ჯაბა კანკავა: "ფეხბურთიდან წასვლაზე ვფიქრობდი"... - ექსკლუზივი - კვირის პალიტრა

ჯაბა კანკავა: "ფეხბურთიდან წასვლაზე ვფიქრობდი"... - ექსკლუზივი

"შეიძლება "რეალში" თამაშობდე, მაგრამ ნაკრებს ვერ გამოადგე. ყაზახეთიდან ჩამოვალ, მადრიდიდან თუ თბილისიდან, მთავარია, ფორმაში ვიყო!"

ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ ჯაბა კანკავამ ახალი კლუბი ყაზახეთში იპოვა. ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გაგვიმხილა, რომ მანამდე საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა. თუმცა რამდენიმე დღის წინ კოსტანაის "ტობოლთან" გააფორმა 1+1-წლიანი კონტრაქტი და უკვე შეუერთდა ახალ კლუბს თურქულ შეკრებაზე. ჯაბა ყაზახეთის ჩემპიონატისთვის ნამდვილად არ გვემეტებოდა, მაგრამ... სათამაშო პრაქტიკის მხოლოდ სანაკრებო მატჩებში მიღებას ყაზახეთში თამაში ნამდვილად სჯობს. დანარჩენი ჯაბა კანკავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში წაიკითხეთ:

- კონტრაქტის გაფორმებისას ბავშვური აღტაცება არ მქონია, მაგრამ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ამ ეტაპზე, საუკეთესო შემოთავაზება სწორედ "ტობოლისგან" იყო.

- არადა, იწერებოდა თურქული და პოლონური კლუბების, ასევე მახაჭყალის "ანჟის" ინტერესის შესახებ...

- იყო რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებისას უამრავი რაღაც უნდა გაითვალისწინო და სულ იჩენდა ხოლმე თავს ფინანსური ან სხვა სახის ხელის შემშლელი ფაქტორი. თურქული გუნდებიდან არავინ დამკავშირებია, მაგრამ ვიცი, რომ ორ კლუბზე იყო ლაპარაკი. "ანჟიც" იყო დაინტერესებული.

- კანკავას დამატება "ჯენოასაც" სურსო... ჭორი იყო?

- იტალიიდან არავინ შემხმიანებია... "რეიმსიდან" რომ წამოვედი, პოლონეთში გადასვლის ვარიანტი მქონდა, ესპანეთში თამაშზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ იქ სხვა რაღაცებმა შემიშალა ხელი.

- პრიმერა დივიზიონის კლუბი გიწვევდა?

- დიახ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც გამოჩნდა ხელის შემშლელი ფაქტორი და... აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი.

- გამოდის, სხვა არჩევანი არ გქონია, თორემ ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატისთვის არავის გვემეტება!

- საფრანგეთიდან წამოსვლისას არც მე მიფიქრია, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ყაზახეთში აღმოვჩნდებოდი, მაგრამ... სხვაგვარად არ გამოვიდა.

- "ტობოლი" გამართული კლუბია ფინანსურად, ინფრასტრუქტურის მხრივ? გუნდის ქართველ ნახევარმცველ ნიკა კვეკვესკირს, ალბათ, ელაპარაკე ამ თემაზე.

- ქართველი თანაგუნდელის მხარდაჭერა ბევრად გამიადვილებს ახალ კლუბში ადაპტაციას. სხვათა შორის, ყაზახები სწორედ ნიკას მეშვეობით დამიკავშირდნენ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, "ტობოლის" სტადიონი არც ისე დიდია, მაგრამ პირობები და ბაზა ნორმალური იქნება. კლუბის ბიუჯეტზე ვერაფერს გეტყვით. გადამწყვეტი ფაქტორი კონტრაქტი იყო, რომელიც ამ ეტაპზე ჩემთვის დამაკმაყოფილებელია, მათ შორის - ფინანსურადაც.

- კონტრაქტი ერთწლიანია?

- 1+1-წლიანია, მაგრამ, ფაქტობრივად, ერთწლიანი გამოდის, რადგან ორივე მხარეს ერთი წლის შემდეგაც უნდა უნდოდეს თანამშრომლობის გაგრძელება, მეც და კლუბსაც ყველა პუნქტი უნდა გვაკმაყოფილებდეს, კონტრაქტი რომ განახლდეს. ამიტომ ვამბობ, ერთწლიანია-მეთქი.

- ახალ კლუბს თურქულ შეკრებაზე შეუერთდი?

- დიახ, პირველი, ორკვირიანი შეკრება 7 იანვარს დაიწყო ანთალიაში. თურქეთში სამ შეკრებას გავივლით, ყაზახეთის ჩემპიონატი კი სტარტს მარტში აიღებს.

- ყველა კარგ ფეხბურთელს ძლიერ ევროპულ ჩემპიონატში სურს თამაში, მაგრამ... ბევრჯერ ინანე წამოსვლა "დნეპრიდან", სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარე?

- "დნეპრს" ფინანსური კრიზისი ჰქონდა. კლუბი, ფაქტობრივად, დაიშალა და დღეს უკრაინის მესამე ლიგაშია. ბოლო წელს ფინანსური კრიზისიც იგრძნობოდა. ვიცოდით, რომ კლუბი დაშლის პირას იყო და პრეზიდენტი აღარ აპირებდა მის დაფინანსებას. სწორედ ამან მაიძულა კლუბის დატოვება, თორემ "დნეპრიდან" ნამდვილად არ წამოვიდოდი! სხვათა შორის, ანაზღაურებაშიც არ ყოფილა სხვაობა უკრაინასა თუ საფრანგეთს შორის და ნურავინ იფიქრებს, თითქოს "რეიმსში" უკეთესი ხელფასის ეშხით გადავედი.

- ცუდად "რეიმსშიც" არ ყოფილხარ - არც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩიოდი და არც პოპულარობის, კლუბის ფანებმა წლის ფეხბურთელადაც კი დაგასახელეს... მაგრამ რატომ თქვა "რეიმსის" მთავარმა მწვრთნელმა მიშელ დერ ზაქარიანმა, თუ კანკავას გუნდის წესებით ცხოვრება არ სურს, შეუძლია გოლფი ითამაშოსო? რას გულისხმობდა და გერჩოდა ზაქარიანი?

- მწვრთნელის პრობლემა არ ყოფილა - ჯერ დერ ზაქარიანი წავიდა "რეიმსიდან" და მერე მე, მანამდე კი იმიტომ არ ვთამაშობდი, რომ რამდენიმე თვე ცუდად ვიყავი. მწვრთნელთან მაშინდელი გაუგებრობა სამიოდე კვირა გაგრძელდა და მალევე მოგვარდა. ყოველ შემთხვევაში, კლუბიდან ჩემს წამოსვლასთან ამას კავშირი არ ჰქონია. მეტიც, "რეიმსთან" ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და წამოსვლაც თავად გადავწყვიტე, რადგან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებდა, "ლიგა-2"-ში თამაში კი აღარ მსურდა. არ დაგიმალავთ - "რეიმსიდან" ისეთი განწყობით წამოვედი, თუ სასურველი ვარიანტი არ გამოჩნდებოდა, მზად ვიყავი, ფეხბურთისთვისაც კი დამენებებინა თავი!

- რატომ ასე კატეგორიულად?

- იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ თუ მისაღები წინადადება არ მექნებოდა, კარიერას დავასრულებდი, მაგრამ მას შემდეგ რაღაცები შეიცვალა, ნაკრებშიც ვითამაშე და... ახლა მზად ვარ, მინიმუმ კიდევ ერთი წელი ვითამაშო!

- რას ნიშნავდა "რეიმსის" პრეზიდენტის სიტყვები, კანკავას მისწრაფება კლუბის ხედვის საწინააღმდეგოაო? იმას, რომ მეორე ლიგაში თამაში არ გსურდა?

- დიახ. პირველი ლიგიდან რომ დავქვეითდით, ჯერ კიდევ მაშინ მივედი პრეზიდენტთან, თავისუფალი აგენტის სტატუსით გამიშვით-მეთქი. უარი მივიღე... მერე დაემთხვა ჩემი ცუდად ყოფნის პერიოდი და ამანაც იმოქმედა, თორემ ფიზიკურად რომ ვყოფილიყავი კარგად, ალბათ, კლუბიდანაც უფრო მარტივად წავიდოდი. "რეიმსიდან" წამოსვლის შემდეგ, "ლიგა-1"-ში მოთამაშე "ანჟე" მიწვევდა, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მივიდა. მიზეზი არ ვიცი...

- არადა, ფრანგულ ფეხბურთს უკვე მიჩვეული იყავი და არ გაგიჭირდებოდა...

- ფრანგები განსხვავებული ხალხია - დადებითიც ბევრი აქვთ და ჩემთვის მიუღებელი რაღაცებიც. ფეხბურთისთვის კი ჩინებული პირობები და ინფრასტრუქტურაა. ქვეყანას როგორ არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მე ყველგან ერთნაირად ვცხოვრობ: რეჟიმს ვიცავ, ვვარჯიშობ, ფეხბურთისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. ასე რომ, არც საფრანგეთში შეუშლია რამეს ხელი, წამოსვლის ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ "ლიგა-2"-ში დარჩენა არ მსურდა. ვიღაც იტყვის, საფრანგეთის მეორე დივიზიონზე თქვა უარი და ყაზახეთში წავიდაო, მაგრამ ეს მოგვიანებით მიღებული გადაწყვეტილება იყო და არა "რეიმსიდან" წამოსვლისთანავე გაკეთებული არჩევანი.

- დღეს როგორ ფიქრობ, ხომ არ შეცდი? გული არ გწყდება, როცა ხედავ, რომ ამჟამად "რეიმსი" პირველ ადგილზეა "ლიგა-2"-ში და, სავარაუდოდ, წელსვე დაუბრუნდება უმაღლეს დივიზიონს?

- გული მწყდება, მაგრამ ვიმეორებ - კარიერის დასრულებაზე რომ არ მეფიქრა, "რეიმსს" არ დავტოვებდი. არ გავრისკავდი...

- ასეთი ფიქრები ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული? შიგადაშიგ "რეიმსის" მწვრთნელები ამასაც ახსენებდნენ...

- ცუდად ყოფნის პერიოდი ამის ბრალი არ ყოფილა. როცა პრობლემა გადავლახე, ეს მწვრთნელმაც დაინახა და მათამაშა კიდეც. იყო ფსიქოლოგიური გადაღლის მომენტიც, მაგრამ მთავარი მიზეზია, რომ მაქსიმალისტი ვარ და არ მინდოდა დაბალ ლიგაში თამაში!

- სექტემბერში პრესაშიც დაიწერა, კანკავა ფეხბურთიდან წასვლაზე ფიქრობსო...

- ამის გახმაურება რომ მნდომოდა, კომენტარს თავად გავაკეთებდი, მაგრამ თავი შევიკავე, რადგან სანაკრებო მატჩების და ხალხთან კონტაქტის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მივიღე. დავრჩი და მინდა ერთი წელი კიდევ ვითამაშო.

- რატომ ერთი?

- მინიმუმ ერთი, რადგან ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს. სანაკრებო თამაშებიც იქნება და ვნახოთ...

- ე.ი. ამ თვეების განმავლობაში იმაზეც გიფიქრია, რა იქნება "ფეხბურთის შემდეგ".

- მიფიქრია... მაგრამ ჯერ ვერ გადავწყვიტე.

- ნახევრად ხუმრობით გკითხავ: რადგან თამაშის სტილით უფრო ჩამშლელი ხარ, ვიდრე შემქმნელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯაბა კანკავა "შექმნაზე", ანუ მწვრთნელობაზე არც კარიერის დასრულების შემდეგ იფიქრებს?

- მწვრთნელობაზეც მიფიქრია, მაგრამ მეეჭვება. ვნახოთ, უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ...

- უკლუბო ფეხბურთელს ნაკრების მწვრთნელი ეროვნულ გუნდში გათამაშებდა. ვაისის ეს ჟესტი ნდობა იყო თუ მაღალი კლასის ფეხბურთელების ნაკლებობით განპირობებული აუცილებლობა?

- ალბათ, იმ კონკრეტულ მომენტში ფიქრობდა, რომ ნაკრებს გამოვადგებოდი. ვცდილობდი ფორმაში ვყოფილიყავი და თუ გამომიძახებდნენ, მეთამაშა. ფსიქოლოგიურად ნამდვილად არ გამჭირვებია. ეგაა, მეტი ვარჯიში მჭირდებოდა. ისევე როგორც ახალ კლუბში მომიწევს ორმაგი დატვირთვით მომზადება. სხვაგვარად მაღალ დონეზე თამაში წარმოუდგენელია, ფსიქოლოგია კი მონდომებისთვის უფრო გჭირდება, ვარჯიშის მოტივაცია რომ არ დაკარგო, ყოველდღიური დატვირთვებისთვის ძალა გამოძებნო.

- ფორმაში არ იყავი, მაგრამ სანაკრებო მატჩებში მაინც გამოირჩეოდი. ასეთ დროს შეცდომის დაშვება ორმაგად მტკივნეულია ფეხბურთელისთვის?

- კარგიც და ცუდიც ყველა თამაშზე ხდება, იმის მიუხედავად, გაქვს თუ არა პრაქტიკა. თავს კი არ ვიმართლებ, მართლაც სულ ვცდილობ, მაქსიმუმი გავიღო და მერე ხან ისეა, ხან - ასე...

- თუმცა ეროვნული გუნდის კაპიტანი ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობს.

- მოედანზე შედარებით ნაკლებად ვგრძნობ ამას, თამაშამდე და მატჩის მერე უფრო ვფიქრობ ხოლმე, რომ გარკვეულ დონეზე ნაკლები თამაში არ მეპატიება! მოედანზე კი იმდენად ვარ ჩართული თამაშში, სამკლავურზე არ ვფიქრობ.

- გურამ კაშიას გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა ნაკრებზეც იმოქმედა?

- ყველანი ერთსულოვნად ვიყავით და უსიამოვნო ამბავმა ჩვენზეც იმოქმედა, მაგრამ, ბუნებრივია, გურამი გაცილებით მეტ წნეხს გრძნობდა. თავად ფაქტი ძალიან არასასიამოვნოა. თუ კითხვები იყო, ხომ შეიძლებოდა, სხვა ფორმით გარკვეულიყო და არა ასეთი აგრესიით.

- რატომ მოჰყვა ასეთი ხმაური გურამის საქციელს?

- ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ არ შეიძლება, ასე აგრესიულად გამოხატო შენი აზრი, ასეთი ზიზღით, გინებით. განსხვავებული აზრი გაქვს? დაელაპარაკე, იკამათეთ, მსგავსი აგრესია კი მიუღებელია. თუმცა გურამს ძლიერი ხასიათი აქვს და დარწმუნებული ვარ, ის უსიამოვნო დღეები მის თამაშს არ დაეტყობა.

- საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი მოუგებლად დაასრულა. აქვს გამართლება ასეთ შედეგს?

- შედეგი ძალიან ცუდია, მაგრამ წარსულზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, მომავალზე უნდა ვიფიქროთ! ამიტომ შემოდგომაზე გასამართი მატჩები უმნიშვნელოვანესი იქნება. შესაძლოა "ერთა ლიგის" გუნდებს ვინმე მეტისმეტად სუსტებად თვლიდეს. მე კი მიმაჩნია, რომ ყველა ბოლომდე დაიხარჯება და არათუ უეჭველად გავალთ, მათთან თამაში ორმაგად რთული იქნება. დიახ, გასვლის შანსი მართლაც მეტია, მაგრამ ვინმესთვის "ზემოდან შეხედვის" არც უფლება გვაქვს და არც მიზეზი! ჩვენისთანა გუნდისთვის ეს ნამდვილად კარგი მოტივაციაა, თუმცა, თუ სათანადო მოტივაციით არ მივუდგებით საქმეს, ძალიან გაგვიჭირდება.

- ვლადიმერ ვაისი კიდევ ორი წლით დარჩა საქართველოს ნაკრებში...

- ვფიქრობ, ვაისის დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო, სლოვაკი ძალიან კარგი პიროვნება და მწვრთნელია, მაქსიმუმს იღებს იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც ამა თუ იმ თამაშისთვის ჰყავს გამოძახებული. ათამაშებს მათ, ვინც იმ მომენტში სხვაზე უკეთეს ფორმაშია, აქვს უნარი, სწორად შეარჩიოს შემადგენლობა და სათამაშო პოზიციები. რამდენიმე თამაშისას იყო ხარვეზები შეცვლების ან შემადგენლობის მხრივ, მაგრამ შეცდომას ფეხბურთელიც უშვებს და მწვრთნელიც, მაგრამ ვაისმა თანდათან უკეთ გაიცნო ყველა ჩვენგანის შესაძლებლობები და იმედია, ოფიციალურ შეხვედრებამდე ეს ხარვეზებიც მოგვარდება. ვეცდებით, მოცემული შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

- ინტერვიუს ბოლოს, რას ეტყვის ჯაბა კანკავა ქართველ ქომაგს, რომელსაც ნაკრების კაპიტანი ყაზახეთისთვის არ ემეტებოდა?

- გულშემატკივარსაც და ჩემს თავსაც ვეტყვი: რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნები?! შეიძლება "რეალში" თამაშობდე, მაგრამ ნაკრებს ვერ გამოადგე. ასე რომ, ყაზახეთიდან ჩამოვალ, მადრიდიდან თუ თბილისიდან, მთავარია, ფორმაში ვიყო და ეროვნულ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო!

რატი შელეგია