"რკინის კაცი", "ქართველი ხარი" და ჩვენებური "ჰალკი" - ქართველი გოლიათების წელი
"რკინის კაცი",  "ქართველი ხარი" და  ჩვენებური "ჰალკი" - ქართველი გოლიათების წელი
დიახ, ლაშა ტალახაძე მთავარი გმირი იყო და წლის სპორტსმენიც გახდა, მაგრამ... "რკინის კაცი" მარტო არ ყოფილა. სხვა ქართველი გოლიათებიც გვყავს და 2017 წელს მსოფლიო მათაც გააოცეს!

"სამ გოლიათს" რუსულ ზღაპრებში შეხვდებით, ჩვენთან კი ნამდვილები არიან: ლაშა ტალახაძე, კონსტანტინე ჯანაშია და ლევან საგინაშვილი. უფრო სწორად, სხვებიც, მაგრამ განსაკუთრებული წელი სწორედ ზემოთ აღნიშნულ სამეულს ჰქონდა და ამჯერად მხოლოდ მათზე მოგიყვებით. ისე კი, საქართველოში ჯანიან კაცებს რა დალევს?!

რაგბი ჩვენი თამაშია. კალათბურთიც (ოდესმე
ფეხბურთიც გაიღვიძებს!). საჭიდაო სახეობებში ძველებურად ძლიერები ვართ, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ - გამორჩეული წარმატებები სპორტის სწორედ იმ სახეობებში გვაქვს, სადაც ჯანი, ბუნებრივი სიძლიერე განსაკუთრებულად ფასობს! და გასულმა წელმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა...

"რკინის კაცი"


"რკინის", "ოქროს", "წლის" კაცია ლაშა ტალახაძე. საჩხერელმა ძალოსანმა ოლიმპიური
ჩემპიონისთვის საკადრისად ჩაამთავრა 2017 წელიც: მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა, სეზონი კი მსოფლიო ჩემპიონობითა და ორი მსოფლიო რეკორდით დააგვირგვინა!
ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამს გაუმკლავდა, აკვრაშიც წარმატებით დაასრულა სამივე ცდა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაისაკუთრა!
იმავე მასშტაბის რეკორდია ატაცში 220 კილოგრამიც. ეს წონა ლაშამ ერთი თვით ადრე დუშეთში გამართულ საქართველოს პირველობაზეც დასძლია, მსოფლიო ჩემპიონატზე კი რეკორდი ოფიციალურად გაიფორმა.
ადრეც დავწერე და ამ წერილშიც გავიმეორებ: ლაშა ტალახაძე მხოლოდ ფიზიკურად და შედეგებით არ არის დიდი კაცი. რკინის კაცია, ოქროს ხასიათით.

ხასიათითა და მედლებით. ამიტომაც აღარ გვიკვირს, რომ სპორტის სამყაროში, სადაც სიბინძურე და შური სულაც არ არის იშვიათი, ლაშას "ტალახს" ვერავინ ესვრის. მერე რა, რომ ტალახის სროლა ადვილია. ტალახაძის დამარცხებაა შეუძლებელი!
დიახ, რკინის კაცია და რკინას ებრძვის, ესე იგი, საკუთარ თავსაც, რაკიღა მას და რკინას შორის კარგა ხანია, აღარავინაა. მხოლოდ რკინის კაცი დარჩა - თავისი თავის წინააღმდეგ.
აკი არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის მთავარი რკინასთან გაჯიბრებაა და არა მეტოქესთან.

აღარც არიან მეტოქეები... შარშანდელი ოლიმპიადის შემდეგ წესად იქცა, რომ მძიმეწონოსანთა კვარცხლბეკის მხოლოდ ორი საფეხურია თავისუფალი, პირველისთვის კი მხოლოდ ერთი ებრძვის თავის თავსა და რკინას.
და უცილობლად ასე იქნება 2018 წელსაც!

"ქართველი ხარი"


"ქართველი ხარ?" მხოლოდ ქართველი არა - "ქართველი ხარი"!

