წლის მთავარი სპორტული მოვლენები - კვირის პალიტრა

წლის მთავარი სპორტული მოვლენები

რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე, მორაგბეებისა და ძიუდოისტების ტრადიციული წარმატება, ევროპის პირველი ჩემპიონი ჭადრაკში, გორგოძისა და ფაჩულიას გარეშე დარჩენილი ნაკრებები, მოგების ნაცვლად, სკანდალებით გამორჩეული ფეხბურთი და სხვ. ქართულ სპორტში 2017 წელსაც ბევრი რამ მოხდა. ყველაფერს ვერა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს ერთად გადავავლოთ თვალი:

"რკინის კაცის" ბევრი ოქრო

ლაშა ტალახაძე რკინის კაცია და წელსაც - საქართველოს წლის სპორტსმენობის მთავარი კანდიდატი! აპრილში ლაშამ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული და ატაცში მსოფლიო რეკორდიც (217 კგ) დაამყარა. მოგვიანებით, 24 წლის "რკინის კაცმა" ეს მაჩვენებელი 220 კილოგრამამდე გაზარდა, თუმცა ეს დუშეთში, საქართველოს ჩემპიონატზე მოხდა და ცხადი იყო, რომ საჩხერელი გოლიათი რეკორდს ოფიციალურად დეკემბერში -–მსოფლიო ჩემპიონატზე გაიფორმებდა. არც გასჭირვებია: აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში ქართველი ძალოსანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ორი მსოფლიო რეკორდიც "გამოაცხო": ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამს გაუმკლავდა, აკვრაშიც წარმატებით დაასრულა სამივე ცდა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაისაკუთრა!

გაგვახარა ანასტასია გოტფრიდმაც (90 კგ). 21 წლის გოტფრიდი საქართველოს სახელით 2015 წლიდან ასპარეზობს, მიმდინარე წლის დეკემბერში კი ანაჰაიმში ლაშა ტალახაძეს"დაასწრო და მსოფლიო ჩემპიონი ერთი დღით ადრე გახდა! ანასტასია საქართველოს პირველი ძალოსანი ქალია, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა. ანაჰაიმში საქართველოს ნაკრების ერთადერთმა ქალმა წევრმა ატაცში 120 კგ დასძლია და ჩემპიონი გახდა, აკვრაში ვერცხლს დასჯერდა, ორჭიდის ჯამში კი 265 კილოგრამს მოუყარა თავი და პირველობა არავის დაუთმო!

ზუროსის ახალი გუნდი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა წარუმატებლად ითამაშა 2017 წლის ევრობასკეტზე. მოსამზადებელი ეტაპისას და ტურნირის პირველ მატჩში ნაჩვენები დიდებული თამაშის შემდეგ (ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ლიტვას 79:77 ვაჯობეთ), ქართველ ქომაგს და როგორც ჩანს, თავად კალათბურთელებსაც, არათუ ჯგუფიდან გასვლის, გაცილებით დიდი ამბიციები გაუჩნდათ. სამწუხაროდ, "ცივი შხაპი" უკვე მომდევნო მატჩებში მივიღეთ - შროდერიანმა გერმანიამ 57 ქულაზე მეტი არ ჩაგვაგდებინა,"აუტსაიდერ უკრაინასთან წაგებამ კი, ფაქტობრივად, გაგვწირა ჯგუფში ჩასარჩენად... თუმცა ილიას ზუროსის გუნდი არ დანებდა და ჯერ ისრაელს აჯობა ოვერტაიმში, ბოლო ტურში კი კინაღამ იტალიასაც შეუბრუნა წაგებული მატჩი.

სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა და საქართველოს ნაკრებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა ზედიზედ მეოთხე ევრობასკეტი. ტურნირის დატოვების შემდეგ კი, ფაჩულიასთან ერთად, სანაკრებო კარიერის დასრულება გამოაცხადეს სანიკიძემ და ცინცაძემაც. ქვესათაური კი იმას გულისხმობს, რომ საქართველოს ნაკრების ბერძენ მწვრთნელს, რომელმაც კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი, მართლაც ახალი გუნდი ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ნოემბერში - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში: ფაჩულია-სანიკიძე-ცინცაძის გარდა, ზუროსმა ტრავმირებული სანაძე და ბურჯანაძეც მოისაკლისა, საუცხოო სათამაშო ფორმაში მყოფი შენგელია და შერმადინი კი ნაკრებს საკლუბო ბატალიების გამო ვერ დაეხმარნენ. შედეგად, ზუროსმა იმდენად გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა გერმანიასა და სერბეთთან, ზოგიერთ კალათბურთელს, მგონი, თავადაც ვერ ცნობდა. თუმცა ორივე მატჩის წაგების მიუხედავად, გამოჩნდა, რომ პერსპექტივა ნამდვილად გვაქვს!

