ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა - კვირის პალიტრა

ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონობაც მოიპოვა. sportall.ge ინფორმაციით, აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამის აწევით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

ატაცში აწეული 220 კილოგრამით ლაშა ტალახაძემ ამ მხრივაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. წინა მსოფლიო რეკორდიც(117 კგ.) ქართველ ძალოსანს ეკუთვნის.

მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ირანელმა საეიდ ალიჰუსეინმა, ხოლო ბრინჯაო ასევე ირანელმა ბეჰდად სალიმიკორდასიაბმა მოიპოვა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული შედეგით, ჯამში 7 მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაოა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში მანამდე ქალთა შორის 90 კგ-ში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ანასტასია გოტფრიდმა, ხოლო შოთა მიშველიძემ 62 კგ-ში ბრინჯაო მოიპოვა. საქართველოს ნაკრებიდან უმედლოდ მხოლოდ რევაზ დავითაძე (85) დარჩა, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა.