ტოჩინოშინი იმპერატორის თასის მფლობელია! - კვირის პალიტრა

ტოჩინოშინი იმპერატორის თასის მფლობელია!

გასულ კვირას ქართველმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) იაპონიის იმპერატორის თასი მოიპოვა და საუკეთესო სუმოისტი გახდა. "კვირის პალიტრა" ულოცავს ამ დიდ წარმატებას ლევან გორგაძეს...

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც სუმოს ელიტურ დივიზიონში ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ამ იაპონური სპორტის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გახდა პირველი ქართველი და მესამე ევროპელი, ვინც იმპერატორის თასი მოიგო! ლევანმა "ჰაცუ ბაშოზე" (ბაშო სუმოს ტურნირია, რომელიც ორ თვეში ერთხელ იმართება) დიდებულად იასპარეზა, ტიტულოვანი მეტოქეები დაამარცხა და ჩემპიონის წოდება ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა!

ტოჩინოშინის მიღწევა იმით არის განსაკუთრებული, რომ ჩვენებურმა მთელი ტურნირი ტრავმირებულმა იჭიდავა და, რაც მთავარია, იმპერატორის თასი მესამე მაეგაშირას წოდებით მოიგო, რაც წარმოუდგენელი გახლავთ, რადგან, როგორც წესი, ყველა ბაშოს "იოკოძუნა", ანუ "ჩემპიონთა ჩემპიონი" იგებს, რომლის დამარცხებაც დიდი იშვიათობაა. "იოკუძუნას" გარდა, "მაეგაშირაზე" წოდებით მაღლა დგანან "კომუსუბი", "სეკივაკე" და "ოძეკიც".

საყოველთაო პატივისცემასა და იმპერატორის თასთან ერთად, ბაშოს გამარჯვებული ფულად ჯილდოსა და უამრავ სხვადასხვა პრიზს იღებს.

ეს ტურნირი ყველაზე პრესტიჟულია სუმოს სამყაროში.