ბრაზილიისაგან სიახლეს ველოდები - კვირის პალიტრა

ბრაზილიისაგან სიახლეს ველოდები

ვეტერანი ფეხბურთელი, ცნობილი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ბრაზილიის ნაკრებს მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ პენტაკამპეონები მაყურებელს აუცილებლად სიახლესაც შესთავაზებენ.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის აზრით, გაჩემპიონებისთვის გადამწყვეტი მწვრთნელის ფაქტორი იქნება.

- ბატონო რევაზ, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად რომელი ნაკრები მიგაჩნიათ?

- ვფიქრობ, ჩემპიონობის ყველაზე კარგი შანსი ბრაზილიასა და ესპანეთს აქვთ. მეტიც, მგონია, რომ ბრაზილის ნაკრებისგან ამ მუნდიალზეც უნდა ველოდოთ სიახლეს. ისეთ ტაქტიკურ სიახლეს, რომელიც მოულოდნელი და მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიო ფეხბურთის ხვალინდელი დღისთვის.

- გგონიათ, რომ თანამედროვე ფეხბურთში კიდევ შეიძლება სიახლის მოფიქრება?

- ფეხბურთი საოცარი თამაშია, რომლის საიდუმლოს ამოცნობას უკვე მრავალი წელია უშედეგოდ ცდილობენ და თუ ფეხბურთი დაკარგავს იდუმალებას და სიახლისკენ მუდმივ სწრაფვას, ის აღარ იქნება ისეთივე მიმზიდველი, როგორიც დღესაა. ბრაზილიის ნაკრები ყოველთვის გამოირჩეოდა ტექნიკური და ლამაზი თამაშით და როდესაც ამ ყოველივეს შედარებით სუსტი მხარის - დაცვაში თამაშის გაუმჯობესებაც მოჰყვა, ბრაზილიური ფეხბურთი ახალ სიმაღლეზე ავიდა. ამიტომაც, ვფიქრობ, პენტაკამპეონებისგან სიახლეს კიდევ უნდა ველოდოთ.

- ფავორიტებად ბრაზილია და ესპანეთი კი მიგაჩნიათ, მაგრამ თავად რომელი ნაკრების გულშემატკივარი ხართ?

- ბრაზილიის. ფეხბურთი ინგლისელებმა მოიგონეს, ბრაზილიელებმა კი გაამდიდრეს, გაალამაზეს, ვირტუოზობამდე მიიყვანეს. ჩემი თაობა მათ თამაშზე გაიზარდა, რაც თავი მახსოვს, ბრაზილია და მისი ფეხბურთი მესმის და წარმოუდგენელია, სხვა გუნდის ქომაგი ვყოფილიყავი. შეუძლებელია, არ უგულშემატკივრო ქვეყანას, რომელიც პელესა და გარინჩას პატრონია, რომელმაც "მარაკანა" შექმნა.

- ბევრი ფიქრობს, რომ ამ მუნდიალზე აფრიკულ ნაკრებებს წარმატების კარგი შანსი აქვთ. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- აფრიკულ ქვეყნებს ფეხბურთში დიდი პოტენციალი რომ აქვთ, ახალი არავისთვისაა. სხვათა შორის, ეს ჩემპიონატის პირველმა მატჩმაც დაადასტურა. სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს მექსიკასთან შეხვედრის პირველ ტაიმში ღირებული არაფერი გაუკეთებია, თუმცა, მეორე ნახევარში მთელი ძალით ათამაშდნენ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ. უძლიერეს მეტოქესთან - არგენტინასთან მატჩში ღირსეულად ითამაშა ნიგერიის ნაკრებმაც...

- ფავორიტი ნაკრებები უკვე დაასახელეთ. ფეხბურთელებზე რას იტყვით? როგორ გგონიათ, ვის ბენეფისად უნდა იქცეს წლევანდელი მუნდიალი?

- ამის განჭვრეტა ძალიან ძნელია. სხვათა შორის, ურუგვაისთან მატჩში მეტს ველოდი ანელკასგან. თუმცა, უფერულად რომ ითამაშა, მხოლოდ მისი ბრალი არ არის, - დიდი ხანია, არც მას და არც ანრის წინ წაწეული ფორვარდის პოზიციაზე აღარ უთამაშიათ, მწვრთნელმა კი სწორედ იქ გაამწესა. შესაძლოა, ბრაზილიის ან ესპანეთის ნაკრებიდან გაიბრწყინოს რომელიმე ფეხბურთელმა, ან პროგნოზი გამართლდეს და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე მესი ან კრიშტიანუ რონალდო გახდეს.

- თქვენი აზრით, რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში - ფეხბურთელების სათამაშო კონდიციები, კლიმატი, მაყურებელი თუ კიდევ სხვა რამ?

- ვფიქრობ, გადამწყვეტი მაინც მწვრთნელის ფაქტორი იქნება. თუ მწვრთნელი მოახერხებს, ერთ მთლიან ორგანიზმად აქციოს მთელი გუნდი, მიზნად მხოლოდ გამარჯვება დაუსახოს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

- მწვრთნელის ახირების ან ტრავმის გამო წლევანდელმა მუნდიალმა არაერთი ვარსკვლავი მოისაკლისა...

- უმეტეს შემთხვევაში ფეხბურთელებმა ასეთი რამ თავიანთ თავს უნდა დააბრალონ. თუნდაც გასული წლების მაგალითები ავიღოთ, რონალდო მართლაც ფენომენური მონაცემების პატრონი გახლდათ, მაგრამ ნიჭი გამოიყენა ბოლომდე? ბექჰემი სხვა რაღაცებზე გადაერთო და ფეხბურთისთვის სადღა სცალია?

ცალკეული მოთამაშის მუნდიალზე არწაყვანას რაც შეეხება, წაიყვანა დომენეკმა ტიერი ანრი სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ გამოადგა რამეში? რომ არ წაეყვანა, ერთ ამბავს აუტეხდნენ, ათამაშა და... ამიტომაც არის მწვრთნელობა უმადური საქმე.