საქართველო 22:21 შოტლანდია - კვირის პალიტრა

საქართველო 22:21 შოტლანდია

რამ უნდა დაგავიწყოს ფეხბურთი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის დღეს? ერთი შეხედვით, ვერც ვერაფერმა, რადგან მუნდიალის მიმდინარეობისას მთელი მსოფლიო მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობს.

თუმცა... ვინც ბუქარესტში IRB-ს ერთა თასზე ბორჯღალოსნებისა და შოტლანდიის ნაკრების მატჩს მიადევნა თვალი, მათთვის 11 ივნისის  მთავარ მოვლენად სწორედ რაგბის მატჩი იქცა, ოვალური ბურთის მრგვალმა "ნათესავმა" კი მეორე პლანზე გადაინაცვლა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთაგან თითქმის ყველა აკლია და უმეტესად ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, შოტლანდიელებს 22:21 მოუგო და ხელი ისტორიულ გამარჯვებას გამოჰკრა.

შოტლანდიის A ნაკრები IRB-ს (საერთაშორისო რაგბის კავშირი) ერთა თასის მოქმედი მფლობელია. თანაც, სკოტთა ეროვნულ და A ნაკრებად წოდებულ სარეზერვო გუნდს შორის ნამდვილად არ არის კლასში ისეთივე სხვაობა, როგორიც საფრანგეთის ჩემპიონატში გამობრძმედილ ჩვენებურებსა და საქართველოს ჩემპიონატში მობურთალ "რეზერვისტებს" შორის უნდა იყოს. სწორედ ეს "რეზერვისტები" მოგვევლინენ ერთა თასის პირველი დღის სენსაციის ავტორებად და ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენეს.

მას შემდეგ, რაც ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მესამედ მოიპოვეს რაგბის მსოფლიო თასის საგზური, ეროვნული თუ სარეზერვო ნაკრების თითოეული მატჩი 2011 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილად განიხილება. სწორედ ამიტომ IRB-ს ერთა თასის რანგის ტურნირებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, ძირითადი შემადგენლობით ვითამაშებთ თუ ახალგაზრდული გუნდით. აკი თქვა კიდეც რუმინეთში გამგზავრებამდე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ, ბიჭებს მოგებას არავინ სთხოვს, მთავარი - გამოცდილების მიღებააო.

მიუხედავად ამისა, გულის სიღრმეში მაინც კიაფობდა იმედი, იქნებ ბიჭებმა სასწაული მოახდინონ და 2008 წლის ნოემბერში ნაწვნევი გულსაკლავი მარცხისთვის შური იძიონო. შეგახსენებთ, იმ ავადსახსენებელ დღეს სკოტთა გუნდმა საქართველოს ექსპერიმენტულ ნაკრებს 69:3 მოუგო. ჰოდა, მაშინდელი დამარცხებისთვის ჩვენმა გუნდმა სრულფასოვანი რევანში აიღო. და თუკი ვინმე იტყვის, A ნაკრების ძლევა დიდი ვერაფერი ბედენააო, კიდევ ერთხელ გავუმეორებთ: სარეზერვო გუნდი დიდად არაფრით ჩამორჩება შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს და თუ საქმე საქმეზე მიდგა, არც ბორჯღალოსნები არიან ბუქარესტში წარმოდგენილი ძირითადი გუნდით.

რაც შეეხება "სრულფასოვან" რევანშს, ამის შანსი ტიმ ლეინის სამწყსოს ახალ ზელანდიაში მიეცემა, რაკი 2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები ჯგუფში შოტლანდიასთან ერთად მოხვდა და...

კილტიანებთან ისტორიულ გამარჯვებას რაც შეეხება, შეხვედრა ისე დაიწყო, გულმა რეჩხი გვიყო - რევანში კი არა, ემანდ ორი წლის წინანდელზე დიდი ანგარიშით არ გავნადგურდეთო. 24-ე წუთისთვის შოტლანდია უკვე 13:0 იგებდა, ქართველი მორაგბეები კი დაბნეულნი და მრისხანე მეტოქით მონუსხულნი ჩანდნენ. მატჩის დაწყებისთანავე მეტოქემ ჩვენი ჩათვლის მოედანზე გაინავარდა და რობერტსონმა უკვე მე-4 წუთზე დაგვალელოვა. ტაიმის შუაწელისთვის ქართველებმა ოდნავ გამოასწორეს თამაში და ჯიქურ მიძალების ნაცვლად მეტოქეს საჯარიმოების შესრულებაზე გადასვლა აიძულეს.

ირაკლი ყიასაშვილი რომ არა, ტაიმი 13:0 დასრულდებოდა. პირველი ნახევრის ბოლო წუთებზე "რიჟამ" თითქმის ცენტრის ხაზიდან დარტყმული ბურთი ზუსტად გააძვრინა ორძელს შორის და ანგარიში ოდნავ შეალამაზა.

მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავებული გამოდგა. თუ პირველ ტაიმში ჩვენებმა ვერაფრით დასძლიეს მეტოქის გადაჭარბებული პატივისცემა და უამრავი შეცდომა დაუშვეს, მეორე ნახევარში მოწინააღმდეგეს თავბრუ დაახვიეს და შოტლანდიელებმა ვერც კი გააცნობიერეს, როგორ აღმოჩნდნენ მდევრის როლში. შერკინების გარდა, ბორჯღალოსნებმა მეტოქე ხელით თამაშშიც დაჯაბნეს. მატჩის განახლებისთანავე 43 მეტრიდან ისევ ყიასაშვილმა გაიტანა საჯარიმო, სამიოდე წუთში კი სუთიაშვილმა შოტლანდიელთა ხაზი გაჭრა და ლამაზი ლელოთი და ზუსტი გარდასახვით ანგარიში გავათანაბრეთ.

უკანასკნელ წუთებზე გუნდებმა საჯარიმოები გაცვალეს. წაგების შიშით გაოგნებულმა სკოტებმა გაიბრძოლეს, მაინც იპოვეს ნაპრალი საქართველოს ნაკრების ჩინებულად მოთამაშე დაცვის ხაზში და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. საბედნიეროდ, მეტოქეს გარდასახვაც გაუცუდდა და ბოლო წამებზე დარტყმული არეკნიც. მსაჯის საფინალო სასტვენთან ერთად კი ქართველთა გულებში მთელი თამაშის განმავლობაში დაგროვილმა ემოციამაც ისევე წალეკა ყველაფერი, როგორც "უროსპორტ 2"-ის რუსი კომენტატორების იმედი, რომელთაც შოტლანდიელების ბოლო ლელო ისე გაუხარდათ, ისიც ვერ დაითვალეს ზუსტად, მატჩის მოსაგებად ეს საკმარისი რომ არ იყო.

IRB-ს ერთა თასი ქართული სენსაციით გაიხსნა. 15 ივნისს ბორჯღალოსანთა კრებულს იტალიის A ნაკრები ელის, ბოლო ტურში კი ჩვენთვის მთავარი მატჩია - ნამიბიის ეროვნულ გუნდს აუცილებლად უნდა მოვუგოთ, რაკი სხვა მატჩებისგან განსხვავებით ამ თამაშის შედეგი რეიტინგზე აისახება.

ჰოდა, თუ იტალია და ნამიბიაც სკოტთა კვალს გავუყენეთ, იქნებ, IღB-ს ერთა თასი თბილისშიც კი ჩამოვიტანოთ!