ჯაბა კანკავას მიერ "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუ ყაზახეთში არასწორად თარგმნეს - რას ამბობს ფეხბურთელი? - კვირის პალიტრა

ჯაბა კანკავას მიერ "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუ ყაზახეთში არასწორად თარგმნეს - რას ამბობს ფეხბურთელი?

ორი კვირის წინ, გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ექსკლუზიური ინტერვიუ, სადაც ფეხბურთელმა სხვა საკითხებთან ერთად ახალ კონტრაქტზეც ილაპარაკა.

როგორც ფეხბურთელმა ჟურნალისტს განუცხადა, საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა. თუმცა ცოტა ხნის წინ კოსტანაის "ტობოლთან" გააფორმა 1+1-წლიანი კონტრაქტი და უკვე შეუერთდა ახალ კლუბს თურქულ შეკრებაზე.

- კონტრაქტის გაფორმებისას ბავშვური აღტაცება არ მქონია, მაგრამ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ამ ეტაპზე, საუკეთესო შემოთავაზება სწორედ "ტობოლისგან" იყო.

- არადა, იწერებოდა თურქული და პოლონური კლუბების, ასევე მახაჭყალის "ანჟის" ინტერესის შესახებ...

- იყო რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებისას უამრავი რაღაც უნდა გაითვალისწინო და სულ იჩენდა ხოლმე თავს ფინანსური ან სხვა სახის ხელის შემშლელი ფაქტორი. თურქული გუნდებიდან არავინ დამკავშირებია, მაგრამ ვიცი, რომ ორ კლუბზე იყო ლაპარაკი. "ანჟიც" იყო დაინტერესებული. (იხილეთ ინტერვიუ სრულად).

ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუ მოგვიანებით ყაზახურმა ინტერნეტ - პორტალმა Sports.kz-მ თარგმნა, თუმცა როგორც ჯაბა კანკავამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან განაცხადა, აღნიშნული ინტერვიუ გამოცემამ არასწორად თარგმნა.

მთარგმნელებმა არასწორად გადმოსცეს ჯაბა კანკავას ემოციები "ტობოლთან" კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით. ფეხბურთელმა თავად გადაწყვიტა აეხსნა რა არის არასწორი.

"ქართულ მედიას მე სიტყვა - სიტყვით შემდეგი ვუთხარი:"კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ბავშვური აღფრთოვანება არ მქონია - იმ მომენტში "ტობოლისგან" მივიღე ყველაზე უკეთესი წინადადება!" ყაზახეთში კი დაწერეს, რომ "მე ამ კონტრაქტით აღფრთოვანებული არა ვარ". ჩემის აზრით, აქ უზარმაზარი განსხვავებაა! კონტრაქტით აღფრთოვანებული მხოლოდ ერთხელ ვიყავი, როდესაც 18 წლის ასაკში გავაფორმე ჩემი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი. "ტობოლთან" დადებული ხელშეკრულებით კმაყოფილი ვარ და სიამოვნებით ვითამაშებ კოსტანაის გუნდში", - განაცხადა კანკავამ.