დოლინები და ბლინები წილისყრაზე
18-12-2017
დოლინები და ბლინები წილისყრაზე
მოსკოვისკენ გახედვა დიდად არ გვიყვარს, მაგრამ ამჯერად სხვა გზა არ გვქონდა - მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წილისყრას სწორედ ტურნირის მომავალი მასპინძლის დედაქალაქმა უმასპინძლა. კრემლის დარბაზში გამართულმა ცერემონიალმა ქვეჯგუფებში გადაანაწილა მუნდიალის მონაწილე 32 ნაკრები და მომავალი ტურნირის განრიგიც დააზუსტა. წილისყრის შედეგებსა თუ ცერემონიალზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, ამიტომ ყურადღებას ისეთ ამბებზე გავამახვილებთ, რომლებიც შესაძლოა გამოგრჩათ:

მარადონას მეფური კოცნა


წილისყრას მსოფლიო ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი დაესწრო. ცერემონიალის დაწყებამდე რამდენიმე მათგანს ცალკე შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი. პუტინთან ჭიქა შამპანურის თანხლებით საუბრის პატივი ერგოთ რონალდუს, მათეუსს, პუიოლს, კაფუს, კლოზეს, კანუს, ეტო,ოს და სხვ. და, რა თქმა უნდა, პელეს და მარადონას! 2015 წელს გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, პელეს გადაადგილება უჭირს და საზოგადოებაში უმეტესწილად ხელჯოხით ან სპეციალური ეტლის თანხლებით ჩნდება. ასე იყოს მოსკოვშიც
- "ფეხბურთის მეფე" შეხვედრაზე ეტლით მივიდა და სხვებთან ერთად ისტორიულ მეტოქესთანაც ტკბილად იმუსაიფა.
დიახ, "ზურგს უკან" ბევრჯერ გაულანძღავთ ერთმანეთი პელესა და მარადონას, თითოეული სულ იმას ამტკიცებს, რომ სწორედ თავად არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ პირისპირ შეხვედრისას საპირისპიროდ, სწორედ ისე იქცევიან, მათი მასშტაბის ფეხბურთელებს რომ ეკადრებათ.

და მარადონას საქციელიც იმ დღის მთელ ემოციად ღირდა: საუბრის ბოლოს ყურებამდე გაღიმებული ლეგენდარული არგენტინელი თბილად მოეხვია და შუბლზე აკოცა ეტლში მჯდომ "ფეხბურთის მეფეს"... და ამით ხაზი გაუსვა, რომ... მეფე მეფეა - როგორ ეტლშიც უნდა იჯდეს!

გასცდება რუსეთი?


ამასობაში დანარჩენი სტუმრები ბლინებით იქცევდნენ თავს. ბლინი რუსების საყვარელი საჭმელია. ჰოდა, წილისყრის ცერემონიალის დაწყებამდე საპატიო სტუმრებს მურაბით, თაფლით, არაჟნითა თუ ორაგულით "გაფორმებული" ცხელ-ცხელი ბლინებითაც გაუმასპინძლდნენ... მოგვიანებით კი ლარისა დოლინას სიმღერითაც. 62 წლის დოლინას გარდა, კრემლის საკონცერტო დარბაზის სცენაზე იმღერეს ალსუმ (რუსი მომღერალი, ნავთობკომპანია "ლუკოილის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ქალიშვილი) და "ბურიტომ" (რუსი მომღერალი და ქორეოგრაფი), ნაციონალური ცეკვები კი იგორ მოისეევის სახელობის ხალხური ცეკვების ანსამბლმა შეასრულა.
რუსეთს ზესახელმწიფობაზე აქვს პრეტენზია, ბირთვული და კოსმოსური მიღწევებითაც იწონებს თავს, აგერ, მუნდიალის მასპინძლობის უფლებაც დაიმსახურა, მაგრამ... დოლინას და კობზონს ჯერაც ვერ გასცდა.
გასცდება თუ არა ურუგვაის, ეგვიპტესა და საუდის არაბეთს, ზაფხულში ვნახავთ.

"ბედი მომეც და მუნდიალზე გადამაგდეო?!


დიახ, ამჯერად, რუსეთის ნაკრებთან ერთად ქვეჯგუფში ურუგვაი, საუდის არაბეთი და ეგვიპტე ითამაშებენ. რუსებს წილისყრაში სულ "უმართლებთ" ხოლმე და გასაკვირი რაღა უნდა იყოს ახლა, როცა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლები არიან?! ახლავე შეიძლება თქმა, რომ ამ ჯგუფში ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე "სანახაობრივ" მატჩებს ვნახავთ, ჩემპიონატის გახსნის მატჩი კი ნამდვილად "დაუვიწყარი" იქნება - რუსეთი-საუდის არაბეთი...

