ავტომობილის მართვა სუმოს სამყაროში დაუშვებელია - კიდევ რა ეკრძალებათ სუმოისტებს? - კვირის პალიტრა

ავტომობილის მართვა სუმოს სამყაროში დაუშვებელია - კიდევ რა ეკრძალებათ სუმოისტებს?

უკვე შემდგარი, პროფესიონალი სუმოისტები ვალდებული არიან, თავიანთ კლუბებში - ჰეიებში იცხოვრონ. მათი ყოფა დეტალებშია განსაზღვრული - კვების რაციონიდან დაწყებული, ჩაცმა-დახურვით დამთავრებული

გოლიათური სპორტი ამომავალი მზის ქვეყნიდან

წინაპართა წეს-ჩვეულებანი იაპონელისთვის ლამის ყველაფერია - ამომავალი მზის ქვეყანაში ჟამთა სვლამ ვერაფერი დააკლო ჩაის სმის, ყვავილნარის მოვლისა თუ საქორწინო ტრადიციებს.

იაპონიაში გართობა და სპორტიც თავისებურად უყვართ. განსაკუთრებით იტაცებთ ტრადიციული, მამაპაპური ასპარეზობანი და საბრძოლო ხელოვნება, რომლის სახეობათა შორის გამორჩეული ადგილი უკავია სუმოს - დევკაცთა ჭიდაობას.

სუმოს ფესვები საუკუნეთა სიღრმეებში იკარგება. სუმო იმდროინდელია, როდესაც, 2500 წლის წინათ ღვთაებებმა ტაკამიკაძუტიმ და ტაკემინაკატამ იაპონიის კუნძულებისთვის თავგანწირული ორთაბრძოლა გამართეს.

იაპონური ისტორიული ტრაქტატი "ნიჰონგი" გვიამბობს სუმოტორთა (სუმოს მოჭიდავეთა) პირველ ეროვნულ შეჯიბრებაზე, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 230 წელს გამართულა. მისი გამარჯვებული ღმერთკაცი ნომინო სუკუნე გამხდარა, რომელიც დღესაც სუმოს მფარველად მიიჩნევა.

ერთიცაა: მიუხედავად იმისა, რომ სუმო იაპონურ ფესვებზე აღმოცენდა, საბრძოლო ხელოვნების მსგავსი სახეობანი არსებობდა მონღოლეთში (მონღოლური ჭიდაობა), ჩინეთსა (შუაი იაო) და კორეაშიც (სირეუმი).

ადამიანისა და ღმერთის ჭიდილი

პირველი ორთაბრძოლები სუმოში არა სპორტულ, არამედ რელიგიურ ხასიათს ატარებდა. იაპონიის ტრადიციულ რელიგიაში, სინტოიზმში ის სულაც ადამიანისა და ღმერთის ჭიდილსაც გამოხატავდა. შეჯიბრება რიტუალური ცეკვების, ლოცვისა და შესაბამისი თემატიკის თეატრალური წარმოდგენების თანხლებით იმართებოდა.

პირველი წერილობითი ცნობა სპორტის ამ სახეობის შესახებ VII საუკუნის ქრონიკებში გვხვდება და ის უკავშირდება იმპერატორის კარზე კორეის ელჩის პატივსაცემად გამართულ ასპარეზობას (642 წ).

შეჯიბრებები ყოველწლიურად, როგორც წესი, შემოდგომით, მოსავლის დაბინავების შემდეგ იმართებოდა. იმხანად სუმოისტთა ჭიდაობა, პრაქტიკულად, შეუზღუდავი ყოფილა: არ არსებობდა აკრძალული ილეთები და თმით თრევა, წიხლის ჩარტყმა ან თავში ცემა ჩვეულებრივი ამბავი იყო.

მხოლოდ ხეიანის ეპოქაში (794-1185) ჩამოყალიბდა სუმოს ძირითადი წესები, სადაც განისაზღვრა ორთაბრძოლის პირობები და ასევე, დადგინდა მსაჯობის სისტემა.