ძიუდო ისევ ჩვენია

ძიუდოს წესებს ლამის ყოველ წელს ცვლიან, მაგრამ ქართული ძიუდო მაინც ლიდერთა შორის არის. ამიტომაც ძიუდოისტებზე ბევრს არ ვილაპარაკებ - ტრადიციულად, წარმატებებიც გვქონდა, პრობლემებიც, მაგრამ პრობლემებმოძალებულ ჭრიკიშვილს თუ არ ჩავთვლით, ლიდერთა უმეტესობა მეტ-ნაკლებად სტაბილურად გამოიყურებოდა. ამიტომ"ძველებზე არაფერს ვიტყვით. ახალგაზრდებს რაც შეეხება, კარგი სეზონი ჰქონდათ ბექა ღვინიაშვილს, ვაჟა მარგველაშვილსა და განსაკუთრებით, გურამ თუშიშვილს, რომელიც უძლეველი ტედი რინერის კონკურენტად იზრდება. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ტრადიციულად გვახარებენ ასაკობრივი ნაკრებები და აშკარაა, რომ ქართულ ძიუდოს ჩინებული ცვლა ეზრდება!

ტურნირებს სათითაოდ ვერ ჩამოვყვებით, წლის მიწურულის ტკბილი ლუკმა კი აუცილებლად უნდა ვახსენოთ: 17 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის მასტერსის დასკვნით დღეს სამივე ქართველმა ძიუდოისტმა ოქრო მოიგო! ერთ დღეში სამი ოქრო? - ძნელი გასახსენებელია. ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა სამჯერ ააჟღერეს საქართველოს ჰიმნი რუსულ დარბაზში და სამშობლოს სამგზის ოქროთი მიულოცეს ბარბარობა!

გორგოძე და ფაჩულია...

ორივე ისეთი მოთამაშეა, ლამის ნახევარ გუნდად ღირს... და სანაკრებო კარიერა ორივე კაპიტანმა გასულ წელს დაასრულა - 33 წლის ასაკში!

"ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა... მირჩევდნენ, მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! კაპიტანი სულ გუნდთან უნდა იყოს, მის პულსზე ედოს ხელი. ჯანი, სურვილი და ჟინი არ მომკლებია, მაგრამ ასეთ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ. რომ შეიძლებოდეს, არჩევანს ნაკრებზე შევაჩერებდი, მაგრამ უთამაშებელი ნაკრებს ვერაფერში გამოვადგები... ბორჯღალოსნებს დავაკლდები, მაგრამ შეუცვლელი არავინაა, წასვლის შესახებ მსოფლიო თასამდე 2 წლით ადრე გამოვაცხადე, მწვრთნელებს გუნდის მომზადებაში ხელი რომ არ შეეშალოთ. ყველაზე მეტად მე მწყდება გული, თუმცა ჯობს დროულად წახვიდე და გულშემატკივარმაც კარგად გაგიხსენოს", - ეს მამუკა გორგოძის სიტყვებია.

და ფაჩულიამ რატომღა იჩქარა?! "17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, მარცხიც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, თუმცა სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე, ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით. ახლა კი მშვიდობით, ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება", -"სოციალურ ქსელში დაწერა ზაზამ 2017 წლის ევრობასკეტიდან წამოსვლის შემდეგ.

P.S. მეც ვფიქრობ, რომ ორივემ იჩქარა. თუმცა ეს მათი არჩევანია...

"დრაკონული" კანონი

რაგბიც და კალათბურთიც გუნდური სახეობებია. ასე რომ, თამაში ასეთი მასშტაბის მოთამაშეების გამოკლების შემდეგაც გრძელდება. "გორგოძილამ" 2017 წელს რაგბი მხოლოდ "ევროპის მატჩებში ითამაშა, ივნისისა და ნოემბრის ტესტების დროს კი ნაკრებში აღარ იყო. ამის მიუხედავად, ბორჯღალოსნებმა ჩინებული შთაბეჭდილება დატოვეს ამერიკული ტურნეს დროს - პირველად მოახერხეს სტუმრად კანადისა და აშშ-ის დაძლევა (შესაბამისად, 0:13 და 17:21), არგენტინელ "პუმებს" კი ოთხი ლელო გაუტანა და მეორე ნახევარში გამოსწორებული თამაშის წყალობით მხოლოდ 29:45 დამარცხდა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი და "ტკბილი" გამოდგა ჩვენთვის ნოემბერი: კანადა-აშშ-ს ამჯერად თბილისში ვუმასპინძლეთ, ისევ ორივე დავამარცხეთ (კანადა სარეკორდო სხვაობით - 54:22) და ურთიერთშეხვედრებშიც ორივეს ერთნაირად გავუთანაბრდით - 3-3.

ამ ორ შეხვედრას შორის შუალედში კი წლის მთავარი მატჩი იყო - უელსი-საქართველო. მასპინძლებმა გადახალისებული შემადგენლობა კი დაგვახვედრეს, მაგრამ "დრაკონი" (უელსელთა მეტსახელია. - ავტ.) მაინც დრაკონია და საკუთარი ბუნაგის კედელთან მის მიმწყვდევასაც გვარიანი ჯანი და გამბედაობა სჭირდება. ბორჯღალოსნებს კარდიფში ორივე ჰქონდათ და მოგებას თუ არა, ფრეს ნამდვილად იმსახურებდნენ. გამოცდილება და იღბალი დაგვაკლდა, ბოლო წამებზე მასპინძლებმაც აიღეს ნამუსზე ხელი და ნაღდ ლელოს გადაურჩნენ... შედეგად, მატჩი 6:13 წავაგეთ, მაგრამ მოვიგეთ თითქმის ყველას გული, ვინც კი თამაშს უყურა.

და საფიქრალი "ექვსი ერის" მამებსაც მოვუმატეთ...