ელიტისკენ ბელორუსიის გავლით - კვირის პალიტრა

ელიტისკენ ბელორუსიის გავლით

საქართველო 82:72 შვედეთი

"ტრიბუნებზე საოცარი ატმოსფერო იყო. ასეთი ქომაგობა არც ამერიკაში მინახავს და არც ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში", - ეს შვედეთთან მატჩის შემდეგ ტაირონ ელისმა თქვა. გაქართველებული ამერიკელი კალათბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენს გუნდში, სამი სამქულიანი ჩააგდო და მატჩის ბოლო წუთებზეც, ოთხივე უმნიშვნელოვანესი საჯარიმო მშვიდად მოათავსა მეტოქის კალათში. ამიტომაც იყო, როცა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ელისმა ქომაგს მაისურზე წარწერილ "ჯორჯიაზე" მიუთითა, ტრიბუნები ლამის დაინგრა...

ტრიბუნებზე კი ნემსის ჩასაგდებ ადგილს ვერ იპოვიდით. შვედეთთან მატჩის ბილეთები თამაშამდე ორი დღით ადრე მთლიანად გაიყიდა და სპორტის სასახლის ტრიბუნებზე (სკამებზეც, მოაჯირებზეც და ყველგან, სადაც შეიძლებოდა!) 11 ათასი მაყურებელი იჯდა. გულშემატკივარმა საბოლოოდ გააქარწყლა აზრი იმის შესახებ, რომ ქართველებმა ქომაგობა არ ვიცით. ვიცით ბატონო, ვიცით! - თქვენ მხოლოდ ის დაგვანახვეთ, რომ მოგება გინდათ, თავდადებით იბრძვით და გულშემატკივრობა ჩვენზე იყოს!

სწორედ დარბაზში გამეფებული ატმოსფეროს ბრალი იყო ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან, ბოლო წუთებზე ხელი ცივსისხლიან სკანდინავიელებსაც კი აუკანკალდათ და თითქმის ყველა(?!) საჯარიმო არაზუსტად სტყორცნეს.

საქართველოს ნაკრებმა ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა მაინც დაამარცხა შვედეთის ძლიერი გუნდი, რომელიც ბოლო წლებში სულ ა დივიზიონის ბინადარი იყო და მხოლოდ შარშან დათმო პოზიცია. ჩვენმა გუნდმა წინ გაჭრა რამდენჯერმე სცადა, მაგრამ შვედებმა საგრძნობლად დაწინაურების შესაძლებლობა არც ერთხელ არ მოგვცეს. საბოლოოდ, საოცარი ქომაგობით გაოგნებული სტუმრები მატჩის მიწურულს მაინც გავტეხეთ და ათი ქულის სხვაობით - 82:72 დავამარცხეთ.

საქართველოს ნაკრებმა მოიგო იმიტომ, რომ ჰყავს ლომივით მებრძოლი კაპიტანი! ზაზა ფაჩულიამ 21 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა და მეტოქეები აიძულა, ათჯერ დაჯარიმებულიყვნენ მის წინააღმდეგ თამაშისას. ზაზა გამარჯვების მუხტს აფრქვევდა და დარბაზთან ერთად, თანაგუნდელებიც აიყოლია. მოვიგეთ იმიტომ, რომ გვყავს ფანტასტიკურად მოთამაშე და B დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მომხსნელი ვიქტორ სანიკიძე, ვირტუოზი ცინცაძე, სნაიპერი ელისი, ბოისა, ცქიტიშვილი, შერმადინი... გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც სულ მალე ტოლს არ დაუდებენ უძლიერეს კლუბებში მოთამაშე თანაგუნდელებს.

და რაც მთავარია, ბოლო წლებში პირველად გვყავს მწვრთნელი, რომელიც თანაბრად ენდობა თითქმის ყველა მოთამაშეს. იგორ კოკოშკოვს მაღალი კლასი შეცვლებისა თუ დროული წუთშესვენებისასაც ეტყობა ხოლმე და იმაზეც, გუნდის თამაშს მხოლოდ რამდენიმე კალათბურთელზე რომ არ აწყობს. მის ხელში გუნდის ლიდერთა შეცვლა სათადარიგო მოთამაშეებსაც წარმატებით შეუძლიათ, რაც სპორტსმენთა გადაქანცვას გამორიცხავს...

როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო ტურში შვედებმა შეუძლებელი ვერ შეძლეს და ლუქსემბურგს 111 ქულის სხვაობით ვერ მოუგეს (შვედებმა 97:40 გაიმარჯვეს). ეს კი იმას ნიშნავს, რომ 5 და 9 სექტემბერს საქართველოს ნაკრები A დივიზიონის საგზურს ბელორუსიას შეეცილება და არა მონტენეგროს...

ცუდი მხოლოდ ის არის, რომ სპორტის სასახლე იმაზე მეტ ქომაგს ვერ იტევს, რამდენიც შვედებთან მატჩს დაესწრო, თორემ ქომაგობა 9 სექტემბერს რომ იქნება, ისეთი უნდა...

პ.ს. სპორტის სასახლე ჩინებულად კი გარემონტდა, მაგრამ ახალ მეპატრონეებს საყვედური მაინც უნდა ვუთხრათ: ადრე სამთავრობო ადგილები პრესლოჟის მოპირდაპირედ იყო განთავსებული. მერე, ჟურნალისტთათვის განკუთვნილი ადგილები შუაზე გაყვეს და ქვედა რიგები ამა ქვეყნის ძლიერთ "მიუზომეს". შვედეთთან მატჩის დროს, ქვემოთ რომ გადაეხედა კაცს, თავი მთავრობის სხდომაზე ეგონებოდა. კარგია, ხელისუფლების წარმომადგენლები (და მათი ოჯახის წევრები) სპორტით რომ არიან დაინტერესებულნი, მაგრამ მათ ხარჯზე ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი ადგილების შემცირება ვის მოუვიდა აზრად?