დროთა განმავლობაში ასპარეზობამ რელიგიური მნიშვნელობა დაკარგა. მას შემდეგ კი, რაც ქვეყანაში დასუსტდა იმპერატორის ხელისუფლება და ძალაუფლება სამხედროთა ხელში აღმოჩნდა, სუმოს შეჯიბრები სულ უფრო იშვიათად ეწყობოდა. არადა, სუმო ერთგვარი საბრძოლო ხელოვნება იყო. შინაომების პერიოდში მის ილეთებს ფართოდ იყენებდნენ როგორც მებრძოლთა წვრთნისა და მომზადებისთვის, ისე უშუალოდ ბრძოლისას. მხოლოდ XVII საუკუნეში, მშვიდობის დამყარების, ვაჭრობის განვითარებისა და ვაჭართა კლასის გაძლიერების შემდეგ, სუმო, როგორც სპორტული შეჯიბრება, იაპონელი ერის საყვარელი თავშესაქცევი გახდა.

ედოს ხანაში (1603-1868) ჩამოყალიბდა სუმოისტთა იერარქია, დაიხვეწა შეჯიბრების წესები (თითქმის ამ სახით შემორჩა დღემდე) და საბოლოოდ დადგინდა კანონიკური ილეთები - ჩავლება, სარმა, კვრა და სხვ. ამავე პერიოდში შემოიღეს დიადი ჩემპიონის - იოკოძუნას წოდება. მეიძის რესტავრაციის პერიოდში (იაპონიის იმპერატორის, მუცუჰიტოს (1867-1912) მმართველობის ხანა) სუმომ, როგორც სახალხო გართობამ, პოპულარობა დაკარგა - იაპონელები დასავლურმა გასართობებმა უფრო დააინტერესა. თანაც, ჭიდაობის ეს სახეობა ფეოდალიზმის გადმონაშთად მოინათლა და შედეგად, სუმოტორების დევნაც კი დაიწყეს.

მაგრამ იმპერატორის პირადმა მხარდაჭერამ და ეროვნულმა სულმა სუმო მივიწყებას გადაარჩინა. ტურნირები მალევე აღდგა და მას შემდეგ აღარასდროს შეწყვეტილა, ომიანობის დროსაც კი.

ბოლო დროს ჭიდაობის ეს სახეობა იაპონიის საზღვრებსაც გასცდა და დღეს სუმოს საერთაშორისო ასოციაციაში ოთხმოცამდე ქვეყანაა გაწევრებული.

საკეთი დასველებული ასპარეზი და ორთაბრძოლის წესები

სუმოტორები ერთმანეთს სპეციალურ, შემაღლებულ რინგზე - დოჰიოზე ერკინებიან, რომელზეც საჭიდაო მოედანი 4,55 მეტრი დიამეტრის მქონე წრედ არის შემოსაზღვრული. ასპარეზი თიხნარია, რომელზეც ქვიშაა მოყრილი, ხოლო თავზე ფანჩატური ადგას, რომლის ფორმები სინტოისტური ტაძრის სახურავს მოგვაგონებს.

ასპარეზის ორთაბრძოლისთვის მომზადება, როგორც ბევრი სხვა რამ იაპონიაში, ნამდვილი ხელოვნებაა და თავისებური მისტიკითაა გაჯერებული. სხვათა შორის, დოჰიოზე ფეხის შედგმა მკაცრად ეკრძალებათ ქალებს.

დოჰიოს გაწყობას სამი დღე-ღამე და ამ ხნის განმავლობაში 42 სპეციალისტის გარჯა სჭირდება. წესია: მოედნის ცენტრში აუცილებლად უნდა დაიფლას წყალმცენარეები, მოლუსკები, მარილი, ბრინჯი, წაბლი და ჩინური ლერწამი...

ტურნირის დაწყების წინ დოჰიოს საკეს აპკურებენ, რაც იაპონელთა რწმენით, წარმატებისა და ღმერთების კეთილგანწყობის საწინდარია.

ტურნირი სუმოში, რომელსაც ბაშო ეწოდება, ორ თვეში ერთხელ - იანვარში, მარტში, მაისში, ივლისში, სექტემბერსა და ნოემბერში იმართება. მათგან სამს ტოკიო მასპინძლობს, თითოს - ოსაკა, ნაგოა და ფუკუოკა.

