"მაშინ პირველად შევეხე "იმპერატორის თასს" და გავიფიქრე - ერთხელ მაინც ვერ უნდა აღვმართო-მეთქი?" - ინტერვიუ "ცისფერთვალება სამურაისთან" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"მაშინ პირველად შევეხე "იმპერატორის თასს" და გავიფიქრე - ერთხელ მაინც ვერ უნდა აღვმართო-მეთქი?" - ინტერვიუ "ცისფერთვალება სამურაისთან" (ექსკლუზივი)

"რას წარმოვიდგენდი, თუ ჩემპიონი გავხდებოდი?! ამიტომაც, ოჯახის წევრების იაპონიაში ჩამოყვანა ვეღარ მოვასწარი"

"ჩემს მეუღლეს ნინო ჰქვია და ნინოობა ჩემპიონობით მივულოცე..."

შარშანდლამდე, სუმოს მოყვარულების და ჟურნალისტების გარდა, ბევრი არავინ იცნობდა, 27 იანვრიდან კი მთელი საქართველო "ტოჩინოშინზე" - ლევან გორგაძეზე ლაპარაკობს. 30 წლის ქართველმა სუმოისტმა იანვრის "ბაშოზე" (სუმოს სუპერტურნირი, რომელიც ორ თვეში ერთხელ იმართება. - რ.შ.) სენსაცია შემოგვთავაზა და "იმპერატორის თასს" მესამე მაეგაშირას სტატუსით დაეუფლა. "ტოჩინოშინი" გახდა პირველი ქართველი და მესამე ევროპელი, ვისაც ეს პრესტიჟული თასი მოუგია. "ცისფერთვალება სამურაიმ" (ლევანის ერთ-ერთი მეტსახელია), რომელსაც ნიკოლას ქეიჯსაც ხშირად ამსგავსებენ, მთელი იაპონია "ჯო-ჯიაზე", ანუ საქართველოზე აალაპარაკა, თავად კი, ჩემპიონის რანგში პირველი ვრცელი ინტერვიუ "კვირის პალიტრას" მისცა. გთავაზობთ ამონარიდებს ლევან გორგაძის ინტერვიუდან, რომელსაც, სრულად "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში წაიკითხავთ:

- ოძეკი გოიედო ჩემი კლუბის განაყარი, "სანათესავო" კლუბის წევრია. გაჩემპიონების შემდეგ, გასახდელში ასწია თასი და მის ფონზე, ყველამ გავაკეთეთ მისალოცი "ბანზაი". მაშინ პირველად შევეხე "იმპერატორის თასს" და გავიფიქრე - კარიერაში ერთხელ მაინც ვერ უნდა აღვმართო-მეთქი?! მადლობა უფალს, რომ ეს ნატვრა 2018 წლის პირველ ბაშოზე ავისრულე. ჩემს მეუღლეს ნინო ჰქვია და ნინოობა ჩემპიონობით მივულოცე...

- კლუბ "კასუგანოს" პირველი უცხოელი სუმოისტი ხარ და ბოლო 46 წლის განმავლობაში - პირველი ჩემპიონი! თანაკლუბელებმა როგორი დახვედრა მოგიწყვეს?

- 46 წელია, "კასუგანოდან" არავის მოუგია "იმპერატორის თასი". ჩვენი კლუბის პრეზიდენტი ძალიან მკაცრი კაცია, მაგრამ მისი ატირებაც კი მოვახერხე. მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი!

- ქართველები იაპონიაშიც ცხოვრობენ და ბაშოსაც ესწრებიან, "გაგამარუც" მანდ არის, მაგრამ... რთული არ არის, როცა გვერდით ერთი შენიანიც არ გყავს, ვისაც ამხელა გამარჯვების შემდეგ აცრემლებული გადაეხვევი და ემოციას გაუზიარებ?

- ოჯახის წევრები და მეგობრებიც ესწრებიან ხოლმე ასეთ ღირშესანიშნავ მოვლენას. მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ჩემპიონი გავხდებოდი?! ამიტომაც, ოჯახის წევრების იაპონიაში ჩამოყვანა ვეღარ მოვასწარი... ბუნებრივია, გული დამწყდა, ჩემს გვერდით არც მეუღლე რომ არ იყო და არც მშობლები, თუმცა, უკვე 13 წელია იაპონიაში ვარ და აღარ მიჭირს. აღარ მაქვს უცხოობის განცდა, ქვეყანასაც მივეჩვიე და სუმოს წესებსაც.

- გამარჯვების შემდეგ, სუმოისტს შეუძლია, რაიმე ფორმით გამოხატოს თავისი წარმომავლობა?

- დოჰიოზე არათუ დაყვირება, ემოციის გამოხატვაც კი აკრძალულია. მახსოვს, როცა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული იოკოძუნა "ასაშორიუ" ისევ გახდა ჩემპიონი, სიხარული ხელების აწევით გამოხატა. ამის გამო დიდი ამბავი ატყდა - სუმოისტს ემოციების გამოხატვის უფლება არ აქვსო. დროშის აფრიალებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!

- თასების გარდა, უამრავი სხვადასხვა პრიზით დაგაჯილდოეს. მათ შორის - ძვირადღირებული ავტომანქანით და საათით, მთელი წლის სამყოფი საწვავით და სასმელ-საჭმლით...

- ავტომანქანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არასწორია - არ უჩუქებიათ. ის ავტომობილი, რომელზეც გამარჯვების შემდეგ ვიდექი, სუმოს ფედერაციის არის და მსგავსი ღონისძიებებისთვის გამოიყენება. მთელი წლის სამყოფი ბრინჯით, ლუდით, ხორცით, საწვავით და ა.შ. მართლაც დამაჯილდოეს. მაგრამ მე ამდენი საჭმელ-სასმელი რად მინდა?! კლუბში გამოგზავნიან და მოვიხმართ.

- მთელი ბაშო მუხლის სახვევით იჭიდავე. იმედია, მორიგი ოპერაცია აღარ დაგჭირდება.

- შარშან, იანვრის ბაშოზე, ნაოპერაციები ჯვარედინი მყესები ისევ გამიწყდა და მას შემდეგ, გაწყვეტილი მყესებით ვჭიდაობ. საოპერაციოა, მაგრამ ახლა რომ გავიკეთო, რამდენიმე ტურნირის გამოტოვება, დაბალ დივიზიონში დაქვეითება და ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწევს. პატარა აღარ ვარ, ელიტაში დაბრუნება გამიჭირდება. ასე რომ სანამ მუხლი "გამიძლებს", ვიჭიდავებ...

- რას ეტყვის ლევან გორგაძე ქართველ ქომაგს, რომელიც მისმა ჩემპიონობამ ძალიან გაახარა?

- დიდი მადლობა ყველას, ვინც არამხოლოდ ახლა, ტრავმის და დაბალ დივიზიონში ყოფნის დროსაც მქომაგობდა. მადლობას ვუხდი ჩემი გამხნევებისთვის და ვეცდები, კიდევ ბევრჯერ გავახარო ჩემი ახლობლები და სამშობლო! იხილეთ ინტერვიუ სრულად

იხილეთ ასევე: "ორივემ კიმონოში გამოწყობილებმა ვიქორწინეთ..." - ქართველი სუმოისტის იაპონური ქორწილი

რატი შელეგია