"ქართველი ხარი" კონსტანტინე ჯანაშიას მეტსახელია. ორი წელიწადია ქუთაისელი გოლიათი (სიმაღლე - 192 სმ, წონა - 165 კგ) მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცებში გაერია და თითქმის ყველა ტურნირში ლიდერებს შორისაა. ქართველმა "სტრონგმენმა" შარშან განსაკუთრებით შთამბეჭდავად იასპარეზა და მსოფლიო რეკორდითაც დაგვამახსოვრა თავი. ევროპის ჩემპიონატზე კოტემ მეოთხე ადგილი დაიკავა, ვერცხლის მედალი მოიგო მსოფლიო ჩემპიონატზე, მანჩესტერში გამართულ "გიგანტების შოუში", სადაც შტანგის ამოწევაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ხუთჯერ ასწია 400-კილოგრამიანი შტანგა! გარდა ამისა, გაიმარჯვა ლიტვაში, ჟიდრუნას სავიცკასის სახელობის კომერციულ ტურნირშიც... "ვიკინგების თასზე" კი მოტეხილი თითით ვიასპარეზე და ბრინჯაოს მედალს ამიტომ დავჯერდიო, ამბობს ქუთაისელი გოლიათი:

"თანდაყოლილი ძალა ბევრს აქვს, თუმცა შრომა ეზარებათ. არადა, წარმატებისთვის მთავარი სწორედ დაუღალავი შრომაა. რაც მეტს შრომობ, რაც მეტად გაქვს გადადებული თავი, მეტ შედეგს აღწევ. ვინც შრომობს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს".
ფედერაციის ხელშეწყობით ქუთაისში მზადებისთვის საჭირო ყველა ინვენტარი კი აქვთ (და ეს ადგილობრივი "სტრონგმენებისა" თუ სამჭიდელების შედეგებსაც ეტყობა), მაგრამ კოტეს სხვა კარგი სიახლეც აქვს - 14 იანვრიდან საკუთარი სავარჯიშო დარბაზი ექნება და სავარჯიშოდ სხვადასხვა ადგილას სიარული აღარ დასჭირდება!
ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ქართველი ხარისთვის" 2018 წელი უფრო ბარაქიანი იქნება!

"ქართველი ჰალკი"


გარეგნულად მართლაც ჰგავს. შედეგები კი... შარშან შედეგები მედლებით მუდამ დახუნძლული ქართული მკლავჭიდისთვისაც კი გასაოცარი ჰქონდა.
"ქართველი­ ჰალკი" 27 წლის მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილია - მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი. "გოლიათის" თიკუნი კი მხოლოდ შედეგების გამო არ ეკუთვნის: 191 სანტიმეტრი სიმაღლისა და 155 კგ წონის დევკაცს კუნთები მართლაც "ჰალკივით" ასკდება!

რაც შეეხება შარშანდელ შედეგებს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის ტიტულებს, ლევანმა მსოფლიო თასის ოთხი ოქროც მიამატა - თითო თავის წონაში (+105 კგ) მარჯვენა და მარცხენა ხელით ასპარეზობაში და ამდენივე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, რაც უნიკალური შემთხვევაა ქართული მკლავჭიდის ისტორიაში!

"მსოფლიო თასი "Zloty Tur" მკლავჭიდის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურნირია, რომელიც 20 წელიწადია იმართება. იქ გამარჯვება ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო იყო, რადგან ისეთ მეტოქეებს ვაჯობე, მანამდე რომ არ შევხვედრივარ. +105 კილოგრამში გამარჯვების შემდეგ, ორივე ხელით გავიმარჯვე აბსოლუტურ წონით კატეგორიაშიც, რაც აქამდე არც ერთ ქართველ მკლავჭიდელს არ გაუკეთებია. მეტიც, ამ ტურნირის ისტორიაში ქართველს არასდროს მოუგია აბსოლუტური კატეგორია, სხვა წონებში კი ბევრჯერ გაგვიმარჯვია და წელსაც 63 კილოგრამამდე წონითი კატეგორია იმედა ჭინჭარაულმა მარჯვენა ხელითაც მოიგო და მარცხენითაც.
განსაკუთრებით ვამაყობ იმითაც, რომ "Zloty Tur"-ის ისტორიაში ერთ ტურნირში ოთხი ოქროს მედალი მხოლოდ ორ მკლავჭიდელს აქვს მოპოვებული", - ამბობს კიდევ ერთი ქართველი გოლიათი - ლევან საგინაშვილი.

ეს სამი და... სხვა მრავალი!


სხვებიც არიან, სხვადასხვა სახეობაში.
და არა მგონია, გვიწყინონ, ამჯერად მხოლოდ ტალახაძე, საგინაშვილი და ჯანაშია რომ გამოვარჩიეთ. საქართველოში ჯანიან კაცს რა დალევს?
და შესაბამისად, მათი "გაბარიტების" გამარჯვებებსაც!
ამ საახალწლოდ კი ეს სამი გოლიათი იკმარეთ, რაკიღა ნამდვილად ვერ იტყვით, არ გვეყოფაო!
ezra
13 იანვარი 2018 09:54
ეს ბიჭები ჩვენი სიამაყეა, მაგრამ ინტელექტუალური თამაშების სახეობებშიც გვაქვს საამაყო, მაგალითად ჭადრაკში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?