ელიტურ დივიზიონებში თხუთმეტდღიანი ტურნირი თვის პირველ ან მეორე კვირას ემთხვევა და იქ უმაღლესი რანგის ფალავნები შესვენებების გარეშე ასპარეზობენ. დაბალი რანგის ტურნირები შედარებით ხანმოკლეა - შვიდდღიანი.

ორთაბრძოლის დაწყებამდე იმართება ცერემონიალი - დოჰიო-ირი, რომლის დროსაც ხის ჯოხების რიტმული ცემის ფონზე ასპარეზზე რიკიშები (გოლიათები) გამოდიან. წესისამებრ, სუმოტორები ორ პირობით ჯგუფად: აღმოსავლეთისა (პირველები გამოდიან) და დასავლეთის წარმომადგენლებად იყოფიან. რიკიშები ჯერ ტაშის კვრით ბოროტ სულებს აფრთხობენ, შემდეგ კი დოჰიოს გარშემო განლაგდებიან.

ამ დროს ფალავნები სადღესასწაულო კაბა-სამოსით - ოქროსა და ვერცხლის ძაფებით ნაქარგი კეშიო-მავაშით არიან შემოსილნი, რომელიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია და ლამის ათ კილოგრამამდე იწონის. კეშიო-მავაშზე ნახატი თუ წარწერა ნებისმიერი შინაარსისა შეიძლება იყოს: მოჭიდავის მშობლიური ქალაქის ხედით დაწყებული, საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელწოდებით დამთავრებული.

ცერემონიის კულმინაცია დიადი ჩემპიონის (იოკოძუნას) გამოჩენა ხდება, რომელიც თავდაპირველად ტაშს უკრავს და ღმერთებს მოუხმობს, შემდეგ კი ხელებს განზე შლის - ხელისგულებით მაღლა, რითაც ყველას ანიშნებს, რომ არ აქვს რამე მზაკვრული განზრახვა და უიარაღოა. შემდეგ ძირს მძლავრად სცემს ფეხებს, რათა დოჰიოდან ავი სულები განდევნოს.

მას შემდეგ, რაც ავი სულები განიდევნებიან, ხოლო ღმერთები ყურადღებას მიაპყრობენ საასპარეზოდ შეკრებილთ, ორთაბრძოლაც იწყება და რინგზე ორი სუმოტორი გამოდის, რომლებიც თეძოსახვევი-ქამრის (მავაშის) ამარა არიან. ეს ფეხებშორის რამდენჯერმე ამოხვეული და ზურგთან განასკვული აბრეშუმის ნაჭერია.

მეტოქენი ჯერ პირში წყალს ივლებენ. ეს რიტუალი მათ ბოროტი ზრახვებისგან განწმენდაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ წყალი მოჭიდავესთან სხვა რიკიშის მიაქვს (ოღონდაც არა იმას, ვინც მანამდე წააგო ორთაბრძოლა. ეს ავისმომასწავებლად მიიჩნევა და დაუშვებელია).

ამის შემდგომ მეტოქეები დოჰიოზე მარილს აბნევენ. ეს განწმენდის რიტუალია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან ჯერ ერთი, მარილი იაპონიაში სისუფთავის სიმბოლოდ ითვლება, და მეორეც, გარანტიაა, რომ ჭრილობიდან სუმოისტის სისხლში ინფექცია არ შეიჭრება. მარილს საგანგებო ყუთიდან მუჭებით იღებენ და დოჰიოზე უხვად აბნევენ.

რინგზე მოჭიდავეები კვლავაც იწყებენ ტაშისკვრას, განზე შლიან ხელებს და რიგრიგობით აბაკუნებენ ფეხებს. ამასობაში მსაჯებს გრაგნილები გამოაქვთ, რომლებიც გამარჯვებულისთვის დაწესებულ ჯილდოებს ასახავს.

სანამ მეტოქეს ეკვეთება, თითოეული სუმოტორი ვალდებულია, მიწას მუშტებით დაეყრდნოს და ნიშანს დაელოდოს. თუკი რომელიმე დროზე ადრე დაიწყებს ბრძოლას, მსაჯისგან შენიშვნას აუცილებლად მიიღებს და საწყის პოზიციას დაუბრუნდება.

გამარჯვებულია ის ფალავანი, რომელიც მეტოქეს რკალის გარეთ გაიყვანს ან დოჰიოზე დასცემს. დამარცხებად მიიჩნევა ფეხის გარდა, სხეულის ნებისმიერი ნაწილით მიწაზე შეხება. დაუშვებელია მუშტის, ფეხის დარტყმა, ყელში წაჭერა ან თმაში ჩავლება.

სხვათა შორის, წაგება ეთვლება იმ სუმოისტსაც, რომელსაც ერთადერთი სამოსი - მავაში შეეხსნება...

დღეს პროფესიულ სუმოში წონითი კატეგორიები არ არსებობს, თუმცა მოჭიდავის წონა 70 კილოგრამზე, სიმაღლე კი 173 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

წესების სიმარტივის მიუხედავად, გამარჯვებულის გამოვლენა იოლი ყოველთვის როდია და ზოგჯერ შეჯიბრების შედეგის დასადგენად მსაჯთა საბჭოს შეკრებაც ხდება საჭირო. თუკი მსაჯთა საბჭო კონსენსუსს ვერ მიაღწევს, შესაძლოა, დამატებითი ორთაბრძოლაც დაინიშნოს.

მეტოქის ძლევის შემდეგ გამარჯვებული ცდილობს, არ გამოხატოს ემოციები და ჩაცუცქული ელის მსაჯის გადაწყვეტილებას. ეს უკანასკნელი აცხადებს გამარჯვებულის სახელს და მისი მიმართულებით რიტუალურ მარაოს იშვერს.

როცა გამარჯვებული ფულად პრიზს მიიღებს, თუკი ის დაწესებულია, ხელში სათლს იღებს და შემდეგი მონაწილისთვის მას წყლით ავსებს.

ტურნირი საზეიმო ვითარებაში გამარჯვებულთა გამოცხადებით მთავრდება, რომლებსაც დოჰიოზე ბოლო ორთაბრძოლის დასრულებისთანავე უხმობენ. ტურნირის გამარჯვებულს მთავარ პრიზს - იმპერატორის თასს საიმპერატორო ოჯახის ერთ-ერთი წევრი გადასცემს. ამასთან, ჩემპიონი იღებს სხვადასხვა ჯილდოსა და საჩუქარს სპონსორებისგან და ფულად პრიზს სუმოს ასოციაციისგან.

ასევე ჯილდოვდებიან სხვა, შედარებით დაბალი რანგის კატეგორიებში გამარჯვებულებიც. დაწესებულია პრემიები მებრძოლი სულისთვის (კანტოში), ტექნიკური სრულყოფილებისა (გინოში) და რანგით მაღალ მეტოქესთან გამარჯვებისთვის (სუკონშო).

გარდა ფულადი და მატერიალური ჯილდოებისა, გამარჯვებულები პუბლიკის აღიარებას, პრესის, ტელევიზიისა და მასმედიის სხვა საშუალებებისგან განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხოტბა-დიდებას იმსახურებენ.

"ორივემ კიმონოში გამოწყობილებმა ვიქორწინეთ..." - ქართველი სუმოისტის იაპონური ქორწილი

«კენწეროში გატკბილდების!»

დამწყები სუმოტორის ცხოვრება ახალწვეული ჯარისკაცისას ჰგავს - უამრავი ვალდებულებითა და მინიმალური უფლებებით... ახალგაზრდები ამზადებენ კერძებს, ალაგებენ, ასრულებენ გამოცდილი სუმოისტების ბრძანებებს, ემსახურებიან მათ, თანაც, სწრაფად და უსიტყვოდ. ასეთ ტემპს კი ყველა ვერ უძლებს და ბევრი მათგანი სუმოისტთა რიგებს ნაადრევად ტოვებს.

უკვე შემდგარი, პროფესიონალი სუმოისტები ვალდებული არიან, თავიანთ კლუბებში - ჰეიებში იცხოვრონ. მათი ყოფა დეტალებშია განსაზღვრული - კვების რაციონიდან დაწყებული, ჩაცმა-დახურვით დამთავრებული.

სუმოისტების ცხოვრება ჰეიაში მზის ამოსვლასთან ერთად, ხუთსაათიანი, მომქანცველი ვარჯიშით იწყება. როგორც წესი, ისინი არ საუზმობენ, დასვენების შემდეგ კი დიდი დანაყრება ელით. მენიუში ჭარბად არის სხვადასხვაგვარი თევზი, ხორცი და ბოსტნეული. სუმოტორები ბლომად იღებენ ბრინჯს და შემდგომ ლუდიც ეკუთვნით. მაძღრისად კვებას სამსაათიანი ძილი მოსდევს, რაც წონის აკრეფას უწყობს ხელს, მოწინააღმდეგეებთან უკეთ შესარკინებლად.

ის, რაც რიგით მოკვდავთათვის ჩვეულებრივია, სუმოს გოლიათებისთვის ნამდვილი ფუფუნებაა. მაგალითად, მობილური ტელეფონით, ინტერნეტით სარგებლობისა თუ ცალკე ოთახში ძილის უფლებას სუმოტორი მხოლოდ განსაზღვრული წარმატების მიღწევის შემდეგ თუ იღებს. აი, რაც შეეხება ავტომობილის მართვას, ეს სუმოს სამყაროში დაუშვებელია.

ყველაფერთან ერთად, სუმო კონტაქტური სპორტია და ტრავმებიც ხშირია. თანაც, ჯანმრთელობისთვის თავისებურად საზიანოა ჭარბი, სპორტის ამ სახეობისთვის აუცილებელი ზედმეტი წონაც.

მაგრამ მედალს მეორე, დადებითი მხარეც აქვს - სახელოვანი სუმოტორი იაპონიაში განსაკუთრებით დაფასებულია. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძოა. როგორც წესი, ამ გოლიათთა ცოლები ცნობილი ტოპმოდელები, მსახიობები და სხვა, ქვეყანაში თითით საჩვენებელი მზეთუნახავები ხდებიან.

იაპონური ჭიდაობის ქართველი გოლიათები

დიახ, წარმატებული ფალავნები ქართველებს სუმოშიც გვყავს. აღსანიშნავია, რომ ტრადიციული, საკუთრივ იაპონური ჭიდაობის სახეობა სუმო ბოლო ხანებში პოპულარული იაპონიის საზღვრებს გარეთაც, პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, ასევე ბრაზილიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეაშიც გახდა.

1980 წელს გამართულ იაპონიის ღია ჩემპიონატში ამ ქვეყნების ფალავნები და გუნდებიც მონაწილეობდნენ და ეს შეჯიბრება შეიძლება ისტორიაში მსოფლიოს პირველ ჩემპიონატად ჩაითვალოს. 1983 წლიდან არსებობს სუმოს საერთაშორისო ფედერაცია, რომელშიც დღეს 70-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრებული.

თეიმურაზ ჯუღელი, ლევან ცაგურია და ლევან გორგაძე იაპონიაში

რაც შეეხება სუმოს სამყაროში გამორჩეულ ქართველებს, აღსანიშნავია, რომ პირველი ევროპელი, ვინც ძურიოს თანრიგს მიაღწია და ელიტაში შეაბიჯა, 1981 წელს სოხუმში დაბადებული ლევან ცაგურიაა. იაპონელებმა მას კოკაი (შავი ზღვა) შეარქვეს.

1992 წელს, აფხაზეთის კონფლიქტის დროს, ლევან ცაგურიას ოჯახს სოხუმის დატოვება და თბილისში გადმოსვლა მოუხდა, სუმოთი კი ის საქართველოს სპორტის აკადემიაში სწავლის დროს დაინტერესდა. კოკაის დებიუტი პროფესიულ ლიგაში 2001 წელს შედგა, 2012 წლის ბოლოს კი 165 კგ წონის ფალავანმა კარიერის დასრულება ტრავმის გამო გადაწყვიტა.

პროფესიულ სუმოში ამჟამად ორი ქართველი ფალავანი - ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) გამოდის, რომლებიც სუპერტურნირებში - ბაშოზე სისტემატურად ასპარეზობენ.

იხილეთ ასევე: "მთელი წლის სამყოფი ბრინჯით, ლუდით, ხორცით, საწვავით და ა.შ. მართლაც დამაჯილდოეს"

გელა უშარიძე

ჟურნალი "ისტორიანი", 2013 წელი