გადარჩენილი ირანელები


ირანის ნაკრებს მეტოქეებში რამდენად გაუმართლა, თავად განსაჯეთ (ესპანეთთან, პორტუგალიასა და მაროკოსთან მოხვდა), მაგრამ ირანელი ქომაგები ნამდვილად კმაყოფილი უნდა იყვნენ, წილისყრის ცერემონიალის ბოლომდე ყურება რომ შეძლეს. ამისთვის განსაკუთრებული ირანული მადლობა მარია კომანდნაიას ეკუთვნის. გარი ლინეკერთან ერთად, სწორედ რუსი სპორტული ტელეწამყვანი კომანდნაია უძღვებოდა კენჭისყრის ცერემონიალს და მსგავსი ტიპის შოუსთვის საკმაოდ მოკრძალებულადაც ეცვა.
ირანი და სამოსი კი იმ შუაშია, რომ წილისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ირანელმა გულშემატკივრებმა მარიას "სთხოვეს", ემანდ, ძალიან შილიფადაც ნუ გამოეწყობი, თორემ ირანის სახელმწიფო არხი პირდაპირ რეპორტაჟს შეწყვეტს და წილისყრას ვეღარ ვნახავთო. რაც შეეხება კომანდნაიას მეწყვილეს, ლინეკერი საკმაოდ ბევრს ხუმრობდა და, ალბათ, ბევრი აპენინელი გადაიმტერა, როცა ფაბიო კანავაროს წარდგენისას სიცილით თქვა, იტალია ასე მაინც მიიღებს მონაწილეობას მუნდიალზეო.

"სიკვდილის ჯგუფის" გარეშე?


გასულ წლებში ფიფა ნაკრებებს იმგვარად ანაწილებდა კალათებში, რომ მინიმუმ ერთი "სიკვდილის ჯგუფი" გარანტირებული გვქონდა ხოლმე. წელს განთესვა რეიტინგს ეყრდნობოდა და შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად ყველა ჯგუფში შეიყარნენ "ძლიერები და სუსტები". თუმცა შედარებით თანაბარძალოვანი ქვეჯგუფების გამოყოფაც შეიძლება. მაგალითად, ერთ ჯგუფში არიან არგენტინა, ისლანდია, ხორვატია და ნიგერია; ბრაზილია, სერბეთი და შვეიცარია; ესპანეთი და პორტუგალია; ინგლისი და ბელგია... თუმცა ჯობს, ჯგუფების შემადგენლობებს კიდევ ერთხელ გადახედოთ და თავად გადაწყვიტოთ, ვის როგორ გაუმართლა.

რონალდუ ესპანეთის წინააღმდეგ და... მესიც?


მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს აიღებს სტარტს, მაგრამ რამდენიმე ინტრიგა უკვე წილისყრის დასრულებისთანავე გაჩნდა. მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუს "მშობლიური" ესპანეთის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. სხვათა შორის, ეს მუნდიალის უკვე მეოთხე მატჩი იქნება რუსეთი-საუდის არაბეთის, ეგვიპტე-ურუგვაის და მაროკო-ირანის შემდეგ. ასე რომ, ბევრისთვის მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ 15 ივნისს, "პირენეული დერბით" გაიხსნება და არა წინადღეს. შესაძლებელია, რონალდუს კიდევ ერთი პრინციპული, პირადი დუელის გადატანა მეოთხედფინალშიც მოუხდეს: ამისთვის პორტუგალიამ და არგენტინამ ერთნაირი ადგილები უნდა დაიკავონ თავიანთ ჯგუფებში და 1/8-ფინალური ეტაპიც წარმატებით დასძლიონ. თუ ასე მოხდა, რონალდუ-მესის დუელს სანაკრებო დონეზეც ვნახავთ!
საინტერესო იქნება ბრაზილია-სერბეთის, ასევე ინგლისი-ბელგიის, არგენტინა-ხორვატიის შეხვედრებიც... მაგრამ გარანტირებული გვაქვს ისეთი "თვალსასეირო" შეხვედრებიც, როგორიცაა, მაგალითად ტუნისი-პანამა (სარანსკში!), საუდის არაბეთი-ეგვიპტე - ვოლგოგრადში და სანქტ-პეტერბურგში გასამართი მაროკო-ირანიც....

თუმცა, სადაც უნდა იმართებოდეს და როგორმა მატჩებმაც უნდა "გააფუჭოს", მუნდიალი მაინც მუნდიალია და დეკემბერშიც კი შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ 2018 წლის 14 ივნისიდან, მსოფლიო ფეხბურთით იცხოვრებს!

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით