ნოდარ ახალკაცი: "ყველამ ჩათვალა, რომ უფლება აქვთ, ჩემს ღირსებაზე გაიარ-გამოიარონ" - ექსკლუზივი - კვირის პალიტრა

ნოდარ ახალკაცი: "ყველამ ჩათვალა, რომ უფლება აქვთ, ჩემს ღირსებაზე გაიარ-გამოიარონ" - ექსკლუზივი

"როგორი მოსათმენია, იმას გაბრალებენ, რასაც თავად ებრძოდი?!"

"2009 წლის შემდეგ აღარ მილაპარაკია, თავს ისევ საკუთარი ღირსების ხარჯზე ვიკავებდი, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დაესვას წერტილი ამ ყველაფერს?!"

ნოდარ ახალკაცი-უმცროსი თბილისს მამის იუბილესთან დაკავშირებით (2 იანვარს დიდი ნოდარ ახალკაცი 80 წლის გახდებოდა. - ავტ.) ესტუმრა. სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი ახლა ფიფაში ეროვნული ასოციაციების მმართველობის დეპარტამენტის თავკაცია და მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრ ქვეყნებში "პრობლემური კერების" განეიტრალება ევალება. ამჟამინდელ საქმიანობაზე მას სხვა დროსაც ულაპარაკია, "კვირის პალიტრასთან" კი პრეზიდენტობის დროინდელი, "ტაბუდადებული" ამბებიც გაიხსენა:

- 2 იანვარი მოგონებებითა და მღელვარებით დატვირთული დღე იყო - შევიკრიბეთ ოჯახის წევრები, მამას მეგობრები, ფეხბურთელები... დეკემბერში გოგი შხვაცაბაიას შექმნილი ბიუსტი გაიხსნა ნოდარ ახალკაცის სახელობის მე-9 საჯარო სკოლაში. ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მამა სფფ-ის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალზეც გამოარჩიეს. საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ნოდარ ახალკაცს ღირსების ორდენი მიანიჭა.

- ნოდარ ახალკაცი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდ წარმატებასთან ასოცირდება. მამის საქმის გაგრძელება თქვენც სცადეთ, მაგრამ... სფფ-ში მუშაობის შემდე, კრიტიკოსი მეტი გყავდათ, ვიდრე მაქებარი.

- მამამ ისე მაღლა ასწია თამასა, მისი გადაფარვა წარმოუდგენელი იყო... მისი ხელმძღვანელობით სფფ-მ სამოქალაქო ომის ფონზე შეძლო გამხდარიყო ფიფა-უეფას წევრი, მნიშვნელოვანი ადგილი დაეკავებინა მსოფლიოს საფეხბურთო ცხოვრებაში. მის ფონზე, ფაქტობრივად, წინასწარ ვიყავი განწირული, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მჯეროდა, რომ შემეძლო მისი საქმის გაგრძელება. ფედერაციაში მისვლისას ილუზიები არ მქონია. ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა ამ ნაბიჯს, ვიცოდი, რომ "მსხვერპლშეწირვისთვის" უნდა გადამედო თავი და ერთ დღესაც "განტევების ვაცად" მოვევლინებოდი სიტუაციას. ამის მიუხედავად, ჩემი ერის წინაშე ვალდებულად მივიჩნიე თავი, რთულ მომენტში, როცა ფედერაცია რეორგანიზაციას და თანამედროვე "რელსებზე შედგომას" საჭიროებდა, პასუხისმგებლობა ამეღო. თუნდაც, 2007 წლის არჩევნები გავიხსენოთ: ბევრი იცით, ვინც საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარ ღირსებას ასეთი დარტყმის ქვეშ დააყენებდა?! მე კი სწორედ ასე მოვიქეცი, რადგან

მიმაჩნდა, რომ იმ სიტუაციაში, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის გარდა, არჩევანი არ მქონდა! სწორედ ამან გადამაწყვეტინა, ოთხი დღის შემდეგ ისევ მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში და უამრავი შეურაცხმყოფელი შეფასება მომესმინა.

- 2007 წლის 13 მაისის ამბების შემდეგ ეს გასაკვირი არც არის...

- ეს თარიღი ჩემთვის მუდამ გამარჯვებასთან ასოცირდებოდა... რაკი თავი გადავდე და 2007 წლის ხელახალ არჩევნებშიც მივიღე მონაწილეობა, ყველამ ჩათვალა, რომ უფლება აქვთ ჩემს ღირსებაზე გაიარ-გამოიარონ. დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება არ შემეძლო, თორემ ჩემს ადგილას უმეტესობა დაიხურავდა ქუდს, იტყოდა მთელ სიმართლეს და თავის ღირსებას საქმეზე წინ დააყენებდა!

- "მთელ სიმართლეში" რას გულისხმობთ?

- იმას, რომ 13 მაისის საარჩევნო ყრილობაზე საფეხბურთო ოჯახს 13 დელეგატი წარმოადგენდა და მათ მხარი მე დამიჭირეს!

- ამბობთ, რომ საფეხბურთო სამყარო თქვენ გიჭერდათ მხარს და მაინც დამარცხდით, მაგრამ რატომ განაცხადა გადადგომის შესახებ ახალარჩეულმა პრეზიდენტმა?! არ გაგიჩნდათ ეს კითხვა?!

- მის ნაცვლად ამ კითხვაზე მე ვერ გიპასუხებთ. საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელმა დელეგატებმა ერთპიროვნულად დამიჭირეს მხარი და ამით ყველაფერია ნათქვამი.

- მას შემდეგ, რაც გიორგი ნემსაძეს გამარჯვება მიულოცეთ, არ გაგიჭირდათ ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა? უხერხულობას არ გრძნობდით?

- გიორგის წლებია ვიცნობ, თბილისში ჩემი ბოლო სტუმრობის დროსაც რამდენჯერმე შევხვდით და გულთბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი. ზუსტად ვიცოდი, რომ არჩევნებში ხელახლა მონაწილეობით კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს - ღირსებას! თუმცა საქმის და ქართული ფეხბურთის ინტერესები უფრო წინ დავაყენე. რაც შეეხება იმას, თუ რა ნამუსით მივიღე არჩევნებში მონაწილეობა ნემსაძის გადადგომიდან ოთხ დღეში, საკითხავი ის არის, რა მოხდა პირველ არჩევნებზე და წინასაარჩევნო პროცესის დროს.

- მმართველი პარტიის ორ ფრთას შორის კულუარულ ბრძოლას გულისხმობთ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის?

- ფაქტი ის არის, რომ საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელმა ცამეტმა დელეგატმა მე დამიჭირა მხარი, ხოლო "კულუარებში" ვინ ვის უჭერდა მხარს, ეს არ არის გადამწყვეტი. პირველი არჩევნებისას მოულოდნელი არაფერი მომხდარა, რაკი დელეგატების ვინაობაც ცნობილი იყო და შესაბამისად, მოსალოდნელი სურათიც.

- იცოდით, რომ რამდენიმე ხმით დამარცხდებოდით?

- ვიცოდი, რომ საფეხბურთო ოჯახს ყრილობაზე წარმოადგენდა 13 დელეგატი!

ქვეყნის და საქმის ინტერესების გამო არ მივმართე ფიფას, თორემ მე, როგორც სფფ-ის მოქმედ პრეზიდენტს, იოლად შემეძლო მეცნობებინა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოსთვის, რომ საარჩევნო პროცესი არ მიდიოდა ნეიტრალიტეტის დაცვით, მაგრამ ქართულ ფეხბურთს ნამდვილად ვერ დავაყენებდი სერიოზული სანქციების საფრთხის ქვეშ!

- გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა "ურჩია" გიორგი ნემსაძეს, გადამდგარიყო, ულტიმატუმი ეროვნული ნაკრების იმჟამინდელმა თავკაცმა კლაუს ტოპმიოლერმაც წამოაყენა - თუ ახალკაცი არ იქნება ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ნაკრებში აღარ ვიმუშავებო. მართალია?

- სხვისი ამბები არ ვიცი, ვერც ტოპმიოლერის "ულტიმატუმზე" გეტყვით რამეს. ერთში დარწმუნებული ვარ - საფეხბურთო სამყაროს გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, პრობლემა არ შეიქმნებოდა და დანარჩენი დელეგატებიც დამიჭერდნენ მხარს.

- პირველად მართლაც მიხეილ სააკაშვილისგან მიიღეთ შეთავაზება სფფ-ის თავკაცად მუშაობაზე?

- ამას შეთავაზებას არ დავარქმევდი. ჩემი პრეზიდენტობა დრომ და განვლილმა საქმიანობამ მოიტანა. 2004 წელს სფფ-ის გენერალური მდივნის პოსტი ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ შემომთავაზა. მაშინ გერმანიაში ვიყავი და მიზეზთა გამო უარი ვუთხარი. თუმცა 2005 წელს, როცა ფეხბურთის ფედერაციაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა, გადავწყვიტე, პრეზიდენტობისთვის მეც მებრძოლა, რადგან ასაკის მიუხედავად, მქონდა საფეხბურთო სტრუქტურებში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება და იურიდიული განათლება. მონაწილეობა გადავწყვიტე მას შემდეგ, რაც მერაბ ჟორდანია დააპატიმრეს, გადადგა და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. მერაბს დავურეკე და ვუთხარი, რომ მისი თანხმობის გარეშე ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი.

- თქვენი ოპონენტები ხშირად გაკრიტიკებდნენ - ნოდარ ახალკაცის პირველივე სამსახური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა იყოო.

- იმ ხალხმა, მორალსა და კაცობაზე რომ დებენ თავს, სარკეში ჩაიხედონ და თავს ჰკითხონ, თავად სჯერათ ამის? 1996 წელს გერმანიაში წავედი სასწავლებლად, 2005 წლამდე იქ ვცხოვრობდი. როცა გარკვეულ ძალებს წინასაარჩევნოდ ბინძური კამპანიის წარმოება დასჭირდათ, ჩამოვიდნენ ჰაიდელბერგში, სადაც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ვცხოვრობდი ნაქირავებ ბინაში. ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზოს კარის აბრას, რომელზეც ჩემი, როგორც სახლის ბინადრის გვარი იყო მითითებული, გადაუღეს ფოტო და გაზეთში დაბეჭდეს წარწერით "ახალკაცის შეჭმული მილიონებით ნაყიდი სახლი გერმანიაში". და ამის გამკეთებელი ხალხისგან ვისმენთ "ლექციებს" მორალსა და პატიოსნებაზე...

- თქვენს პირველ სამსახურზე ვლაპარაკობდით...

- 1991 წელს 15 წლისამ დავიწყე მუშაობა სფფ-ში თარჯიმნად. მოგვიანებით, საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელის, აწ გარდაცვლილი დათო პეტრიაშვილის მოადგილე ვიყავი. სხვათა შორის, მამაჩემი შვილისგან არ ასხვავებდა დათოს და სულ ამბობდა, ორი ბიჭი მყავს, ნოდარი და დათოო... ფედერაციას მაშინ ისეთი პატარა სტაფი ჰყავდა, ყველაფერს საერთაშორისო განყოფილების თანამშრომლები ვაკეთებდით - საერთაშორისო კორესპონდენციით დაწყებული, ეროვნული ნაკრებისა თუ ივენთმენეჯერობის ჩათვლით. ასე რომ, პრეზიდენტობა ჩემი პირველი სამსახური არ ყოფილა.

- ამ წლების განმავლობაში "თავის მართლება" არ გიცდიათ. რატომ?

- პრეზიდენტობის პერიოდზე 2009 წლის შემდეგ აღარ მილაპარაკია, თავს ისევ საკუთარი ღირსების ხარჯზე ვიკავებდი, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დაესვას წერტილი ამ ყველაფერს?! როგორი მოსათმენია, როცა რაც შეგეძლო, ყველაფერი გააკეთე შენი ქვეყნის სამსახურისთვის და იმას გაბრალებენ, რასაც თავად ებრძოდი?! უკვე საკმარისი დრო გავიდა, ისედაც ყველამ ყველაფერი გაიგო, ყველას ნათამაშები როლიც ბოლომდე გაშიფრულია.

- ნანობთ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა რომ გადაწყვიტეთ?

- წინასწარ რომ იცოდე, რა შედეგი მოჰყვება შენს გადაწყვეტილებას, ცხოვრება გაცილებით მარტივი იქნებოდა, მაგრამ უინტერესო... თუ არაფერს გააკეთებ, არც შეცდომა გექნება და იქნები შენთვის, კომფორტულად. კომფორტული ცხოვრება რომ მნდომოდა, პრეზიდენტობაზე არც ვიფიქრებდი, ჭკუათამყოფელი ამაზე არ წავიდოდა, რადგან ზუსტად ვიცოდი, რაც მელოდა! როცა თბილისის "დინამო" აგებდა, გულშემატკივრები ჩვენს სახლში რეკავდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, გამარჯვების შემდეგ კი არავის დაურეკავს! დღეს სამშობლომ ღირსების ორდენით დააჯილდოვა, მაგრამ სანამ ცოცხალი იყო, ნოდარ ახალკაცი, ფაქტობრივად, ცოცხლად შეჭამეს.

- პრეზიდენტობის პერიოდიდან კარგი რა გახსენდებათ?

- მიმაჩნია, რომ სფფ სწორედ ჩვენი მუშაობის პერიოდში იქცა ერთგვარ ბრენდად, გამართულ ორგანიზაციად. დაიმსახურა ნდობა და დაფინანსება სახელმწიფოსგან, მოვიძიეთ სპონსორები, განვითარდა ბავშვთა ფეხბურთი, ჯანო ანანიძე რუსებს თვალსა და ხელს შუა ავართვით…და ა.შ. ჯანოს თავადაც ძალიან სურდა საქართველოს ნაკრებში თამაში, მე კი დავარწმუნე ექტორ კუპერი, რომ ანანიძე აუცილებლად გამოეძახა ეროვნულ გუნდში. ჩემს ადგილას, სხვა არც ალან ჟირესს გაათავისუფლებდა ნაკრების მწვრთნელობიდან, რადგან ამით ბევრი თავსატეხი გავიჩინეთ. კრიტიკა მოჰყვა ეროვნულ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებასაც.

- ამბობდნენ, რომ ფედერაცია და მწვრთნელები ამით ფულს აკეთებდნენ.

- როცა მამა "დინამოს" მწვრთნელი იყო და თავისი შეგირდებისთვის მთელი საბჭოეთიდან ეზიდებოდა საუკეთესო პროდუქტს, იცით, რა დააბრალეს? - დიღმის ბაზიდან თაფლს ყიდდაო! ერთი ფეხბურთელი მაინც რომ გამეყიდა, ჩემი საქმე სხვანაირად არ წავიდოდა?! მით უმეტეს, პრეზიდენტობის დროს უამრავი "ჩასაფრებულის" ფონზე. დღე არ გავიდოდა, ჩვენთვის ვიღაცას არ "დაერტყა", იმიტომ, რომ "ჩავჭერით", რაც კი ამ სფეროში ფულის კეთების გზები არსებობდა!

- თქვენმა შემცვლელმა ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ 9 მილიონზე მეტი ვალი დახვდა ფედერაციაში.

- ვალის აღება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაგვჭირდა. ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ხელფასს და სანაკრებო ხარჯებს სახელმწიფო აფინანსებდა, მაგრამ როცა ბიუჯეტს ეს თანხა დევნილებისთვის სახლების ასაშენებლად დასჭირდა, სხვა გზების მონახვა დაგვჭირდა. უეფას და ჩვენს პარტნიორებს ვთხოვეთ, წინასწარ ჩაერიცხათ თანხები, რომლებიც მომდევნო წლებში გვეკუთვნოდა. რა, ვინმეს ჰგონია, ფედერაციის შემდეგმა ხელმძღვანელობამ სახლიდან მოიტანა ფული, ვალები საკუთარი თანხებით დაფარა?! ჩვენი აღებული თანხების დაფარვაც გრაფიკის შესაბამისად მოხდა.

- თუმცა ამისთვის სფფ-ის შენობის გირაოში ჩადებაც გახდა საჭირო.

- იმიტომ, რომ არც ფულით სავსე ტომრები მქონდა და არც იმდენი კერძო საკუთრება, ამხელა ორგანიზაციის სესხისთვის რომ იკმარებდა გირაოდ.

- პრეზიდენტობიდან გადადგომის ოფიციალურ მიზეზად შესარჩევი ეტაპის მოუგებლად დასრულება დაასახელეთ. სინამდვილეში რა მოხდა, ნოდარ ახალკაცი მართლაც გადადგა, თუ აღარ იყავით ხელისუფლების ფავორიტი?

- გადადგომის ოფიციალურ მიზეზად პასუხისმგებლობის აღება დავასახელე ნაკრების წარუმატებლობისთვის, თუმცა მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა... მესმის ზვარაკის როლში ყოფნა ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ, მაგრამ ათასჯერ?! როცა ხედავ, რომ ზუსტად იმას გაბრალებენ, რის ალაგმვასაც ყოველდღიურად ცდილობ, როცა ხვდები, რომ ამ ვითარებაში მაინც მაქსიმუმი გააკეთე, უნდა გაეცალო! მართალია, მქონდა და მაქვს ამბიცია, რომ ეს საქმე კარგად ვიცი, მაინც გავეცალე არა მხოლოდ ქართულ ფეხბურთს, საქართველოსაც. 2009 წლის სექტემბერში წავედი და რამდენიმე თვეში ფიფასა და უეფაში დავიწყე მუშაობა.

- გიფიქრიათ ქართულ ფეხბურთში რაიმე ფორმით დაბრუნებზე?

- ჩემი ქვეყნის სამსახურისთვის ყოველთვის მზად ვარ. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ამ ეტაპზე მსგავსი პერსპექტივა არც განიხილება.

რატი შელეგია