რკინისა და ოქროს კაცი
11-12-2017
რკინისა და ოქროს კაცი
6 დეკემბერს აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ორი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა! ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამს გაუმკლავდა, აკვრაშიც წარმატებით დაასრულა სამივე ცდა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაისაკუთრა!
იმავე მასშტაბის რეკორდია ატაცში 220 კილოგრამიც. ეს წონა ლაშამ ერთი თვით ადრე, დუშეთში გამართულ საქართველოს პირველობაზეც დასძლია, მსოფლიო ჩემპიონატზე კი რეკორდი ოფიციალურად გაიფორმა.
გასული კვირის რეკორდები
შესაძლოა ვინმემ მოძველებულადაც ჩაგვითვალოს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, არათუ რამდენიმე დღე, სალაპარაკოდ, იქნებ წლებიც გვეყოს. უფრო სწორად, მანამდე, სანამ ისევ ლაშა არ მოუგებს რკინას მორიგ დუელს.

თავის თავთან მებრძოლი


დიახ, რკინის კაცია და რკინას ებრძვის, ესე იგი - საკუთარ თავსაც. რაკიღა მას და რკინას შორის
კარგა ხანია, აღარავინაა. მხოლოდ რკინის კაცი დარჩა - თავისი თავის წინააღმდეგ.
აკი არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის მთავარი რკინასთან გაჯიბრებაა და არა მეტოქესთან...
აღარც არიან მეტოქეები... შარშანდელი ოლიმპიადის შემდეგ წესად იქცა, რომ მძიმეწონოსანთა კვარცხლბეკის მხოლოდ ორი საფეხურია თავისუფალი, პირველისთვის კი მხოლოდ ერთი ებრძვის თავის თავსა და რკინას.
ლაშა ტალახაძე მისაბაძი კაცია. და ასეთი კაცები დღეს განსაკუთრებით რომ სჭირდება საქართველოს, ბოლო დღეების ტრაგიკულმა ქრონიკამაც კარგად გვაჩვენა. მისი შემხედვარე, ბევრი უნდა მიხვდეს, რომ თვითდამკვიდრებისთვის საუკეთესო გზა განათლება და სპორტია. "ბრძოლა" კი, პირველ რიგში, ყველას საკუთარ თავთან გვმართებს და არა - თანატოლებთან!

რკინა და ოქრო


ლაშა ტალახაძე მხოლოდ ფიზიკურად და შედეგებით არ არის დიდი კაცი. რკინის კაცია, ოქროს ხასიათით.
ხასიათითა და მედლებით. ამიტომაც აღარ გვიკვირს, რომ სპორტის სამყაროში, სადაც სიბინძურე და შური სულაც არ არის იშვიათი, ლაშას "ტალახს" ვერავინ ესვრის. მერე რა, რომ ტალახის სროლა ადვილია. ტალახაძის დამარცხებაა შეუძლებელი!

შტანგის მეგობარი


მეტოქეებთან ერთად, შტანგის მორჯულებაც რომ კარგად გამოსდის, ლაშა ყველა ტურნირზე ამტკიცებს. "ლელოსთან" ინტერვიუში კი საინტერესო რამ თქვა: "ზოგს შტანგა უსულო სხეული ჰგონია, ჩემთვის კი ის სულიერია, უნდა მოარჯულო, დამჯერი გახადო. ძალოსანსა და რკინას შორის ჰარმონია უნდა დამყარდეს. უნდა მოგენდოს, რომ მოძრაობისას სასურველ წონაზე წამოგყვეს, თორემ თუ გაგიჯიუტდა, არაფერი გამოვა. ამიტომაც ჩემი ჩვევები მაქვს - უწესრიგობას ვერ ვიტან. ყოველი წვრთნის შემდეგ შტანგას თუ სხვა სავარჯიშო იარაღს ვწმენდ და ისე ვინახავ".

ვარჯიშის შემდეგ საწვრთნელ ინვენტარს ინახავს, ტურნირების შემდეგ - ოქროს მედლებს.
იგებს და "ჭერში" - პირად კოლექციაში აწყობს. უკვე ყველა რანგის ტურნირში აქვს ოქროს მედალი, რეკორდები ხომ... 477 კილოგრამი უკვე "დამარცხებულია" და გვჯერა, რომ სწორედ ლაშა იქნება პირველი ძალოსანი, ორჭიდის ჯამში, ნახევარ ტონას რომ დასძლევს.

ჩვენი ანასტასია


ალბათ, გსმენიათ "მჯდომარე ანასტასიას" ღვაწლის შესახებ, მაგრამ დღეს სხვა ანასტასიაზე მოგიყვებით. კვარცხლბეკზე მდგომარე ანასტასიაზე! 21 წლის ანასტასია გოტფრიდი (90 კგ) საქართველოს სახელით 2015 წლიდან ასპარეზობს, მიმდინარე წლის დეკემბერში კი ანაჰაიმში ლაშა ტალახაძეს "დაასწრო" და მსოფლიო ჩემპიონი ერთი დღით ადრე გახდა! ანასტასია საქართველოს პირველი ძალოსანი ქალია, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

ანაჰაიმში საქართველოს ნაკრების ერთადერთმა ქალმა წევრმა ატაცში 120 კგ დასძლია და ჩემპიონი გახდა, აკვრაში ვერცხლს დასჯერდა, ორჭიდის ჯამში კი 265 კილოგრამს მოუყარა თავი და პირველობა არავის დაუთმო!
ასე რომ, ჩვენც გვყავს ჩვენი ანასტასია - კვარცხლბეკზე მდგომარე!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით