმრებენ"

ამბობენ, ხელისუფლება კახა კალაძეს პირველად მაშინ შემოსწყრა, როცა მან საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის გამოუძიებელი საქმე გაუხსენა, საბოლოოდ კი - ეროვნული გუნდის კაპიტანი მაშინ გადაიმტერეს, როცა მან ბიზნესპარტნიორად ექსპრემიერი ზურაბ ნოღაიდელი აირჩიაო. შედეგად, კალაძე, რომელიც, შეიძლება ითქვას, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სარეკლამო სახე იყო, გაწირეს, თუმცა უკან დახევას არც ფეხბურთელი აპირებს.

კახა კალაძეს გასული სეზონი, პრაქტიკულად, ჩაუვარდა, რადგან "მილანის" მწვრთნელმა ლეონარდომ ჩვენებურს თავის გამოჩენის შანსი არ მისცა და, შესაბამისად, ითქვა, რომ კახა ახალ სეზონს სხვა კლუბში დაიწყებდა, თუმცა...

- "მილანთან" კონტრაქტი 2011 წლის ბოლოს მისრულდება. მას შემდეგ, რაც გუნდიდან ლეონარდო გაუშვეს, წასვლა გადავიფიქრე. მე დავამტკიცებ, რომ ძველებურად თამაში შემიძლია და ამიტომ, გუნდში ვრჩები. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გადავწყვეტ, კარიერა სად განვაგრძო.

- ამბობენ, ანდრეი შევჩენკოს მსგავსად კახა კიევის "დინამოში" დაბრუნდებაო. ლაპარაკობენ მოსკოვის "სპარტაკზეც"...

- ლაპარაკი არა მარტო ამ ორ გუნდზე, არამედ "პარმაზე", "ნაპოლისა" და "ბაიერნზეც" იყო. ახლახან პრესაში წავიკითხე, რომ თურმე "იუვენტუსში" მივდივარ. არადა, არც მე და არც ჩემს აგენტს არავისთან გვისაუბრია ამაზე და კიდევ გავიმეორებ, კარიერას "მილანში" განვაგრძობ!

- ლეონარდო რატომ არ გათამაშებდა?

- მგონი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თვითონაც გაუჭირდება. დავიღალე შეკითხვის დასმით - რატომ არ მათამაშებ-მეთქი და ბოლოს, უბრალოდ, სეზონის დასრულებას ველოდი. მთელი სეზონის განმავლობაში ლეონარდო 12-13 ფეხბურთელს დაეყრდნო, შედეგად მივიღეთ ის, რომ სეზონის ბოლოს ფეხბურთელები გადაიწვნენ და უტიტულოდ დავრჩით. კარლო ანჩელოტი, სულ ცოტა, ოც ფეხბურთელს ათამაშებდა და ამიტომაც იყო, მის ხელში თითქმის ყველა ტიტული რომ მოვიგეთ.

- 32 წლის ხარ და კიდევ რამდენ ხანს აპირებ თამაშს?

- რომ შემეძლოს, მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვითამაშებდი. ისე კი, ვფიქრობ, რომ სამ-ოთხ წელიწადს კიდევ შევძლებ, თუმცა საჯაროდ ვამბობ, იმ დღესვე დავასრულებ კარიერას, როგორც კი მივხვდები, რომ უმაღლეს დონეზე თამაში აღარ შემიძლია.

- სამწვრთნელო კარიერას დაიწყებ?

- არა, გამორიცხულია. მწვრთნელი შინაგანად უნდა იყო, მე კი ვგრძნობ და ვიცი, რომ მოწოდებით მწვრთნელი არ ვარ და ამ საქმეს არც შევეჭიდები. მთელ დროს ოჯახს და მეგობრებს დავუთმობ.

- ადრე თქვი, კარიერას რომ დავასრულებ, საქართველოს პრეზიდენტი უნდა გავხდეო...

- არა, ასე არ მითქვამს, ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეს. მე ვთქვი, რომ პოლიტიკაში წასვლას ვაპირებ და ეს პირობა ახლაც ძალაშია. არ მაქვს პრეზიდენტობის ამბიცია, მაგრამ იმის სურვილი კი ნამდვილად მაქვს, რომ ჩემს ერს დავეხმარო, რადგან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საშინელ გაჭირვებასა და ტერორში ცხოვრობს.

- აბა, საქართველოში დემოკრატია ყვავისო...

- საქართველოში დემოკრატია კი არა, "ბეზპრედელია". მე, წლებია, ევროპაში ვცხოვრობ და ვიცი, რა არის ნამდვილი დემოკრატია. როგორ შეიძლება დემოკრატია იყოს ისეთ პირობებში, როცა განსხვავებული აზრის გამო გაპატიმრებენ. მაგალითად, თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ძაღლი დაფრინავს, უნდა დაეთანხმო, თუ არ დაეთანხმები, სულ ცოტა, მეორე დღეს შენს ახლობელს დაიჭერენ.

ეს არის დემოკრატია? ამ ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობა ბოლომდე გააფუჭა, არადა, რუსეთი უზარმაზარი რესურსების და დიდი ბაზრის მქონე ქვეყანაა და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სარჩოს სწორედ იქიდან იღებდა. ახლა უკრაინასთანაც აირია სიტუაცია. ამ ხელისუფლების პირობებში მეზობლებთან ურთიერთობის მოწესრიგება წარმოუდგენელია.

არმაზ ხარძიანი

გაზეთი "ყველა სიახლე" #22